Home რუბრიკები საზოგადოება ქართველებო, გამოვფხიზლდეთ!

ქართველებო, გამოვფხიზლდეთ!

1296

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, პროფესორმა იოსებ ბაჩიაშვილმა 2014 წელს გამოსცა წიგნი: “ერი და დრო” (ანუ გვიყვარს თუ არა ქართველებს საქართველო). 

ვისაც აინტერესებს საქართველოს ბედიღბალი, მისი დღევანდელი მდგომარეობა, საით მიდის ქვეყანა და რა უნდა გაკეთდეს მისი ბედნიერი მომავლისთვის, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს. ყველა ქართველს, განსაკუთრებით _ საქართველოს მთავრობის წევრებს, ქალაქის მერებსა და რაიონის გამგებლებს ვურჩევ და ვთხოვ, აუცილებლად წაიკითხონ ზემოაღნიშნული წიგნი. ჩემი მიზანი არ არის, ამ წიგნის ღირსება შევაფასო. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თავი ვალდებულად ჩავთვალე, გამოვთქვა ჩემი თვალსაზრისი დღევანდელი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე. ბატონ იოსებ ბაჩიაშვილთან შეთანხმებითქვემოთ მოყვანილი ზოგიერთი ციფრობრივი მონაცემი და მოსაზრება ამოღებულია მისი ნაშრომიდანჟურნალისტი არ ვარ, ამიტომ, თუ ჩემს წერილში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები მხატვრულად გამართული არ იქნება და თუ არ მოგეწონებათ, შემინდეთ.

ქართველებს გვაქვს სიმღერა, რომელიც ასე იწყება: “ქეიფს ვიწყებ დილიდან, ვიქირავებ დილიჟანს…”. დილიდანვე ქეიფი კი არა, მუშაობა უნდა დავიწყოთ და საათიან სადღეგრძელოებს შევეშვათ. ასევე გვაქვს სიმღერა: “არასოდეს მიცხოვრია გლეხურად, კაცი მერქვა, თავზე ქუდი მეხურა”. ჩვენ გლეხს პატივს არ ვცემთ, არ ვუქმნით პირობებს, არ ვეხმარებით, რომ შექმნას მაღალხარისხიანი და დიდი რაოდენობის პროდუქტი, არ ვაფასებთ და არ ვუვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს და ვანიავებთ. ჰოლანდიელი ფერმერი 182 ადამიანს კვებავს, ხოლო ჩვენი გლეხი (ფერმერი) ძლივს არჩენს თავის ოჯახს. ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში ძროხები 6-ჯერ მეტს იწველიან, ვიდრე საქართველოში; ჰოლანდიაში სიმინდის მოსავალს 8-10 ტონას იღებენ, ჩვენთან _ 3-5 ტონას, იქ ხორბლის მოსავალს 4-6 ტონას იწევენ, ჩვენთან _ 1-2 ტონას. ჰოლანდია ტერიტორიით საქართველოზე პატარა ქვეყანაა, მოსახლეობით _ მეტი. ზღვა ზამთარში იყინება, მაგრამ იმდენ თევზს იჭერენ, რომ ბევრ ქვეყანაში გააქვთ გასაყიდად; ეს ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო გემთმშენებელია. ჩვენ უკეთესი კლიმატური პირობები გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს რამდენადმე მაინც განვითარებული თევზჭერის ინდუსტრია. ჩვენს ისტორიულად საზღვაო ქვეყანას ერთი ნავიც კი არ გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა პრიოდში შექმნილ რამდენიმე ეგზემპლარს. ერთი ჰოლანდიელი წელიწადში უშვებს 179 227 ევროს ღირებულების პროდუქციას, ხოლო ქართველი იმავე პერიოდში _ 1103 ევროს ღირებულების პროდუქციას, ანუ ერთი ჰოლანდიელი უდრის 162 ქართველს. ვაღიაროთ, რომ შეურაცხმყოფელი ციფრებია.

