Home რუბრიკები საზოგადოება ღვაწლმოსილი მეცნიერი

ღვაწლმოსილი მეცნიერი

1131

80 წელი შეუსრულდა გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ქართველ აგრარიკოს მეცნიერთა ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, პროფესორ ვალერიან ცანავას, რომელმაც მეტად შინაარსიანი და საინტერესო ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა განვლო.

აკადემიკოს ვალერიან ცანავაზე საუბარი ძნელიც არის და იოლიც. ძნელია იმიტომ, რომ დარგი, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, არის მეტად რთული და შრომატევადი. ძნელია, რადგან  ღრმად ერუდირებული და პროფესიონალი უნდა იყო, რომ სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო კვლევით მუშაობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი სრულყოფილად და დროულად გადაწყვიტო; იოლია იმიტომ, რომ იგი უშუალო, თბილი და იუმორით დაჯილდოებული ადამიანია, რომელიც ყველას, რანგის მიუხედავად, სიყვარულით ეპყრობა. ის გახლავთ უაღრესად კეთილშობილი და კეთილმოსურნე, ძალზე თავმდაბალი და უაღრესად პრინციპული, თავისი ქვეყნისა და ხალხის მოსიყვარულე, საუცხო მეგობარი და მოქალაქე.

ვალერიან ცანავა დაიბადა 1935 წლის 23 თებერვალს ქალაქ სოხუმში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის – პეტრე ცანავას ოჯახში. 1953 წელს დაამთავრა სოხუმის #1 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1958 წელს დაასრულა აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი სამუშაოდ გაიგზავნა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ანასეული). 1961-1964 წლებში გაიარა ასპირანტურის სრული კურსი სასუქებისა და ინსექტო-ფუნგიციდების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) დოლგოპრუდის საცდელ სადგურში პროფესორ ფიოდორ ტურჩინის ხელმძღვანელობით. 1966 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, შემდეგ კი დაუბრუნდა მშობლიურ ინსტიტუტს და იმავე წელს არჩეულ იქნა უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე აგროქიმიის განყოფილებაში. 1972-1988 წლებში ბატონი ვალერიანი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში. 1988 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე “ჩაის მცენარის აზოტოვანი კვების აგროქიმიური საფუძვლები”. 1988-1995 წლებში პროფ. ვალერიან ცანავა ორი ინსტიტუტის გაერთიანების ბაზაზე შექმნილი ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და  ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის პირველი მოადგილეა, ხოლო 1995 წლიდან 2006 წლამდე _ ამავე სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი; 2006 წლიდან კი _ გაერთიანების აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა.

1992 წლიდან პროფესორი ვალერიან ცანავა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია, ხოლო 1995 წლიდან _ აკადემიის ნამდვილი წევრი.

ვალერიან ცანავას ღრმა ერუდიცია ბუნებრივად არის შერწყმული მის მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებასთან. მისი აქტიური ბუნება მუდამ სიკეთის საკეთებლადაა მომართული. ინტელიგენტობას თან სდევს სამაგალითო პრინციპულობა. იგი მეცნიერებით ცხოვრობს და აზროვნება დაკავებულია საკვლევი პრობლემებით. მის მიერ ჩატარებული მრავაწლიანი კვლევების ძირითადი მიმართულებებია:

*აზოტის მეტაბოლიზმის პროცესის შესწავლა, ჩაის მცენარესა და ციტრუსოვან კულტურებში სტაბილური იზოტოპ 15N-ის გამოყენებით;

*აზოტოვანი სასუქების გავლენა სუბტროპიკული ნიადაგების გროქიმიურ   მაჩვენებლებსა და აქტივობაზე;

*აზოტის ბალანსის შესწავლა ჩაისა და ციტრუსოვანთა კულტურების მოვლამოყვანის აგროცენოზში.

