Home რუბრიკები საზოგადოება უჩა ზვიადაძე: ვერეს ხეობის მოწყვეტის სიბრტყე პოტენციურად ჭავჭავაძის გამზირამდე აღწევს

უჩა ზვიადაძე: ვერეს ხეობის მოწყვეტის სიბრტყე პოტენციურად ჭავჭავაძის გამზირამდე აღწევს

846

“საქართველო და მსოფლიო” განაგრძობს საუბრების ციკლს ქართველ მეცნიერებთან იმ კატასტროფის მიზეზების შესახებ, რომელიც ჩვენს დედაქალაქს 2015 წლის 13 ივნისის ღამეს თავს დაატყდა.

 

_ კატასტროფის პერსპექტივა, ანუ სად შეიძლება განვითარდეს ტექნოგენური კატასტროფები თბილისსა და, საერთოდ, საქართველოში? _ ამ შეკითხვით ვიწყებთ საუბარს ცნობილ მეცნიერგეოლოგთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის სრულ პროფესორთან, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ უჩა ზვიადაძესთან.

_ თქვენს მკითხველებს მოეხსენებათ, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა დანაწევრებული რთული რელიეფით, ამიტომ ნებისმიერი საინჟინრო – გეოდინამიკური პროცესი შეიძლება განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში და ვითარდება კიდეც _ მეწყერი, ღვარცოფი, არაფერი რომ არ ვთქვათ მიწისძვრაზე, რომელსაც თავიდან ვერ აიცილებს ადამიანი.

ამ ზოგადი დახასიათებიდან კონკრეტულ მაგალითებზე გადასვლას ჩემი რესპონდენტი ვერეს ხეობით იწყებს, პატარა, უძალო მდინარით, რომელიც, ჩვეულებრივ, ისე მოწანწკარებს, რომ ადამიანი (თუ არ დაეზარება) გადაახტება კიდეც. მაგრამ, თუ ადიდდა, მტრისას! და ბატონი უჩა იხსენებს, ახლა უკვე მედიის წყალობით ყველასთვის ცნობილ შემთხვევებს, კალაპოტიდან ვერეს გადმოსვლით რა ზარალიც დაატყდა თბილისს, თუნდაც, ზოოპარკის ნაწილობრივ წალეკვა.

_ მეწყერი განსაკუთრებით ხშირია დასავლეთ საქართველოში, მთიან აჭარაში, რაჭაში, აფხაზეთში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერეთში. ღვარცოფები ხშირია აღმოსავლეთში _ არაგვის მარჯვენა შენაკადები, ხანდოსხევით დაწყებული და მლეთისხევით დამთავრებული, ყველა ღვარცოფულია.

_ აქედან გამომდინარე, ჰესების მშენებლობა ყოველთვის ამ პრობლემების გადალახვასთანაა დაკავშირებული

_ მე დიდი ჰესების, ე.წ. ფართომასშტაბიანი პროექტების წინააღმდეგი ვარ. ხუდონჰესის პროექტი განვიხილოთ. გათვალისწინებულია 205 მეტრის სიმაღლის კაშხლის აგება. დაიტბორება 590 ჰექტარი, რაც ნიშნავს, რომ წყალსაცავი, რომელიც ენგურის ხეობას გაჰყვება, შევა მდინარეების _ ნენსკრასა და ხაიშურას ხეობებში და ხაიშიდან თორმეტიოდე კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ჯორკვალამდე მიაღწევს. ხაიში წყლით დაიფარება.

ბატონი უჩა მნიშვნელოვანი ტექნოგენური კატასტროფის შესაძლო ადგილად მომავალი ხუდონჰესის კაშხალს ასახელებს. დაწვრილებით ყვება იმ გეოლოგიურ თავისებურებაზე, რომელიც განასხვავებს ჯვრის თაღოვანი კაშხლის ფერდობებს (კირქვები, ანუ მკვრივი ქანები, წყალში მინიმიზებული ხსნადობით _ 0,013 გრამი ერთ ლიტრ წყალზე) ხუდონჰესის ასაგები კაშხლის ფერდობების გეოლოგიური ფორმაციისგან.

_ ეგ კი არა, _ ხაზს უსვამს ბატონი უჩა, _ იმ ხეობაში რომ ახვალთ, ნახავთ, თავისით როგორ მოდის ფერდობებიდან ქანის ნაშალი.

