Home რუბრიკები საზოგადოება მიგრაცია კატასტროფულ ზღვარს აღწევს. საქართველო ბენდუქიძის “ნაცისტური” პოლიტიკის შედეგს იმკის…

მიგრაცია კატასტროფულ ზღვარს აღწევს. საქართველო ბენდუქიძის “ნაცისტური” პოლიტიკის შედეგს იმკის…

700

საქართველოს ხელისუფლება და მისი პოლიტიკური გარანტორი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ სათავეში მოსვლამდე გვარწმუნებდა, რომ მისი მმართველობის მესამე წელი ეკონომიკური გაფურჩქვნისა და იბერიის გაბრწყინების წელი იქნებოდა. სწორედ ამ და სხვა დაპირებების ხიბლმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხი საარჩევნო ყუთთან მიიყვანა და, მიუხედავად რეჟიმის უმძიმესი წნეხისა, მხარი “ქართულ ოცნებას” დაუჭირა. მოსახლეობის დიდ ნაწილს მაშინ, ალბათ, გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ კოალიციის “ლომი” ამ დაპირებებს პირნათლად შეასრულებდა და მალე მართლაც ბრწყინვალების გვირგვინი დაადგებოდა იბერიას, მაგრამ, აი, რა მივიღეთ _ ცვლილებებიდან ორ წელიწად-ნახევრის თავზე ეკონომიკა ლამისაა ჩამოგვექცეს, ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს და სოციალური ფონი დღითიდღე მძიმდება (სამართლიანობის აღდგენის დაპირებაზე არაფერს ვამბობ), მოკლედ, სახელმწიფო უფსკრულისკენ მიექანება და მოქალაქეთა დიდ ნაწილს თვალი უკვე გაქცევაზე უჭირავს. ერი საშოვარსაა გადაგებული. უიმედოდ დარჩენილი მოქალაქეები სამშობლოს ტოვებენ და ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ მიდიან.

წინა კვირას არასამთავრობო ორგანიზაციაინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმადემოგრაფიული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, შეიძლება ითქვას, უმძიმესი მონაცემი. დოკუმენტის თანახმად, ამჟამად საქართველოდან 1 607 744 ადამიანია გასული. აღნიშნულ კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიწოდებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აქვეყნებს, თუმცა კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ იგი, შესაძლოა, რეალობას ზუსტად ვერ ასახავდეს. მიზეზი არის ის, რომ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება და მათი აღრიცხვა ვერ ხერხდება. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ რეალურად მათი რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს

რამ განაპირობა მოქალაქეთა ასე სტიქიურად გადინება საზღვარგარეთ, რა მექანიზმებით შეიძლება, სახელმწიფომ შეაჩეროს ეს პროცესი და რას აკეთებს ამისთვის დღეს ხელისუფლება _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოდემოგრაფ ანზორ თოთაძეს დაუკავშირდა.

_ ბატონო ანზორ, უწინარესად გკითხავთ, ენდობით იმ ციფრებს, რომლებიც ამას წინათ ერთერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა? ზოგიერთი თქვენი კოლეგა ფიქრობს, რომ რეალურად 1 607 744-ზე გაცილებით მეტი ადამიანია დღეს საზღვარგარეთ გასული.

_ მონაცემს ვენდობი, მაგრამ ცდომილება შეიძლება იყოს. ეს ბუნებრივიცაა, მით უმეტეს, რომ უამრავი მოქალაქე არალეგალურადაა გასული. თანაც აქ ერთი მომენტია: თუ მოქალაქე გასულია 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ის დემოგრაფიულ აღრიცხვაში ვერ ხვდება, ამიტომაც ჭირს ზუსტი მონაცემების დადგენა და ყოველთვის, ყველა სტატისტიკურ მონაცემში აღნიშნულია ხოლმე, რომ რეალურად შეიძლება გაცილებით მეტი მოქალაქე იმყოფებოდეს საზღვრებს გარეთ.

_ ბოლო ხანს გამოქვეყნებული ყველა სტატისტიკური მონაცემი ცხადყოფს, რომ მიგრანტების რაოდენობა იზრდება და მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდოს.

_ პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ გასული წლის დემოგრაფიულმა აღწერამ მოგვცა საგანგაშო მონაცემი. ერი უკვე, ფაქტობრივად, უფსკრულშია გადაჩეხილი. 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში ცხოვრობდა სამი მილიონ 729 ათასი ადამიანი, მაშინ, როდესაც 2002 წლის აღწერით მოსახლეობა შეადგენდა ოთხი მილიონ 371 ათას ადამიანს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2002-დან 2014 წლამდე საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წავიდა 740 ათასი კაცი, ანუ ქვეყანა ფაქტობრივად დაიცალა.

