Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს იმედი ევროპის მიმართ იმედგაცრუებად იქცა

საქართველოს იმედი ევროპის მიმართ იმედგაცრუებად იქცა

481

ამ სათაურით აქვეყნებს Financial Times-ი საქართველოს შესახებ სტატიას, რომელშიც რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც არის საუბარი.

“თბილისი იმედოვნებდა, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწევდა რიგის სამიტზე. ამის ნაცვლად გეგმები გადაიდო _ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ეს პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გასული წლის ივნისში გააფორმა, მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა მხოლოდ მცირე სარგებელი იგრძნეს. უვიზოდ მიმოსვლა კი მათთვის ხელშესახები სარგებელი იქნებოდა”, _ წერს სტატიაში ნილ ბაკლი და აღნიშნავს, რომ საქართველომ გასული წლის სექტემბერში გამართულ ნატოს სამიტზე ვერც MAP-ი მიიღო. სტატიის ავტორი საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას. “ეკონომიკურმა დაღმასვლამ, რომელიც ნაწილობრივ მეზობელ რუსეთში რეცესიამ გამოიწვია და რომელმაც ეროვნული ვალუტის ღირებულების მესამედი შეიწირა, საქართველოს მოსახლეობის იმედგაცრუება გამოიწვია. ეს კარს უღებს რუსეთის გავლენის განახლებას”, _ აღნიშნულია სტატიაში.

ნილ ბაკლი აანალიზებს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებსაც, რომელთა მიხედვითაც, “მოსახლეობის 31 პროცენტი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში შესვლას, მაშინ, როდესაც ორი მესამედი კვლავ მხარს უჭერს დასავლეთთან ინტეგრაციას. ალტერნატიული გაერთიანების მხარდამჭერთა პროპორციული მაჩვენებელი ბოლო წლის განმავლობაში გაორმაგდა”.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მომხდარი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური რეფორმების ჩემპიონად და დემოკრატიის შუქურად განიხილებოდა. “უფრო მეტიც, მისი ადგილმდებარეობა ძალიან სტრატეგიულია. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით გაყვანილი ნავთობ და გაზსადენები, რომლებიც ევროპისთვის რუსული ენერგიის ალტერნატიული წყაროა”, _ წერს ავტორი.

ბაკლი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტმა რუსეთის შესახებ საქართველოს მოსახლეობის თვალსაზრისი შეცვალა და, რადგან კონფლიქტმა “ნერვული აღელვება გამოიწვია”, ნატომ, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს 2008 წლის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

“მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსკოვთან კავშირების აღდგენა დაიწყო. შედეგად მოსკოვმა მოხსნა ათი წლის წინათ დაწესებული შეზღუდვები ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და სოფლის მეურნობის პროდუქციაზე, რამაც ეკონომიკის წინსვლა განაპირობა. “ქართული ოცნების” მთავრობამ, ასევე, კვლავ ჩართო რუსული ტელეარხები, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ აკრძალული იყო. პრორუსული ხმები, რომლებიც წინა მთავრობის დროს არ ისმოდა, ახლა ქართულ მედიაში კვლავ ისმის”, _ წერია სტატიაში.

ნილ ბაკლის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს.

 

1 COMMENT

  1. ნეტა როდემდე უნდა იტყუონ თავი ქართველებმა რომ ევროპას ანაღვლებს საქართველოს მდგომარეობა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here