Home რუბრიკები პოლიტიკა “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”

“ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”

750

28 აპრილს მოსკოვში გაიმართა გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმი _ “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”. ფორუმში მონაწილეობდა 500-მდე დელეგატი 16 ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი სამამულო ომის 50-ზე მეტი ვეტერანი.

ღონისძიებაში მონაწილებდა საქართველოს დელეგაციაც, სამამულო ომის ვეტერანების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისა და ჟურნალსტების შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ფორუმთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მარტში თბილისში გაიმართა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და რუსი მეცნიერები, ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები.

მოსკომის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა გვირგვინით შეამკეს მარადიული ცეცხლი დიდი სამამულო ომის მუზეუმში _ პოკლონნაია გორაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პლენარული სხდომა, აგრეთვე, ოთხი თემატური სექცია და საერთაშორისო გამოფენა _ “ნაციზმს ვებრძოდით ერთად”. საგულისხმოა, რომ ამ გამოფენაზე ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას ჰქონდა თავისი პავილიონი, რომელშიც გამოფენილი იყო ხალხთა გმირული ბრძოლის ამსახველი ექსპონატები. მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების, მოლდოვის და საქართველოს ექსპონატები (მასპინძლების მიერ მოპოვებული) იყო თავმოყრილი ერთ პავილიონში, რადგან ეს ქვეყნები არ დაინტერესდნენ გამოფენაში მონაწილებით, შესაბამისად, არც ექსპონატები წარმოადგინეს. უნდა ითქვას, რომ ამ მკრეხელური გადაწყვეტილების შედეგად საქართველო, რომელმაც დიდ სამამულო ომში 700-ათასამდე მებრძოლი გაგზავნა და უდიდესი მსხვერპლიც გაიღო, უღმიღამოდ გამოიყურებოდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამ დიადი გამარჯვების მთავრი შემოქმედი გენერალსიმუსი იოსებ ჯუღაშვილი, მარშალი ლავრენტი ბერია და რაიხატაგის თავზე გამარჯვების დროშის აღმმართავი მელიტონ ქანთარია ქართველები იყვნენ.

“ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”

პლენარულ სხდომაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჩერნოვმა წაიკითხა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისალმება ფორუმის მონაწილეებისადმი. მისალმებაში ხაზგასმული იყო სამაგალითო სიმამაცე და უპრეცედენტო გამძლეობა ადამიანებისა, რომლებმაც ნაციზმის შემოტევას გაუძლეს და დიადი გამარჯვება გამოჭედეს. “კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა გამარჯვება, იყო საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხების ძმური ერთობა და ჩვენ ვამაყობთ იმ თაობათა გმირობით, რომლებმაც მშვიდობა შეგვინარჩუნა!”_ ნათქვამი იყო მისალმებაში.

ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ _ საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი, ვეტერანთა ორგანიზაციების საერთაშორისო კავშირის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი სოროკინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხეილ შვიდკოი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, “ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის” პრეზიდენტი ვალერი ტურსუნოვი, უკრაინის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი პეტრე ტოლოჩკო, ყაზახი საზოგადო მოღვაწე, პოეტი და მწერალი ოლჟას სულეიმენოვი, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ალექსანდრე ჭაჭია (საქართველო) და სხვები.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელით გამოსული ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვას დარბაზი განსაკუთრებულად შეხვდა. ორატორს სიტყვა მრავალჯერ შეაწყვეტინეს აპლოდისმენტებით, ხოლო მისი გამოსვლის ვიდეოვერსია “იუთუბის” ნამდვილ ჰიტად იქცა.

პლენარული სხდომის მსვლელობისას ხაზი გაესვა იმას, რომ დაუშვებელია დიდი სამამულო ომის გაკვეთილების დავიწყება, ნაციზმის იდეოლოგიის აღზევება, ისტორიის ფალსიფიკაცია და მისით მანიპულირება იდეოლოგიური თუ პოლიტიკური მიზნებისთვის, მოძმე ერების ერთმანეთისგან გასათიშად.

ფორუმის მსვლელობისას პოკლონნაია გორაზე მდებარე დიდი სამამულო ომის მუზეუმში “გამარჯვების ჯარისკაცის” მონუმენტი ყვავილებით შეამკო რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა. იგი, აგრეთვე, შეხვდა ფორუმის მონაწილე დიდი სამამულო ომის ვეტერანებს და მათთან ერთად დაესწრო გამოფენის _ “ნაციზმს ვებრძოლოთ ერთად” _ გახსნას.

“ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”

რუსეთის პრემიერი გაესაუბრა რამდენიმე ომის ვეტერანს, მათ შორის, საქართველოს დელეგაციის წევრ სერგო მირზოიანს.