რაც შეეხება სოფლებს, იქ პრაქტიკულად ვხედავთ დემოგრაფიულ აღსასრულს. მაგალითად ავიღოთ კახეთი, ამ რეგიონში გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სოფლად იბადებოდა 60 ათასი ბავშვი, ბოლო ათწლეულში კი დაიბადა ოცი ათასი, ანუ შობადობა სამჯერ შემცირდა. ეს ერთი. და მეორეა კიდევ რელიგიური ფაქტორი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს დემოგრაფიულ პროცესებზე.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ ავიღოთ გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონები და ერთმანეთს შევადაროთ, გურჯაანში ცხოვრობს 69 მაჰმადიანი, ხოლო საგარეჯოში _ 19 ათასი. ახლა სტატისტიკა ნახეთ: გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როცა შობადობა იყო გაცილებით მაღალი, გურჯაანში მოსახლეობის ბუნებრივი მატება 1989-1990 წლებში შეადგენდა 4036 კაცს, საგარეჯოს რაიონში კი _ 6760-ს. არადა, საგარეჯოს რაიონი მოსახლეობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გურჯაანისა, ანუ რის თქმა მინდა, რელიგიური ფაქტორი თამაშობს ძალიან დიდ როლს და ერთ-ერთი გადამწყვეტია დემოგრაფიულ პროცესებში.

_ რამ განაპირობა შობადობის ასეთი მკვეთრი შემცირება საქართველოში?

_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ცხრა წლის განმავლობაში ყველაფერი იღონანაცმოძრაობამ”, რათა საქართველოს მოსახლეობა არ გაზრდილიყო. მათ გაუუქმეს ხალხს ყველანაირი შეღავათი, დახმარება, შემწეობა. მოშალეს ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სოფლის მეურნეობა და რაიონები, ფაქტობრივად, გააუკაცრიელეს. ცხადია, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა და ამ ყველაფერს ჰქონდა კონკრეტული ამოცანა _ მოსახლეობა უნდა აეყარათ და გაეშვათ ქალაქში ან საზღვარგარეთ. ზუსტად ამ მიზანს ემსახურებოდა მათ მიერ დეკლარირებული პოლიტიკაც, რომ თურმე სოფლის მეურნეობა არ არის მომგებიანი სფერო და ეს არ შეიძლება პრიორიტეტი იყოს. აი, ამან დაღუპა ქართული სოფელი და, ბუნებრივია, ამ ყველაფერმა გამანადგურებელი შედეგი იქონია დემოგრაფიულ ვითარებაზეც.

_ წინა ხელისუფლების მისამართით მსგავსი ბრალდებები ხშირად ისმის, მაგრამ მოდი, დავაკონკრეტოთ, რა ნაბიჯები გადაიდგა სააკაშვილის პერიოდში ისეთი, რამაც სოფლის მეურნეობა მოშალა?

_ კონკრეტულ ციფრებს მოგიყვანთ. მაგალითად ავიღოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობები: 2002 წელს ხორბალი დათესილი იყო 139 ათას ჰექტარზე, ეს მონაცემი 2007-ში უკვე 45 ათასამდე დავიდა, ანუ შემცირდა სამჯერ. სიმინდი დათესილი იყო 201 ათას ჰექტარზე (2002 წელს), 2008-ში 146 ათას ჰექტრამდე შემცირდა. ახლა სხვა კულტურები ვნახოთ: კარტოფილი დათესილი იყო 38 ათას ჰექტარზე, შემცირდა 24 ათას ჰექტრამდე, ერთწლიანი ბალახები, რომელიც უმნიშვნელოვანესია მეცხოველეობის გასავითარებლად, დათესილი იყო 19 ათას ჰექტარზე და შემცირდა 1,3 ათას ჰექტრამდე. ასევე შეამცირეს მრავალწლიანი ბალახების სათესი ფართობებიც… ახლა მეცხოველეობას გადავხედოთ: პირუტყვისა და ფრინველის სულადობა, ფაქტობრივად, განახევრდა. მაგალითად, 2003-2008 წლებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემცირდა მილიონ 246 ათასიდან მილიონ 45 ათასამდე. აი, ამ ყველაფერმა გამოიწვია სოფლის მეურნეობის გაჩანაგება და სოფელი რომ განადგურდა, ბუნებრივია, ხალხიც აიყარა. ვიმეორებ: ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა და სპეციალურად აკეთებდნენ, რათა ყველაფერი მოშლილიყო, მრეწველობა პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა…

_ თუმცა სააკაშვილი ხშირად ამბობდა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამას თავის ერთერთ მიღწევად მიიჩნევდა.

