Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: თუ ერთსქესიანთა ქორწინებას დავაკანონებთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავკარგავთ!

ჯუმბერ პატიაშვილი: თუ ერთსქესიანთა ქორწინებას დავაკანონებთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავკარგავთ!

1157

აშშ-ის პრეზიდენტის _ ბარაკ ობამას “უნიკალურმა” ფრაზამ _ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამერიკის ყველაზე დიდი გამარჯვებააო, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, მათ შორის, ლიბერალური ფრთისაც კი. 

 

ამერიკის პოლიტიკით შეშფოთებული ადამიანები თვლიან, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებით ამერიკამ ნიღაბი ჩამოიხსნა და მსოფლიოს საზოგადოებრიობამ მისი ნამდვილი სახე დაინახა. აშშის ხელისუფლების ამ სკანდალურ გადაწყვეტილებაზესაქართველო და მსოფლიოკომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივანს _ ჯუმბერ პატიაშვილს ესაუბრა.

_ ბატონო ჯუმბერ, ამერიკის ყველა შტატში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. თქვენ რას ფიქრობთ, ზესახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებაზე?

_ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებამ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი გამარჯვებააო, ცუდად გამხადა. ამის შემდეგ კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ერთსქესიანთა ქორწინება ყველა ქვეყანაში უნდა დაკანონდესო. მათი ეს განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

ბუნებრივია, ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი საქართველოშიც დაიწყება, რადგან ჩვენ აშშის ერთერთი სტრატეგიული და მეგობარი ქვეყანა ვართ. ალბათ, საქართველოში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე ღიად ისაუბრებენ, პროპაგანდას დაიწყებენ. ყველა მათგანს, მინდა, ვუთხრა: ეს არ გააკეთონ, ამით ქართული გენი და მომავალი დაიკარგება, დაიღუპება!

პოლიტიკას ჩამოვშორდი, მაგრამ არ შემიძლია, გულგრილად ვუყურო იმ უზნეობას, რომლის დამკვიდრებასაც საქართველოში ცდილობენ. ასეთ მძიმე ვითარებაში მედიასაშუალებების როლი განუზომელია, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენი ტელევიზიებიცა და ჟურნალისტებიც არასწორ პოზიციაზე დგანან. ბევრი ჟურნალისტი ადამიანის შეურაცხყოფას თავისუფლებას უწოდებს. მიმდინარეობს უზნეობის პროპაგანდა, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველია.

შვილიშვილები მყავს, მომავალი თაობები იზრდებიან. შეშფოთებული ვარ ინფორმაციით, რომელსაც ისინი ისმენენ, უყურებენ. დღეს არაფერს პატივს აღარ სცემენ _ არც ასაკს, აღარც პიროვნებას, აღარც დამსახურებას. ჭკუის სწავლებას ცდილობს ადამიანი, რომელსაც ამის მორალური უფლება არ აქვს.

ამ ყველაფრის შემყურე, ვფიქრობ, ტყუილად გვიცხოვრია…

ჩვენი დეგრადაციის მიზეზებს სხვაგან ვეძებთ, არადა, ჩვენ თვალწინ დაიწყო მე-20 საუკუნეში, მერე განვითარდა და აქამდე მოვედით.

_ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, დავაკანონებთ, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობააო. ამის შესახებ მან ადრეც განაცხადა და უცბადჩაფარცხესეს საქმე. როგორ ფიქრობთ, დღეს შეძლებს ამ იდეის განხორციელებას?

_ იმ ძალამ, რომელმაც თავის დროზე წინააღმდეგობა გაუწია პრემიერს, არასწორი გზა აირჩია.

მიხარია, მთავრობის ხელმძღვანელი რომ ფიქრობს, ოჯახი მხოლოდ კაცისა და ქალის მიერ იქმნებაო და ეს უნდა დაკანონდეს. პარლამენტარი, რომელიც ამას მხარს არ დაუჭერს, უნდა გააგდო. მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იჯდეს და მოქალაქეების ბედი გადაწყვიტოს.

_ თუ ღარიბაშვილის სიტყვები რეალობად იქცა, საეჭვო გახდება ჩვენი მომავალი ნატოსა და ევროკავშირში

_ არ მინდა ისეთ კავშირში ყოფნა, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მომთხოვს. ორგანიზაცია, რომელიც ისეთ რამეს მთხოვს, რომელიც ჩემს წარსულს, თვითმყოფადობასა და ეროვნულობას გაანადგურებს, თანაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს, ნამდვილად არ მინდა.

ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და ახლა მეც ასე გამომდის, თითქოს ჭკუას ვასწავლი პოლიტიკოსებს, რომელთა უმეტესობაც სულაც არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ უნდა ვთქვა: არ შეიძლება კატეგორიულად გამოხატვა და გაკეთება ისეთი რაღაცის, რაც შენს ტრადიციას ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ წარსულს არ სცემს პატივს და წინაპარს, რომელმაც აქამდე მოგიყვანა.

