Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: დიდი ხანია, ნატო ჩვენთან ერთგვარ რელიგიად იქცა. ეკლესიის ლანძღვა შეიძლება,...

აკაკი ასათიანი: დიდი ხანია, ნატო ჩვენთან ერთგვარ რელიგიად იქცა. ეკლესიის ლანძღვა შეიძლება, პატრიარქისაც, მაგრამ ნატოზე ცუდის თქმა ერეტიკოსობას ნიშნავს

691

ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი ესაუბრება.


_ ბატონო აკაკი, ობამას, მერკელისა და ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის _ ანდერს ფოგ რასმუსენის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ვერ გახდება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები (მაგალითად, დავით უსუფაშვილი) ამბობენ, ჩვენ მაინც ჯიუტად განვაგრძობთ ევროატლანტიკური სტრუქტურების კარზე კაკუნსო

_ ნატოში საქართველოს შესვლა რომ ილუზიაა, ოლანდის განცხადების გარეშეც ნათელია. ვინც ეს იცოდა და მაინც გაიძახოდა, შევალთო, თაღლითია, ხოლო, ვისაც გულწრფელად სჯეროდა, _ იდიოტი. დღეს შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა ილაპარაკოს, რომ საქართველო შევა ნატოში და ნატო დაიცავს ჩვენს ინტერესებს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, თუნდაც ეს იყოს რუსეთი, რომელიც დღითიდღე ძლიერდება და ზრდის თავის გავლენას მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე?…

რაც მოვისმინე, ეს იყო აბსოლუტურად თანმიმდევრული და ზუსტი შეფასება იმ რეალობისა, რომელიც გვაქვს. როდესაც პირდაპირ გეუბნებიან, ვერ მიგიღებთ, ვერ დაგიცავთ და ვერ დავიკისრებთ თქვენი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობასო, უსინდისო უნდა იყო ადამიანი, რომ საკუთარ ხალხს უკუღმა გადმოუთარგმნო ეს ყველაფერი.

რაც შეეხება მათ კრიტიკას, ვინც საქართველოშიც, დიდი ხანია, ამბობს ნატოში ვერ შევალთო, ძალიან მაინტერესებს, რატომ არ გააკრიტიკეს თავის დროზე ამერიკის პრეზიდენტი ობამა, გერმანიის კანცლერი მერკელი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი ან ახლა, ამ ბოლო განცხადების გამო _ საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი? _ ეს შეკითხვა ხომ ბუნებრივად ჩნდება?! საღად მოაზროვნე ქართველების კრიტიკას თუ არ ერიდებიან, თვითონ იმ ლიდერების მიმართ რატომ არ უჩნდებათ შეკითხვები?! ვიდრე რეზოლუციას არ მიიღებენ დედის გინებით, _ წადით, თავი დაგვანებეთო, მანამდე ვიტყუოთ თავი?! საქმე ის არის, რომ ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, ნატოში შესვლის რა შანსიც გვაქვს, მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. ვერ საუბრობენ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გამოდის, ამდენი ხანს იტყუებოდნენ და მეორე _ იმიტომ, რომ დაკარგავენ დასავლეთის მხარდაჭერას. ასეთ შემთხვევაში ამერიკაც და ევროპაც ყველაფერს ერთბაშად მოგვთხოვს, საგარეო ვალები იქნება ეს თუ სხვა რამე, რითაც ეს წლები გვეხმარებოდნენ

_ დასავლეთი საჯაროდ ამბობს, საქართველო ალიანსის წევრი ვერ გახდებაო და, საქართველოს ხელისუფლებამაც იგივე რომ გაიმეოროს, გაღიზიანდებიან?

_ დიახ, დაახლოებით ამგვარი აბსურდული თამაშია _ ჩვენ უნდა ვიძახოთ, რომ ალიანსის კარი ღიაა, ისინი კი გვეტყვიან, ვერ მიგიღებთო. ასეთ განცხადებებს გააკეთებენ რუსეთის გასაგონად, რათა ამით დაამშვიდონ კრემლი, რომელიც არ ურიგდება დასავლეთის პოლიტიკურ ექსპანსიას. ეს არის რიტუალური ცეკვა და ყველა რიტუალურ ცეკვას აქვს თავისი დანიშნულება. საერთოდ, ნატო ჩვენთან, დიდი ხანია, ერთგვარ რელიგიად იქცა. ეკლესიის ლანძღვა შეიძლება, პატრიარქისაც, მაგრამ ნატოზე ცუდის თქმა ერეტიკოსობას ნიშნავს. ამ იდეოლოგიის აპოლოგეტებს რომ შეეძლოთ, ალბათ, ინკვიზიციასაც შემოიღებდნენ და ცეცხლში დაწვავდნენ ადამიანებს, რომლებიც ალიანსზე რამე კრიტიკულს იტყოდნენ…

_ ცეცხლში დაწვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ნატოზე უარყოფითი განცხადებების გაკეთება ავტომატურად რუსეთის აგენტობად აღიქმება. საზოგადოდ, “ისტორიულ არჩევანზეარ უნდა წამოგცდეს ცუდი, _ ასეთია პოლიტიკური მოცემულობა

