Home რუბრიკები საზოგადოება ჰერეთის ერთადერთი ქართული ეკლესია მოძღვრის გარეშე დარჩა

ჰერეთის ერთადერთი ქართული ეკლესია მოძღვრის გარეშე დარჩა

890

აზერბაიჯანში, კახის რაიონში, მოქმედი წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, მამა დემეტრე (თეთრუაშვილი) ლაგოდეხიბელაქანის სასაზღვროგამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. ისტორიულ ჰერეთში არსებული ერთადერთი ქრისტიანული ეკლესია მოძღვრის გარეშე დარჩა. ამ საკითხზე აზერბაიჯანის საელჩოსა და საქართველოს მთავრობისადმი არაერთგზის მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია _ უკვე ორი კვირაა, მამა დემეტრე ოფიციალური სტრუქტურებისგან პასუხს უშედეგოდ ელოდება.  “საქართველო და მსოფლიოსკახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი) ესაუბრა.

 

_ მამაო, რამდენიმე წელიწადია, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი ბრძანდებით. რა მოხდა 21 ივნისს, რატომ არ შეგიშვეს აზერბაიჯანში?

_ 4 წელიწადია, რაც აზერბაიჯანში, ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონში ვმსახურობ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჰარმონიული ურთიერთობა მქონდა, არასდროს არც მათი და არც ჩემი მხრიდან პრობლემა არ წარმოქმნილა. რა იყო მიზეზი, რის გამო არ შემიშვეს აზერბაიჯანში, არ ვიცი. როდესაც მესაზღვრეებს მიზეზი ვკითხე, _ ამიხსენით, რა ხდება, რატომ მაგდებთ საზღვრიდან-თქო, მიპასუხეს, _ ასეთი ბრძანება გვაქვს, შავ სიაში ხართო. ამის შემდეგ შევეცადე, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს დავკავშირებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ნომერი დაბლოკილი იყო. ორსაათიანი დავის შემდეგ უკან დავბრუნდი და მომხდარის შესახებ საპატრიარქოს, საელჩოსა და საქართველოს ხელისუფლებას შევატყობინე.

 აქამდე საზღვრის გადაკვეთისას პრობლემა არასდროს შემქმნია, ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობით, საზღვარზე საეკლესიო ნივთების გადატანა აკრძალულია. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, რელიგიის სააგენტო უფლებას აძლევს სასულიერო პირს, სანთელი და სხვა საეკლესიო ნივთები გადაიტანოს. საზღვარზე ხან რა მოიმიზეზეს, ხან _ რა და ამის უფლება არ მომცეს. არც რელიგიის სააგენტოსადმი ჩემს მიმართვებს მოჰყოლია შედეგი _ ყველა ჩემი წერილი უპასუხოდ დარჩა.

 ისე კი, რა თქმა უნდა, ამ 4 წლის განმავლობაში, პრობლემები ყოველთვის იყო. მაგალითად, წმინდა მიქაელ ყულოშვილის ხსენების დღის აღნიშვნის საშუალებას არასდროს გვაძლევდნენ, ვინაიდან მიქაელ ყულოშვილი 1917 წელს მუსავატელებმა აწამეს და მოკლეს; მუსლიმან და ქრისტიან მოსახლეობას შორის ურთიერთობა დაიძაბებაო, _ ამ მიზეზით ამართლებდნენ თავიანთ საქციელს. მაგრამ ეს სიცრუეა. დღესასწაულის აღნიშვნა ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის ურთიერთობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. წმინდანის საფლავზე მუსლიმანებიც მოდიან, პატივს მიაგებენ მას და ბედნიერებასა და წარმატებას ევედრებიან.

 ამას გარდა, მინდა, კიდევ ერთი რამ აღვნიშნო. აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ყველა რელიგიურ კონფესიას თავისი “ოცეული” ჰყავს, რომელსაც ერთგვარი ზედამხედველობის ფუნქცია აკისრია და ის აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტს ექვემდებარება. ოცეულშიოცი მორწმუნე ადამიანია გაერთიანებული, რომელთა მოთხოვნის საფუძველზეც ტაძარი მოქმედი ხდება. რამდენიმე თვეა, რაც ახლანდელიოცეულისწარმომადგენლები დანიშნეს და მათ პირჯვრის გადასახვაც არ იციან. მათი მეშვეობით ბევრ ცუდ საქმეს აკეთებენ და სიტუაციას ურევენ.