ბატონი უჩა ამ ხეობაში სპეციალურად იყო მივლინებული და მისი არასაიმედოობა საფუძვლიანად აქვს გამოკვლეული. საინტერესო ამბავი: მდინარე ხაიშურას, თურმე, სხვა სახელიც ჰქვია _ ვედრულა _ მაღალმთიან სოფელ ვედაში სვანებს სტალინის ბიუსტი აუტანიათ და იქ დაუდგამთ _ გარეშე თვალისგან მოფარებულ ადგილზე.

_ ეს წყალსაცავი კარგს არაფერს გვიქადის. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

_ ზღვამ ფოთის სანაპირო რომ წალეკა და ახლა, ბოლო ღელვამ მიხეილ სააკაშვილისახალი ბულვარიცმიაყოლა _ ეს რას უნდა ნიშნავდეს?

_ ზღვის სანაპიროს ადრე ინტენსიურად სწავლობდა ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი იოსებ ბუაჩიძის ხელმძღვანელობით.

მოგეხსენებათ, რომ აჭარისწყალზე შენდება კაშხლების კასკადი. მდინარის მიერ ჩამონატანი მყარი მასალა სანაპიროს, პლაჟის ზოლს ერთგვარად აწონასწორებს. თუ ეს მასალა გზადაგზა დავიჭირეთ კაშხლებით, მაშინ ბუნებრივი გაწონასწორების პროცესიც მოიშლება, ზღვა გააქტიურდება (ისედაც აქტიურია) და, თუ ქვეყნის ენერგეტიკულ სიძლიერესა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ჩვენი ბუნება გადავაყოლეთ, ადამიანების სიცოცხლე, ასეთი დამოუკიდებლობის, მართალი გითხრათ, არ მწამს.

_ თბილისში, ბატონო უჩა, ვერეს ხეობის გარდა, კიდევ რომელი ადგილის უნდა გვეშინოდეს?

_ უწინარესად, ვერეს ხეობის იმ მონაკვეთის, რომელიც მის მარჯვენა ფერდობზე გადის, ყოფილი მეცხრე საავადმყოფოდან მოყოლებული, უნივერსიტეტის მთავარ კორპუსამდე, ეს ფერდობი მთლიანად მეწყრულია. ატენის ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ, აქ გადის და ჩვენი სახლი ხევში მიბრძანდებოდა, მაგრამ 1945-1946 წლებში აქ მოიყვანეს გერმანელი ტყვეები და ქვემოთ, ხევში, თორმეტი მეტრის სიღრმეში, ძირითად ქანამდე გაიყვანეს შურფები, რომლებიც რკინა-ბეტონის არმატურით შეავსეს. შემდეგ ზიდეს და ზიდეს სამშენებლო ნაგავი, მიწა და ამოავსეს ცარიელი სივრცე, დარგეს აკაციის ნერგები, რომელსაც ფესვების ღრმა სისტემა აქვს. ახლა, ფერდობზე აკაციის კორომია.

_ ახლა იქ, ყოფილილეჩკომისიისსაავადმყოფოს უკან, მრავალსართულიანიპრესტიჟული სახლიაიშენეს ყოფილებმა; ქვემოთ, ხევში კიდევ ერთს აგებენ. ეს ხომ რისკის ზონაა?

_ რა თქმა უნდა, მაგრამ არა _ ერთადერთი. მაგალითად, თბილისში, გლდანის მხარეს არის ე.წ. ლიბანის მეწყერი და ასეთი ადგილი ბევრია.

ვერეს ხეობას თუ დავუბრუნდებით და სპეციალურ ლიტერატურას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ იმ მონაკვეთში, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ, მოწყვეტის სიბრტყე პოტენციურად აღწევს ჭავჭავაძის პროსპექტამდე. ყოფილ მეცხრე საავადმყოფოსთან ამჟამად შენდება 22-სართულიანი სახლი. არადა, ასეთი მაღალი სტატიკური დატვირთვა მეწყერსაშიშ ფერდობზე უეჭველად მიგიყვანს კატასტროფამდე დღეს _ არა, ხვალ _ არა, ზეგ _ მაინც. ვუთხარი ამის შესახებ მშენებელს, რის გამოც დიდი უსიამოვნება შემხვდა

დურუჯი, ანთოკი, თვალთხევი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. თვალთხევს (საგარეჯოს ჩამოუდის) აგვისტოში რომ შეხედავ, შეგეცოდება _ ერთი მეტრის სიგანის პაწია ნაკადული მოწანწკარებს, მაგრამ ძალიან განიერი კალაპოტი აქვს _ 100-150 მეტრის სიგანის, რომელიც ამოვსებულ-ამოხერგილია უზარმაზარი ლოდებით, კაჭარითა და კენჭნარით, რაც ამ “ნაკადულის” ნამუშევარია ადიდების ჟამს.

