Home რუბრიკები საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს “შვეიცარიის ალპებს”!

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს “შვეიცარიის ალპებს”!

2515

სტატიის სათაურზე მავანს შეიძლება გაეღიმოს, მაგრამ ღიმილი ზოგჯერ გულისწუხილსაც გამოხატავს. საქართველო ცნობილია ისეთი ულამაზესი და საოცარი ადგილებით, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას შეშურდება. ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის იმ წალკოტ ადგილებზე, რომლებიც, რომელიმე კაპიტალისტური ქვეყნის მფლობელობაში რომ ყოფილიყო, “შვეიცარიის ალპებად” კი არა, მსოფლიოს საოცრებად იქნებოდა აღიარებული.

მავანი იკითხავს _ რა ასეთი სიმდიდრე გაგვაჩნია ქართველებს? ჩვენი სიმდიდრეა კურორტები ბახმარო და გომის მთა, ლებარდე, შაორის წყალსაცავი, რომლებიც გამაჯანსაღებელ კერებად შეიძლება გადაიქცეს; სხვადასხვა ნაკრძალი, კინტრიშის, არაგვის, აჭარისწყლის, რიონის ხეობები და ბევრი სხვა ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც კარგი პატრონის ხელში ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანდა.

ერთ კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას:

ულამაზესი გურიის ჩოხატაურის რაიონში არის ბუნებისგან შექმნილი ულამაზესი სოფლები _ სურები და დიდი ვანი. სოფელიო, _ ვამბობთ, მაგრამ ეს ადგილები უფრო ნასოფლარს დაემსგავსა. თუ 1990-იან წლებში ამ სოფლების მოსახლეობა 2000 კომლს ითვლიდა, დღეს იქ დარჩენილია, სულ რაღაც, 150-180 კომლი, რომლებიც, ალბათ, მალე მიატოვებენ მამა-პაპის ფუძეს და დარჩება ნასოფლარები.

საქმე ის არის, რომ ამ სოფლების მოსახლეობა მოკლებულია ისეთ სოციალურ სიკეთეს, როგორიცაა გზა, ელექტროენერგია და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ამ საკითხების მოსაგვარებლად ზემოხსენებული სოფლების მკვიდრებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი “სურები” 20 კაცის შემადგენლობით.

ჯგუფი თავს ართმევს ბევრ საჭირბოროტო საკითხს. კერძოდ, მათი მოთხოვნით, უბნების მიხედვით დაყენებული იქნა ელექტრომრიცხველები, მაგრამ სასწრაფოდ საჭიროა თითოეული ოჯახის გამრიცხველიანება, რათა ყველა ოჯახმა ისარგებლოს ელექტროენერგიით.

რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად, მიაღწიეს იმას, რომ სუფსის ხეობაში გამავალი უკაცრიელი სამანქანო გზა მოიხრეშება, მაგრამ, თუ გზა კაპიტალურად არ გაკეთდა, მხოლოდ მოხრეშვა თავის მოტყუება იქნება, რადგან ეს ხეობა ცნობილია დიდთოვლობით და მოხრეშილი გზა თოვლის დნობის შემდეგ მალე ისევ უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.

ლაპარაკია 17 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, უნდა შესრულდეს გზის სარემონტო სამუშაოები, გაკეთდეს წყლის საწრეტი არხები და დაიგოს ასფალტის საფარი. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ ულამაზესი ადგილის “შვეიცარიის ალპებად” გადაქცევა.

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს დიდი ვანის, ზემო და ქვემო სურების ლანდშაფტი, დაგვეთანხმება, რომ აქ შეიძლება შეიქმნას მსოფლიოს საოცრება.

მისასალმებელია, რომ საკითხის მოგვარებით დაინტერესებულია რაიონის მკვიდრი ბიზნესმენი ვლადიმერ მიმინოშვილი, რომელიც ისრაელში მოღვაწეობს. ბატონ ვლადიმერს სურს, თუ ზემო სურებამდე დაიგება ასფალტი, შუა გორში ააგოს რამდენიმე სასტუმრო ტურისტული ბაზისთვის, მიკროქარხანა სხვადასხვა პროდუქტების (თაფლი, ხილი) გადასამუშავებლად, რაც დიდად წაადგება ამ კუთხეს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით.

მავანი იკითხავს, რატომ დაინტერესდა წერილის ავტორი ამ თემითო. ეს სურვილი ჩემში აღძრა იმ სატელივიზიო გადაცემებმა, რომლებშიც გაშუქებული იყო საინიციატივო ჯგუფ “სურების” მიტინგები.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გამო ყოველდღიური დახმარება სჭირდებათ, მაგრამ რაიონის ხელმძღვანელობა და ვეტერანთა სამსახური უგზოობის გამო სათანადო ყურადღებას ვერ იჩენენ მათ მიმართ.

იმედს ვიტოვებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და მაჟორიტარი დეპუტატი გულთან მიიტანენ წერილში მოყვანილ საკითხებს და იზრუნებენ გურიის ამ ულამაზესი კუთხის აღორძინებაზე.

რევაზ ნაცარიშვილი,
აიპ “საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის” გამგეობის თავმჯდომარე, პოლკოვნიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here