Home რუბრიკები საზოგადოება რა ხდებოდა გორში 2015 წლის 9 მაისს

რა ხდებოდა გორში 2015 წლის 9 მაისს

597

2015 წლის 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავი შესრულდა. ეს დღე ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ზარ-ზეიმით აღინიშნა. 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირს, რომლის ნაწილი საქართველოც იყო, თავს დაესხა ფაშისტური გერმანია, _ ასე გვასწავლიდნენ ჩვენს თაობას, რომელმაც იცის, რომ არა სტალინის გენიალური მთავარსარდლობა 1945 წელს უდიდეს გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდით.

9 მაისს გამარჯვებისა და სიამაყის განცდა ქალაქ გორში შესვლისთანავე იგრძნობოდა: იყო სადღესასწაულო განწყობა; ისმოდა “გაფრინდი შავო მერცხალო”; ბედნიერი, გაღიმებული ომის ვეტერანები სტუმრებს ახლობლებივით ესალმებოდნენ. ქალაქის ცენტრში სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ჰქონდა. რიგი იდგა სტალინის სახლ-მუზეუმთან.

9 მაისს გორში, ავდრის მიუხედავად, უამრავი ხალხი ჩავიდა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჰყავდათ სტუმრები გორელებს, განწყობა საზეიმო იყო, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი აუცილებლად უნდა აღინიშნოს _ სამამულო ომის დასრულებიდან 70-წლისთავზე გორში ჩასული ხალხის მსვლელობა საპროტესტო აქციას უფრო ჰგავდა.

“ჩვენ არ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა რუსეთი!” _ ასეთი იყო შეძახილები და ლოზუნგები. აქციის მონაწილეები სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ სტალინის სურათებითა და საბჭოთა დროშებით ხელში. მათ მოგვიანებით გორის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ გადაინაცვლეს და ქალაქის მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რომელიც სტალინის ძეგლის დადგმას დაჰპირდათ, თუმცა გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია.

ძეგლი, რომელიც სტალინის სიცოცხლეში, 1952 წელს გაიხსნა, მოქანდაკე შოთა მიქატაძეს ეკუთვნის, ხოლო არქიტექტორები ზაქარია და არჩილ ქურდიანები არიან. ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება გრანიტის ცხრამეტრიან, სამიარუსიან კვარცხლბეკზე იდგა, რომელიც, ამასთანავე, ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა.

გორში დიდი ბელადის ძეგლი 2010 წლის 24 ივნისს აიღეს. ეს დღე შემთხვევით არ შეურჩევიათ _ 1945 წლის 24 ივნისს სტალინმა გამარჯვების აღლუმი ჩაიბარა. სწორედ ეს დღე _ 24 ივნისი დაუთქვეს საზეიმო მსვლელობის მონაწილეებმა გორის მერს _ ზურაბ ჯირკველიშვილს სტალინის ძეგლის თავის ადგილზე დასაბრუნებლად.

თავში უკვე ვახსენეთ, რომ 9 მაისის ზეიმის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის სურვილი უფრო ჰქოდათ, ვიდრე საზეიმო განწყობა, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში შესამჩნევი არ ყოფილა. 9 მაისის მომვლენებს თუ თვალს გადავავლებთ, ამას ნათლად დავინახავთ, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მომხდარი ინციდენტისა და გორში საბჭოთა კავშირის დროშებით მისული ხალხის ფონზე. ამ ყველაფერზე იუმორისტმა დავით გოგიშვილმა სოციალურ ქსელში მეტად საგულისხმო რამ განაცხადა, რასაც მისი ნებართვით გთავზობთ.

დავით გოგიშვილი, იუმორისტი:

_ პოლიტტექნოლოგების ენაზე რომ ვიმსჯელოთ, ქვეყანაში ლოკალური სამოქალაქო დაპირისპირებას ან ომის დაწყებას მყარი ნიადაგი აქვს მაშინ, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება ღირებულებით, მენტალური ნიშნით ერთმანეთისგან რადიკალურად, არსებითად, ინსტიტუციონალურად განსხვავებული ორი პოლიტიკური დაჯგუფება, ორი პრინციპულად განსხვავებული იდეოლოგია. ეს გაყოფა უკვე სახეზეა. ახლა მთავარია, სად გაივლის ფრონტის ხაზი პრორუსულად და პროდასავლურ-პროამერიკულად განწყობილ ქართველობას შორის.

