Home რუბრიკები სამართალი “ვიდრე ვაზაგაშვილივით არ დაგვხოცავენ, ყურადღება არ უნდა მოგვაქციონ?!”

“ვიდრე ვაზაგაშვილივით არ დაგვხოცავენ, ყურადღება არ უნდა მოგვაქციონ?!”

712

საქართველოს ხელისუფლება გახმაურებული საქმეების გამოძიებითაა დაკავებული, მაგრამ ბევრი საქმე კვლავ უყურადღებოდაა დარჩენილი. 36 წლის მამუკა მიქაუტაძე 2013 წლის 5 ივლისს, დღის ორ საათზე, დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, იგი ნარკოტიკული საშუალება _ მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმედ დაიკითხა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა მამუკა მიქაუტაძემ მეუღლესა და მეგობრებს უამბო, იგი პოლიციაში სცემეს, აწამეს და მეგობრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს. მეორე დღეს კი მამუკა მიქაუტაძის გვამი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იპოვეს _ ხეზე ჩამომხრჩვალი. პოლიციამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა, თუმცა, ოჯახისა და მეგობრების ჩვენებების მიუხედავად, იმის დადასტურება, რომ მიქაუტაძის მიმართ პოლიციის თანამშრომლებმა ძალა გამოიყენეს, ვერ მოხერხდა. 2013 წლის ივლისში საქმეში სერიოზულ დარღვევებზე საუბრობდა საქართველოს სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საქმის დეტალებისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ “საქართველო და მსოფლიო” მამუკა მიქაუტაძის ოჯახის წევრებს ესაუბრა.

ზიზი ეძგვერაძე, გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის მეუღლე:

_ პოლიციიდან შინ დაბრუნებულ მამუკას ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ვხედავდი, რომ ძალიან დათრგუნვილი იყო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ თავისი მეგობრებისთვის უთქვამს, მცემეს, მაწამეს და შემდეგ გამზადებულ ჩვენებაზე ხელი მომაწერინესო. ჩვენება წინასწარ რომ იყო გამზადებული, ფაქტია. მაგალითად, ჩვენების მიხედვით, ჩემმა მეუღლემ “აღიარა”, რომ 10 დღით ადრე მარიხუანას მოიხმარდა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, ორგანიზმში ნარკოტიკის კვალი არ აღმოაჩნდა. ასევე, გაუგებარია, რატომ არ დაიკითხა საქმის ყველა ფიგურანტი, ვგულისხმობ ორ ქალბატონს, რომლებიც მისი დაკავების პროცესს პირადად ესწრებოდნენ.

_ როგორც ვიცი, მეუღლეს გარდაცვალებამდე ესაუბრეთ

_ დიახ, იმ დღეს რამდენჯერმე დავუკავშირდით ერთმანეთს. როგორც მეგობრებს პირად საუბარში უთხრა, იმ დღესაც დაბარებული იყო პოლიციაში, ჩემთან ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას მითხრა, თბილისის ზღვაზე ვარ, ვიბანავებ და სახლში მალე მოვალო. მეორედ რომ დავრეკე, ტელეფონი ბავშვმა აიღო და ამიხსნა, რომ მამუკა ზღვაზე გაიცნო და ტელეფონი დაუტოვა, თვითონ კი მაღაზიაში წავიდა. ამ ბავშვის ჩვენებებშიც არის გაუგებრობები, იმ დღეს ჩემს მეუღლეს თეთრი მაისური ეცვა, ბავშვი კი ამბობს, რომ მუქი ფერის მაისურიანი მამაკაცი იყო მასთან ერთად თბილისის ზღვაზე.

_ როგორც ცნობილია, დაიკითხა პოლიციის 8 თანამშრომელი, რომლებიც თქვენი მეუღლის დაკითხვაში მონაწილეობდნენ.

_ დიახ, დაჰკითხეს, მაგრამ რომელი იტყვის, რომ მამუკას მიმართ ზეწოლას ჰქონდა ადგილი? ეს ხომ აღიარებითი ჩვენებაა. მამუკა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავების ადგილზე. გაურკვეველია, რა მიზნით. ადვოკატს არ მისცეს მასთან შეხვედრის საშუალება _ ოთხი საათის განმავლობაში გარეთ ელოდებოდა ორდერით ხელში. სწორედ ამ მომენტში ახდენდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას.