_ მე ამას დავარქმევდი პოლიტიკურ კომპლექსს, რომელიც საქართველოს თავს მოახვია “ნაციონალურმა მოძრაობამ”. სააკაშვილის პერიოდში დასავლეთს თუ გააკრიტიკებდი, ყველაფრისთვის მზად უნდა ყოფილიყავი _ დაჭერისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, ლიკვიდაციისთვის საუბედუროდ, იმავეს განაგრძობს ახალი ხელისუფლებაც; მართალია, ესენი ფიზიკურად არავის უსწორდებიან, მაგრამ ნატოსა და ევროკავშირს ისევე ეთაყვანებიან, როგორც “ნაცმოძრაობა”. ეს რომ შეცდომაა, უკვე დღესავით ნათელია და ამ შეცდომაზე მათ მოუწევთ პასუხისგება, ოღონდ ხალხთან და არა “ნაციონალებთან”, რომლისაც ასე ძალიან ეშინიათ.

_ 21 მარტსნაცმოძრაობააქციას გეგმავს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. სააკაშვილი, ალბათ, ხვდება, რომ პოლიტიკურად გაკოტრებულია და ვერც არჩევნებში გაიმარჯვებს და ვერც ხელისუფლებას დაამხობს. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს აქცია?

_ აჩრდილები ხომ დადიან კოშკებში? ესენი პოლიტიკური აჩრდილები არიან. წარმოიდგინეთ, ევროპულ რომანებში აღწერილი ძველი სახლები, რომლებშიც ადამიანები შესახლდებიან და აღმოჩნდება, რომ თურმე გამოტენილია რაღაც წარსულის აჩრდილებით. აი, ზუსტად ასეთი აჩრდილების აქცია იქნება 21 მარტს…

რაც შეეხება ხელისუფლებას, მათაც ასე უნდა შეხედონ ამ ყველაფერს და თავი დაანებონ უსაფუძვლო შიშს. ერთადერთი, ვისიც უნდა ეშინოდეთ, ხალხია, მოტყუებული ხალხი, თორემ “ნაცმოძრაობა” ორ წელიწადში გაქრებოდა, თუ მოისურვებდნენ…

_ ისე, 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ ზოგიერთიმეოცნებედარწმუნებით ამბობდა, რომნაცმოძრაობაერთ წელიწადშიმოქკავშირისბედს გაიზიარებდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა

_ როდესაც ვერ აღადგენ სამართლიანობას, ვერ გახსნი მნიშვნელოვან საქმეებს და ვერ დასჯი დამნაშავეებს, როდესაც მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოაცხადებ დანაშაულებრივ პარტიას და შეუქმნი მას სასათფურე პირობებს, რატომ გიკვირს, რომ ის პარტია ძლიერდება?! ასეთი ხელისუფლების პირობებშინაციონალებიკი არა, რატომ არაბები და მონღოლები არ მობრუნდებიან

ხელისუფლება უნდა ყოფილიყო პრინციპული და შეესრულებინა საზოგადოების მთავარი მოთხოვნა _ სამართლიანობის აღდგენა. იმ დროს, როცა გაიძახი, რომ ქვეყანაში არსებობს დანაშაულებრივი პარტია, ამას ალტერნატივა არ ჰქონდა, მაგრამ ხელისუფლებას ამის არც ნება აღმოაჩნდა და არც პოლიტიკური სიმტკიცე. ისე, დანაშაულებრივ პარტიას რაც შეეხება, ეს მათი სისუსტე კი არა, პირიქით _ ძალაა, არაფერი ისე არ კრავთ ადამიანებს, როგორც ერთობლივი დანაშაული და ზუსტად ამ პრინციპით არიან დღესნაციონალებიგაერთიანებული.

_ ისინი რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ?

_ ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხალხს სააკაშვილისკენ მოუბრუნდეს გული და “ნაცმოძრაობამ” არჩევნები მოიგოს. ეს, ალბათ, გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ ამით ვერ დავიმშვიდებთ თავს. ქვეყანა უახლოვდება დამბლას _ პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სოციალურს და ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზეზი _ ხელისუფლება რეალობასაა მოწყვეტილი

_ ამას წინათ ივანიშვილმა რესპუბლიკელები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ირაკლი ალასანიას. ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ამ პარტიის მიმართ ივანიშვილი თავიდანვე განსაკუთრებულ სიმპათიას ამჟღავნებდა. რამ შეაცვლევინა აზრი ყოფილ პრემიერს?

_ მას აქვს პრეტენზია, რომ, როგორც კი შეხედავს ადამიანს, მაშინვე ცნობს, ვინ რას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ვიცით მისი, სულ ცოტა, ათი შეცდომა. მაგალითად: შეეშალა სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი… ის ხომ მათი მხურვალე გულშემატკივარი იყო?! _ თვითონვე აქვს ნათქვამი. ასევე შეეშალა მარგველაშვილიც, ღარიბაშვილიც, ქალაქის მერიც და რა ვიცი, კიდევ რამდენი. ახლა რა ვქნათ? ვიჯდეთ და ველოდოთ, როდის არ შეეშლება?!

მე კი მგონია, რომ კიდევ დიდხანს შეეშლება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here