Home რუბრიკები პოლიტიკა “ნატოშ მიშულა ვარია, წიე, Vous comprenez?!”

“ნატოშ მიშულა ვარია, წიე, Vous comprenez?!”

721

დასავლური ენთუზიაზმის ჰეგემონია ქართულ მედიაში დამთავრდა. ზედიზედ რამდენიმე ცივი შხაპის მიღების შემდეგ თვით ყველაზე პროდასავლური და ნატოს ერთგული ექსპერტებიც კი იძულებულნი შეიქნენ, ფირფიტა გადაებრუნებინათ და, მათივე სიტყვებით, “რეალობისთვის თვალებში ჩაეხედათ”. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურ სპექტრში გაცილებით ჯიუტები აღმოჩნდნენ და ერთნი მმართველ გუნდს საყვედურობენ, მეორენი კი, გასაგები მიზეზის გამო, დამნაშავეებს მედიაში ეძებენ.

რეალობის ქრონოლოგია კი ასეთია: ნატოსა და ევროკავშირის ლიდერების დღემდე საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამების გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს არ უჭერს ნატოს გაფართოებას. მეორე დღეს კი საქართველოსთვის ასევე საეჭვო გახდა მაისში, რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე შეთავაზების მიღებაც.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა უკმაყოფილება ვერ დამალა, მაგრამ, საკუთარ გუნდს რომ ვერაფერი უსაყვედურა, ჟურნალისტებს მიახალა: არ ვიცი, ბერუჩაშვილმა რა თქვა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ჩემი მოლოდინი ასეთი არ არის. მე რიგის სამიტიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდები. გუშინ ჟურნალისტებისგან მოგერინის პრესკონფერენცია ისეთი ვერსიით მოვისმინე, რომ არ გამიკვირდება, ბერუჩაშვილის პრესკონფერენციასაც ამ ვერსიით მთავაზობდეთ. თავად არ მომისმენია, შესაბამისად, რასაც მეუბნებით, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

ხიდაშელს მხედველობაში ევროკომისრების _ იოჰანეს ჰარისა და ფედერიკა მოგერინის პრესკონფერენცია ჰქონდა: “ეს პრესკონფერენცია ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, თვითონ ენახა. თუმცა საქართველოში, როგორც წესი, ჟურნალისტებს ეს ეზარებათ და ურჩევნიათ, ქვეყანაში კრემლის პროპაგანდა გაავრცელონ”.

ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა სიმართლის თქმას კრემლის პროპაგანდას უწოდებენ! მართლაც, ძალიან რთულია ორი ევროკომისრის პრესკონფერენციიდან სხვა აზრი გამოიტანო, გარდა იმისა, რომ მაისში ვიზალიბერალიზაციას არ უნდა ველოდოთ, უკეთეს შემთხვევაში, “პოზიტიურ დინამიკას” შეგვიქებენ, თუმცა მთავარი მარგალიტი წინ გვაქვს _ თინა ხიდაშელი, როგორც ჩანს, ისე გააცეცხლა ოლანდის გამონათქვამმა, რომ მკვახედ განაცხადა: ოლანდმა, _ მსურველებს ნატოზე უარი უნდა ეთქვათო, – სოფელში თავის ამომრჩეველთან ილაპარაკა. ამაზე დაყრდნობით მეუბნებით, ხომ? ნატოს ძალიან ბევრი ქვეყნიდან ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა რომ თქვა, ნატოს გაფართოებას არ ველოდებით უახლოეს მომავალშიო, როგორც ჩანს, ამას ეძახით თქვენ ნატოზე უარს, მე კი ასე არ ვუყურებ და ასე არ ვფიქრობ”.

ვერავინ დამაჯერებს, თითქოს თინა ხიდაშელმა არ იცოდეს, რომ ნატოს წევრი ერთი სახელმწიფოს უარიც კი სრულიად საკმარისია, საქართველო ნატოში არ მიიღონ, რაც შეეხებასაკუთარ ამომრჩეველთან სოფელშიგაკეთებულ განცხადებას, ეს უკვე სრული ნონსენსია: საფრანგეთის პრეზიდეტმა, სადაც უნდა გააკეთოს განცხადება, ეს მაინც საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაა და იგი ერთი სოფლისთვის ნათქვამად არ შეიძლება შეფასდეს!

