Home რუბრიკები საზოგადოება თბილისში “მშვიდობისა და მეგობრობის საერთაშორისო სახლი” აშენდება

თბილისში “მშვიდობისა და მეგობრობის საერთაშორისო სახლი” აშენდება

714

70 წელი გავიდა დედამიწაზე ყველაზე სასტიკი და დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ატომურმა მესამე მსოფლიო ომმა, შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლე მოსპოს, პლანეტა ორბიტიდან მოწყვიტოს და გაანადგუროს.

 

მიუხედავად ამ აპოკალიფსური პროგნოზისა, კაცობრიობა ბევრჯერ მდგარა ახალი გლობალური საფრთხის წინაშე, მაგრამ, საბედნიეროდ, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებდა, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ დედამიწაზე სიმშვიდე და მოსვენება სუფევს. ქვეყნებს შორის ატეხილ ლოკალურ ომებს, სამოქალაქო დაპირისპირებებს, ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტებს უამრავი სიცოცხლე ეწირება; იღუპებიან მცირეწლოვანი ბავშვები, ქალები, უსახლკაროდ რჩებიან ოჯახები, ირგვლივ სიძულვილი და გაუტანლობა სუფევს, მსოფლიო კატასტროფისკენ მიექანება, რასაც შეშფოთებით შესცქერიან პოლიტიკოსები, მეცნიერები, ლიტერატურისა და კულტურის მოღვაწენი, რიგითი ადამიანები.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ საქართველოში გაისმა პირველად შერიგების, შენდობისა და ურთიერთმიტევებისკენ მოწოდება და გაჩნდა იდეა თბილისში “მშვიდობისა და მეგობრობის საერთაშორისო სახლის” დაფუძნებისა, ქვეყანაში, სადაც შეიქმნა მსოფლიო ფოლკლორის შედევრი, გენიალური ბალადა-ლექსი “ვეფხვისა და მოყმისა”, რომელმაც შეუძლებელია, არ აღგაფრთოვანოს. აქ ერთმანეთთან შერკინებისას ნადირის მიერ ტორებით დაფლეთილ შვილზე მტირალ დედას ახსენდება ვაჟის მიერ ხმლით აკუწული მისი მოწინააღმდეგე და გონებაში იბადება საოცარი ფრაზა: “იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა ტირისა?!”. ისე ახლობელია და გასაგები მისთვის სხვისი ტკივილი, ისე ძლიერია თანაგრძნობის განცდა, რომ გადაწყვეტს, მისი ბედის მოზიარე დედასთან მივიდეს და “სამძიმარ უთხრას ჭირისა”.

როგორც ზემოთ ვთქვით, მსოფლიო ლამის წალეკოს კონფლიქტებმა, მაგრამ ერთი რამ მაინც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: რაგინდ სამკვდრო-სასიცოცხლოდ უნდა იყვნენ წაკიდებულნი მხარეები, შინაგანად მაინც არსებობს სინანულის განცდა გამოჩენილი სისასტიკის გამო და ჩნდება სურვილი ურთიერთმიტევებისა და შერიგებისა; მეტადრე, როცა რწმუნდები, რომ ამ მამათმკვლელ, სისხლისმღვრელ ომში გამარჯვებითაც კი არ ხერხდება კონფლიქტის მოგვარება და სასურველი შედეგის მიღწევა.

სწორედ ეს გარემოება გვინერგავს რწმენას, რომ ჩვენს იდეას დამარცხება არ უწერია და თბილისის “მშვიდობისა და მეგობრობის სახლი” მალე მოიპოვებს საერთაშორისო აღიარებას, იქცევა ურთიერთგაგების, ურთიერთდათბობის, შერიგების, შენდობისა და ურთიერთმიტევების მძლავრ ცენტრად, რომელიც მოემსახურება და დახმარებას აღმოუჩენს სხვადასხვა კონფლიქტით შეჭირვებულ, დაპირისპირებულ მხარეებს, ქვეყნებს.