_ როგორ ხსნით აზერბაიჯანის ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას ქართველი სასულიერო პირის მიმართ?

_ შემიძლია ვივარაუდო, რომ, რადგან მუსლიმან მოსახლეობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, კახის გარდა, აზერბაიჯანის სხვა ქალაქებშიც დავდივარ და ყველგან თბილად მხვდებიან, ამაში, ალბათ, გარკვეული საფრთხე დაინახეს. არ მოსწონთ, რომ ქრისტიან მღვდელს ადგილობრივ აზერბაიჯანელ მუსლიმ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

_ მამაო, როგორც ვიცი, აზერბაიჯანის ელჩსაც შეხვდით, რა გითხრათ?

_ აზერბაიჯანის ელჩს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი; ვთხოვეთ, გამონაკლისის სახით, ჩემთვის ორმაგი მოქალაქეობა დაეშვათ ან დიპლომატიური პასპორტით მაინც მოეცათ ქვეყანაში შესვლის უფლება, მაგრამ უარი გვითხრეს. არადა, ადგილობრივი კანონმდებლობით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების უფლება მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს აქვთ. შემდეგ ვთხოვეთ, ვიდრე ისეთ ადგილობრივ მაცხოვრებელს მოვძებნიდით, რომელსაც სასულიერო სასწავლებელი აქვს დამთავრებული და ჩემს შეცვლას შეძლებდა, ჩემთვის მცირე ხნით მაინც მოეცათ ორმაგი მოქალაქეობა, რათა ღვთისმსახურების საშუალება მქონოდა, მაგრამ უკვე ორი კვირა გავიდა და პასუხს არავინ გვცემს…

არადა, აზერბაიჯანში რუსული ეპარქიაც არსებობს, რომლის წევრებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და მათ ვერავინ ვერაფერს უბედავს. ჩვენც ამას ვითხოვთ, ვინაიდან სწორედ ორმაგი მოქალაქეობაა ჩემი უსაფრთხოების გარანტი.

აზერბაიჯანი მშვიდი, დემორატიული ქვეყანა რომ იყოს, აუცილებლად მივიღებდი მოქალაქეობას, ახლა კი ვიცი, ამას რა შედეგიც მოჰყვება. ვინ აგებს ჩემს უსაფრთხოებაზე პასუხს? ამას უსაფუძვლოდ არ ვლაპარაკობ. აზერბაიჯანში ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც სახლის სახურავს ქვები დაუშინეს, ჩემი დაშინების მიზნით კი საცხოვრებლის ეზოში ვიღაცები დადიოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც ბელაქანიბაქოს მატარებლიდან ჩამომაგდეს. ორჯერ მომწამლეს კიდეც, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონია. ერთხელ მრევლთან ვიყავი სტუმრად და შევამჩნიე მანქანა, რომელიც ცდილობდა, დამჯახებოდა. ეს ყველაფერი დაშინების მიზნით ხდებოდა, რათა კახიდან წამოვსულიყავი.

_ ცნობილია, რომ თქვენამდე, ტაძრის სხვა წინამძღვრებსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ, მათაც ავიწროებდნენ, ამიტომაც წამოვიდნენ კახიდან.

_ დიახ, ეს პრობლემები ყველას ჰქონდა, მაგრამ რატომღაც ამაზე ყოველთვის დუმდნენ.

_ მამაო, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსთან ახალგაზრდებმა თქვენი მხარდასაჭერი საპროტესქტო აქციაც გამართეს, მიმართვის ტექსტიც გაუგზავნეთ აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკვე კვირაზე მეტი გავიდა და პასუხი მიიღეთ?

_ სამწუხაროდ, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურიდან პასუხი არ მიგვიღია. ერთადერთი _ გენერალური საკონსულოდან დამირეკა ბატონმა მამუკა ბალავაძემ. მისი დიდი მადლობელი ვარ.

_ როგორ ხსნით საქართველოს მთავრობის უმოქმედობას, ხელისუფლება აზერბაიჯანის, როგორც მეგობარი სახელმწიფოს, გაღიზიანებას ერიდება თუ რატომ არ აგვარებს ამ პრობლემას? რატომ არ აქტიურობს თუნდაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო?

_ ცალმხრივი მეგობრობა გაუგებარია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ძალიან ცივად მოგვიშორეს და გვითხრეს, რომ ასეთია კანონი, რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლითო.

_ საპატრიარქოში როგორ ესახებათ პრობლემის მოგვარების გზა?

