მთავარი ისტორია ალექსანდრე ნოსოვიჩი: ევროპის მივარდნილი გარეუბანი

ალექსანდრე ნოსოვიჩი: ევროპის მივარდნილი გარეუბანი

659
გააზიარეთ

დეინდუსტრი-ალიზაცია: ჯართად ქცეული წარმოება

რატომ ვერ შეინარჩუნეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდუსტრიული პოტენციალი? რატომ ანადგურებდნენ ორი ათეული წლის განმავლობაში მრეწველობას?

შეიძლება რამდენიმე საერთო მიზეზის დასახელება:

1. ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საბჭოთა ინდუსტრიალიზაცია რადიკალი ნაციონალისტების ჩუმ უკმაყოფილებას იწვევდა. ამიტომაც იყო, რომ “სამი ბალტიელი დის” ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის მრეწველობის განვითარების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც ეკოლოგიურ მოძრაობაშიც იყო განივთებული.

“ოკუპანტების ქარხნები ჩვენს ბუნებას წამლავს”, _ ასეთი საუბრებით დაიწყო საბჭოთა კავშირიდან გასვლის ბალტიისპირული მოძრაობა, რომელსაც განსაკუთრებული მუხტი შეჰმატა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა კატასტროფამ: მოსახლეობას აშინებდნენ ლიტვის იგნალის ატომურ ელექტროსადგურზე მსგავსი ავარიის პერსპექტივით. “პერესტროიკა” ლატვიაში დაუგავაზე ჰიდროელექტროსადგურის არსებობის წინააღმდეგ მოძრაობით დაიწყო (საქართველოში _ ხუდონჰესისა და სხვა ელსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა ახალგაზრდობა), ესტონეთში _ პროტესტებით ნარვის თბოელექტროსადგურის წინააღმდეგ.

2. საბჭოთა ბალტიისპირეთის სოციალურეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფდა საბჭოთა ცენტრის მხარდაჭერა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შიგა ეკონომიკური კავშირები.

“უაზრობაა უკეთესად მუშაობა, _ წერდა 1988 წელს ესტონეთის სსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე რეინ ოტსასონი, _ სამაგიეროდ უდავოდ სასარგებლოა დახმარების შესახებ წერილების წერა. მთავარია, ფულის გამოძალვა შეგეძლოს, ასევე, პროდუქტების, პირუტყვის საკვების, საქონლის, რაც გნებავთ, იმის _ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი წარმოება”.

იმავე 1988 წელს ლიტვაში ეროვნული შემოსავლის ოდენობა წარმოების ოდენობას 903 მილიონი რუბლით ჭარბობდა, ლატვიაში _ 431 მილიონით; ესტონეთში _ 428 მილიონი რუბლით.

ლიტვა ქიმიური და ნავთობპროდუქტების მოთხოვნების 75 პროცენტს სხვა რესპუბლიკებიდან საწვავის შემოტანის ხარჯზე იკმაყოფილებდა: 100 პროცენტით _ ქვანახშირ-ის, 77 პროცენტით _ ნავთობისა და გაზის მრეწველობაში. 1991 წლისთვის პრაქტიკულად ყველა სოფელი გაზიფიცირებული იყო (საქართველოში _ გაცილებით ადრე).

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ოფიციალური რუსოფობია ბალტიის სახელმწიფოთა პოლიტიკის აუცილებელი შემადგენელი გახდა და ერთიან ეკონომიკურ სივრცეზე ლაპარაკიც კი უაზრობად იქცა.

დოტაციების არხმა არსებობა შეწყვიტა. მთავრობებს ნაბიჯიც არ გადაუდგამთ მის აღსადგენად.

3. გლობალიზაცია და ევროპული ინტეგრაცია. დასავლეთიდან შემოსული პროდუქციის ნაკადმა ბალტიისპირეთის ბაზრიდან არაკონკურენტული ადგილობრივი ნაწარმი განდევნა. რადიკალურმა ლიბერალურმა პოლიტიკამ და ყველა დასავლურ ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობისადმი მისწრაფებამ ასეთი შედეგი გამოიღო.

