Home რუბრიკები პოლიტიკა ზაზა ხატიაშვილი: როცა ონიანი ზონდერობდა, ჭიკაიძე რას აკეთებდა, პირჯვარს იწერდა?!

ზაზა ხატიაშვილი: როცა ონიანი ზონდერობდა, ჭიკაიძე რას აკეთებდა, პირჯვარს იწერდა?!

676

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა” ზაზა ხატიაშვილმა საქართველოს პარლამენტის წინ ბორკილები დაიდო და ადვოკატების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, კერძოდ, “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ” კანონპროექტში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა.  “საქართველო და მსოფლიოს” ზაზა ხატიაშვილი ესაუბრება:


_ თითქმის ოცი წელია, საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, ხელისუფლებას შემოეგდოს ასეთი, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამანგრეველი კანონპორექტი, რომელიც არა მხოლოდ გაანადგურებს ქვეყანაში ადვოკატის ინსტიტუტს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას.

 კერძოდ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს შეუძლია, ადვოკატს დაურეკოს და მოსთხოვოს, რომ კლიენტს გარიგება შეუჩეროს. არგუმენტი კი მხოლოდ ის იქნება, რომ ფინანსური სამსახურის უფროსი ამას საჭიროდ მიიჩნევს. საქართველომ დაახლოებით ერთი წლის წინათ უკვე მიიღო “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტი, რომლითაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გარკვეული უფლებები მიენიჭა და, თუ ადვოკატს აქვს ინფორმაცია, რომ სადმე ფული “თეთრდება” ან ტერორიზმის საფრთხეა, ვალდებულია, აცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კონფიდენციალურობის პრინციპს ადვოკატსა და კლიენტს შორის. ეს კანონი დემოკრატიის საფუძვლებთან ახლოს იყო, მაგრამ ვიღაცას უცებ ამ კანონში ცვლილებების შეტანის სურვილი გაუჩნდა. 6 აპრილს პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ დაადო რეზოლუცია, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ კანონპროექტში შესწორებაო, და სასწრაფოდ განიხილეს, შემდეგ კი განაცხადეს, კანონპროექტი კარგიაო. ეს კანონპროექტი არის ერთერთი სამარცხვინო ლაქა საქართველოს უახლეს ისტორიაში. საყურადღებოა, რომ ორი დღის განმავლობაში ადვოკატს უფლებაც არ აქვს, გააფრთხილოს კლიენტი და ის რჩება ადვოკატის გარეშე, ამ პერიოდში კი შეიძლება, მილიონები დაკარგოს. პარალელურად ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც, ადვოკატი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, თუ კლიენტს გააფრთხილებს, ანუ ადვოკატი ორ ცეცხლს შუაა: თუ კლიენტს ეტყვის, დაიჭერენ, არ ეტყვის და _ ეთიკის კოდექსს დაარღვევს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საქართველო მიდის ფეოდალიზმისკენ.

ხელისუფლებას რომ ჰკითხო, სურს, საქართველოში ინვესტიციები შემოვიდეს, მაგრამ იმ ქვეყანაში, რომელშიც არსებობს ორგანო, რომელსაც შეუძლია 50-მილიონიანი გადარიცხვა ერთი ზარით შეაჩეროს, ნორმალური ინვესტორი შემოვა?

_ რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, რატომ აკეთებს ამას?

_ ამ საკანონმდებლო ინიციატივას სამი მიზანი აქვს: პირველი _ ხელისუფლებას სურს, ადვოკატების დამორჩილება და ყველა ადვოკატის, ფაქტობრივად, “ჩამშვებადგადაქცევა; მეორე _ ფინანსური ბერკეტები მთლიანად ხელისუფლების ხელში იყოს და ტოტალური კონტროლი დაწესდეს ნებისმიერ ინვესტიციაზე; მესამე და მთავარი მიზანია წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის ყოველგვარი ფინანსური რესურსის გადაკეტვა. მაგალითად, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ფული რომ გადაურიცხოს მსურველმა, ამ თანხას ფინანსური მონიტორინგის სამსახური ისე შეაჩერებს, სასამართლო არ დასჭირდება. აქედან გამომდინარე, საარჩევნოდ ვერც ერთი სუბიექტი თანხას ვერ მიიღებს, მიკვირს, რატომ არიან ჩუმად პოლიტიკური პარტიები? ეჭვი მიჩნდება, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ივანიშვილს გაურიგდა ან, უბრალოდ, კანონპროექტი ვერ წაიკითხეს.