მას უკვე გამოუჩნდნენ მხარდამჭერნი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, ფინანსური თუ სხვა სახის (მათ შორის ინვესტირებითაც) დახმარება აღმოუჩინონ თბილისის “მშვიდობისა და მეგობრობის სახლს”, რომლის ფუნქციონირებაც დაახლოებით ასე გვესახება:

*აქ თავს მოიყრიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, უპირატესად, ქალბატონები (დედები), რომლებმაც პირადად განიცადეს კონფლიქტებით გამოწვეული ტკივილი. დაკომპლექტდება სახლის ადმინისტრაცია, სათათბირო (საბჭო), რომელიც იმუშავებს დაპირისპირებულ მხარეებთან კონფლიქტის მოგვარებისთვის.

თბილისის “მშვიდობისა და მეგობრობის სახლი” დიდ სარგებლობას მოუტანს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მაგრამ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ საქართველოსათვის იქნება.

 *ამ უნიკალური, ნოვაციური იდეის ავტორი ჩვენი ქვეყანა, მალე მოექცევა მსოფლიო ყურადღების ცენტრში, წარმოჩნდება მისი თვითმყოფადი კულტურა, შესანიშნავი ტრადიციები, მაღალი ჰუმანიზმი და ტოლერანტობა; ეს კი ხელს შეგვიწყობს შიგა კონფლიქტების მოგვარებაში.

*აქ პერიოდულად შეიკრიბებიან და აქტუალურ თემებზე იმსჯელებენ მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, კულტურის მუშაკები. მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები; ყოველი წლის 30 ივლისს, რომელიც გაეროს მიერ მეგობრობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული, ჩატარდება სიმღერის საერთაშორისო კონკურსი მშვიდობისა და მეგობრობის თემაზე, იმუშავებს ბეჭდვითი მედია და ა.შ.

* თავისი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით საქართველო, თბილისი იქცევა ევროატლანტიკური და ევრაზიული კულტურების დამაკავშირებელ რგოლად, გავლენას მოახდენს მათ შორის წამოჭრილი სადავო საკითხებისა თუ აღმოცენებული კონფლიქტების მოგვარებაზე.

*ქართული ეკლესია, რომელიც ოდითგანვე გამოირჩეოდა რელიგიური შემწყნარებლობითა და მისაბაძი ტოლერანტობით, კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სხვადასხვა კონფესიის ურთიერთდაახლოების სასიკეთო პროცესში.

ამ მიზნის განსახორციელებლად თბილისში შეიქმნა არასამეწარმეო იურიდიული პირი _ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “დედის ცრემლები”, რომლის ძალისხმევით აშენდება ხსენებული საერთაშორისო სახლი. შეუძლებელია, ეს მეტად კეთილშობილური საქმე გულთან არ მიიტანოს მშვიდობისა და სამშობლოს მოყვარულმა ადამიანმა, მხარში არ ამოუდგეს ამ მეტად მნიშვლელოვანი საქმის წამოწყებთ.

 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, მიუხედავად თავიანთი დუხჭირი ცხოვრებისა, ამ კეთილშობილურ საქმეში _ “მშვიდობისა და მეგობრობის სახლის” მშენებლობაში _ თავიანთი წვლილი შეიტანეს, მათ შორის, მატერიალურიც.

მოვუწოდებ სამთავრობო და კერძო მეწარმეებს, ყველა მშვიდობის მსურველ მოქალაქეს, მიბაძონ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს!

საერთაშორისო საქველმოქმედი ფონდი

“დედის ცრემლების” საბანკო რეკვიზიტებია:

1. ლარებში სს “თიბისი ბანკი”

 ანგარიშსწორების ანგარიში G GE56TB7132936080100007

 საბანკო კოდი TBCBGE22

 ფონდის საინდიფიკაციო კოდი 405026396

2. დოლარში სს “თიბისი ბანკი”

 ანგარიშწორების ანგარიში GE73TB7132936180100008

 საბანკო კოდი TBCBGE22

 ფონდის საინდიფიკაციო კოდი 405026396

3. ევროში სს “თიბისი ბანკი”

 ანგარიშსწორების ანგარიში GE73TB7132936180100008

 საბანკო კოდი TBCBGE22

 ფონდის საინდიფიკაციო კოდი 405026396

რევაზ ნაცარიშვილი,

აიპ “საქართველოს ომის, შრომისა  და

სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის”

გამგეობის თავმჯდომარე, პოლკოვნიკი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here