Home რუბრიკები საზოგადოება კათოლიკე მღვდელმსახურთა მიერ ჩადენილი შოკისმომგვრელი დანაშაულები

კათოლიკე მღვდელმსახურთა მიერ ჩადენილი შოკისმომგვრელი დანაშაულები

1132

რომის კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური სკანდალები სიახლე არ არის, სექსუალური ძალადობა ბავშვებზე, მონაზვნებზე ისეთივე ძველია, როგორც თვითონ ეკლესია. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, უკვე 306 წელს  კათოლიკური ეკლესია მღვდელმსახურთა სექსუალური ცხოვრების რეგულირებას ცდილობდა, ხშირად იძულებული იყო, მკაცრად დაესაჯა ის მღვდლები და მაღალი რანგის სასულიერო პირები, რომლებიც მხილებულნი იყვნენ არამხოლოდ ამორალურ, არამედ დანაშაულებრივ საქციელში.

დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის, კათოლიკები, გაოგნებულია ეკლესიის წიაღში ჩადენილი უამრავი დანაშაულითა და სექსუალური სკანდალებით, რომელთა შესახებაც ხშირად იწერება პრესაში, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მღვდელმსახურთა დანაშაულები, როგორც მასობრივი მოვლენა, დღეს ან გუშინ არ დაწყებულა.

არასასურველი პირების მოწამვლა, ორივე სქესის ბავშვების გაუპატიურება და გარყვნა, მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა კათოლიკური ეკლესიის ისტორიის განუყოფელი ნაწილი და, შეიძლება ითქვას, სამწუხარო ტრადიციაა.

კათოლიკე მღვდელმსახურთა მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულები საზოგადოების განხილვის საგანი პირველად 1984 წელს გახდა, როდესაც გამომზეურდა ლუიზიანის შტატის (აშშ) ქალაქ ლაფაიეტის ეკლესიის სასულიერო პირის _ გილბერტ გოტის საქმე. ამუშავდა “დომინოს ეფექტი” და მსგავსი დანაშაულები სხვა ქვეყნებშიც გამოაშკარავდა. კათოლიკე მღვდელმსახურთა სექსუალური ძალადობის ბევრმა მსხვერპლმა რომის კათოლიკური ეკლესიის უმაღლეს იერარქებს მიმართა და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა, მაგრამ, დაცვის ნაცვლად, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელები მსხვერპლს მუქარით აიძულებდნენ, გაჩუმებულიყო ან დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც იყო კათოლიკური მღვდელმსახურების მიმართ პრეტენზიები, 1984 წლამდე არავის შეუტანია სასამართლოში სარჩელი უმაღლესი სასულიერო პირის წინააღმდეგ.

რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურთა მიერ 1990-2000 და შემდგომ წლებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოაშკარავებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ მღვდელმსახურთა დაახლოებით 5 პროცენტი ბავშვებზე ძალადობდა, 2011-2012 წლებში კი ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის 400 სასულიერო პირს აჰყარეს ჩინი და განკვეთეს ეკლესიიდან. ეს ციფრები ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო “ასოშიეიტედ პრესმა” ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლის პრესმდივნის _ ფედერიკო ლომბარდის ანგარიშიდან ამოიღო და გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ვატიკანი მკაცრ ზომებს მიმართავს პედოფილი მღვდელმსახურების წინააღმდეგ, რომის კათოლიკური ეკლესია ბავშვებზე ძალადობას აქამდე არ მიიჩნევდა “სერიოზულ პრობლემად”, რადგან თვლიდა, რომ ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევა იყო.