თელავის ხევი, თუნდაც. შუა ქალაქში ჩამოდის ღვარცოფული, ძალიან ვერაგი, ძალიან დაუნდობელი მდინარე. ადრე ბრწყინვალე ინჟინრის _ ხერხეულიძის შემოთავაზებული დამჭერი კონსტრუქციები ააშენეს, ისეთი, რომ აცტეკების ქალაქში გეგონებათ თავი. ეს აკავებს კიდევ. ეგ რომ არა, ღვარცოფით ჩამოტანილი მასალა მთლიანად დაფარავდა თელავის ქუჩებს.

_ თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ, ერთერთი ადიდებისას მტკვარმაპესკებირომ დატბორა

_ ახლაც გადმოვიდა მტკვარი მარჯვენა სანაპიროზე. მთის მდინარეებს ძალიან ავი ზნე სჭირს: ვერ იტყვი, რომ მათი რეჟიმი სტაბილურია. მე ჰიდროლოგი არ ვარ და ამ დარგში შეიძლება ნაკლები ცოდნა მაქვს, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: გრძელვადიანი პროგნოზი აუცილებელია. როცა მდინარესთან გაქვს საქმე, ათი, ოცი, ოცდახუთი წლის დაკვირვება არ კმარა. ჩვენთან ჰიდრომეტრული პოსტები გააუბედურეს, გაანადგურეს, დაიტაცეს ყველაფერი და დამკვირვებელიც აღარავინ დარჩა. ვერე რომ გადაკეტა მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ ახალდაბაში, წყნეთთან, არ უნდა შეისწავლო წინასწარ ასეთი ფერდობი?! არ უნდა ყოფილიყო იქ მოწყობილი თუნდაც სულ პატარა სამონიტორინგო ქსელი?! ერთი სტაბილური რეპერი უნდა, მეტი კი არა, რომელიც მეწყერსაშიში ზოლის გარეთ იქნება და იქიდან დააკვირდები მასის გადაადგილებას, რა სიჩქარით, რა მანძილით და რა დროში ხდება მასის გადაადგილება.

_ რეპერი?!

_ რეპერი არის გეოდეზიური ნიშანი, რომელიც სტაბილურ ადგილზეა ჩამაგრებული, საიდანაც დაკვირვება წარმოებს სათანადო ხელსაწყოებით.

_ რეპერები კი არა, გეოლოგიური სამმართველოც კი მოშალეს და გააუქმეს.

_ გეოლოგიური სამმართველო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებობდა და ემორჩილებოდა საკავშირო გეოლოგიურ სამინისტროს. დიდძალი დაფინანსება ჰქონდა. საქართველოს ტერიტორიის ერთი ხუთასიათასზე მასშტაბის გეოლოგიური რუკა, რომლის ავტორია გრიგოლ გუჯაბიძე და რედაქტორი ერეკლე გამყრელიძე, ოქროს ზოდია. საქართველოში არ არის კუთხე-კუნჭული, რომელიც ამ რუკაზე გეოლოგიურად არ იყოს ზუსტად განსაზღვრული, როგორი ფორმაციაა, რა სიმძლავრისაა და ა.შ.

_ და იმ სამმართველოშია გაკეთებული

_ რა თქმა უნდა. მერე რატომღაც ვიღაცას თავში მოუვიდა აზრი, რომ გეოლოგიური სამსახური თურმე საჭირო არ არის: საქართველოში უკვე ყველაფერი ნაპოვნიაო.

