Home რუბრიკები საზოგადოება შედი, ფრიდრიხ, ბუტკაში ანუ ნუ ფიქრობთ და არ მოგშივდებათ!

შედი, ფრიდრიხ, ბუტკაში ანუ ნუ ფიქრობთ და არ მოგშივდებათ!

711

“თუ კარგად ჩაუკვირდებით, დაინახავთ, რომ სულაც არ გშიათ”, _ ასეთი განცხადება გააკეთა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც იგი თავის ფიქრებში იყო ჩაღრმავებული და კიდევ ერთხელ ესაუბრებოდა ფრიდრიხ ნიცშეს.

როგორც ჩვენი არც ისე სანდო წყარო გვატყობინებს, ეს ინფორმაცია ივანიშვილის რეზიდენციის მარცხენა ფლიგელის ქვედა მხარის მარჯვნიდან მეექვსე სექტორის დამლაგებელმა გამოიტანა. თურმე სწორედ იმ დროს, როდესაც ყოფილი პრემიერი, ჩვეულებისამებრ, ოთახში ბოლთას სცემდა და ნიცშეს ეჩხუბებოდა, ჩართული ტელევიზორიდან მოისმა ფრაზა _ ხალხს შია, ბატონო ბიძინა! ან მიაქციეთ ქვეყანას ყურადღება ან დანიშნეთ რიგგარეშე არჩევნები!”

აი, სწორედ ამ დროს ჩაფიქრებულა ბიძინა ივანიშვილი შიმშილის რაობაზე და ბრძნული დასკვნებიც გაუკეთებია.

“მოდით, ვიმსჯელოთ, რა არის შიმშილი, განა არ შეიძლება ამაზე სიღრმისეული ჩაკვირვება? შეიძლება, მაგრამ ქართველები ზარმაცები არიან და არ უნდათ, ჩაუკვირდნენ, რომ შიმშილი, მხოლოდ გასტრონომიული კი არა, ფსიქოლოგიური პროცესია და ამ ორი ფაქტორიდან თუნდაც ერთის ჩაცხრობით ჩვენ დავამარცხებთ მას.

აი, მე რომ პატარა ვიყავი, ძალიანაც მიჭირდა, მაგრამ, ფსიქოლოგიურად რომ ჩავუკვირდი, ჩემს თავს ვუთხარი  _  ბიძინა, შენ სულაც არ გიჭირს, პირიქით, შენ ხარ მილიარდერი! შენ ხარ მილიარდერი!  _ და ამ ფიქრებში ისე გავხდი მილიარდერი, რომ თვითონაც გამიკვირდა…

ამ ტაქტიკამ მომიყვანა აქამდე და მინდა, ჩემს ქვეყანას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ჩაუკვირდით, თქვენ კი არ გშიათ, თქვენ უბრალოდ ფიქრობთ, რომ გშიათ!

ასევეა ლარის კურსზეც. აი, შეხედეთ, როგორი აჟიოტაჟი ატყდა, რომ ლარი გაუფასურდა.

რატომ ვფიქრობთ მაინცდამაინც ნეგატიურზე? ხომ შეიძლება, პოზიტიურზე ვიფიქროთ, მაგალითად იმაზე, რომ ჩვენი უახლოესი მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალუტა _ დოლარი გამყარდა!

განა ეს კარგ განწყობაზე არ უნდა გვაყენებდეს? ადამიანს რომ ახლო მეგობრის წარმატება არ გაუხარდება, ის ადამიანი შურიანი და ეგოისტია! ლარი და დოლარი კი უახლოესი მეგობრები არიან!

თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ფული არ გაქვთ და, წამალს ვერ ყიდულობთ, რატომ ფიქრობთ იმაზე, რომ წამალს ვერ ყიდულობთ? არ ჯობია იმაზე იფიქროთ, რომ ავად ხართ, წამალს ვერ ყიდულობთ და მიუხედავად ამისა, მაინც არ კვდებით და ცოცხალი ხართ! ეს ხომ სასწაულია!” _ ასე ელაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილი ფრიდრიხ ნიცშეს.

ჩვენი არასანდო წყარო ვერ აკონკრეტებს, რა უპასუხა ნიცშემ ივანიშვილს, მაგრამ მას ზუსტად გაუგონია, როგორ შეჰყვირა სივრცეს ივანიშვილმა _ შიგ შენ თვითონ გაქვს! არ გრცხვენია, რანაირად მეტყველებ ამხელა ფილოსოფოსი კაცი, მე შენი ზარატუშტრა დედაც!” _ და ეზოში გავარდა.

სხვათა შორის, ამ ყოველივეზე კომენტარის გაკეთება ექსპერტებსაც გაუჭირდათ, იმიტომ, რომ, როგორც კი რაიმეს თქმა დააპირეს, ტუჩები სიცილსგან დაემანჭათ და სათქმელს თავი ვეღარ მოუყარეს.

საბოლოო ჯამში კი, ყველა თანხმდება, რომ საშიში არაფერია, რადგან ეს სისულელეები ივანიშვილმა, დიდიდიდი, “ჯიდიეს”-ზე გადაცემა “20/30”-ში გაიმეოროს, მაგ გადაცემას კი არჩილ გამზარდიაც კი აღარ უყურებსო, _ განაცხადეს ექსპერტებმა, როცა სიცილით გული იჯერეს და ცოტა სული მოითქვეს.

ელიკო სილაძე

შედი, ფრიდრიხ, ბუტკაში ანუ ნუ ფიქრობთ და არ მოგშივდებათ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here