ვალერიან ცანავას მიერ ჩატარებულ კვლევებში ფართოდ არის გამოყენებული ინსტიტუტის მრავალწლიანი სტაციონალური ცდები, როგორც საბაზისო კვლევის ობიექტი წითელმიწა ნიადაგებში აზოტის ფრაქციული შესწავლისათვის. ამ კვლევებით მეცნიერულად დასაბუთებულია აზოტის ცვლილებები წითელმიწა აზოტოვანი სასუქების ფორმებისა და ნორმების ხანგრძლივი გამოყენების ფონზე, ასევე, სასუქების გავლენა პლანტაციის პროდუქტიულობასა და ჩაის მზა პროდუქციის ხარისხზე. დადგენილია, რომ წითელმიწებისა და სუბტროპიკული გაეწერებული ნიადაგის პირობებში ჩაის პლანტაციებიდან მაქსიმალური მოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი პირობა ფოსფოროვანი სასუქების გამოყენებაა, მათი ფორმების, ვადებისა და პერიოდულობის გათვალისწინებით. დადგენილია, აგრეთვე, კალიუმიანი სასუქების გამოყენების ეფექტიანობა, აზოტისა და ფოსფორის ხანგრძლივად გამოყენება ასაკოვან პლანტაციებში. მნიშვნელოვანია მონაცემები ჩაის მცენარის ვეგეტაციის პერიოდში ცილოვანი და თავისუფალი ამინომჟავების ცვლილებები აზოტით უზრუნველყოფისა და დოზებისგან დამოკიდებულებით. შესწავლილია აზოტის გაზრდილი დოზების (400-500 კგ/ჰა) უარყოფითი გავლენა თავისუფალი ამინომჟავების, განსაკუთებით კი _ შეუცვლელი ამინომჟვების შემცველობაზე და ჩაის მზა პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. მრავალწლიანი და მრავალმხრივი  კვლევების შედეგები ასახულია ჩაისა და ციტრუსოვნების მოვლა-მოყვანის პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და აგროწესებში. კერძოდ, აზოტოვანი სასუქების შედარებითი შეფასება ნიადაგში და მისი შესატანი დოზები და ფორმები.

მეცნიერ-ორგანიზატორი თავის კვლევა-ძიებათა შედეგებს სისტემატიურად აქვეყნებს სამეცნიერო ჟურნალებში და უკვე 180 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთაგან რამდენიმე მონოგრაფიაა. ლაბორატორიაში, მეცნიერული კვლევის შედეგად დაგროვილი ინფორმაცია დღესაც ყალიბდება რეკომენდაციებად, მეცნიერულ განზოგადებად. მის ნაშრომებს იყენებენ და მოხსენებებს ისმენენ მსოფლიოს ჩაის მწარმოებელ ქვეყნებში. აკადემიკოს ვალერიან ცანავას  სტატიები გამოირჩევა თეორიული და პრაქტიკული საკითხების ღრმა ანალიზით, რამაც ხელი შეუწყო სუბტროპიკულ კულტურებში სამეცნიერო სიახლეების დანერგვას.

აკადემიკოს ვალერიან ცანავას კარგად იცნობენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. იგი არა ერთხელ იმყოფებოდა სამცნიერო მივლინებაშივიეტნამში, ლაოსში, კუბაში, ინდოეთში, ჩინეთსა და რუსეთში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მოვლამოყვანის მეცნიერული მიღწევების გაზიარების მიზნით. დიდია მისი წვლილი სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში. იგი ყოველთვის მზრუნველობას იჩენდა ახალგაზრდა მეცნიერების მიმართ. წლების განმავლობაში  იყო სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 20 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

სწორედ ვალერიან ცანავას მსგავსი საქმის ერთგული, პირველ რიგში, საკუთარი თავისადმი მაღალი მომთხოვნელობით, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე მოვალეობის გამძაფრებული გრძნობით გამორჩეული პიროვნებები განსაზღვრავენ პროგრესს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. იგი ამშვენებს იმ ქართველ მეცნიერთა რიგებს, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა  სოფლის მეურნეობაში, რომელთა სახელიც ასოცირდება კონკრეტულ დარგთან _ სუბტროპიკულ კულტურებთან, მის განვითარებასთან ჩვენს ქვეყანაში. ის არის ჭეშმარიტი მამულიშვილი, რომელიც თავისი ცხოვრების წესით სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით _ ახალგაზრდა თაობისათვის. საოცრად ლამაზი, დახვეწილი, თავაზიანი, იმორით სავსე, მუდამ შემართული, სპორტულ ფორმაში მყოფი, ყოველთვის კოხტად ჩაცმული და აკურატული საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. მასთან ყოველი შეხვედრა, საუბარი ურთიერთობის ნამდვილი ზეიმია.

ვალერიან ცანავას მოღვაწეობის გზაზე იყო გაუთვალისწინებელი პრობლემები, მაგრამ ყოველთვის დაუძლევია წინააღმდეგობები. ის ისეთი პიროვნებაა, რომელსაც ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში შეუძლია თავისი ღირსების დაცვა და წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ისე, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალებს სჩვევიათ. წლებსა და რთულ ცხოვრებას ოდნავადაც არ შეუცვლია ბატონი ვალერიანი, იგი დარჩა ერთგულ, უღალატო და ყურადღებიან მეგობრად.