ხელისუფლების სათავეში მოსული ეროვნული კადრების ხელშეწყობით, ბალტიისპირეთის ინდუსტრია ხელთ იგდეს შვედებმა, ფინელებმა, ინგლისელებმა, ამერიკელებმა, რომელიც შემდეგ დანაწევრდა და დაიხერხა, როგორც უსარგებლო ჯართი (გაიხსენეთ 90-იანი წლების საქართველო ჯართის თურქეთში გატანის ბუმით). საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გატანილმა ჯართის ნაკადმა ფერადი ლითონის მსოფლიო ბაზარი ძირფესვიანად შეარყია.

4. მოდა. მოდური ტენდენციები ეკონომიკაში ისეთივე ეფექტის მქონეა, როგორიც ტანსაცმლის ბიზნესში. 1990-იანი წლების დასაწყისში პოპულარული გახდა პოსტინდუსტრიული საზოგადოების თეორია, რომლის მიხედვით სოციალური პროგრესის მიღწევა შესაძლებელია არა რეალური წარმოებით, არამედ მომსახურების სფეროს მეშვეობით.

ამ მოდური თეორიის მიმდევარი მთავრობების გავლენით ბალტიისპირეთში გაანადგურეს ქარხნები და დაუმუშავებელი დატოვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, პრიორიტეტულ მიმართულებებად კი გამოაცხადეს საბანკო სექტორი, საშუამავლო მომსახურება, ვაჭრობა და მისთანანი.

(საქართველოში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თავგამოდებული პროპაგანდისტული მოღვაწეობის გავლენით ოფიციალურ პრიორიტეტად მაინცდამაინც ტურიზმი გამოცხადდა, ხოლო ბანკები მისი უნაპირო ფანტაზიის დაკმაყოფილების მეწველ ძროხად იქცა. უდღეური პატარ-პატარა საწარმოები (უფრო _ საამქროები), რომლებსაც იგი დიდი ზარ-ზეიმით ხსნიდა, ამ დილეტანტი პრეზიდენტის პიარკამპანიის ღონისძიებათა მოსართავი წითელ-ყვითელი ბუშტებივით სკდებოდა და დავიწყებას ეძლეოდა. ეკონომიკის მინისტრად მეპურის ლურჯთვალება ქალიშვილი დასვა, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი _ ლამაზი ცოლის “პატრონი” ზუგდიდელი მოხელე).

დღეს მოდა შეიცვალა. პოსტინდუსტრიული ეპოქის ყოფილი ადეპტები, ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ინდუსტრიალიზაციით არიან აღფრთოვანებულნი. ევროკავშირის მრეწველობისა და მწარმოებლობის საკითხების კომისარმა ანტონიო ტაიანიმ ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ მისმა კომისიამ ზუსტად განსაზღვრა პერსპექტიული მიმართულება, რომლის მიხედვით, “თუ გვსურს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენი ეკონომიკა უეჭველად უნდა იქნეს ინდუსტრიალიზებული და მოდერნიზებული.

დღევანდელი მოდის მიხედვით, ქვეყნის სამრეწველო საწარმოები უნდა იყოს მოდერნიზებული, მაღალტექნოლოგიური, მეცნიერულად დასაბუთებული, ენერგეტიკულად ეკონომიური და ეკოლოგიურად უსაფრთხო. რა საჭიროა ამ საწარმოების ფილიალების გახსნა ბალტიისპირეთში, თუ ამ ობიექტებზე სამუშაოდ გათვალისწინებული მოსახლეობა სულ უფრო მცირდება. მათი გასტერბაიტერების დასაბრუნებლად საჭიროა, რომ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ცხოვრების დონე უფრო მაღალი იყოს, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ფინეთში. ამის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ბალტიისპირეთისთვის გაიმეტეს “მომსახურების” ეკონომიკის განვითარება (როგორც ეკონომისტი ჯეფ ფიუ ირწმუნებოდა). შეიკრა მოჯადოებული წრე.

