Home რუბრიკები საზოგადოება ევროპული “დემოკრატია” საქართველოს კონსტიტუციაში

ევროპული “დემოკრატია” საქართველოს კონსტიტუციაში

670

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას

გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძეს

გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილს

 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სავსეა პოლიტიკური პარტიებით, პოლიტოლოგებით, ექსპერტებით, კონსტიტუციონალისტებით, ჟურნალისტებით, არასამთავრობოებითა და დასავლეთიდან მოვლენილი სხვადასხვა ჯურის ანალიტიკოსებითა თუ მრჩეველებით, მათ მაინც უჭირთ ხუთი წლის წინათ შემუშავებული და დამტკიცებული საქართველოს კონსტიტუციის წაკითხვაც კი. არადა, ფრანგმა მკვლევარმა ფრანსუა შამპინიონმა გაშიფრა და წაიკითხა რამდენიმე ათეული საუკუნის წინათ დაწერილი თუ გამოკვეთილი და შემდგომში ყველასგან მივიწყებული ეგვიპტური იეროგლიფები, რითაც მსოფლიოს გააცნო უძველესი ქვეყნის ისტორია.

ფრანსუა შამპინიონს დღეს რომ დაეწყო საქართველოს კონსტიტუციის შესწავლა, ალბათ, ძალიან გაუჭირდებოდა, ზუსტად დაედგინა, მმართველობის რა ფორმა ჰქონდა ქვეყანას ოცდამეერთე საუკუნის ათიან წლებში, ვინ იყო ქვეყნის პირველი პირი, იყო თუ არა დაცული ის გარე საფრთხეებისაგან და აისახებოდა თუ არა დემოკრატიის პრინციპები ამ დოკუმენტში.

ყოფილი პრეზიდენტი ისე იყო დარწმუნებული, პრემიერმინისტრობაში ვერავინ შეეცილებოდა, რომ საკუთარ თავს წინასწარ გადაულოცა სახელმწიფოს მეთაურის ყველა რეალური უფლებამოსილება, ხოლო პრეზიდენტს უმნიშვნელო ვალდებულებები დაუტოვა, რომლებითაც პრეზიდენტის ინსტიტუტი, ფაქტობრივად, ფორმალურ ორგანოდ აქცია.

ცხრა წლის განმავლობაში ისე დაჩაგრა და დააშინა პარლამენტარები და მთავრობა (და არა მხოლოდ ისინი), რომ ხმის ამოღებასაც ვერ უბედავდნენ, როდესაც მათ დაათრევდა ხან მღვიმეში, ხან ვენახში, ხან ზღვის სანაპიროზე და ხანაც საკლასო ოთახში. სწორედ მათი ხელშეწყობით შეისრულა აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა თითქმის ყველა ახირება (ერთის გარდა) და კონსტიტუციაც სამუდამო დიქტატორობისთვის მოირგო.

მან ისე დაუპირისპირა კონსტიტუციის მუხლები ერთმანეთს, რომ ხშირად გაუგებარია, რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელო. მაგალითად:

81-ე მუხლის მიხედვით, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ 2/5-ს (ადრე იყო 1/3). “უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი”, მაგრამ ადრე, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა უფლებამოსილი იყო, პრემიერმინისტრის წინაშე დაესვა მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო, თუ პრემიერი არ გაათავისუფლებდა მთავრობის წევრს, ვალდებული იყო, ორი კვირის ვადაში წარედგინა პარლამენტისთვის მოტივირებული გადაწყვეტილება.

ამ მუხლის ახალი რედაქციით კი, აღარ არის გათვალისწინებული არც მთავრობის წევრის გათავისუფლება და არც მოტივირებული გადაწყვეტილების წარდგენა. ესეც არ იკმარა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა და უნდობლობის გამომცხადებელ პარლამენტარებს წაართვა უფლება, ექვსი თვის განმავლობაში მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროცედურაში (მ.81 ა.1).

ძირითადი კანონის ახალმა რედაქციამ მთავრობას ჯერ მოუხსნა პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე (მ.78 პ.1) და იგი ანგარიშვალდებულებით შეცვალა (მ.78 პ.1), ხოლო შემდგომში ის “სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშით” შეცვალა (მ.79 პ.3).

კონსტიტუციაში აღარ არის ისიც, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების უკანონოდ ხარჯვისა და ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევებში.