ცხადია, ეს ყველაფერი იცის თინა ხიდაშელმა, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, ცნობილ ქართულ სენთან გვაქვს საქმე; სააკაშვილსაც ეგონა, რომ აქ, “სოფელშიპუტინს გალანძღავდა და რუსეთში ამის შესახებ ვერ გაიგებდნენ! ასე ეგონათთავისუფალ დემოკრატებსაც”, _ კულუარებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნაზე გაურიგდებოდნენ დასავლეთს და ეს დაიმალებოდა! ვნახოთ, რას ამბობს ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე: “დიახაც, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საქართველოს ნატოში გაწევრება. დიახაც, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ნატო-საქართველოს ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც გაიწვრთნებიან არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები, არამედ ნატოს წევრებიც. რასაკვირველია, ამ ცენტრს ექნება სამხედრო ელემენტი. ეს საკითხი საქართველოსთვის ხვალ და ზეგ უნდა გადაწყდეს”!

იოტისოდენა ეჭვიც არ უჩნდება ყოფილ პირველ დიპლომატს, რა სიკეთე უნდა მოუტანოს საქართველოს ამ “სამხედრო ელემენტმა”, დამატებითი საფრთხის გარდა! თუმცა ამ აღიარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტია: “ეს არ არის მხოლოდთავისუფალი დემოკრატებისაზრი: “პრეზიდენტით დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, ყველა ერთნაირად ფიქრობს და ყველამ ერთნაირად აღიქვა ეს განცხადება. ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ხარ მთავრობის წარმომადგენელი და შენი ქვეყნისა და ხალხის მიზანი ნატოში გაწევრებაა, მაშინ არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადებები (იგულისხმება პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის _ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ დღეს და ხვალ ნატოში არ მიგვიღებენ), როცა იცი, რომ არსებობენ სკეპტიკური ქვეყნები, რომლებიც ამ განცხადებას არგუმენტად გამოიყენებენ; რომ თვითონ საქართველოშიც იციან, ნატოში შესვლა იოლი არ არის და მოთმინებით ელოდება იმ დროს, როდესაც ეს შესაძლებელი გახდებაო. აქ საუბარია, რა განწყობას, რა დამოკიდებულებას გამოხატავ საქართველოსთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნის მიმართ. ეს განცხადება იყო კაპიტულანტური, რუსეთისთვის მაამებლური და საქართველოს დამაზიანებელი”.

ერთი სიტყვით, საფრანგეთის პრეზიდენტიც და ევროკომისრებიც კაპიტულაციას აცხადებენ რუსეთის წინაშე და “მაამებლურ” განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ყურადღება მივაქციოთ ერთ აქცენტს _ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ნატოსა და ევროკავშირში შესვლაარ გვემუქრება”, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ უნდა თქვა, თორემ კრემლის პროპაგანდის იარაღად გამოგაცხადებენ!

ცუდია, როცა სახელმწიფოებრივი აზროვნება სოფლის ორღობეში ჭორაობის დონეზეა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი, როცა საქმე გლეხის დასაცინად გაგიხდება. სოციალურ ქსელში გოგი აბსავამ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

გლეხის ფიქრები

_ რუსულად გითხრეს, ვერ გაიგეთ;

გერმანულად გითხრეს, ვერ გაიგეთ;

ინგლისურად გითხრეს, ვერ გაიგეთ;

ფრანგულად გეუბნებით და ვერ იგებთ

ეტყობა, არ იცით ეს ენები და მეგრულად გეტყვით: “ნატოშ მიშულა

ვარია წიე!”…

ერთი სიტყვით, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ კვლავ უნდა ვიძახოთ, რომ დღეს თუ არა, ხვალ ნატოშიც მიგვიღებენ და ევროკავშირშიც! ამას ოლანდს, ჰარისა და მოგერინის ვერ ათქმევინებენ, მაგრამ ქართულ მედიას პირდაპირ მიუთითებენ, _ როგორც ჩვენ გეტყვით, ისე წერეთ და ილაპარაკეთ ეთერში, თორემ კრემლის პროპაგანდისტებს დაგარქმევთო!