გორში საბჭოთა კავშირის დროშები გამოფინა არა ქართველი ხალხის ტრფიალმა იმ დროშის მიმართ და საბჭოთა ნოსტალგიამ, არამედ ჩვენი დასავლელი “პარტნიორების” მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ 25-წლიანმა სულში ჩაფურთხებამ, ტყუილში, სიყალბეში ცხოვრებამ.

გორში საბჭოთა კავშირის დროშების ფრიალის მოთხოვნილება გუშინ და დღეს არ დაწყებულა და გაცილებით ღრმა ფესვები აქვს.

გადავხედოთ ქრონიკას:

ანგელა მერკელი: “ის სახელმწიფოები, რომლებიც ჩართულნი არიან რეგიონულ კონფლიქტებში, ვერ გახდებიან ნატოს წევრები”.

2008 წლის 4 აპრილი. ბუქარესტის სამიტი.

ჰაიდი ტალიავინი: “რუსეთის მიერ სამხედო ძალის გამოყენება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საკუთარი სამშვიდობოების დაცვის მიზნით იყო ლეგიტიმური. რუსეთის მოქმედებამ აგრესიის სახე მიიღო მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია გასცდა სამხრეთ ოსეთის საზღვრებს”.

2008 წ. სექტემბერი.

დავით უსუფაშვილი: “მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ოჯახში 28-ნი ხართ და ჯერ ჩვენი ადგილი არ არის, ვაკაკუნებთ თქვენს კარზე და დაჟინებით გავაგრძელებთ დაკაკუნებას ევროკავშირის კარზე”.

2014 წელი.

ფრანსუა ოლანდი: “ნატოს გაფართოებისა და ახალი წევრების მიღების პროცესი უნდა დავასრულოთ”.

ეს ის გამონათქვამებია, რომლებიც სამომავლოდ კიდევ უფრო მოამრავლებს საბჭოთა კავშირის დროშების ფრიალს არა მხოლოდ გორში, არამედ სხვა ქალაქებშიც. პროტესტსა და აგრესიას ეგრეთ წოდებული დასავლური ღირებულებების მიმართ გააღრმავებს რიგის სამიტი, რომელიც ქართველ ხალხს თვალებში ნაცრის შეყრის, მოტყუების, სიყალბისა და ილუზიებში ცხოვრების “ახალ ნარკოტიკს” შესთავაზებს. ქართველ საზოგადოებას აღიზიანებს არა ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს მიმართ მიღებული დეკლარაციებისა თუ კომუნიკეების არარეალურობა და სიყალბე, არამედ ნატოსა და ევროკავშირში “ინტეგრაციით”, პერსპექტივითა და “ნათელი მომავლის” თემით კომერციულად დაინტერესებული კასტის მოქმედება ჩვენს ქვეყანაში, მათი სიტუტუცე, აღვირახსნილობა. ოღონდ ამ თემის აჟიტირებით თვითონ იკვებონ გრანტებით “პო ნასლედსტვუ” და საქართველოს მომავალი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. რამდენადაც დიდხანს გაგრძელდება ამ სიყალბეში ცხოვრება, მით მეტად მოიმატებს გეორგიევსკის ლენტების, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშების რაოდენობა საქართველოში”.

ზეიმის მონაწილეებმა კი, აი, რა გვითხრეს:

“თუ სტალინის ძეგლი თავის ადგილას არ დაბრუნდება 24 ივნისამდე, ქალაქის მერს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ. თავადაც იცის, რომ სწორედ ამ დაპირების გამო მისცა მას ხალხმა ხმა”, _ განაცხადა ერთ-ერთმა “სტალინელმა” სოსო ქუმსიაშვილმა.

“ერთადერთი ქვეყანა, სადაც 9 მაისს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინის მიტანისთვის საღებავები და კვერცხები დაუშინეს ხალხს, საქართველო აღმოჩნდა, ქვეყანა, რომელმაც სტალინი გაზარდა. გეიაღლუმების მომხრე და დიდ სამამულო ომში დაღუპული 300 ათასი ქართველის უარმყოფელი ე.წ. ლიბერალები 8 მაისს იოსებ ჯუღაშვილის გორსაც ესტუმრნენ კვერცხებით შეირაღებულები, მაგრამ გორელებმა ივაჟკაცეს და თბილისიდან სტალინის შეურაცხყოფისთვის ჩამოსულებს გასაქანი არ მისცეს, თუმცა გორის ცენტრში დაპირისპირება მაინც მოხდა,” _ გვითხრა აღშფოთებულმა სერგო კახნიაშვილმა, რომელიც გორში მომხდარ ინცინდენტსაც შეესწრო და თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ შეხლა-შემოხლასაც.