ამ სამმართველოს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მეცნიერები და პიროვნებები ბორის გუჯეჯიანი, კოტე კერესელიძე, ანტიფორე კალანდაძე, თამაზ ჯანელიძე. ძალიან გამოცდილი ადამიანები. გეოლოგიურ სამმართველოს ჰქონდა გეოლოგიური პარტიები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მუშაობდნენ, მათ შორის _ ჰიდროგეოლოგიური პარტიებიც. მაგალითად, მამაჩემი ვანიჩკა ზვიადაძე იორის ჰიდროგეოლოგიური პარტიის უფროსი იყო. ორი-სამი მილიონი მანეთი ჰქონდა ამ პარტიებს წლიურ ბრუნვაში. მაშინ ერთი დოლარი 0,7 საბჭოთა მანეთი ღირდა. გვქონდა ჩვენი მაღაზიები, რომლებიც არაჩვეულებრივად მარაგდებოდა ნებისმიერი სურსათით შეღავათიან ფასებში. თანაც, ველზე მომუშავე გეოლოგი ძირითადი ხელფასის 60-პროცენტიან დანამატს იღებდა. პრივილეგიური კასტა ვიყავით გეოლოგები.

დღეს გეოლოგიური სამსახური საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს, პაწია შპსებია აქაიქ. ეს არ არის გეოლოგია, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს. თავის რჩენის კანტორებია.

_ ვარაზისხევითამარაშვილის შემაერთებელი ტრასის კატასტროფის მიზეზებზე იტყვით რამეს?

_ ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მაგ ფერდობზე საავტომობილო გზას არავითარ შემთხვევაში არ დავაპროექტებინებდი. რატომ? ახლავე მოგახსენებთ.

ეგ არის ე.წ. სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობი, რომელსაც მზე უყურებს _ ამოსვლიდან ჩასვლამდე. ზაფხულის თვეებში, როცა ეს ქვები, ძირითადად, ქვიშაქვები და არგილიტები (თბილისის ფლიშს ვეძახით გეოლოგები) დღის განმავლობაში ხურდება, ღამე გრილდება _ გაფართოვდა, შეიკუმშა, დანაპრალიანდა, _ იშლება.

_ როგორც უდაბნოში ხდება.

_ დიახ. ზამთარში კიდევ წყლის (თოვლის) გაყინვის ეფექტიც ემატება. ეს ნაშალი მასალა ჩამოდის ხევში. ახლა ლითონის ბადეები ააფარეს, მეტი არაა ჩემი მტერი, ამან საქმეს უშველოს. თუ დროზე არ გაწმინდეს, იმ ბადეს მოგლიჯავს და ქვები გზაზე გადმოიყრება.

არ შეიძლებოდა ესტაკადის გაკეთება?! ბოლოს და ბოლოს, ეს ფერდობი ორ კილომეტრზე მეტი ხომ არ არის?! სხვათა შორის, მანდ ქანები ფერდობის დახრილობის მხარეს კი არ ეცემა, არამედ პირიქით _ მდინარიდან ფერდობის სიღრმისკენ. ეს ძალიან ხელსაყრელია ხიმინჯების დასაყენებლად. პრობლემებიც მოიხსნებოდა.

_ და მსხვერპლსაც თავიდან ავირიდებდით.

_ რა თქმა უნდა! მდინარეს ერთი უცნაური თვისება აქვს: ერთ ნაპირს უტევს, რეცხავს და მეორე ნაპირზე აგროვებს ჩამონატან მასალას. ადამიანის ჩარევას ვერ იტანს მდინარე. თავნებაა და თავის ხასიათს მაშინ გამოაჩენს, როცა არავინ ელოდება: “იმ მდინარის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობს!” _ ბრძნული ნათქვამია.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. მდინარე ვერეს არსებობა, რომელსაც ძველმა თბილისელებმავერარეჩკაშეარქვეს, ახლებს შეიძლება შემჩნეული არც ჰქონდათ, არც შიში არსებობდა.

მიწანწკარებდა თავისთვის ჩუმად დარა უბედურება დაგვატეხა თავს?!

ფატალური დამთხვევა: სვანიძის ქუჩაზე, რომელიც 13 ივნისის ღამის კატასტროფის ერთერთი ეპიცენტრია, მდებარეობდაახალგაზრდა რეფორმატორებისმიერ გაუქმებული ჰიდროლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორია. ქუჩა ამ ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი სვანიძის სახელს ატარებს.

ხოლო ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი, რომლის უკანასკნელი ხელმძღვანელი იყო სელური ნაკადების თვალსაჩინო სპეციალისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი, ბენდუქიძემ გააუქმებინა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here