იოსებ ბაჩიაშვილი თავის წიგნში ასევე აღნიშნავს: “უკვე 23 წელია, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ისევ იმ სიდუხჭირესა და უბედურებაში ვიმყოფებით, რომლითაც ჩვენი დამოუკიდებლობა დაიწყო. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია სულიერად, მატერიალურად და პოლიტიკურად სრულიად განადგურებული ქვეყანა იყო, 23 წლის შემდეგ, ანუ 1968 წელს კი მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ იქცა. იგივე შეიძლება ითქვას იაპონიაზე. 1945 წლის შემოდგომაზე ატომური ბომბებით განადგურებული და მორალურად დაცემული იაპონია, 23 წლის შემდეგ, ანუ 1968 წელს უკვე ინდუსტრიულად მაღალგანვითარებული ქვეყანა იყო. დღესაც კი ამ ქვეყანას პერმანენტულად თავს ატყდება უძლიერესი სტიქიური უბედურებები, მაგრამ ნახეთ, როგორ უმკლავდება ეს ერი ყველაფერს და ბევრი მონაცემით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ისრაელი მუდმივად არის ჩართული ომში. მისი ტერიტორია სამჯერ ნაკლებია საქართველოზე. მოსახლეობა კი ორჯერ მეტია, კლიმატი და ბუნებრივი პირობები _ უარესი, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად ამისა, ყვავის ისრაელი. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტი არის 37 035 აშშ დოლარი, საქართველოში _ 5 200 დოლარი და ამ მონაცემით მსოფლიოში 119 ადგილზე ვართ. ისრაელში მეცნიერებაზე იხარჯება მშპ-ის 4.4%, რომელიც 2-ჯერ მეტია აშშ-ის შესაბამის ხარჯზე, 40-ჯერ მეტი საქრთველოს შესაბამის ხარჯზე, ამიტომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს. მთლიანი შიგა პროდუქტის ერთ სულზე მსყიდველობითი უნარის მიხედვით _ 5200 აშშ დოლარი _ საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: უკრაინა _ 6700 აშშ დოლარი: სერბეთი _ 10 900 აშშ დოლარი; მაკედონია _ 9700 აშშ დოლარი; აზერბაიჯანი _ 10200 აშშ დოლარი; საქართველო ჩამორჩება სომხეთსაც (5400 აშშ დოლარი), რომელიც გეოგრაფიული მდებარეობით, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით უარეს მდგომარეობაშია. საქართველოში 1987-1989 წლებში ყოველწლიურად იწარმოებოდა 36 მილიარდი ამერიკული დოლარის პროდუქცია (დღევანდელი კურსის შესაბამისად). 2013 წელს ვაწარმოეთ ერთი მილიარდი ამერიკული დოლარის პროდუქცია. საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე ვაწარმოებთ 18 კგ მარცვლეულს, მოვიხმართ _ 128კგ-ს; ხორცს ვაწარმოებთ 9კგ-ს, მოვიხმართ _ 26კგ-ს.

უამრავი ამგვარი მაგალითის მოყვანა შეიძლება. რატომ მათ არ დასჭირდათ ფეხზე დასადგომად “დიდი ხანი”? რატომ ვერაფერი შევძელით კინკლაობის, ომების, მექრთამეობის, დატაცებისა და ყაჩაღობის გარდა? რატომ არის ჩემი თანამემამულე ღატაკი, შეურაცხყოფილი და გაბითურებული? რატომ ვერ ვხედავ ჩემს სამშობლოში მომღიმარ სახეებს? რატომ ტყუის ყველა მთავრობა? რატომ მიდის ქართველი ქალი და კაცი სხვა ქვეყანაში შავ მუშად? და სხვა ბევრი რატომ, რატომ და რატომ?”

რატომ ამბობენ, ის დრო ჯობდაო, როცა ქართველი ქალები დატყვევებული მიყავდათ სპარსეთში (ირანში). არ ვიყვიროთ? არ გავგიჟდეთ? თუ ვიმღეროთ: “არასოდეს მიცხოვრია გლეხურად, კაცი ვიყავ, თავზე ქუდი მეხურა”, “ქეიფს ვიწყებ დილიდან, ვიქირავებ დილიჟანს”… ვაქოთ მთავრობა, სამშობლო და ქართველი ვაჟკაცები (ჯიპით რომ მისეირნობს რუსთაველზე და “მალბოროს” ცარიელ ყუთს რომ ისვრის ან, ჩემი დედის მტყ…ი ვიყოო, რომ იძახის, ან ქალიშვილი რომ ამბობს, მამაჩემის ბოზი ვიყოო) და ერთსაათიანი სადღეგრძელოები შევსვათ?!

საქართველოში 4700 სოფლიდან 700-ზე მეტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ყველაზე დიდი სოფელი საქართველოში იყო ქართველებით დასახლებული მარტყოფი, ახლა ყველაზე დიდი სოფლებია კაბალი (ლაგოდეხში) და იორმუღანლო (საგარეჯოში), აზერბაიჯანელებით დასახლებული. რამდენიმე წლის წინათ საქართველოში პირველ ოცეულში იყო მხოლოდ ქართული გვარები. დღეს პირველ ადგილზეა ბერიძე (12419), მეორეზე _ მამედოვი (12185), მესამეზე _ კაპანაძე (8566), მეოთხეზე _ალიევი (7936)… მეთვრამეტეზე _ ბაირამოვი (4265).

