Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება გარდაუვალი გახდება

გია ხუხაშვილი: მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება გარდაუვალი გახდება

505

ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. რამ მიგვიყვანა აქამდე, მოჰყვება თუ არა ამ ყველაფერს სოციალური აფეთქება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? _ ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიო” ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

_ ფაქტია, რომ ვითარება ძალიან რთულია და კიდევ უფრო მძიმდება. მმართველ კოალიციაში დაძაბულობაა. ეს გასაგებიც არის, რადგან პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება” თავის დროზე ჩამოყალიბდა არა პოზიტიური ნიშნით, ანუ რაღაცის შესაქმნელად, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ, რაც სწორი იყო ერთჯერადი ამოცანის შესასრულებლად. კოალიციაში თავმოყრილი ადამიანები მაინცდამაინც მაღალი კვალიფიკაციითა და პოლიტიკური გამოცდილებით არ გამოირჩევიან. ეს ყველაფერი კი, ჯამში, გვაძლევს საკმაოდ არასახარბიელო და არასასურველ სურათს.

არათუ კოალიციაში, თვითონ პარტიაქართულ ოცნებაშიცარ არსებობს ერთიანი პოლიტიკური ხედვა, ერთიანი იდეოლოგია. ერთიანი მიზნები მხოლოდ პლაკატურ დონეზეა, რაღაც სოციალდემოკრატიაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თვითონ პროგრამაში ან რაიმე პროგრამულ დოკუმენტში ერთი იდეოლოგია, რომლის ირგვლივაც შეკრებილნი არიან ადამიანები, არ ჩანს. ბოლო ხანს ხომ, საერთოდ, თინეიჯერულ რაღაცებში გადავარდნენ, დაეტყოთ, ასე ვთქვათ, “გაახალგაზრდავება” და რაღაც “რა? სად? როდის?” კლუბებთან დაიწყეს საუბარი, ანუ ახალი სახეების თითო-თითოდ შერჩევა, ეტყობა, ეზარებათ და ცდილობენ, ბითუმად მოიზიდონ სხვადასხვა კლუბიდან. ეს, ჩემი აზრით, ინფანტილური მცდელობებია, დაღვინებული პოლიტიკოსისთვის არადამახასიათებელი ნაბიჯები. უახლოეს პერიოდში კი სიტუაცია არათუ გაუმჯობესდება, არამედ კიდევ უფრო დამძიმდება.

_ სიტუაციის დამძიმებაში რას გულისხმობთ _ სოციალურ აფეთქებას? თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება?

_ ის, რაც ლარის მიმართ ხდება, გლობალური პროცესის ნაწილია და კუდიანებზე ნადირობა კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ უნდა ვიკითხოთ, რა ღონისძიებებს ატარებს ხელისუფლება იმისთვის, რომ შეარბილოს ლარის დევალვაციის უარყოფითი შედეგები. აი, ამ მხრივ აჯაფსანდალი გვაქვს. არ არსებობს ერთიანი ხედვა. ერთ დღეს გამოვლენ და იტყვიან, პრივატიზაციით მოვაგვარებთ ამ საკითხსო და რაღაც სასაცილო ობიექტებს აცხადებენ გასაყიდად, რაც საკმარისი არ არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად; მეორე დღეს გამოვლენ და დაიძახებენ, ქამრების შემოჭერას ვაპირებთო, ორიოდე წუთში კი გამოაცხადებენ _ ეს ხელფასებისა და შტატების შემცირებას არ შეეხებაო… იმას არ შეეხება, ამას არ შეეხება და ვეღარ გავიგე, აბა, რას შეეხება! როგორც ჩანს, ხელისუფლებას გააზრებული არ აქვს, რა მდგომარეობაშია და რა სისტემური, მასშტაბური ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ მდგომარეობიდან უცნაური განცხადებებით ვერ გამოვლენ. ვიმეორებ, აშკარად არ აქვთ გაცნობიერებული, რა პრობლემის წინაშე დგანან და არც ხედვა აქვთ, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლისა და 6 თვის შემდეგ რომ იწყება საუბარი, თურმე ეროვნული ბანკის მმართველი “ნაციონალური მოძრაობის” დანიშნული ყოფილაო, ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ქადაგიძე “ნაციონალების” კადრი რომ იყო, თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ აქ საინტერესოა, რატომ არის ის დღესაც ეროვნული ბანკის მმართველი. ის, რომ ხელისუფლებას ქადაგიძის გადასაყენებლად ინსტრუმენტი არ ჰქონდა, დამაჯერებელი არგუმენტი არ არის. “ოცნებას” ბევრი ინსტრუმენტი ჰქონდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან ქადაგიძის გადასაყენებლად. ვიცი რამდენიმე ბანკთან დაკავშირებული საქმეები, რომლებშიც ქადაგიძის ძალიან საეჭვო ქმედებები იკვეთება, მაგრამ სარჩელიც არის შეტანილი. და ახლა იმის გამოცხადება, რომ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” კადრია და თურმე საბოტაჟს ეწეოდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დაგვიანებული განცხადებაა.

_ სახელმწიფო სტრუქტურები სავსეანაციონალებით”, არ უნდა დაიწყოს წმენდა, თუ საბოტაჟს ეწევიან?! გაუგებარია, რა დამსახურებისთვის ინარჩუნებენ ამ ადამიანებს

_ ამ კითხვაზე, სამწუხაროდ, პასუხი არ მაქვს. ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც ძალიან ძნელია იმის თქმა, სად არის “ნაციონალური მოძრაობა” და სად _ “ქართული ოცნება”, რადგან მათი გამიჯვნა უკვე ძალიან ჭირს… წმენდა ახსენეთ, და ვფიქრობ, ამ გაზაფხულზე მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება გარდაუვალი გახდება, მოვლენებს აქეთ მივყავართ. თუ გაჯიუტდება ხელისუფლება, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ პრობლემაში გადაიზრდება. დიახ, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას და რაღაც ახალი იდეები, ახალი სისხლი წამოვიდეს, რათა ეფექტიანობის მხრივ წინ წავიწიოთ.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. სულ მაინტერესებდა რატომ არ დაიჭირეს ქადაგიძე,იმაზე ხომ არაა ლაპარაკი სამსახურს რომ შეინარჩუნებდა.მართლაც ძალიან საინტერესოა,რატომ არ სვამს ამ კითხვას ჩვენი ე.წ.ოპოზიცია,მართლა რაშია საქმე?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here