სექსუალური სკანდალები რომის კათოლიკურ ეკლესიაში _ გამაოგნებელი ფაქტები:

*აშშ. ბოლო წლებში რომის კათოლიკური ეკლესია, კერძოდ, ბოსტონის მიტროპოლია, არაერთხელ აღმოჩნდა სექსუალური სკანდალის ეპიცენტრში. 1990-იან წლებში საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია ბოსტონელი მღვდელმსახურების _ პოლ შენლისა და ჯონ ჯიგანის დანაშაულებმა, აგრეთვე, იმან, რომ ეკლესიის უმაღლესი რანგის პირები შენლისა და ჯიგანის დანაშაულების დაფარვას შეეცადნენ. 2003 წელს ბოსტონის მიტროპოლიამ 85 მილიონი დოლარი გადაუხადა 500 მღვდელმსახურის მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ.

2004 წელს კი გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშის კათოლიკური ეკლესიის 4000-ზე მეტმა მღვდელმსახურმა ბოლო 50 წლის განმავლობაში 10 ათასზე მეტ მცირეწლოვანზე იძალადა, ძირითადად _ ბიჭებზე.

 საკომპენსაციო თანხამ, რომელიც აშშის რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მოსარჩლეებს გადაუხადა, 2 მლრდ დოლარი შეადგინა.

*ირლანდია. ამ ქვეყანაში კათოლიკე მღვდელმსახურთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოაშკარავებამ (2010-2011) შოკი გამოიწვია _ არასრულწლოვნებზე ათეული წლების განმავლობაში ძალადობდნენ და მსხვერპლთა რაოდენობა ათასობით ბავშვს ითვლის. სკანდალი გაღრმავდა იმით, რომ ირლანდიის 4 ეპისკოპოსმა და კარდინალმა შონ ბრედიმ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ დამნაშავეებს ხელს აფარებდნენ.

ბოლო მონაცემებით, მღვდელმსახურებმა ირლანდიაში 2000-ზე მეტი მოზარდი გააუპატიურეს, უმეტესობა _ ბიჭი.

*გერმანია. 2010 წელს გერმანია შოკში ჩააგდო ფაქტებმა, რომლებიც გამომზეურდა ეტალის სააბატოს (ბავარია) კათოლიკურ მონასტერში. პედოფილი მღვდელმსახურების მსხვერპლი 100-ზე მეტი აღსაზრდელი აღმოჩნდა, მათ შორის, ბიჭების მომღერალთა გუნდის _ “რეგენსბურგერ დომშპატცენის” წევრები. სიტუაცია გართულდა იმით, რომ ამ გუნდის კურატორი იყო გეორგ რატცინგერი _ რომის კათოლიკური ეკლესიის იმჟამინდელი მეთაურის _ ბენედიქტ XVI-ს ძმა.

ანალოგიური ინციდენტი მოხდა ბერლინის იეზუიტურ კოლეჯში, სადაც 12 პედოფილი-მასწავლებლის მსხვერპლი 115 მოსწავლე გახდა.

*ავსტრია. ფორარლბერგის ფედერალური მიწის 16 წარმომადგენელმა მღვდელმსახურთა მიერ სექსუალური ძალადობის გამო სარჩელი სასამართლოში შეიტანა. გამოძიებამ გამოავლინა, რომ 1970-1980-იან წლებში მერარეუს სააბატოში მღვდელმსახურებმა ათეულობით ბავშვი გარყვნეს.

*შვეიცარია. ეპისკოპოსების მიერ შექმნილმა კომისიამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 2010 წლის მაისში მღვდელმსახურმა პედოფილებმა 104 მოზარდი გააუპატიურეს.

*მალტა. 2010 წელს მალტაზე სამმა მღვდელმსახურმა ობოლთა თავშესაფარში მცხოვრები 10 ბავშვი გააუპატიურა.

*ავსტრალია. 1993-2010 წლებში 100 ავსტრალიელი მღვდელმსახური გაასამართლეს მოზარდებზე სექსუალური ძალადობის გამო.