_ თქვენ მწვავედ აკრიტიკებთ ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებასაც აკრიტიკებდით, ხშირად ამბობთ, რომ სააკაშვილის მთავრობაზე უარესი მივიღეთ, რომ დღეს უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე ადრე იყო. მიესალმებით ხელისუფლებაშინაციონალებისკვლავ დაბრუნებას?

_ იმით, რომ ივანიშვილი არ ვარგა, სააკაშვილი, ბუნებრივია, კარგი ვერ გახდება. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო ავტორიტარული რეჟიმი და როგორ შეიძლება მე, უფლებადამცველი, ასეთი რეჟიმის დაბრუნებას მივესალმო ან მასზე დადებითი აზრი მქონდეს?!

დღეს ის ადამიანები მაკრიტიკებენ, რომლებიც მაშინაც მაკრიტიკებდნენ, როცა სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდი, ანუ ლაქიები, რომლებიც ყველა ხელისუფლებაში არიან შემძვრალნი. ჯალალედინი რომ გააცოცხლო, ეს პროკურორები და პოლიციელები იმასაც მოემსახურებიან, ოღონდ ადგილი შეინარჩუნონ.

ზაზა ხატიაშვილს ერთი ხინკალი არ შეუჭამია არც სააკაშვილთან და არც ივანიშვილთან. როცა სააკაშვილს ვებრძოდი, მას ივანიშვილი აფინანსებდა. რადგან ამ ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, მე დღესნაციონალივარ და, მარიკა ვერულაშვილი რომ გაჩუმდა და ბიძინას ტაში დაუკრა, “ქართული ოცნებისმომხრეა?

სააკაშვილმა ძალმომრეობითი რეჟიმი შექმნა, ივანიშვილმა _ ფინანსური რეჟიმი.

_ ფიქრობთ, რომ გრძელდება ბიზნესმენების დატერორება?

_ დღეს რომელიმე ბიზნსემენმა რომ თქვას, ჩემზე ზემოქმედებენო, ფეხებით დაკიდებენ. ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ბიზნესზე ზეწოლას კი არა, მის განადგურებას ნიშნავს. ეს არის ნებისმიერი ფულადი გადარიცხვის, ნებისმიერი ხელშეკრულების ტოტალური კონტროლი. აუცილებელი ხომ არ არის, ბიზნესმენს დაურეკო და ფული მოსთხოვო?!

ის ხალხი, რომელიც მოსაკლავად დაგვდევდა, როდესაც სააკაშვილის ქმედებებს ვაპროტესტებდით, ის ხალხი, რომელიც ბიზნესმენებს ფულს ართმევდა და ატერორებდა, ამ ხელისუფლებამ დააწინაურა. მაგალითად, ფინანსური პოლიციის კადრი გიორგი ბადაშვილი მთავარ პროკურორად დანიშნეს.

_ ბატონო ზაზა, თქვენც გიყენებენ პრეტენზიას, რომნაციონალებისზონდერები, მაგალითად, გოგა ონიანი, ამოიყენეთ მხარში და მას იცავთ.

_ ადვოკატობა თავისუფალი პროფესიაა. მე არ დამინიშნავს გოგა ონიანი რაიმე თანამდებობაზე. ონიანმა ჩააბარა გამოცდა და კანონმა მას ადვოკატობის უფლება მისცა. ადვოკატთა ასოციაციაში წევრებს იღებს აღმასრულებელი საბჭო, რომელმაც ონიანი თავდაპირველად არ მიიღო, მაგრამ მან გვიჩივლა და სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა ორგანიზაციის წევრი. ყველა პროცესი მოგვიგო. რა უნდა მექნა? მას თავისი კლიენტები ჰყავს და რა უფლება მაქვს, ვინმეს ვუთხრა, ონიანი ადვოკატად არ აიყვანოს?!

ადვოკატთა ასოციაციას შეუძლია, ონიანი გააგდოს, თუ მან კლიენტი არ დაიცვა. ხოლო, როდესაც ხელისუფლება არღვევს ონიანის, როგორც ადვოკატის, უფლებას, მე, როგორც უფლებადამცველს, არ მაქვს უფლება, ხმა არ ამოვიღო. გოგა ონიანის უშუალო ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო და, როცა ონიანი ზონდერობდა, ჭიკაიძე რას აკეთებდა, პირჯვარს იწერდა? მაქვს ინფორმაცია, რომ ონიანს ეს ხელისუფლება მინისტრის მოადგილეობასა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სთავაზობდა, გარკვეული გარიგების სანაცვლოდ, მაგრამ უარი თქვა.