იმისათვის, რომ პარლამენტარებს ხშირად არ შეეწუხებინათ მთავრობა ანგარიშის ჩაბარებით, მან საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში გადაიტანა, რითაც დაასუსტა ომიანობის დროს კავშირები მთავრობასა და პარლამენტს შორის გადაწყვეტილებების მიღება-დამტკიცებაში.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ძალ-ღონეს არ იშურებენ და სახსრებს არ ზოგავენ იმისათვის, რომ შეცვალონ მთავრობა და ხელისუფლებაში დაბრუნებაზე პრეტენზიებს უკვე საჯაროდ აცხადებენ, მაგრამ იმის გამო, რომ კარგად იციან ხალხის განწყობა მათ მიმართ, მკვეთრ მოქმედებებს ვერ ბედავენ. ამასთანავე, მათ ვერაფერი გაუგეს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის მიხედვითაც შეეძლოთ, დამოუკიდებლად წარედგინათ და პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინათ პრემიერმინისტრობის კანდიდატი.

და როგორ გაუხარდათ “ნაციონალებს”, პრეზიდენტსა და სხვებს, როდესაც ძირითად კანონში დაკარგული 81′-ე მუხლი აღმოაჩინეს?! ეგონათ, ამ მუხლის მეშვეობით შეძლებდნენ დამოუკიდებლად, პარლამენტთან კონსულტაციების გარეშე, წარედგინათ საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა.

და პრეზიდენტიც ადვილად წამოეგო ამ სატყუარას.

2015 წლის 8 მაისს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კანონმდებლებს წარუდგინა განახლებული მთავრობის შემადგენლობა, რომლითაც დაარღვია კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი: 79- (.5,7); მე-80 (.2,6,8);) და 81- (.2,3).

*79-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად, მინისტრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერმინისტრი და არა სხვა ვინმე (თუნდაც პარლამენტი).

*მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტმა კი არ უნდა შეარჩიოს პრემიერობის კანდიდატი, არამედ ვალდებულია, პარლამენტს წარუდგინოს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატი. მე-80 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი _ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/5 მიერ წარდგენილი იქნება ორი კანდიდატი, პრეზიდენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს იმ კანდიდატურას, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტარმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში _ ერთ-ერთ წარდგენილ კანდიდატურას.

ზუსტად ეს პუნქტი ვერ გამოიყენეს “ნაციონალებმა” და სხვებმა.

ასეთივე მოთხოვნები აქვს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით 81-ე მუხლსაც. ამ მუხლების მიხედვით მთავრობის ფორმირებაში და მინისტრების დანიშვნა-განთავისუფლებაში პრეზიდენტსა და პარლამენტს უფლებები საერთოდ ჩამოერთვათ და ეს პროცესი მხოლოდ პრემიერმინისტრის ნებაზეა დამოკიდებული.

პრეზიდენტმა ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ მისმა საპარლამენტო მდივანმა განახლებული მთავრობის წარდგენისას პრემიერმინისტრის შემდეგ დაასახელა არა ვიცეპრემიერები, არამედ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რითაც დაარღვია მთავრობის წევრების სუბორდინაცია და პროტოკოლის წესები.

ნუთუ ასეთ არალოგიკურად შედგენილ დოკუმენტს შემოწმების გარეშე მოაწერა ხელი პრეზიდენტმა?! მან ხომ კარგად იცის, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი ისტორიის კუთვნილებაა?!

და თუ ქაღალდზე დაწერილ ტექსტს ერთი შეხედვით ვერ აფასებს, მაშინ ის, უკვე როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, შეძლებს კი სწორად შეაფასოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ბრძოლის ველზე განლაგებული ჯარების შესახებ?

ასეთი შეცდომები, ერთი შეხედვით, წვრილმანებია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უმაღლესი ორგანოები ასეთ შეცდომებს უშვებენ. ასეთივე შეცდომებითაა შემუშავებული ორგანული კანონი “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” და მთავრობის #38 დადგენილება კრიზისების მართვის საბჭოს შესახებ.

კანონი ცდილობს, დაუბრუნოს პრეზიდენტს ძალაუფლება და წარმოაჩინოს ის ქვეყნის პირველ პირად, დადგენილება კი ზღუდავს პრეზიდენტის უფლებებს და კრიზისების მართვის საბჭოს მეშვეობით ცდილობს, შეითავსოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები.

კანონისა და დადგენილების ავტორებს დაავიწყდათ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოც და კრიზისების მართვის საბჭოც წარმოადგენს სათათბირო ორგანოებს და, რომ მათ არ აქვთ გადაწყვეტილებების მიღების უფლება.

