Home რუბრიკები საზოგადოება ისტორია განმეორდა

ისტორია განმეორდა

705

13 ივნისს, ღამით, საშინელი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს თბილისს _ მთიდან მოწყვეტილმა ნიაღვარმა, მდინარე ვერემ დედაქალაქის ერთი უბანი თითქმის მთლიანად წალეკა და საშინელ ნგრევასთან ერთად ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია.

 

ტრაგედია ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა და მოვლენები ისე ელვისებურად განვითარდა, რომ ადამიანები საშინელი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი და უზარმაზარი მატერიალური ზარალი, რომელმაც წინასწარი გამოთვლებით 100 მილიონს გადააჭარბა. ამ ტრაგედიაში ყურადღება მიიქცია ერთმა, მეტად მნიშვნელოვანმა გარემოებამ, რომელმაც კალამი ამაღებინა ხელში. ეს არის ის საოცარი თავგანწირვა, გმირობა, რომელიც გამოავლინეს ადამიანებმა, განსაკუთრებით _ ახალგაზრდებმა, განსაცდელში ჩავარდნილთა გადასარჩენად. ეს იყო ნიმუში მასობრივად გამოვლენილი ჭეშმარიტად გმირული თავდადებისა, რომლის ანალოგიც  ძნელად მოიძებნება.

თბილისში 13 ივნისს მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ და მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსული ადამიანების ერთსულოვნებამ ძალაუნებურად გამახსენა 74 წლის წინათ ფაშისტური გერმანიის მიერ ჩვენს სამშობლოზე ვერაგული თავდასხმით თავსდატეხილი უბედურების წინააღმდეგ საბჭოთა ადამიანების ერთსულოვნება.

1941 წლის 22 ივნისს ზაფხულის მშვენიერი, მზიანი, მშვიდი დილა გათენდა საქართველოში. არაჰვინ არსაიდან რაიმე განსაკუთრებულ საშიშროებას არ ელოდა და ამ მომენტში ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე მოულოდნელი თავდასხმა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო. ომის დაწყების პირველი დღიდანვე ადამიანები თითქოს შეიცვალნენ და ქვეყანა ერთ მუშტად შეიკრა, ყველაფერი საომარ ყაიდაზე გადაეწყო _ სამხედრო კომისარიატებთან ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ფრონტზე მოხალისედ წამსვლელთა რიგები დადგა, ხალხმა სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარული და თავდადება გამოიჩინა. ფრონტი და ზურგი გაერთიანდა, ყველაფერი კეთდებოდა მტერზე გასამარჯვებლად. ჩვენი მებრძოლები სასწაულებრივ გმირობას სჩადიოდნენ. საბჭოთა ადამიანების მონოლითური ერთობითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით, დიდი სტალინის მხედართმთავრობითა და ქვეყნის ბრძნული ხელმძღვანელობით იმ ჯოჯოხეთურ ომში გავიმარჯვეთ კიდეც. დიდ სამამულო ომში გამარჯვება იყო ბრწყინვალე მაგალითი იმისა, როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო, ადამიანები, როგორ უნდა იბრძოლო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

როდესაც ტელევიზორის ეკრანზე თვალს ვადევნებდი 13 ივნისს ღამით თბილისში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას და მის წინააღმდეგ შემართული ადამიანების თავგანწირულ ბრძოლას, თვალწინ წარმომიდგა სამამულო ომის პერიპეტიები. მე იქ ვიხილე, როგორ მოქმედებდნენ ადამიანები განსაცდელში მოხვედრილთა სიცოცხლის გადასარჩენად. იქ იყო გასაოცარი თავგანწირვა და ენთუზიაზმი სასიკვდილოდ განწირულ ადამიანთა დასახმარებლად…

ამ განსაცდელის ჟამს განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ გვიჩვენა საშური ერთიანობა, დარაზმულობა, მხარში ამოდგომისა და ვაჟკაცობის ბრწყინვალე მაგალითი. 13 ივნისის ტრაგედიამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ გვყავს დიდებული ახალგაზრდობა, რომელსაც შეუძლია საგმირო საქმეების ჩადენა. მათი გმირული შემართებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია, ვირწმუნოთ, რომ საქართველოს გადაშენება არ უწერია, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება. მემატიანე , ალბათ, შემოუნახავს ისტორიას ამ ახალგაზრდების სახელებს, რომელთა მაგალითზეც უნდა აღიზარდოს ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობები.

დიდ სამამულო ომში საქართველოდან წარგზავნილი მებრძოლების მიერ ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ სამშობლოს დასაცავად სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლებში გამოჩენილი გმირობა და ამ დღეებში თბილისში მომხდარი სტიქიური ტრაგედიისას ჩვენი ახალგაზრდობის მიერ ადამიანების გადარჩენისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობა არის სამშობლოს სიყვარულითა და პატრიოტიზმით აღზრდის ჭეშმარიტად ქრესტომათიური მაგალითი. არადა, დიდ სამამულო ომში მონაწილე ადამიანების გმირული ეპოპეა უკვე დავიწყებას ეძლევა. 22 ივნისს შესრულდა დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 74 წელი, მაგრამ იმ ომში ჩვენი ხალხის მიერ ჩადენილი გმირობა და გმირები ვინმეს გაახსენდა?

თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურებისას თბილისელთა მიერ გამოვლენილი თავგანწირვა გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად პირდაპირი გამოძახილია იმ თავდადებისა და გმირობისა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ დიდ სამამულო ომში სამშობლოს გადასარჩენად გამოავლინა. ამჯერად ისტორია განმეორდა, ოღონდ სხვა ასპექტში. თბილისში მომხდარი სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილი გმირები ხალხმა უნდა გაიცნოს, იცოდეს მათი სახელები.

შოთა ბუაძე,

დიდი სამამულო ომის მონაწილე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here