რადგან ხელისუფლებას ვამხელ და მწვავედ ვაკრიტიკებ, სხვა მიზეზი ვერ მომიძებნეს; რადგან ფული არავისგან ამიღია და არავისთან გავრიგებულვარ, ამიტომ ახლა დამაბრალეს, გოგა ონიანს იცავსო.

ონიანს უსუსური ბრალი წაუყენეს, ედავებოდნენ, კანონიერი დაკავების უკანონო ორგანიზატორი ხარო. ასეთი უტვინოა პროკურატურა. არადა, ბევრს ეგონა, ზონდერობასა და ადამიანების დარბევისთვის წაუყენეს ბრალი და მე ვიცავდი.

დღეს სააკაშვილსა და სხვა ძებნილებს რომ არ გადმოსცემენ საქართველოს, სწორედ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის დამსახურებაა. ეს ხელისუფლება თანამიმდევრული რომ ყოფილიყო, სხვა ვითარება იქნებოდა.

_ ბოლო პერიოდში საქართველო მკვლელობების სერიამ მოიცვა. რას მიაწერთ მკვლელობების გახშირებას?

_ ეს არის ქვეყანაში დამკვიდრებული უსამართლობის შედეგი. ბიძინა ივანიშვილი რასაც ამბობდა და გვპირდებოდა, ყველაფერი საწინააღმდეგოდ გააკეთა და ქვეყანაში მართვის მექანიზმი მოიშალა. ერთი ნაწილი რომ გაფუჭდება, ყველაფერი იშლება და უფსკრულისკენ მიდის.

რაც უნდა მარწმუნოს ივანიშვილმა, ქვეყანა მიყვარსო, ნოდარ ხადურს რომ ფინანსთა მინისტრად დანიშნავ, არა მგონია, ქვეყანა გიყვარდეს. დაბრუნდეს და მართოს საქართველო. მე ივანიშვილს მივეცი ხმა და არა ხადურსა და ღარიბაშვილს.

_ გინდათ, დაბრუნდეს ივანიშვილი ხელისუფლებაში?

_ დიახ, მინდა, დაბრუნდეს და ყველაფერზე დაიკისროს პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, არჩევნების წინ დაბრუნდება კიდეც. საარჩევნოდ ხალხის ნაწილი ისევ დაიჯერებს დაპირებებს, ნაწილი ისევ გაიყიდება და, ალბათ, ხუთი წელიწადი მაინც კიდევ მოგვიწევს იმ უბედურებაში ყოფნა, რომელსაც “ქართული ოცნების” მმართველობა ჰქვია.

_ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადებით, “ეფ-1” ხელყუმბარა საფლავზე არ აუფეთქებიათ და იქ შეცვლილი ფალია მიიტანეს. ხოლო იური ვაზაგაშვილი, შესაძლებელია, დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით მოკლეს, რომელიც მხოლოდ სპეცდანიშნულების რაზმს აქვს. ბრალდების მხარეს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებენ. რა შეუსაბამობას ხედავთ ექსპერტიზის დასკვნაში?

_ იური ვაზაგაშვილი ჩემთვის ძმასავით იყო და მისი დაღუპვა დიდი ტრაგედიაა. ზურა ვაზაგაშვილის საქმე მე გავგზავნე სტრასბურში, მისი ადვოკატი ვიყავი, თუმცა, ვინაიდან საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, კომენტარისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, ძალიან მეწყინა, სოსანაშვილის ადვოკატმა ასეთი ბინძური რაღაცები რომ გაავრცელა მასზე. როგორ შეიძლება კაცს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების სახე იყო, ასეთი რაღაცები დააბრალო… დღე და ღამე შვილის საფლავზე დადიოდა.

_ დეენემის ან ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება შესაძლებელია?

_ საზოგადოდ, ყველაფრის გაყალბება შეიძლება. როდესაც მოქმედი ადვოკატი ვიყავი, პროკურატურა სამიდან ორ საქმეს აყალბებდა, მაგრამ ამ საქმისადმი იმხელა საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არა მგონია, ყალბი მტკიცებულებების წარდგენა გაბედონ. ვფიქრობ, საქმის გაყალბებით თვითონ პროკურატურა არ არის დაინტერესებული.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

P.S. 27 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან “ადვოკატთა შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები გაიწვია.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here