_ ჩვენ ნელნელა, ეტაპობრივად ყველა დავალება შევასრულეთ, რომლებიც ევროპიდან და ამერიკიდან მოდიოდა; მათ შორის ის, რომ პასპორტიდან ამოვიღეთ მამის სახელი, ეროვნება და .. ხომ შეიძლება, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაც დაგვავალონ?

_ სწორედ ეს მაშფოთებს. ასეთ სიბინძურეებს თანდათანობით გვაპარებდნენ და ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით. ამოიღეს პასპორტიდან ეროვნება და დატოვეს საქართველოს მოქალაქე. იყოს საქართველოს მოქალაქე ყველა, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ იყოს ეროვნებაც. საზღვარგარეთ არიან ქართველები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ, მაგრამ მეტად ცდილობენ ქართველობას, ვიდრე აქ მცხოვრებნი… ამოიღეს მამის სახელი, თქვეს, რომ რუსული გადმონაშთია. მამის სახელის ხსენება ყველას მოსწონს და უხარია, თუ კარგი მამის შვილია, ყველას ახალისებს მამის სახელის ხსენება… ამოიღეს ეროვნება, მე მსოფლიოს მოქალაქეობა არ მინდა. მინდა, ვიყო ქართველი და საქართველოს მოქალაქე!

_ სქესთან დაკავშირებით რას გადაწყვეტენ ამერიკელები?

_ არ ვიცი. ერთსქესიანთა ურთიერთობა ახლა არ დაწყებულა. საუკუნეებია, ეს ხდება, მაგრამ ამაზე არც ერთი ქვეყანა, არც ერთი იმპერია არ აწყობილა… ამას პროპაგანდას არავინ უწევდა. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დაიკარგა, რადგან თვითონ ის იმპერიები და სახელმწიფოები განადგურდა, რომლებშიც ეს ხდებოდა.

ადამიანი გაჩენილია იმისთვის, რომ გამრავლდეს და მომავალი თაობა გაზარდოს…

გაოგნებული ვარ იმით, რაც ლუქსემბურგში მოხდა. მამაკაცი პრემიერი გამოვიდა და მეუღლე მამაკაცი გამოიყვანა, ხალხი ამას ჩეულებრივად მიესალმა. ეს რა უბედურებაა?! ნუთუ ყველაფერი დავკარგეთ?! ადამიანები არანორმალურები გახდნენ. დიახ, აბა, ამას რა დავარქვა?!

_ ლუქსემბურგი რა გასაკვირია? ამერიკის პრეზიდენტმა ყველაზე დიდ გამარჯვებად სწორედ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ჩაითვალა.

_ ობამას ყველაზე დიდი დამარცხება სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღება იყო. ამ განცხადებამ კიდევ უფრო დააკნინა ამერიკა. ნუთუ სხვა ოცნება არ ჰქონდა ამერიკას?

ადრე ჩვენ ცოტა სხვა წარმოდგენა გვქონდა ამერიკასა და ამერიკელებზე, იზოლირებული ვიყავით, მაგრამ 1960-იან წლებში მქონდა შეხება მათთან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის იყო დაპირისპირება, იყო თავშეკავება და მოკრძალება. მოსკოვში რიჩარდ ნიქსონი ჩამოვიდა, დავინახე, რომ შავკანიანები და თეთრკანიანები ცალ-ცალკე იდგნენ, გაოგნებული ვიყავი. ვიცოდით, ეს ასე იყო, მაგრამ მაინც გამიკვირდა. ავტობუსშიც ცალ-ცალკე ჩასხდნენ… რამდენიმე წელიწადში ეს დამოკიდებულება ისე შეიცვალა, რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვეს.

ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახს ორი ადამიანი ქმნის და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ორი ადამიანი ვინ იქნება, ეს დამღუპველია, ესენი ქვეყანაში არსებული უბედურების მონაწილენი არიან.

ის, რაც ამერიკაში მოხდა, ძალიან მძიმე შემთხვევაა და არ მინდა, ჩვენთანაც განმეორდეს. ხალხმა პროტესტი უნდა გამოხატოს ამ უზნეობის წინააღმდეგ. ამისთვის უამრავი ფორმა არსებობს, არავის მივცეთ ცოდვის ჩადენის საშუალება. ყველაფერი საჯაროდ უნდა ითქვას, დასამალი რა გვაქვს?!

თუ დავაკანონებთ ერთსქესიანთა ქორწინებას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავკარგავთ! საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყველასთვის უმთავრესი პრობლემა უნდა იყოს. ასე ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ.

კიდევ ვიმეორებ: ის, რაც ამერიკაში მოხდა, ყოველმხრივ მიუღებელია ქართველი კაცის ფსიქიკისთვის.

ჩემი სათქმელი ვთქვი, ვინც მოისმენს, ძალიან კარგი, დანარჩენს ერი თვითონ იტყვის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here