Home რუბრიკები საზოგადოება ერთობლივი პროექტი _ ჯანმრთელობა

ერთობლივი პროექტი _ ჯანმრთელობა

582

ზაფხულის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებების რეგისტრირებულ შემთხვევათა 50 პროცენტზე მეტი, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. ამ პრობლემას ეხება დღევანდელი პუბლიკაცია.

 

ზაფხულში რომ არ დაავადდეთ

დიარეით მიმდინარე დაავადებათა საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში აღირიცხება, როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებებს უმეტესად იწვევს დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარება და არასწორად მომზადებულ-შენახული საკვები.

ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების უდიდესი წილი (60-65 პროცენტი) მოდის ბავშვებზე, რაც შეიძლება აიხსნას ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით.

ამ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება:

*წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, სასურველია, წყალმა იდინოს არანაკლებ 10 წუთისა და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;

*არ გამოიყენოთ სასმელად აუდუღებელი წყალი, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

*სასურველია, წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება; უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;

*ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს.

*მომზადებული კერძი, სასურველია, მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად გააცხელოთ.

*უმი და მზა პროდუქტისთვის აუცილებელია მოიხმაროთ (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისთვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;

*არ ჭამოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე, გოგლიმოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი.

*არ დალიოთ აუდუღარი რძე;

*სასურველია, ზაფხულის პერიოდში უარს თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით დამზადებულ ტორტებსა და კრემიან ნამცხვრებზე, ანდა მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი და სუფთანაჭუჭიანი კვერცხი, ხარისხიანი კარაქი. დამზადებული პროდუქტი მოათავსეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში არა უმეტეს 8 გრადუს ტემპერატურაზე;

*არ შეიძინოთ ხორცი და ხორცის პროდუქტები, რომლებიც იყიდება ან ინახება არასათანადო პირობებში.

დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.

მოერიდეთ სოკოს შეგროვებას. გახსოვდეთ, რომ საკვებად ვარგისი სოკოებიც იწვევს მოშხამვას, განსაკუთრებით, ცხელი ამინდების შემდეგ. სოკოს დაბერების ან დაჭიანების შემთხვევაში დროთა განმავლობაში გროვდება ტოქსინები.

მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, კვლავ მოგმართავთ სოკოს მოყვარულებს, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცავით შემდეგი წესები:

შეაგროვეთ ტყეში მხოლოდ ის სოკო, რომლის შესახებ ზუსტად იცით, რომ ვარგისია საჭმელად;

საეჭვო სოკოს ნუ გამოიყენებთ საკვებად და ნუ გაუსინჯავთ გემოს;

არასოდეს შეაგროვოთ და საკვებად არ გამოიყენოთ გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;

ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს;

არ შეიძლება სოკოს შეგროვება ქუჩებთან და ტრასებთან ახლოს, რადგან ასეთ პირობებში სოკოში აკუმულირდება მძიმე მეტალები;

სასურველია, სოკო მომზადდეს იმავე დღეს.

გავრცელებული თვალსაზრის სოკოს შხამიანობის გარკვევისა _ ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის სოკოსთან ხარშვისას გაშავება _ მცდარია.

ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველის (განსაკუთრებით, ძაღლების) მიერ ადამიანის დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ცოფის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საკუთარი და მიკედლებული ცხოველების ცოფზე აცრა, მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის რეგულირება. ცხოველის მიერ დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევაში მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის საკითხის გადასაწყვეტად.

ზაფხულის პერიოდში აქტიურდებიან გველები. გველის კბენისგან თავის დაცვის მიზნით, იმ ტერიტორიებზე, სადაც ცნობილია მათი გავრცელება, იარეთ მაღალყელიანი და სქელლანჩიანი ფეხსაცმლით. გველის დაკბენის შემთხვევაში ეცადეთ, დაიხსომოთ გველის ფერი (ეს დაეხმარება ექიმებს სწორი ანტიდოტის შერჩევაში დაზარალებულის სამკურნალოდ), არ დაედევნოთ გველს და არ შეეცადოთ მის მოკვლას, არ დასეროთ დაკბენილი ადგილი და არ ეცადოთ შხამის გამოდევნას რაიმე მეთოდით, არ გამოიყენოთ ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელები! დაზარალებული მოათავსეთ მშვიდად, ეცადეთ, დაკბენის ადგილი გულზე უფრო ქვევით იყოს. დაკბენის ადგილი დაფარეთ სუფთა სახვევით და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს ადეკვატური დახმარების მიღების მიზნით. გახსოვდეთ! ყველა რაიონული ცენტრი მომარაგებულია გველის შხამის საწინააღმდეგო პრეპარატებით! რაიონის ცენტრში მდებარე საავადმყოფოებში შეძლებენ, აღმოგიჩინონ ადეკვატური დახმარება!

ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ, აგვისტოში) მატულობს ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა და, შესაბამისად, ადამიანთა დასნეულების საფრთხეც. აუცილებელია შინაური ცხოველების დროული აცრა ჯილეხის წინააღმდეგ. კატეგორიულად დაუშვებელია დაცემული ანდა ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. ჯილეხით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფი სწორედ ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავებაში მონაწილე პირებია.

შესაძლოა, ავადმყოფ ან მკვდარ ცხოველთან, ფრინველთან კონტაქტი საშიში იყოს ადამიანთათვის.

ცხოველის, ფრინველის დაავადების ან სიკვდილის შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარს.

იმუნიზაციით მართვადი ინფექციების შესახებ პროგნოზი, რომელთა წინააღმდეგ არსებობს ეფექტიანი ვაქცინები და ქვეყანაში ტარდება იმუნიზაცია (დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა, ყბაყურა, ჰეპატიტი B ბავშვებში), კეთილსაიმედოა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მშობლებს პოლიომიელიტის აცრების აუცილებლობას.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მცირე წყალსატევებში ბანაობისას.

მოსალოდნელია მენინგოკოკური (ბაქტერიული) ინფექციის ერთეული შემთხვევებიც.

გარემოს ტემპერატურის მატების ფონზე იქმნება ხელსაყრელი პირობები ბევრი გადამდები დაავადების გავრცელების, მათ შორის, მალარიის გამომწვევის განვითარების ციკლის დამთავრებისთვის კოღოს (გადამტანის) ორგანიზმში, ასევე, ლეიშმანიოზის გადამტანის (ფლებოტომუსების) აქტიურობისთვის. ამის გამო ინფექციის წყაროს (რეზერვუარის) არსებობის პირობებში მოსალოდნელია მალარიის (ქვეყანაში შემოტანის შემთხვევაში) ერთეული და ლეიშმანიოზის რამდენიმე შემთხვევა.

პროფილაქტიკისთვის აუცილებელია გადამტანებისგან თავის დაცვა განსაკუთრებით შებინდებისას, მაშინ, როცა გადამტანები აქტიურდებიან (ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, რეპელენტების (დამაფრთხობლები) წასმა ან შესხურება სხეულის ღია ადგილებზე. ანალოგიური წესები უნდა დაიცვათ ტკიპების საწინააღმდეგოდაც.

ლელა სტურუა,

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here