“სამწუხაროა და სამარცხვინოც, რომ ყველაზე დიდ ბოროტებაზე _ ფაშიზმზე გამარჯვების დღის გაუფასურებას ცდილობენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ენა და სამშობლო სწორედ სტალინმა შეუნარჩუნა ამ ომში გამარჯვებით. დიდ სამამულო ომში 16-17 წლისანი, სრულიად ახალგაზრდები წავიდნენ და უკან ვეღარ დაბრუნებულან უწვერულვაშო ქართველი ახალგაზრდები, 300 ათასი ვაჟკაცი დაიღუპა საქართველოდან… 8 მაისს გორში ვიღაცები ჩამოვიდნენ, აქ თქვეს, “თავისუფალი ზონააო”, არ ვიცი, ვინ არიან, მთელი ქალაქი ქუჩაში გამოვიდა, მეც ვიყავი და, იცით, ამ უზრდელ ახალგაზრდებთან ერთად, ვინ იყო? – დუტა სხირტლაძე, მას სტალინის კიტელი ეცვა და, როდესაც ხალხმა ჰკითხა, შენც მათთან ერთად ხარო? _ უპასუხა, შოუს ვდგამო. ის სტალინს დასცინოდა…” _ გვითხრა ქალბატონმა ნათელა ჩოხელმა, ხანდაზმულმა ქალბატონმა, რომელსაც ხელში საბჭოთა კავშირის დროშა ეჭირა.

“დიდ სამამულო ომში საქართველომ 300 000 შვილის სიცოცხლე გაიღო, უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს დიდმა ქვეყნებმა. ამ ბრძოლის მთავარსარდალიც ქართველი იყო და გამარჯვების დროშის აღმმართველიც _ ქართველი. გულსატკენია, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წელიწადია, საქართველოში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, შეურაცხყონ 9 მაისის შემოქმედი გმირები და მათი უმაღლესი მთავარსარდალი _ სტალინი. ისტორიას მიზანმიმართულად ამახინჯებენ და სტალინის ღვაწლს თაობებს არასწორად აწვდიან. უფრო მეტიც, დიდ სამამულო ომს აღარც ახსენებენ, ამ ომს მეორე მსოფლიო ომად მოიხსენიებენ…

9 მაისი დიად გამარჯვებას ნიშნავს, ბედნიერი ვარ, რომ შემამჩნიეთ და საჭიროდ ჩათვალეთ ჩემთან საუბარი. ვფიქრობ, ახლა სიკვდილიც ღირს, დიადი გამარჯვების 70-წლისთავზე ვნახე ახალგაზრდა, რომელიც ჩემით დაინტერესდა. ალბათ, არ გადავგვარდებით,” _ ასეთი იყო სამამულო ომის მონაწილის _ ივანე ცაციაშვილის პასუხი შეკითხვაზე: რას ნიშნავს დღევანდელი დღე კაცობრიობისთვის?

ვილჰელმ მახარაძე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ რომ არა 9 მაისი მსოფლიო ფაშისტური უღლის ქვეშ იქნებოდა გართხმული, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ისე იქნებოდა განადგურებული, როგორც ეს დღეს მასონურ კლანებს სურთ. ფაშისტური გერმანია და მსოფლიოს მასონური მოძრაობა ერთი და იგივეა, მათ ერთნაირი მიზნები ჰქონდათ, განსხვავება ის იყო, რომ ჰიტლერს სურდა, მსოფლიო გერმანულენოვანად გადაექცია, დღევანდელ სიონისტებს კი ინგლისურენოვანი მსოფლიო სურთ.