_ ამაზეც მოგახსენებთ. 2004 წელს ექსპორტი იყო 646 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო 2008 წელს შეადგინა 1 496 მილიონი, სამაგიეროდ იმპროტი გაიზარდა კატასტროფულად _ 2004 წელს შეადგინა მილიარდ 845 მილიონი დოლარი, ხოლო 2008 წელს _ უკვე 6 მილიარდ 304 მილიონი. ხვდებით, ეს რას ნიშნავს? შენი წარმოება მკვდარია, ყველაფერი შემოგაქვს, ყველაფერს ყიდულობ. რომელ ეკონომიკურ ზრდაზეა აქ საუბარი, სააკაშვილი რასაც ამბობდა, ეს იყო ტიპური დემაგოგია

_ ორი წლის წინათქართულმა ოცნებამმილიარდი ლარი ჩადო სოფლის მეურნეობის განვითარებაში, მაგრამ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ეს არ ასახულა. ყოველ შემთხვევაში, შობადობისა და მიგრაციის მაჩვენებელი სერიოზულად არ შეცვლილა. როგორ ახსნით ამას?

_ სოფლის მეურნეობა დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორია და არა _ ერთადერთი, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი დემოგრაფიაზე სხვა უამრავი ფაქტორიც ახდენდა გავლენას. მაგალითად, პატიმართა რაოდენობის გაზრდა პირდაპირ კავშირშია დემოგრაფიულ პროცესებთან და თქვენ იცით, რომ “ნაცმოძრაობის” ზეობის ხანაში საქართველოს დაახლოებით 40 ათასამდე მსჯავრდადებული ჰყავდა. ცალკე საკითხია, რა ხდებოდა საპყრობილეებში და რა ჯოჯოხეთურ პირობებში უწევდათ ადამიანებს სასჯელის მოხდა. ეს იყო ერის გენოციდზე გათვლილი პოლიტიკა და, რა თქმა უნდა, მე აქაც იმ აზრზე ვარ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა მიზანმიმართულად. აქვე სხვა ფაქტორებზეც, შეგვიძლია, ვისაუბროთ, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს…

_ რის გაკეთება შეუძლია დღეს სახელმწიფოს იმისთვის, რომ დემოგრაფიული კატასტროფა თავიდან ავიცილოთ?

_ არსებობს მთელი რიგი პროგრამებისა, რომელთა ამოქმედებაც ამ პროცესს გარკვეულწილად შეანელებს, მაგრამ ეს დაკავშირებულია კოლოსალურ თანხებთან. დღეს საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს, თუმცა მთავარია ნება და ინტერესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რაღაც რომ შეიცვალოს. ამის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია, ვითარების გამოსწორებაზე ვიფიქროთ. თუ სახელმწიფოს არ ექნება ნება და დაინტერესება, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ და რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი შეიცვლება. არადა, ფაქტია: მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ჩვენი ერის დემოგრაფიული სურათი კატასტროფული და საგანგაშოა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ყველაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, იქნება ეს შობადობის კატასტროფული შემცირება თუ მიგრაციის სტიქიური ზრდა, სააკაშვილის საამაყო მინისტრის, აწ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის გეგმის ხორცშესხმაა. მოგეხსენებათ, თავის დროზე ის ამბობდა, სოფლის მეურნეობა არარენტაბელურია და ფეხებზე უნდა დავიკიდოთ, _ სოფლად მცხოვრები ქალები საზღვარგარეთ წავლენ მეძავებად, კაცები კი შავ მუშებადო. როგორც ჩანს, “ქოცებიზედმიწევნით აპირებენ მამალინაცისანდერძის შესრულებას და ძნელი მისახვედრი არ არის, რა გველოდება

ყოველ შემთხვევაში, ქართული მიწა უპატრონოდ არ დარჩება, ოღონდ საკითხავია, ვისი იქნება ეს მიწა და რა ერქმევა ამ ქვეყანას…

1 COMMENT

  1. რატომ არ იჭერენ ამ პოლიტიკის გამტარებლებს? და რატომ უჩლექენ ენას ამ გარეწრებს? და მეტიც რატომ არ აგებინებენ პასიხს ყოველ მათგანს?! თუ ეს კაპიტულაციაა მაშინ აღიარეთ რომ ფარჩაკები ხართ და უუნარონი და ხალხი სხვა გზას დაადგება!!!! თუ დარჩა კიდევ ვინმე მანდ…

  2. საზღვრები რომ გაიხსნას,მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების გარდა არავინ დარჩება აქ.უამრავი ადამიანი ოცნებობს აქედან გაქცევაზე.23 წელია ვისმენთ,ცოტაც მოითმინეთ და გაუმჯობესდება ცხოვრებაო.არადა რაც დრო გადის,სულ უკან-უკან მივდივართ.ჩვენი ვაიპოლიტიკოსები 24 საათი მაგაზე ფიქრობენ,ამერიკელებს და ევროპელებს რითი ასიამოვნონ.ქართველებს რა უნდათ,ეს აბსოლუტურად არ აინტერესებთ.რისი იმედი უნდა გქონდეს ასეთ ქვეყანაში?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here