Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არ ეცვათ პოლიციელებს ჯავშანჟილეტი, რომელიც მათ სასიკვდილო საფრთხეს აარიდებდა?

რატომ არ ეცვათ პოლიციელებს ჯავშანჟილეტი, რომელიც მათ სასიკვდილო საფრთხეს აარიდებდა?

1759

4 აპრილს თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ახალგაზრდა პოლიციელის _ ბექა მარგიშვილის მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა.

ჯავახეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანისამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორგამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი საღამოს საათებში პატრულირებდნენ, როდესაც დამნაშავემ იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა მათ და მიიმალა. ბექა მარგიშვილი დაიღუპა, ვალერიან გრძელიშვილი კი მძიმედ დაიჭრა. საყურადღებოა, რომ ორივე პოლიციელი მუცლის არეში დაიჭრნენ და არც ერთ მათგანს არ ეცვა ჯავშანჟილეტი, რომელსაც, შესაძლოა, მათი სიცოცხლე გადაერჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა პოლიციელებზე თავდამსხმელი პირის ვინაობა. იგი წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის არაერთგზის ნასამართლევი შალვა აბულაძეა. საყურადღებოა, რომ აბულაძე 2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში პოლიციის თანამშრომლების _ გიორგი ბერუაშვილის მკვლელობასა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობაშიც არის ეჭვმიტანილი, თუმცა გაუგებარია, რატომ ვერ დააკავეს სამართალდამცველებმა ორი თვის განმავლობაში დამანაშავე, ვიდრე ის კიდევ ერთი პოლიციელის სიცოცხლეს შეიწირავდა.

ჩვენ დავინტერესდით, რატომ არ ეცვათ პოლიციელებს ჟავშანჟილეტი, რომელიც მათ სასიკვდილო საფრთხეს აარიდებდა.

“საქართველო და მსოფლიო” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, კანონი არ ავალდებულებს პოლიციელს, პრევენციული ღონისძიებისას სპეციალური დამცავი საშუალებებით იყოს აღჭურვილი.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ყველა პოლიციელის ჯავშანჟილეტებით აღჭურვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია:

“ყველა პატრულის ჯავშანჟილეტით აღჭურვა გამორიცხულია. ამას გარდა, ჯავშანჟილეტების ყოველდღიურად ტარებაც საკმაოდ რთულია, ამიტომ, როდესაც საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, მაგალითად, დამნაშავეს ეძებენ, შესაძლოა, გაიცეს სპეციალური განკარგულება, ოპერატიულმა შემადგენლობამ ჯავშანჟილეტი ჩაიცვას”.

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

_ ერთი თვით ადრე ბორჯომში ანალოგიურად დაესხნენ თავს პოლიციელებს. აქედან გამომდინარე, დასკვნის გამოტანა და შესაბამისი ზომების მიღება შეიძლებოდა. თუმცა საყურადღებოა, რომ მკვლელმა ამ დანაშაულის შემდეგაც არ დატოვა საქართველოს ტერიტორია. ეს მაფიქრებინებს, რომ მას ჰქონდა უფრო სერიოზული დავალება, რომლის შესრულებასაც აპირებდა.

_ ფიქრობთ, რომ მკვლელს, შესაძლოა, ვიღაც მართავს?

_ შესაძლოა, მას დაუკვეთეს მკვლელობა. ის არის დაქირავებული მკვლელი.

_ შეიძლება, რომ ამ მკვლელობებს პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს?

_ გამორიცხული არაფერია. მით უმეტეს, საქართველოში ბოლო ხანს გახშირდა მსგავსი მკვლელობები. დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ, არ არის გამოკვეთილი დანაშაულის მოტივაცია, ამიტომ ზუსტად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ, თუ შს სამინსიტროს განცხადებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, დამნაშავეს ცოტა ხნის წინათ ბორჯომშიც ჩაუდენია ანალოგიური დანაშაული და იმის მაგივრად, რომ საქართველო დაეტოვებინა, დარჩა და კვლავ ჩაიდინა დანაშაული. გამოდის, რომ მას ჰქონდა კონკრეტული დავალება. თუ ვინ და რა დაუკვეთა მას, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

_ იყო თუ არა პოლიციელების გადარჩენის შანსი, მათ ჯავშანჟილეტი რომ სცმოდათ?

_ რა თქმა უნდა, პოლიციელს რომ სცმოდა ჯავშანჟილეტი, სასიკვდილო ჭრილობებიდან გამომდინარე, შეიძლება იმის თქმა, რომ შეიძლებოდა, გადარჩენილიყო.

რამდენიმე ტიპის განგაში არსებობს. ე. წ. რეიდი არის სპეციალიზებული ტიპის განგაში, როდესაც მიღებულია ინფორმაცია, კონკრეტული დანაშაულებრივი შეიარაღებული ჯგუფის ან დამნაშავის გადაადგილების შესახებ და მისი დაკავების ან პრევენციის მიზნით ხორციელდება სპეციალური ღონისძიება, ანუ: რეიდისდროს პოლიციელი აღჭურვილია ცეცხლსასროლი იარაღით და მას უნდა ეცვას ჯავშანჟილეტიც, თუმცა ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა იყო ჩვეულებრივი შემოწმება, როდესაც პოლიცია პატრულირებდა და არავითარი განგაში გამოცხადებული არ ყოფილა.

საერთოდ, ხელისუფლება ყოველთვის ერიდება გასამხედროებული პოლიციის ქუჩაში გადაადგილებას, მოსახლეობაში პანიკა რომ არ გამოიწვიოს, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ასეთი ღონისძიებები აუცილებელია. ამიერიდან ჩვენი სამართალდამცავების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, ალბათ, მიიღებენ თავდაცვის დამატებით ზომებს, რომელთა შორისაც იქნება ჯავშანჟილეტებით ეკიპირება.

ბექა მარგიშვილის მკვლელობის მეორე დღეს, 5 აპრილს, დილით, თბილისში უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი კვლავ გაუხსნა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა ტრაგიკულად არ დასრულებულა. შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ შემთხვევაშიც ხელწერა ანალოგიურია და სავარაუდოდ, ეს იმავე ადამიანმა ჩაიდინა, ვინც წინა დღეს ბექა მარგიშვილი მოკლა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი პოლიციელის მკვლელობა და ოთხის დაჭრა გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში პოლიციელების მკვლელი დადის. რა არის ეს _ საბოტაჟი, გაბოროტებული ადამიანის შურისძიება თუ საგანგებო შეკვეთა ქვეყანაში სიტუაციის ასარევად, ვიმედოვნებთ, საგამოძიებო ორგანოები მოკლე ხანში დაადგენენ. თუმცა საზოგადოებისთვის გაურკვეველია _ რატომ გაუნახევრდა ამნისტიის საფუძველზე 20-წლიანი სასჯელი, შემდეგ კი ე. წ. უდოს კომისიამ ვადაზე ადრე რატომ გაათავისუფლა სასტიკი დანაშაულისთვის დაპატიმრებული დამნაშავე!

“საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია უსამძიმრებს ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის _ ბექა მარგიშვილის ოჯახს და იმედოვნებს, რომ მკვლელი სათანადოდ დაისჯება.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here