როდესაც ავედი თბილისის ზღვაზე ჩემი მეუღლის მოსაძებნად, დავრეკე 112-ში. იქიდან კი მიპასუხეს: “მანდ ხართ და მოძებნეთ!”. თავის დროზე რომ მომხდარიყო რეაგირება და პატრულს საათნახევარი ოქმის წერაში კი არა, ძებნაში გაეტარებინა, იქნებ გადაერჩინათ ჩემი მეუღლე. პრობლემა არის ის, რომ საქმე თავიდანვე გადასცეს გენერალურ ინსპექციას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სამართალდამცველების უდანაშაულო პირებად წარმოსაჩენად. კვალი თავიდანვე სპეციალურად არიეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ “დაადგინეს”, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა… ყველამ ნახა მამუკას ცხვირზე ნაჭდევი, რომელიც, კერძო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, სიცოცხლეშია მიყენებული, თუმცა ოფიციალურ დასკვნაში მასზე არაფერი წერია. არადა, ჩემი მეუღლე მეგობრებს ეუბნებოდა, პოლიციელებმა იატაკზე დამაგდეს და ცხვირზე ფეხს მაჭერდნენო… პოლიციამ არც გზაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოითხოვა, რომ გარკვეულიყო იმ მომენტში კიდევ ვინმე სხვა ხომ არ ავიდა თბილისის ზღვის იმ ტერიტორიაზე. არც ერთი თითის ანაბეჭდი არ აუღიათ, არც თოკიდან, არც იქვე დაგდებული არყის ბოთლიდან… მე, უბრალოდ, ვითხოვ იმის დადასტურებას, რაც მართლა მოხდა. ვიცი, რომ ჩემს მეუღლეზე ზემოქმედებდნენ, რის გამოც ასეთი ტრაგედია დატრიალდა…

გუგული უგულავა, გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის დედა:

_ ჩემი შვილი ზურაბ მეგრელიშვილმა წაიყვანა და დაჰკითხა. ვფიქრობ, მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ოჯახის ტრაგედიაში. როცა მეგრელიშვილი სამმართველოში ვნახე, რომ დამინახა, სად შემძვრალიყო, არ იცოდა. სახეზე შეეტყო, რომ დამნაშავეა… ახლა ბევრს საუბრობენ “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ კადრებზე ძალოვან სტრუქტურებში, იქნებ ჩემი შვილის საქმეც ამასთანაა დაკავშირებული. მამუკა და მისი მეუღლე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ. მაშინაც ვეუბნებოდი, რომ კოალიციის დროშებით სიარული კარგს არაფერს მოუტანდა. როდესაც ჩემი შვილი გარდაიცვალა ირაკლი ღარიბაშვილი _ შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისის სამმართველოს უფროსი იყო. იმხანად ღარიბაშვილმა თქვა, რომ მამუკა მიქაუტაძის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა, რადგანაც ამ საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირის ღირსების საქმეაო. ამის შემდეგ კი გამოძიება ადგილიდან არ იძვრის. მამუკას დაზიანებებზე დღემდე ოფიციალურად არსად საუბრობენ, არადა, ოჯახის წევრებმა ხომ ვნახეთ სისხლჩაქცევები. მოვითხოვე, შეემოწმებინათ საბუთები და ენახათ, იყო თუ არა ჩემი შვილი გარდაცვალების დღეს განმეორებით დაკითხვაზე მისული პოლიციაში, მაგრამ დღემდე პასუხი არ არის. ვთვლი, რომ ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი ჩამოკიდეს ხეზე და შემდეგ სპეციალურად არ აიღეს ანაბეჭდები. პირველ რიგში, მთავრობას ვადანაშაულებ, შს მინისტრი ღარიბაშვილი იყო, გენერალური ინსპექციის უფროსი კი _ ზვიად ჯანყარაშვილი. ნათესავებმა ჩაიბარეს ამ საქმის გამოძიება და ვხედავთ, როგორც გამოიძიეს.

იმ მძიმე დღეებში ბატონი დავით უსუფაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ხელთ აქვს მამუკას წერილი, რომლითაც ყველაფერი გაირკვევა. იმის შემდეგ წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა, ვითხოვ უსუფაშვილთან შეხვედრას, მაგრამ ამაოდ. ასევე ვითხოვდი შეხვედრას აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან. როდესაც მეორედ დავრეკე შეერთებული შტატების საელჩოში, მიპასუხეს, რომ ბატონ ნორლანდს ჩემნაირ ხალხთან შესახვედრად არ სცალია. როდესაც იური ვაზაგაშვილი დაიღუპა, ნორლანდმა განაცხადა, რომ ვაზაგაშვილმა მისი შვილის საქმის დასკვნის გამო რამდენჯერმე მიმართა საელჩოს. ამის შემდეგ იმედი გამიჩნდა, რომ საელჩო დამელაპარაკებოდა, მაგრამ უარი მივიღე.

ვიდრე ვაზაგაშვილივით არ დაგვხოცავენ, ყურადღება არ უნდა მოგვაქციონ?!

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

P.S. მამუკა მიქაუტაძის ოჯახის წევრები მივმართავთ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მოვითხოვთ მკვლელების გამოაშკარავებას! მოვითხოვთ საქმის სასწრაფოდ და ხარისხიანად გამოძიებას, რათა დადგინდეს, რომ მასზე ზემოქმედებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი”, _ განაცხადეს გუგული უგულავამ და ზიზი ეძგვერაძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here