ხშირად მოისმენთ, _ გავყიდოთ მიწა უცხოელებზე, თან ხომ არ წაიღებენო. მე-19 საუკუნეში ვაჩნაძეების ოჯახმა ლაგოდეხში სამი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოასახლა საქონლის მოსამწყემსად. დღეს ეს სამი ოჯახი 46 000 მცხოვრებად იქცა და სოფელი კაბალი ყველაზე დიდია საქართველოში. ყველაზე დიდი ქართული სოფელი მარტყოფი კი მესამე ადგილზეა.

ერთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე, უცხოელების მიერ შეიქმნა 395 იურიდიული პირი, რომლებმაც საქართველოში იყიდეს 217 ნაკვეთი.

მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპის ფონზე საქართველოში საწინააღმდეგო ვითარებაა _ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, უარესდება დემოგრაფიული მაჩვენებლები და ამდენად, მწვავდება დემოგრაფიული პრობლემებიც. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ასეთი მძიმე დემოგრაფიული ვითარება არასოდეს ყოფილა.

1897 წელს რუსეთის იმპერიაში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა. ამ აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ 2 მილიონ 109 ათასი კაცი შეადგინა და 1814 წელთან შედარებით 5,3-ჯერ გაიზარდა.

ბოლო ხანს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო 1992 წელს _ 5 მილიონ 467 ათასი კაცი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ცნობილი მიზეზების გამო, საქართველოს მოსახლეობა განუხრელად მცირდებოდა და, ოფიციალური მონაცემებით, ოდნავ გაიზარდა მხოლოდ ბოლო წლებში. არადა, ისტორიულად, სამხრეთ და, საერთოდ, კავკასიაში ქართველები რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი იყო, შემდეგში კი ვითარება არსებითად შეიცვალა.

1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35,1 პროცენტი, ანუ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1970 წელს _ 28,1 პროცენტი, ხოლო 2010 წელს მხოლოდ 18,9 პროცენტი შეადგინა. სამაგიეროდ, 1926-2010 წლებში აზერბაიჯანის ანალოგიური მაჩვენებელი 30,4 პროცენტიდან 38,0 პროცენტამდე გაიზარდა.

საქართველოს მოსახლეობის წილი სულ უფრო მცირდება, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში. მაგალითად, 1926 წელს საქართველოს მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის მთელი მოსახლეობის 45,5 პროცენტს შეადგენდა, აზერბაიჯანისა _ 39,5 პროცენტს, ხოლო სომხეთისა _ 15,0 პროცენტს. აღსანიშნავია, რომ 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სჭარბობდა აზერბაიჯანის მოსახლეობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, 2050 წლისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 34 პროცენტით გაიზრდება, სომხეთის _ 7 პროცენტით, საქართველოს მოსახლეობა კი 28 პროცენტით შემცირდება.

საქართველოში ქართველი ერის პერმანენტული შემცირების შედეგად თანდათანობით საფრთხე ექმნება ეროვნულ ინტერესებს და ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, ძნელდება მათი რეალიზაცია, სახელმწიფო ენას უაღრესად უჭირს თავისი ფუნქციის შესრულება, ადრინდელ მიმზიდველობას კარგავს ერისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ასეთ ვითარებაში ეროვნული ცნობიერების შემცირება გარდაუვალია, რაც განსაკუთრებით საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იგი მრავალგანზომილებიან რეგიონში მდებარეობს.

იოსებ ბაჩიაშვილის წიგნში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამჟამად საქართველოში ბევრი სოფელი გაუკაცრიელებულია. 2002 წლის აღწერის მიხედვით, 162 სოფელში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს; 10 კაცი და უფრო ნაკლები ცხოვრობს 152 სოფელში; ხოლო 905 სოფელში, ანუ ყოველ მეოთხეში მხოლოდ 100-მდე მცხოვრებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთის ძნელადმისადგომ სოფლებში უგზოობის, უშუქობისა და ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე, ძირითადად, მოხუცებიღაა დარჩენილი. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ მოსახლეობისგან იცლება საქართველოს ისტორიული კუთხეები _ რაჭალეჩხუმი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთიმაგალითად, 1939 წელს რაჭაში 67 ათასი კაცი ცხოვრობდა, ამჟამად იქ მხოლოდ 22 ათასი კაცი ცხოვრობს, ძირითადად, ასალოვანი ადამიანები.