*ბელგია. 2010 წლის სექტემბერში ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში 103 საჩივარი შევიდა რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურთა გარყვნილი მოქმედების შესახებ. მოსარჩლეთა 76% 40 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო, რომლებიც ბავშვობაში მღვდელმსახურებმა გააუპატიურეს. მათგან ყველაზე უფროსი 82 წლისაა, ყველაზე უმცროსი _ 23-ის. 2011 წელს რომის კათოლიკურ ეკლესიას უჩივლა 75 ბელგიელმა, რომლებზეც მღვდელმსახურებმა სექსუალურად იძალადეს.

სკანდალური პაპები და მათი დანაშაულები

2013 წლის თებერვალში ბენედიქტ XVI (იოზეფ ალოიზ რატცინგერი), რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას 7 წლის განმავლობაში მართავდა და რომელმაც სახელი მუსლიმანების ლანძღვით გაითქვა, ნებაყოფლობით გადადგა (აღსანიშნავია, რომ რატცინგერი ახალგაზრდობაში ფაშისტურ ორგანიზაცია “ჰიტლერიუგენდის” წევრი იყო), მისი ადგილი კი ახალმა პაპმა (რიგით 266-ე რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში) ფრანცისკმა დაიკავა _ ფრანცისკი პირველი პაპია სამხრეთ ამერიკიდან, კერძოდ, არგენტინიდან.

 საუკუნეების განმავლობაში რომის პაპის ტახტისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ, კლავდნენ ადამიანებს, ჰყიდდნენ და ყიდულობდნენ ტახტსა და ტიარას, პაპის გარშემო ყოველთვის ხლართავდნენ ინტრიგებს. ალბათ, სწორედ ამიტომ რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში არაერთი სკანდალური პაპი ყოფილა და, ალბათ, კიდევ იქნება

იოანე (იოანა) VIII _ ქალი პაპის ტახტზე

იოანე VIII, გადმოცემის თანახმად, იოანე კი არა, იოანა იყო _ ქალი, რომელიც პაპის ტახტზე 818 წელს ავიდა და ორი წლის განმავლობაში მართავდა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

ცნობილი პუბლიცისტი ლეო ტაქსილი წერს, რომ პაპესა იოანას ერთ-ერთ ცერემონიაზე ცხენზე ჯდომისას მშობიარობა დაეწყო, რის გამოც აღშფოთებულმა მრევლმა ჩაქოლა.

მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი უარყოფს პაპის ტახტზე ქალის არსებობას, ზემოაღწერილი შემთხვევის შემდეგ დაკანონდა, რომ პაპობის ყველა პრეტენდენტმა სქესის დამდგენი ტესტი უნდა გაიაროს. ამ პროცედურის ჩასატარებლად კი სპეციალურ ტაბურეტს იყენებენ, რომელსაც საჯდომი გახვრეტილი აქვს.

სტეფან VI _ გვამის მსაჯული

რომის პაპს _ სტეფან VI-ს (896-897) ისე სძულდა თავისი წინამორბედი _ პაპი ფორმოზა, რომ მისმა სიკვდილმაც ვერ დააკმაყოფილა. სტეფან VI-ს მიერ 897 წლის იანვარში ჩატარებულ სინოდს, რომელსაც “გვამური სინოდი” შეარქვეს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ გამოცდასა და პაპის ყველაზე სამარცხვინო საქციელს უწოდებენ.

სტეფან VI-მ განკარგულება გასცა, მიწიდან ამოეღოთ ფორმოზას გახრწნილი გვამი, ჩაეცმიათ მისთვის პაპის სამოსი, დაესვათ ტახტზე და მოეწყოთ მისთვის სასამართლო. გვამს, რა თქმა უნდა, თავის დაცვა არ შეეძლო და ფორმოზა დამნაშავედ გამოცხადდა, სხვათა შორის, შეთითხნილი ბრალდებებით. ფორმოზას მარჯვენა ხელის სამი თითი მოჰკვეთეს, რომლებითაც პირჯვარს იწერდა. შემდეგ გვამს სამოსი გახადეს და მდინარე ტიბრში გადააგდეს.

საზოგადოება აღაშფოთა პაპის საქციელმა, სტეფან VI შეიპყრეს და ჩასვეს ციხეში, სადაც დაახრჩვეს.