სტალინის როლი მსოფლიოს გადარჩენაში განუსაზღვრელია. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მსოფლიოს იმჟამინდელი მმართველები აღიარებდნენ სტალინის სიდიადეს, აღიარებდნენ, რომ სწორედ ქართველი ჯუღაშვილის ნიჭისა და შეუდრეკელობის დამსახურება იყო ფაშიზმის დამარცხება. რომ არა სტალინი, ჰიტლერის დამმარცხებელი არავინ იყო. ამას ჰიტლერიც კი აღიარებდა, მას ეშინოდა სტალინის და გამართლდა კიდეც მისი შიში. ჰიტლერმა არ გაითვალისწინა ბისმარკის სიტყვები _ არ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება, ვინც ამას გაბედავს, დამარცხება გარდაუვალიაო.

ვალერიან სუხიშვილი, სუხიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი:

_ ისტორიის ფალსიფიკაციის გამო, სიმართლე საძებარია და აუცილებლად უნდა გაირკვეს სიმართლე სტალინზე, რომელმაც ხალხს სიკეთე მოუტანა და ბოროტებას, რომელიც მის ეპოქაში ხდებოდა, ნურავინ მიაწერს სტალინს. იმხანად სპეციალურად ქმნიდნენ ვითარებას, თითქოს ყველა ბოროტების სათავე სტალინი იყო.

1937 წელი, რომელიც დღეს პირზე აკერიათ, სწორედ სტალინს მოუწყვეს. ესენი იყვნენ ლევ ტროცკი, ლევ კამენევი, ნიკოლაი ბუხარინი და სხვები. სამჯერ იყო დაგეგმილი სტალინის ლიკვიდაცია, მაგრამ ის ალღომ გადაარჩინა, მტრის ცნობა იცოდა. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ სტალინი ქართველი იყო, გორელებმა კი ორმაგად უნდა იამაყონ! სტალინმა, უბრალო გლეხის შვილმა, ფაშიზმი დაამარცხა. უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: “მე ყოველ დილით ვლოცულობ, რომ იოსებ სტალინმა იციცხლოს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ფაშიზმის დამარცხება”.

სირცხვილია, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს სტალინის სიდიადეს და საკუთარ ქვეყანაში არ აფასებენ. 8 მაისს გორში თბილისიდან ახალგაზრდები ჩამოვიდნენ და ცუდად მოიქცნენ. მათ გასაგონად ვიტყვი _ შეიძლება, სხვადასხვა თვალსაზრისი გვქონდეს, მაგრამ ყველას მიზანი საქართველოს კეთილდღეობა უნდა იყოს. პირადი ამბიციებისთვის არ ღირს საკუთარი ხალხის წყენინება. ქართველები ემოციური ხალხი ვართ, სწორედ ამ ემოციის ვერ მოთოკვით დავანგრიეთ სამშობლო. 25 წელია, რაც ვანგრევთ, არაფერს ვაშენებთ… გონს უნდა მოვეგოთ. 1990-იან წლებამდე საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და, თუ გინდათ, ევროპაშიც, მაგრამ დღეს ყველაზე ღატაკი და მათხოვარი ქვეყანა ვართ. ყველა ჩვენმა მეზობელმა შეძლო გადარჩენა, ჩვენ ვიღუპებით.

პოლიტიკოსებმა ზნეობა დაკარგეს, მათი მოსმენა აღარ შეიძლება. თქვენ იცით, რომ სტალინს ჰიტლერი აუგად არასოდეს უხსენებია და არც ჰიტლერს _ სტალინი. დიდი პოლიტიკოსები არ კადრულობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკანები გვყავს.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. საღამოს გორის ქუჩებში გავიარეთ, სასიამოვნო მოსასმენი იყო სიტყვები, რომლებიც თითქმის ყველა კუთხიდან ისმოდა, სადღეგრძელოები, რომლებიც დიდ სამამულო ომსა და სტალინს შეეხებოდა. ყველაზე ხშირად 1943 წელს სტალინის თეირანში ჩასვლას ახსენებდნენ…

9 მაისს გორში ნამდვილად იგრძნობოდა ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვების სიხარული.

რა ხდებოდა გორში 2015 წლის 9 მაისს

რა ხდებოდა გორში 2015 წლის 9 მაისს

რა ხდებოდა გორში 2015 წლის 9 მაისს

რა ხდებოდა გორში 2015 წლის 9 მაისს

რა ხდებოდა გორში 2015 წლის 9 მაისს

რა ხდებოდა გორში 2015 წლის 9 მაისს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here