5. დიდი საწარმოების მუშები ყოველთვის პოლიტიკურ ძალად იყვნენ წარმოდგენილი, რომელსაც ჰქონდა უნარი, წინ აღდგომოდა ახალ პოლიტიკურ რეჟიმებს. ომამდელ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში იყო მუშათა კლასი. მაგრამ იქ, აგრეთვე, იყო ძლიერი პროფკავშირებიც და ძლიერი მემარცხენე მოძრაობაც. პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთისთვის კი დამახასიათებელია მხოლოდ მემარჯვენე საზოგადოებრივი წყობილება. სხვათა შორის, იმიტომაც, რომ დიდი მრეწველობა იქ განადგურებულია. მუშათა დიდი კოლექტივები არ იზიარებენ მთავრობის მემარჯვენე-ლიბერალურ პოლიტიკას, რასაც ემატება უფრო მნიშვნელოვანი ეთნიკური ფაქტორი: ბალტიისპირეთის მაღალტექნოლოგიური საწარმოების მუშათა უმეტესობა რუსები და რუსულენოვნები იყვნენ. ლატვიასა და ესტონეთში მათ მასობრივად ჩამოართვეს მოქალაქეობა. დიდი ინდუსტრიის შენარჩუნების შემთხვევაში იქ აუცილებლად შეიქმნებოდა ძლიერი პროფკავშირული მოძრაობა, რომელიც გადაიზრდებოდა სამოქალაქო უფლებების მასობრივ მოძრაობაში და პოლიტიკური თვითორგანიზაციის საფუძველი გახდებოდა.

ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა საწარმოები შეიცავდა პოტენციურ საშიშროებას ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საზოგადოებრივპოლიტიკური წყობის სტაბილურობისთვის. ამიტომ გაანადგურეს ისინი ახალმა რეჟიმებმა, რითაც სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს თავიანთი ქვეყნების ეკონომიკებსა და მოქალაქეებს, სანაცვლოდ შეინარჩუნეს ძალაუფლება.

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისმსუქანი წლები

ბალტიის რესპუბლიკებს “ბალტიის ვეფხვებს” უწოდებდნენ ერთ დროს.

რუს მედასავლეთეებს 2006 წლისთვის ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა შეძლეს, განეხორციელებინათ რადიკალური საბაზრო რეფორმები. ბალტიის ქვეყნების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მათ დღემდე აქვთ შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ “ვეფხვები”, დიდი ხანია, დაიხოცნენ.

ამაში დასარწმუნებლად აუცილებელი არ არის მაინცდამაინც მყვირალა სტატისტიკის შესწავლა. ამისთვისო, _ წერს ალექსანდრე ნოსოვიჩი, _ საკმარისია ბალტიისპირეთში ჩასვლა და “ეკონომიკური სასწაულის” მოძებნა, რომელიც არ არსებობს.

მაგრამ იქვე აგრძელებს:

დღევანდელი მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ 1990-იანი და 2000 წლების ფორსირებული ზრდა იყო მითი”.

პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთი მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც 1990-იან წლებში ბალტიის ქვეყნებში განხორციელდა, მართლაც წარმატებული იყო.

ოპერატიულად შეიქმნა საფინანსო სისტემა, უზრუნველყვეს ადგილობრივი, აღდგენილი ვალუტის (ლიტა, ლატა და ესტონური კრონა) მყარი კურსი. ჩამოაყალიბეს მარტივი და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა და ..

საერთაშორისო ანალიტიკური სააგენტოების მიერ არაერთგზის იყო აღნიშნული, რომ ბალტიის ქვეყნებში ბიზნესს შეუქმნეს ოპტიმალური პირობები მეწარმეობის საქმიანობის გასაძღოლად.