_ პატრიარქს შევხვდი და პირადად მოვახსენე პრობლემის თაობაზე, როგორც ვიცი, საპატრიარქოდანაც გაგზავნეს მიმართვა აზერბაიჯანში და პასუხს ელოდებიან.

_ ისტორიულ საინგილოში ქრისტიანი ქართველების ყოფაცხოვრებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, რთულ პირობებში არიან?

_ დიახ, ქართველები მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ეკონომიკურად ძალიან უჭირთ. ქართველების 90%, ფაქტობრივად, დაუსაქმებელია. ვინც მუშაობს, შეიძლება სკოლაში პედაგოგი იყოს და მცირე შემოსავალი ჰქონდეს, მეტი არაფერი… ქრისტიანები, ძირითადად, კახში ცხოვრობენ, დაახლოებით _ 7 ათასი კაცი. ბელაქანში თითზე ჩამოსათვლელია ქრისტიანული ოჯახი.

_ კახში გიორგობას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. დღესასწაულს, ქრისტიანებთან ერთად, აზერბაიჯანელი მუსლიმანებიც ესწრებიან

_ არაერთი მუსლიმანი მოდის და ქრისტიანულ ტაძარში სანთელს ანთებს, ლოცულობს და უფალს წყალობას სთხოვს. ასე ამბობენ ხოლმე _ ამ ტაძრებში არის ისეთი ძალა, რომელიც ჩვენს სალოცავებში არ არისო. ამ ტაძრიდან გასვლის შემდეგ ვხედავთ, რომ ჩვენს ოჯახებში ბედნიერება და წარმატება ისადგურებსო.

გიორგობის დღესასწაულზე უამრავი აზერბაიჯანელი მოდის. ერთხელ ფეხშიშველი მუსლიმანი ქალი შემხვდა, რომელსაც მძიმე ავადმყოფი ქმარი ჰყოლია და ექიმს უთქვამს, _ თავი დაგვანებე, ეს კაცი მაინც მოკვდება და ტყუილად ნუ გვაწუხებო. მოგვიყვა, რომ ოთხჯერ ყოფილა მოსალოცად მექაში. მოგეხსენებათ, მუსლიმანებისთვის მექა რაოდენ მნიშვნელოვანია, მაგრამ ქურმუხზეც ამოსულა და უთხოვია, თუ ჩემი ქმარი გადარჩება, მომავალ წელს ფეხშიშველი ამოვალ და ქმარსაც ამოვიყვანო. ამ ქალბატონის მეუღლე მართლაც გამოჯანმრთელდა.

უფრო მეტსაც გეტყვით, ქრისტიანი აზერბაიჯანელებიც არსებობენ და, სხვათა შორის, გულმხურვალე მლოცველები არიან და ქრისტიანული სარწმუნოებაც გააზრებული აქვთ.

_ არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, ქრისტიანულ დღესასწაულზე მუსლიმანების დასწრების მიზეზი ისიც არის, რომ მათ, უბრალოდ, სურთ, აჩვენონ, რომ ეს ქართველების კი არა, აზერბაიჯანელების დღესასწაულია

_ დიახ, ეს ვერსიაც არსებობს. ეკლესიაში ლოცვის შემდეგ მინდორზე ზეიმი იმართება. ოფიციალურ სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები სპეციალურად მოდიან დღესასწაულზე და ადგილებს იკავებენ, რათა ქართველებს აღარ მიეცეთ საშუალება, დასხდნენ და იზეიმონ. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ყველა ძალიან კარგად მექცეოდა. კახის გარდა, ბევრ აზერბაიჯანულ ქალაქში ვარ ნამყოფი და ქუჩაშიც კი ძალიან დიდ სიმპათიასა და სითბოს გამოხატავენ. აზერბაიჯანში სასულიერო პირს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. თუ რაიმე დაგჭირდა, მხარში ამოდგომა იციან.

_ მამაო, რა გამოსავალს ხედავთ?

_ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ _ ჩვენმა ხელისუფლებამ, ანუ პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უნდა მიმართოს. მხოლოდ სიტყვები და დაპირება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამ შემთხვევაში, დანაშაულია. ხელისუფლებას ვთხოვ, გულისხმიერება გამოიჩინოს, რადგან ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი. თუ აზერბაიჯანი მართლაც ჩვენი მეგობარია, ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს და დიდი იმედი მაქვს, საქმე სასიკეთოდ გადაწყდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here