არც პარლამენტში ჩანს დოკუმენტების კრიტიკულად შემფასებელი ადამიანები, მათ მიერ შემუშავებულ საბუთებს ხშირად კონკრეტულობა და აზრი აკლია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტშიც კი არ იცოდნენ, რომ, ძირითადი კანონის თანახმად, პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, თავისი ინიციატივით სესიებს შორის პერიოდში მოეწვია რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა (მ.61, პ.2).

პარლამენტის უმცირესობამ მთლიანად და უმრავლესობის ნაწილმა არ იცოდნენ, რომ უკვე მეხუთე წელია, რაც მთავრობას აღარ აქვს უფლება, გადადგეს საკუთარი გადაწყვეტილებით (.79, .6) და იმისათვის, რომ პრემიერის პოსტზე ყოფნისას თბილისში არ მოესმინა შეძახილებიწადი, წადი!” ანგადადექი, გადადექი!”, სააკაშვილმა ამ მუხლიდან ამოაღებინა მე-6 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მთავრობის გადადგომას საკუთარი გადაწყვეტილებით და იმისათვის, რომ პარლამენტს ხშირად არ მოეთხოვა პრემიერისთვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში (.79, .6), საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში გადაიტანა.

2012 წლის 21 ოქტომბერს ახალარჩეული პარლამენტის უხუცესმა წევრმა, სხდომის წამყვანმა, ბატონმა ივანე კიღურაძემ კანონმდებლებს შეახსენა და სთხოვა: “ტექსტი დარიგებული გაქვთ, ცეესკოს თავმჯდომარე წაგიკითხავთ ფიცის ტექსტს და მისი დამთავრების შემდეგ თქვენ უნდა წარმოთქვათ სიტყვა “ვფიცავ”.

და აი ეს “ფიცის ტექსტი”:

“მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლებამოსილებებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში”.

პარლამენტარებმა კი შეასრულეს ბატონი ივანე კიღურიძის თხოვნა და წარმოთქვეს სიტყვა “ვფიცავ”, მაგრამ დაარღვიეს ე.წ. ფიცის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს სიტყვა “ვაცხადებ”-ის წარმოთქმას”. პარლამენტარებს, ალბათ, არ ჰქონდათ ე.წ. ფიცის ტექსტი წაკითხული და ამიტომაც წარმოთქვეს სიტყვა “ვფიცავ”.

ან რა საჭირო იყო ამ რიტუალის ჩატარება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და ამიტომ ტექსტიც დამტკიცებული არ იყო.

პრეზიდენტის ფიცთან შედარებით პარლამენტარების ეს ქმედება უკვე წინსვლაა, რადგან ნამდვილად იფიცებენ, პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომელიც, 71-ე მუხლის მოთხოვნის მიუხედავად, წარმოთქვამს სიტყვას “ვაცხადებ”.

და როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, სხვას რაღა მოეთხოვება?

ცნობისათვის: ლიტვის კონსტიტუციის 53-ე მუხლი მოითხოვს, რომ “სეიმის წევრი, რომელიც არ დადებს ფიცს კანონის შესაბამისად ან ფიცს პირობითად დადებს, კარგავს სეიმის წევრის მანდატს”.

ჩვენთანაც რომ მოქმედებდეს ასეთი კანონი, ახლა, ალბათ, პრეზიდენტი არ გვეყოლებოდა.

უკვე მთავრობა რომ არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას (მ.79, პ.1) და რომ პრეზიდენტი აღარ არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, და საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ საგარეო ურთიერთობებში (მ.69, პ.3) ისევე, როგორც მთავრობის წევრები (მ.78, პ.3) და რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს, მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომას (მ.78, პ.4), მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტი უკვე აღარ არის ქვეყნის პირველი პირი, მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ბრძანებები და განკარგულებები კი მხოლოდ მისი ადმინისტრაციისათვის იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი (მ.77), დანარჩენი მოსახლეობისა და დიპლომატებისათვის ერთ ყურში შესაშვები, მეორედან კი _ გამოსაშვები.

აქედან გამომდინარე, ფრანსუა შამპინიონს ნამდვილად გაუჩნდებოდა კითხვა _ ძირითადი კანონის რომელი მუხლების საფუძველზე მიაწებეს პრეზიდენტსსახელმწიფოს მეთაურისადაეროვნული დამოუკიდებლობის გარანტისტიტულები?