გამოდის, მტერი და აგრესორი სულაც არ არის საჭირო, ჩვენ რამე რომ გვავნოს. თვითონვე გავქრებით დედამიწის ზედაპირიდან და ამისათვის დიდი დროც არ დაგვჭირდება. თუ ყველაფერ იმას, რაც ზემოთ იყო ნათქვამი, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრობლემებსაც დავუმატებთ და იმასაც გავაანალიზებთ, რა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გვიწევს არსებობა, ძნელია, ოპტიმიზმით განიმსჭვალო და ცხოვრებას მხნედ შეხედო.

ქართველი ფილოსოფოსი კონსტანტინე კაპანელი ასე ახასიათებდა ქართველ საზოგადეობას 1925 წელს: “ქართველი საზოგადო მოღვაწე ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერია; ქართველი ხელოვანი ცრუ, კუდაბზიკა და ტრაბახაა; ქართული საზოგადო დაწესებულება ინტრიგებისა და ჭორების საზიზღარი ბუდეა; ქართველი დილიდან საღამომდე სულ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დაამციროს მეორე ქართველი: წახდება თუ არა ამით საერთო საქმე, ეს ქართველს არ აწუხებს. ქართველი მუხანათი და ვერაგია თავისიანებში; უცხო ტომში გარეული იგი კეთილშობილი და მორჩილი მოსამსახურეა. ქართველი საქმის სათავეში საზიზღარია: დაიკავებს თუ არა საპატიო ადგილს, მაშინვე თავხედურად გაიბღინძება… თეატრი, ბანკი, რკინიგზა, სასწავლებელი, რედაქცია – ყოველი საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულება ჭორებითაა სავსე და ინტრიგებში იხრჩობა. შედეგი ამ ჭორებისა და ინტრიგებისა ის არის, რომ თავმოყვარე, პატიოსანი და ნიჭიერი მუშაკი დაწესებულებიდან გადის, რადგან ვერ ითმენს უზნეობასა და უსინდისობას; დაწესებულებაში რჩება უნიჭო, უსინდისო, ფლიდი, მოღალატე, რომელსაც მხოლოდ თავისი პირადობა აინტერესებს და რომლის იდეალია, ყველაფერი დაშალოს, ოღონდ კი თავის თავს ასიამოვნოს…”

შეიცვალა რამე?

კონსტანტინე გამსახურდია წერდა: “ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიასსარდლობა, ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი”.

ქართველები ვიყავით და ვართ შემწყნარებლები, უცხოელებს უფრო წინა პლანზე ვაყენებდით და ვაყენებთ და პატივს ვცემდით და ვცემთ, ვიდრე საკუთარ მოყვასს. ტოლერანტობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენს ქვეყანაში 50-ზე მეტი ერი ცხოვრობს. ყველა მოითხოვს ქართველებზე მეტ ყურადღებას და, რაც ხდება, მგონი, არ არის საჭირო, განვმარტო, რადგან კარგად ვიცით.

ან როგორ მოგწონთ სატელევიზიო შოუები _ გადაცემები, სადაც ადამიანებს, ისე წააჩხუბებენ, როგორც მამლებსა და ძაღლებს… ჩვენც ტელვიზორის ეკრანზე ვუყურებთ, როგორ ლანძღავს და აგინებს ერთი ქართველი მეორეს. როდემდე ვიჩხუბოთ და ვლანძღოთ ერთმანეთი, როდემდე ვცვალოთ მთავრობა და პარლამენტი, ხომ არ დადგა დრო, შევწყვიტოთ ქუჩის აქციები და მიტინგები, ყველა შევრიგდეთ, გამოვაცხადოთ ამნისტია? ჯანსაღი, ნორმალური კრიტიკით ვიცხოვროთ. როდესმე გვეღირსება ისეთი მთავრობა და პარლამენტი, რომლებიც მოგვეწონება, ხალხზე იფიქრებს და არ “დაგვაბოლებს”? გონებადაბინდულობის, შავისა და თეთრის ვერ გარჩევის სენი ხომ არ დაგვემართა, ქვეყნისა და ერისადმი სამსახურის აუცილებლობა ღალატისა და ფულის შოვნის სურვილმა ხომ არ დაგვძლია?!

მკითხველო, თუ ვერ ჩაგაფიქრეთ და ვერ გაგაკეთებინეთ ისეთი დასკვნები, რომ ხვალიდან სხვანაირად შეხედოთ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას, ერთხელ კიდევ დაბეჯითებით გთხოვთ, წაიკითხოთ იოსებ ბაჩიაშვილის ზემოაღნიშნული წიგნი და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ სხვანაირად შეხედავთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას.

ანზორ მესხიშვილი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here