“პუერტო-რიკოს არ შეუძლია სრულად დაფაროს სახელმწიფო ვალი, რომელიც ამჟამად 72 მლრდ დოლარს შეადგენს”, _ განაცხადა კუნძულის გუბერნატორმა გარსია პადილიამ გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ამერიკული გამოცემა იუწყება, რომ აშშ-თან ასოცირებული სახელმწიფოს გუბერნატორსა და ადმინისტრაციის წევრებს განზრახული აქვთ, კრედიტორებს სთხოვონ შეღავათები, რომლებიც გულისხმობს ვალების გადახდის ვადების გადაწევას 5 წლით ან ვალების მიმდინარე პროგრამის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას.
“ვალების გადახდა შეუძლებელია. სხვა გამოსავალი არ არის. ეს უკვე პოლიტიკა კი არა, მათემატიკაა. თუ კრედიტორები მოლაპარაკების მაგიდას არ მიუსხდებიან, მათთვის იქნება ცუდი, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ვითარება დღითიდღე უარესდება, ჩვენ სულ უფრო ცოტა ფული გვექნება ვალების გასასტუმრებლად. მთავრობა ვეღარ განაგრძობს სესხის აღებას ბიუჯეტში დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ამიტომ მოქალაქეები უნდა შეეგუონ გადასახადების მომატებას და ხელფასების შემცირებას”, _ განაცხადა პუერტო–რიკოს გუბერნატორმა.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ გარსია პადილიამ კრიზისის შესახებ ტელეეკრანიდან მიმართა ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც 3,6 მლნ კაცს შეადგენს, მანამდე კი არ გამორიცხა პუერტო-რიკოს გაკოტრებულად გამოცხადება.
ამა წლის აპრილში პუერტო-რიკოს სახელმწიფო ბანკმა გამოაცხადა, რომ კუნძულის სახელმწიფო სტრუქტურებს დაუფინანსებლობის გამო უახლოეს სამ თვეში დახურვა ემუქრებათ.
“პუერტო-რიკოს ფინანსური მდგომარეობა გაურკვეველია. მთავრობის მუშაობის შეჩერება, შეიძლება, დამღუპველად აისახოს ეკონომიკაზე, რომლის გამოჯანმრთელებაც ხანგრძლივი პროცესი იქნება”, _ ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ამის შემდეგ ადგილობრივი კანონმდებლები გამოვიდნენ ინიციატივით, შეემცირებინათ 9,8 მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტი 674 მლნ დოლარით, რაც გამოიწვევს ხელფასების, პენსიებისა და დახმარებების მასობრივად შემცირებას, აგრეთვე, გადასახადების მომატებას მოქალაქეებისათვის იმ ქვეყანაში, რომელიც სიღარიბისა და დამნაშავეობის მაღალ დონეს ებრძვის.