ამიტომ იყო, რომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის ბალტიისპირელებმა შეძლეს განეხორციელებინათ “დაცემის შემდეგ წამოხტომის” ეფექტი. 1994-1995 წლებში ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა. ამის შესაძლებლობა მისცა პოლიტიკურმა სტაბილურობამ და იმან (რაც მთავარია), რომ ბალტიისპირეთში არ მომხდარა შეიარაღებული კონფლიქტები, აქ ინფრასტრუქტურა განვითარებული გახლდათ, დაბალი იყო დამნაშავეობის დონე, მოსახლეობა შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ამ სასტარტო პირობებს დაემატა დასავლეთის დახმარება.

ამ ყველაფრის ფონზე სულაც არ ჩანდა აბსურდული ლატვიის მიერ განცხადებული პრეტენზია, რომ ახლო მომავალში ბალტიისპირეთი შვეიცარიად მოგვევლინებოდა (საქართველოს ხელისუფალნიც ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ასეთი პერსპექტივა ჩვენთვისაც რეალური იყო).

მაგრამ ევროკავშირში ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის შესვლის შემდეგ, ეკონომიკის ჯანსაღი და ბუნებრივი განვითარების ნაცვლად, დადგაიოლი ფულის შოვნისდრო: უწინდელზე უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფდა სამომხმარებლო ბუმი, რომელიც გამოწვეული იყო გაუმაგრებელი მასობრივი კრედიტებით.

ყველაზე დიდი “საკრედიტო ბუშტი” და მოხმარების ყველაზე უფრო აწყვეტილი ბაკქანალია 2005-2007 წლებში შეიმჩნეოდა ლატვიაში.

2008 წლისთვის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტმა ლატვიაში მშპ-ის 30 პროცენტი შეადგინა, ხოლო ქვეყნის საგარეო ვალმა 30 მილიარდ ევროს გადააჭარბა, მაშინ, როცა ლატვიის რესპუბლიკის ბიუჯეტი 2008 წელს 12,3 მილიარდი იყო.

ასეთ პირობებში ეკონომიკას, რომლის განვითარების საფუძველი იყო არაფრით უზრუნველყოფილი კრედიტები, შემდგომი აღმასვლის არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა: “ბალტიის ვეფხვების” სახსენებელი გაქრა.

2008 წლის მსოფლიო კრიზისმა კი იმედის ნარჩენები ამოწურა, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნებს ამ კრიზისმა, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, ყველაზე მწარედ დაარტყა.

ლატვიაში ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე, როცა ბანკებმა გაყინეს ბინების ყიდვისა და ახალი მშენებლობების დაწყების კრედიტები, უძრავი ქონების ბაზარზე დაიწყო გარიგებების გაუქმების პროცესი, მსოფლიო კრიზისს ქვეყანა შეეგება 18-პროცენტიანი ინფლაციით და ბიუჯეტის 7-პროცენტიანი დეფიციტით.

ესტონეთშიც კრიზისი ქვეყანაში არსებული მიზეზებით დაიწყო, 2008 წლის ზაფხულისა და შემოდგომის მოვლენების განვითარებამდე. საინტერესოა ისიც, რომ ტალინის მერი და ცენტრისტული პარტიის თავმჯდომარე ედგარ სავისაარი (ესტონეთის სახალხო ფრონტის ერთ-ერთი დამფუძნებელი) თავის წიგნში “სიმართლე ესტონეთზე” წერს, რომ ეროვნულ კრიზისს ეროვნული შემადგენელი ედო საფუძვლად. კერძოდ, იმხანად (2006 წლისთვის), როცა კრედიტების ბაზარი გადახურდა, ესტონეთის მთავრობამ თავისი ძალისხმევა ევროს შემოღებისკენ მიმართა, რათა მაქსიმალურად შეერბილებინა ესტონური კრონის გარდუვალი დევალვაციის შედეგები ადგილობრივი ბანკებისთვის. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა _ დევალვაციის პროცესი შეუქცევადი იყო.