სახელმწიფო საკანონმდებლო კომისიისა და პარლამენტის წევრებს რომ შეესწავლათ კონსტიტუციები იმ ქვეყნებისა, რომლებშიც პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტის მიერ, ადვილად მიხვდებოდნენ, თუ როგორ დაჩაგრეს მათ საყოველთაო კენჭისყრით არჩეული საქართველოს პრეზიდენტი და რა არაადეკვატურია მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები რეალურად დარჩენილ უფლებამოსილებებთან შედარებით.

ფრანსუა შამპინიონი კი, ბოლოს და ბოლოს, დაადგენდა, რომ ეს დოკუმენტი არა ქვეყანაზე, არამედ კონკრეტულ პიროვნებაზე იყო მორგებული და მიზნად ისახავდა უვადო ერთპიროვნულ მმართველობის შემოღებას და თუ ის გაითვალისწინებდა მოსახლეობის განწყობას ამ პიროვნებისადმი, მიხვდებოდა რომ ეს კონსტიტუცია “ერთჯერადი მოხმარების დოკუმენტად” იქცეოდა.

და ასეთი დაუბალანსებელი კონსტიტუციის შემუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვით ვენეციის კომისიის წევრებს და გერმანელ ექსპერტებს, რომლებსაც კითხვაც კი არ გასჩენიათ, რატომ არ დებენ ფიცს ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, მაშინ როდესაც მათი პრეზიდენტები, მთავრობის ხელმძღვანელები და მინისტრებიც კი წარმოთქვამენ სიტყვას “ვფიცავ!”

აშშში, ალბათ კარგად შეისწავლეს ჩვენი ქვეყნის კანონები, 2004 წლიდან ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და დაადგინეს, რომ 2012 წლისათვისდემოკრატიის შუქურაუკვე კარგა ხნის ჩამქრალი იყო, და იმისათვის, რომ მოვლენები არ განვითარებულიყომოდელირებული ქრონიკისსცენარის მიხედვით, ხელისუფლებას ურჩიეს, “ძალაუფლება გადაებარებინათ მშვიდობიანი გზით”, რასაც ვერ იტყვი ევროპის სახალხო პარტიის მიმართ.

ვინაიდან კანონმდებლებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის კორესპონდენტებს დაავიწყდათ “ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” არსებობა, მინდა, მათ შევახსენო ზოგიერთი ქართული სიტყვის მნიშვნელობა:

* უმაღლესი _ ყველაზე მაღალი, უფრო მაღალი, ყველაზე უფროსი, ყველაზე დიდი, უდიდესი;

* პირველი _ რიგითი რიცხვითი სახელი ერთისა, ყველაზე წინ მყოფი, არსებული, ყველაზე კარგი, საუკეთესო;

* პასუხისმგებლობა _ მოვალეობა იმისა, რომ პასუხს აგებდეს თავის მოქმედებაზე, საქციელზე;

* ანგარიშვალდებული _ ვინც ვალდებულია, წარადგინოს მისთვის მიცემული დანახარჯების ანგარიში;

* ანგარიში _ მოხსენება, ცნობა თავისი მუშაობის საქმიანობის შესახებ;

* სახელმწიფო _ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ხელისუფლებას;

* გარანტია _ საწინდარი, თავდებობა, პასუხისმგებლობა, უზრუნველყოფა, გარანტიას აძლევს _ პასუხისმგებლობას იღებს;

* ფიცი _ მტკიცე პირობა, ერთგულების აღთქმა, ფიცს მისცემს _ ფიცით შეჰპირდება;

* პირობა _ შეთანხმება, დაპირება, მოთხოვნა;

* ვფიცავ _ ფიცს ამბობს, ფიცით ირწმუნება რასმე;

* განცხადება _ წერილობითი ან ზეპირი უწყება; ცნობები რისამე, ვისამე შესახებ; რაიმე წინადადების ან თხოვნის შემცველი ოფიციალური ქაღალდი;

* აღმასრულებელი _ ვინც ასრულებს; პრაქტიკულად განახორციელებს მართვა-გამგეობას;

* მეთაური _ ხელმძღვანელი, წინამძღოლი, უფროსი;

* სათათბირო _ რასაც აქვს რაიმე საკითხების, საქმის განხილვის უფლება და არა აქვს მათი გადაწყვეტის უფლება.

* მეთაური _ სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით _ თანამდებობის პირი შეიარაღებულ ძალებში, რომელზეც დაკისრებულია ერთპიროვნული ხელმძღვანელობა და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, ჯარების სრულ საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე და დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებაზე.

სტატიის მომზადებაში დახმარებისათვის მადლობას ვუხდი ნავოლის ქობულიას და არჩილ ნაცარიშვილს!

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here