Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი

მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი

505

“საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს” მიერ 7 ივნისს გადაცემულ სიუჟეტში საქართველოს შესახებ, რომლის ავტორია თბილისელი კორესპონდენტი გიორგი ლებანიძე, მთავარი აქცენტი გაკეთდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ოდესის ოლქის გუბერნატორად: “საქართველოში კვირის მთავარ მოვლენად იქცა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ თავისი შტატგარეშე მრჩევლის _ მიხეილ სააკაშვილის სენსაციური დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე, რაც ყველასათვის მოულოდნელი იყო უკრაინაშიც და საქართველოშიც”.

 

რამდენიმე თვის წინათ მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქეობას უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნის ფასადაც არ დატოვებდა, ახლა კი მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რაც თავისთავად საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ამისათვის გარკვეული იურიდიული პროცედურებია საჭირო, მაგრამ აშკარაა, ექსპრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას უნდა გამოემშვიდობოს.

რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში?

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა:

პირველი _ საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო აქტიურად ითხოვდა მის, როგორც საქართველოს მოქალაქის, ექსტრადირებას სამშობლოში. მართალია, კიევი თბილისს უარს ეუბნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იუსტიციის მინისტრის _ თეა წულუკიანის ამასწინანდელმა ვიზიტმა უკრაინაში მოვლენების განვითარება დააჩქარა. ამბობენ, რომ მან მკაცრად დასვა საკითხი უკრაინის ხელისუფლების წინაშე. შესაბამისად, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა ამჯობინა, თანაც ოდესის გუბერნატორობის პერსპექტივით;

მეორე _ განხეთქილება პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, რომლის ხელმძღვანელიც თვითონაა. მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ ყველა თანაპარტიელი არ არის მზად, მის დაბრუნებას დაელოდოს, ხოლო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება ბუნდოვანია. ოდესის ოლქის გუბერნატორობა კი უკრაინაში სააკაშვილისთვის გავლენის ბერკეტია სამომავლო წინსვლისთვის;

მესამე _ ყოფილი პრეზიდენტი მოქმედებს ლათინური ანდაზის მიხედვით: “სჯობს, პირველი კაცი ვიყო პროვინციაში, ვიდრე მეორე _ რომში”. მართლაც, სრული ხელისუფლება უკრაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ოლქში მიხეილ სააკაშვილს საშუალებას მისცემს, თავისი ენერგიის რეალიზება მოახდინოს. იგი რომ კიევში ვიცეპრემიერობაზე დათანხმებულიყო, მინისტრთა კაბინეტში ჩაიკარგებოდა, ოდესის გუბერნატორობა კი პრესტიჟული თანამდებობაა. თუ მიხეილ სააკაშვილი იქ წარმატებით განახორციელებს რეფორმებს და კორუფციას ამოძირკვავს, იგი უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნება.

RFI – Radio France Internacionale (საფრანგეთი)

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here