როგორც ჩანს, ეს გამოსდით კიდეც, რადგან ერთერთმა სააგენტომ 25 თებერვალს ევროკავშირის საკითხთა აღიარებული ექსპერტის _ ლევან ბოძაშვილისა და ეკონომიკის ექსპერტის _ ნოდარ კაპანაძის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე დღეში ინტერნეტიდან სასწაულებრივად გაქრა. თუ რატომ, სათაურიდან მიხვდებით _ “საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს სავაჭრო ნაწილის ცალმხრივად შეჩერება უნდა მოსთხოვოს”.

ავტორები მიუთითებენ, რომ არსებულ ფისკალურ კრიზისზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო ნაწილით გამოწვეული ვალდებულებები. კერძოდ, 1 სექტემბრიდან დროებითი გამოყენებით მოქმედებს შეთანხმების ღრმა და ყოველისმომცველი სავაჭრო ნაწილი (1 სექტემბრიდან, რადგან საქართველოს მხრიდან მისი რატიფიცირებიდან მეორე თვის პირველ დღეს უნდა მომხდარიყო ეს, რატიფიცირება კი მოხდა 18 ივლისს), რაც გულისხმობს ევროპიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფის მოხსნას. ეს კი ბიუჯეტისთვის მხოლოდ ავტოტრანსპორტზე შეადგენს წლიურად 10 მილიონ ლარამდე დანაკარგს. ეს მთლიანი დანაკარგის მცირე ნაწილია, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში მხოლოდ ავტოტრანსპორტის იმპორტი არ ხდება. არსებული კრიზისის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა ცდილობს, აიღოს დამატებითი სესხი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სავალუტო ფონდი თუ აზიის განვითარების ბანკი ან სხვა, ის აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში არ ჰქონდეს ისეთი დანაკარგები, რომელთა მიღება შესაძლებელია.

მეც და სხვა ექსპერტებიც ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე ვწერდით, რომ გადაჭარბებული მოლოდინი იქმნება, რადგან საქართველოდან ევროპაში ექსპორტი მიზერულია, ხოლო ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონელი საბაჟო გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდება. ახლა ამაზე უკვე ბოძაშვილი და კაპანაძე წერენ: ევროკავშირიდან იმპორტს მიახლოებითაც კი ვერ აბალანსებს საქართველოდან ექსპორტი, რაც ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ბიუჯეტი განიცდის დანაკარგს, ვინაიდან ვერ იღებს შემოსავალს, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკასაც არანაირი სარგებელი არ აქვს, ვინაიდან ექსპორტის მოცულობა ძალიან მცირეა, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის ორმაგად წამგებიანი მდგომარეობაა. ამდენად, გადაუდებელი და აუცილებელია, საქართველომ ევროკავშირს მოსთხოვოს ევროკავშირის მხრიდან ასოცირების დროებით ამოქმედებაში მყოფი ნაწილის ცალმხრივად, დროებით შეჩერება წლის ბოლომდე, როგორც ეს ევროკავშირმა გააკეთა უკრაინის მიმართ”.

ახლა ხომ გასაგებია, რატომ გაქრა ორი ავტორიტეტული ექსპერტის ეს წერილი ინტერნეტსივრციდან?

ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ დაზეპირებულ საგარეოპოლიტიკურ რიტორიკას ქვეყნის რეალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ეწირება და, რაც მთავარია, ვიღაცას დიდი საშლელი უჭირავს ხელში და ცდილობს, საინფორმაციო სივრცე მისთვის მიუღებელი სიმართლისგან გაათავისუფლოს.

ვულოცავ პოლიტიკოს ქალბატონებს 8 მარტს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტაქტიკა მაინც მამაკაცების მოფიქრებულია, თანაც, არცთუ ჭკვიანი და წინდახედული მამაკაცებისა!

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. შესანიშნავი სტატიაა. საინტერესოა ჩვენი "მედასავლეთეები" კიდევ რამდენი წელი აპირებენ ნატო-ევროკავშირით ხალხის დაბოლებას.23 წელია გვიმტკიცებენ,დღეს-ხვალ შევალთო.საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?მიახლოებითი თარიღი მაინც გვითხრან, ეს "დღეს-ხვალ" როდის დადგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here