ფორუმმა მოამზადა შემაჯამებელი რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება ზოგიერთი ძალის მიერ დიდი სამამულო ომის გაკვეთილების დავიწყების, აგრეთვე, დიადი გამარჯვების ზნეობრივი, სამართლებრივი შეფასებების რევიზიის მცდელობის გამო, რომლის მკრეხელური მიზანია მსხვერპლთა და ჯალათთა გათანაბრება, ნაცისტი დამნაშავეების რეაბილიტაცია და გმირულად დაღუპულ განმათავისუფლებელთა ხსოვნის შეურაცხყოფა. ფორუმის მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ დაუშვებელია ისტორიის ფალსიფიკაცია და რომ მთელი ძალისხმევა უნდა მიიმართოს ჰუმანიტარულ სფეროში მრავალმხრივი ურთიერთთანადგომისკენ, ისტორიული მეხსიერებისა და ერთიანი კულტურული სივრცის შენარჩუნებისკენ.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა ფორუმის მონაწილეთა იფიციალური მიღება და საზეიმო ბანკეტი, რომელზეც იგრძნობოდა თბილი დამოკიდებულება ქართული დელეგაციის მიმართ, ხოლო სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული ანსამბლ “გორულას” წევრების _ გირშელ ბუცხრიკიძისა და ბექა თევზაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ _ “გაფრინდი შავო მერცხალო” _ ნამდვილი ფურორი მოახდინა.

სერგო მირზოიანი, სამამულო ომის ვეტერანი:

_ არაჩვეულებრივი მიღება მოგვიწყეს რუსეთის დედაქალაქში. ჩვენ, ომის ვეტერანები, სამნი ვიყავით საქართველოდან, ძალიან, ძალიან კმაყოფილები ვართ ღონისძიებით. ქართველების მიმართ გასაკუთრებული ყურადღება იგრძნობოდა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი დახვედრა მოგვიწყეს.

საშუალება მქონდა, დიმიტრი მედვედევს დავლაპარაკებოდი, სულ რამდენიმე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს. ვკითხე, ჩვენი, ორი ქვეყნის ურთიერთობა როდის გამოსწორდებამეთქი. მედვედევმა მოკლედ მიპასუხა, _ მალეო. მე ამ პასუხისთვის ვეტერანების სახელით მადლობა გადავუხადე.

ხშირად მიწევს მოსკოვში მსგავს ღონისძიებებზე ჩასვლა, სამამულო ომის დამთავრების 65-ე წლისთავზეც ვიყავი, 9 მაისსაც მივდივარ, იქ ვერ იგრძნობთ, რომ ქართველებსა და რუსებს ცუდი ურთიერთობა აქვთ, პირიქით, ფორუმზე რომ შევედით, ხმამაღლა დაიძახეს, _ ქართველთა დელეგაციას გზა მიეცითო.

პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა მოგვარდეს.

“ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”

გირშელ ბუცხრიკიძე, ანსამბლგორულასწევრი:

_ როდესაც მოსკოვში, ფორუმზე მიმიწვიეს, ცოტა გამიკვირდა, მერე ვიფიქრე, დღეს, როდესაც ასეთი დაძაბული ვითარებაა საქართველოსა და რუსეთს შორის, როგორ უნდა წავიდე-მეთქი. სიმართლე გითხრათ, მოსკოვში ჩასვლაც კი პრობლემა მეგონა, მაგრამ იქ ისე თბილად დაგვხვდნენ, რომ გაოცებული დავრჩი. იქ მყოფი ადამიანები სულ იმაზე საუბრობდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დათბეს, რომ არ შეიძლება რუსი და ქართველი ხალხის დაშორება.

ჩვენი ანსამბლი “გორულა” ვალერიან სუხიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაარსდა. მოსკოვში ანსამბლიდან მხოლოდ ორნი ვიყავით, შევასრულეთ “გაფრინდი შავო მერცხალო”. სიმღერა რომ დავასრულეთ, საოცრება მოხდა: ყველა ცრემლიანი თვალებით გვიყურებდა, უფრო ზუსტად, ტიროდა. ასეთი რეაქცია მხოლოდ ჩვენს ნამღერს მოჰყვა.

თავშიც გითხარით, მოსკოვში რომ მიმიწვიეს, შეშინებულიც ვიყავი და გაოცებულიც, მაგრამ ახლა, კიდევ ერთხელ თუ გაჩნდება შანსი, რომ რუსეთის დედაქალაქს ვესტუმრო, დიდი სიამოვნებით მივიღებ მიწვევას.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი:

_ საოცარი სანახაობა იყო დახვედრა, რომელიც ქართველებს მოგვიწყვეს. როგორც კი შევედით, მივხვდით, რომ ყველაზე საპატიო სტუმრები ვიყავით. პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნის დელეგაცია იყო ფორუმზე, თითოეული მათგანისგან განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდით.

ვფიქრობ, ეს დიდ სამამულო ომში სტალინის დამსახურებას უნდა მივაწეროთ. რუსი ხალხისთვის სამამულო ომში გამარჯვების დღე უდიდესი დღესასწაულია და რუსეთის ხელისუფლება შესაბამის პატივსაც მიაგებს.

ჩვენ გვახლდნენ ახალგაზრდა შემსრულებლები, რომლებმაც “გაფრინდი შავო მერცხალო” იმღერეს. სტალინის საყვარელი სიმღერის გაჟღერებამ ყველა აატირა. ერთი ადამიანიც კი არ დარჩა ისეთი, რომელსაც ჩვენს მომღერლებთან სურათი არ გადაუღია. ეს იყო ბრწყინვალე სანახაობა. ამის გადმოცემა სიტყვებით არ შეიძლება, ეს უნდა გენახათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here