ლიტვის რესპუბლიკაში, როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, კრიზისი დაიწყო Kahram brothers-ის გაკოტრებამდე და დაკრედიტების ამერიკული სისტემის კოლაფსამდე რამდენიმე თვით ადრე, 2007 წლის ბოლო კვარტალში.

ასე რომ, ბალტიისპირეთში კრიზისი მსოფლიო კრიზისამდე დაიწყო და გამოწვეული იყო შიდა მიზეზებით. 2009 წლისთვის ბალტიისპირეთი სოციალურეკონომიკური კატასტროფის რეგიონად იქცა: “საკრედიტო ბუშტიგასკდა და ჩაიფუშა.

2008-2012 წლებში ჯამურმა დანაკარგმა ლატვიაში კრიზისამდელი პერიოდის წარმოების მოცულობის 77 პროცენტი შეადგინა, ლიტვაში _ 44 პროცენტი, ესტონეთში _ 43 პროცენტი.

კრიზისის შედეგად ასეთი “ჩამოშლა” არავის ჰქონია.

ლატვიაში უმუშევრობამ, 2009 წლის შედეგების მიხედვით, Eorostatის მონაცემებით, 23 პროცენტი შეადგინა. ლიტვაში სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ცნობით, უმუშევრობამ უმაღლეს წერტილს 2010 წელს მიაღწია: მოსახლეობის 18 პროცენტი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩა; ესტონეთშიუმუშევრობის დაზღვევის სალაროსმონაცემებით, _ მოსახლეობის საერთო რაოდენობის 14 პროცენტი იყო.

დღეს ლატვია ევროკავშირის ანტილიდერად წარმოგვიდგება იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებსაც დეპრივაციის მდგომარეობაში უწევთ არსებობა (დეპრივაცია მძიე მატერიალური გაუცხოებაა). “ევროსტატის” შარშანდელი მონაცემებით, ლატვიის მოქალაქეთა 36,6 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ბალტიისპირეთის ამაო მცდელობა

ალექსანდრე ნოსოვიჩის წიგნი “ევროპის მივარდნილი გარეუბანი”, რომლის ადაპტირებული მოკლე ვერსია შემოგთავაზეთ, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამომწურავი ანალიტიკა ბალტიის ქვეყნების უახლესი ისტორიისა. ამას თვით ავტორი ამბობს ხაზგასმით. ნაშრომი არის მცდელობა ზოგადი კანონზომიერების კონტურების შემოხაზვის.

1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა განაცხადეს, რომ უბრუნდებიან ისტორიული განვითარების მაგისტრალურ გზას: დასავლეთისკენ, ევროპისკენ, გლობალური ეკონომიკისკენ, ღია საზოგადოებისკენ, თავისუფალი სამყაროსკენ.

მათი არჩევანი ასეთი იყო.

ნოსოვიჩი შენიშნავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების რეალური სტრატეგიული ამოცანა გამოხატული იყო უარყოფასა და დანაწევრებაში: ნეგატიურმა და დამანგრეველმა გადაწონა პოზიტიური და აღმშენებლური. ამის გამო იყო, რომ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში იძალა იმგვარმა თავისებურებებმა, რომლებიც არ ესადაგებოდა ევროპის აღთქმულ პრინციპებს, ღია საზოგადოებასა და თავისუფალ სამყაროს.

ღია საზოგადოების უდიდესმა თეორეტიკოსმა კარლ პოპერმა მისი (აღნიშნული საზოგადოების) ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებად პატიოსნება დაასახელა. სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია და თანასწორობა თავისუფალ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად ამცირებს სიცრუის ასპარეზს სოციალურ ურთიერთობებში, მაგრამ ბალტიის ქვეყნებში,_ ნოსოვიჩი ამას კატეგორიულად ხაზს უსვამს,_ სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია და თანასწორობა მოიკოჭლებს: რომელ დემოკრატიასა და თანასწორობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში მოსახლეობის ნაწილს ხმის უფლება აქვს ჩამორთმეული?!