ცხოვრებისადმი ფილოსოფიურად განწყობილ აკადემიკოს ვალერიან ცანავას მუდამ ახასიათებდა და ახასიათებს საგნისა და მოვლენების არსში წვდომა, ანალიზი და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. მართალია, მტკიცე და პრინციპულია თავის პოზიციაში და სიმართლე მისთვის უზენაესი კატეგორიაა, მაგრამ ურთიერთობაში საოცარ გულისხმიერებას იჩენს და კეთილშობილებით გამოირჩევა.

რთულია, ჩამოთვალო ყველა ის ღირსება, რომლებმაც განაპირობა ბატონ ვალერიან ცანავასადმი ესოდენ დიდი სიყვარული და პატივისცემა საზოგადოებაში. ასეთი აღიარების უკან არის დაუღალავი შრომა. სიძნელეები დაიძლევა, დაბრკოლებები გადაილახება, დარჩება მხოლოდ ის მადლი, რაც დიდი სიყვარულით უკეთებია მას ცხოვრებაში. მის მიერ განვლილი გზა _ ეს არის ღირსეული, სამაგალითო ადამიანის ცხოვრების გზა. თითოეულ ჩვენგანს ჯერ კიდევ ძალიან სჭირდება მისი დიდი გამოცდილება და მეცნიერული ალღო. იმედია, აკადემიკოს ვალერიან ცანავას მოღვაწეობა, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის, კიდევ დიდხანს გაგრძელდება ეროვნული მეცნიერების სასარგებლოდ.

საქართველოს აგროკომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზატორული საქმიანობისთვის აკადემიკოსი ვალერიან ცანავა დაჯილდოებულია მრავალი ორდენით, მედლითა და სიგელით, საბჭოთა კავშირის პერიოდში _ შრომის წითელი დროშით, თავისუფალ საქართველოში _ ღირსების ორდენებით.

არიან ადამიანები, რომლებსაც ისტორიული ძვრები არ მოუხდენიათ, დაფნის გვირგვინი და დიდების შარავანდედი არ დაუმსახურებიათ, მაგრამ თავდადებული შრომით სახელმწიფოს შენების საქმეში საკუთარი წვლილი შეუტანიათ. სწორედ ასეთია ბატონი ვალერიანი, კაცი, რომელიც თავისი ხელწერითა და ცხოვრების წესით მაგალითს უჩვენებს თავის დიდ სამეგობროს, კოლეგებსა და ქართველ საზოგადოებას. მოუსვენარი ბუნება ავსებს მას ახაგაზრდული ჟინითა და შემართებით. მოყვასის სიყვარულის გამორჩეული უნარი ანდამატივით იზიდავს სხვადასხვა თაობის ადამიანებს, რომლებიც მასთან ურთიერთობასა და მეგობრობას ეშურვებიან.

 ასე გასულა 80 წელი. წლები სიმდიდრედ გადასულან, ამიტომაც დარჩა იგი ბოლომდე კაცად ამ ქვეყანაში და ბოლომდე ატარებს ამ მძიმე ჯვარს. თავისი ქვეყნის ჭირ-ვარამის მონაწილისათვის საკმაოდ დიდი ტვირთია სახვალიოდაც ასაწევი, ამიტომაც უნდა შევეხიდოთ _ ერთი კაცისთვის იგი საკმაოდ მძიმეა.

ბატონი ვალერიანის ორგანიზატორულმა ნიჭმა, ერთი მხრივ, თანამშრომელთა მიმართ საშემსრულებლო დისციპლინის მკაცრმა მოთხოვნამ, მეორე მხრივ, თანადგომის საოცარმა უნარმა განაპირობა დღევანდელ რთულ პირობებში ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ თემურ რევიშვილთან ერთად შეენარჩუნებინა თანამშრომელთა ძირითადი ბირთვი, რომელიც განაგრძობს შრომას სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის კვლევის საკითხების შესასწავლად და გასაუმჯობესებლად.

სამწუხაროდ, წინამდებარე წერილის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო ვრცლად გვესაუბრა ამ მართლაც მრავალმხრივ განათლებულ, ერუდიერებულ პიროვნებაზე. თუმცა, ვფიქრობთ, ძირითადის თქმა მაინც შევძელით.

სულითა და გულით ვულოცავთ აკადემიკოს ვალერიან ცანავას იუბილეს და ერთი წამითაც არ გვეპარება ეჭვი, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც 80 წელი მხოლოდ იმ გამოცდილების საზომია, რომელიც ახალი მეცნიერული წარმატებებისთვისაა საჭირო. გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, მხნეობას და ულევ სიხარულს თქვენი შვილის – პეტრეს და ძმის – ალიკას ოჯახებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად!

თამაზ ცანავა,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიისა

და აფხაზეთის / მეცნიერებათა

აკადემიის წევრი

გენო თოდუა,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here