ამასთანავე, სიცრუე ბალტიის სახელმწიფოებში ისეთი მოცულობითაა, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია არა მხოლოდ იდეალურ ღია საზოგადოებაში, არამედ რეალურ დასავლურ ქვეყნებში.

თავისუფლების მოპოვების შემდეგ ბალტიის ქვეყნები აშკარა მაგალითია, იმისა, რომ არა მხოლოდ ოჯახის, არამედ სახელმწიფოს შექმნა არ უნდა დაიწყოს სიცრუით: სიცრუის საფუძველზე წარმატებული და ეფექტიანი საზოგადოების აშენება წარმოუდგენელია. სიცრუე ჟანგივით შეჭამს სოციალურ ქსოვილს.

პოსტსაბჭოთა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ტრაგედია ისაა,_ ნათქვამია განსახილველ წიგნში,_ რომ ისინი სიცრუის ნიადაგზე შეეცადნენ ახალი სახელმწიფოების აგებას (საქართველოს მოსახლეობისთვის ასეთი მცდელობა არა მხოლოდ ნაცნობი, არამედ განცდილიცაა).

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის დამღუპველი აღმოჩნდა იმ პიარფორმულის “თავისუფალ ცურვაში” გაშვება, რომლის მიხედვით, “ბალტიის ქვეყნების ეკონომიკა წარმატების ეპოქაა”. ბალტიისპირელებმა ისე ირწმუნეს ეს სლოგანი, რომ ფიქრობენ, სხვებმაც დავიჯერეთ ტყუილი ამგვარი: ეკონომიკური განვითარების ეტალონად თავიანთ თავს მიიჩნევენ ქვეყნები, რომლებმაც თავისი საწარმოები ჯართად გაყიდეს, უარი თქვეს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაზე, როგორც საგარეო ურთიერთობების გამყარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებაზე, უმუშევრად დატოვეს საკუთარი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც ხელი შეუწყვეს ემიგრაციის მასშტაბის არაჩვეულებრივ გაფართოებას.

ბალტიის ქვეყნების მითოლოგია რეალობამ გააქარწყლა: ამ ქვეყნებმა აირჩიეს უარყოფის, სიძულვილისა და სიცრუის გზა და, საბოლოო ჯამში, დამარცხდნენ.

ყველაზე მკაცრი განაჩენი ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიმართ გამოაქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს. ემიგრაციის მსოფლიოში უდიდესი მასშტაბები, ახალგაზრდობის აბსოლუტურ უმრავლესობას სამშობლოს დატოვება აქვს დაგეგმილი, ყოველი მეხუთე მცხოვრები უკვე გასულია საზღვარგარეთ. ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ხალხები გადაშენების ზღურბლზე დგანან. ენებს გაქრობა ელით. ჩიხია. ასეთია “წარმატების ისტორიის” რეალობა და მისი ჭეშმარიტი ფასი.

მხოლოდ გამარტივებული წარმოდგენის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს პოზიცია, რომლის მიხედვით, გლობალური ეკონომიკისა და ღია საზღვრების თავისუფალ სამყაროში კონკურირებს მხოლოდ საქონელი. არადა, ერთმანეთს ექიშპებიან ქვეყნებიც, მაგრამ არა ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად, როგორც უწინ იყო _ ევროპის დანაწილების წლებში, ან კოლონიების დაპყრობის ჟამს, არამედ ადამიანებისა და მათი შრომის გადასაბირებლად. და ამ თვალსაზრისით, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პოსტსაბჭოთა ისტორიის ანალიზის შედეგად შეიძლება ერთი დასკვნის გამოტანა ეგებ, უმთავრესისაც: გლობალურ კონკურენციაში ისინი დამარცხდნენ.

რუბრიკას უძღვებოდა არმაზ სანებლიძე

 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here