ბონიფაციუს VII _ ხაზინის ქურდი

ბონიფაციუს VII _ ერისკაცობაში ფრანკო ფერუჩი _ რომის კათოლიკურ ეკლესიას 974-985 წლებში მართავდა. ისტორიკოსები მას ახასიათებენ სასტიკ ადამიანად, რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდა, მკვლელობასაც კი.

974 წელს აჯანყების შედეგად, კრესცენტიუს უფროსის ხელმძღვანელობით, რომის იმპერატორი ოტან I მომხრე პაპი ბენედიქტე VI დაამხეს, ორი თვის შემდეგ კი ციხეში მოკლეს. პაპის ტახტზე დასვეს დიაკონი ფრანკო ფერუჩი, რომელმაც ბონიფაცის VII სახელი მიიღო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ იმპერატორის ჯარებმა ბონიფაციუსი და მისი მომხრეები რომიდან გააძევეს.

ბონიფაციუს VII პაპის ხაზინა გაიტაცა და თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. 983 წელს იმპერატორი ოტანი გარდაიცვალა, ბონიფაციუს VII რომში დაბრუნდა და იმჟამინდელი პაპი იოანე XIX დაამხო, რომელიც ციხეში წამებით გარდაიცვალა.

ბონიფაციუს XII 984 წლის 20 ივლისს მოკლეს რომის ცენტრში, მარკუს ავრელიუსის ძეგლთან.

ბენედიქტე IX _ პაპი, რომელმაც ტახტი გაყიდა

ბენედიქტე IX (ერისკაცობაში თეოფილაქტე) სამჯერ ავიდა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ტახტზე. ის იყო 145-ე (1032-1044), 147-ე (1045 წლის 10 მარტი _ 1045 წლის 1 მაისი) და 150-ე (1047 წლის 8 ნოემბერი _ 1048 წლის 16 ივლისი) პაპი.

ბენედიქტე IX ბევრს არ უყვარდა. მასზე წმინდა პეტრე დამიანე წერდა: “ჯოჯოხეთის მოციქული მღვდელმსახურის სახით”. პონტიფიკოს ვიქტორ III-ს აზრით კი, ბენედიქტე XI-ს ცხოვრება იყო უშინაარსო, საზიზღარი და შემაძრწუნებელი.

გასაკვირი არ არის, რომ ბენედიქტე IX, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გახდა რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი პირი (ზოგიერთი ცნობით _ 20 წლისა) პირველი იყო, რომელმაც პაპის ტახტი გაყიდა _ 1045 წელს მან ტახტი 680 კგ ოქროდ მიჰყიდა თავის ნათლია ჯოვანი გრაციანოს, შემდგომში რომის პაპს _ გრიგორი VI-ს.

მოგვიანებით ბენედიქტე IX სიმონიაში (საეკლესიო წოდებების გაყიდვა) დაადანაშაულეს და ეკლესიიდან განკვეთეს.

იოანე XXIII _ მეკობრე პაპის ტახტზე

ნეაპოლელი მეკობრე, მკვლელი, სოდომისტი, საკუთარი შვილთან და მის ქალიშვილთან სექსუალური ურთიერთობის მქონე ბალთაზარ კოსა რომის კათოლიკურ ეკლესიას 1410-1415 წლებში იოანე XXIII-ს სახელით მართავდა.

იოანე XXIII-ს ადანაშაულებენ მისი წინამორბედი პაპის _ ალექსანდრე V-ს მკვლელობაში, სამასი მონაზვნის გაუპატიურებაში, თავისი ძმის ცოლთან სექსუალურ კავშირში, გახრწნაში ოჯახისა, რომელიც დედისგან, ვაჟისა და სამი დისგან შედგებოდა, სიმონიაში, ბოლონიასა და რომში ათასობით ადამიანის წამებაში. ამ დანაშაულების გამო რომის კათოლიკურმა ეკლესიამ იოანე XXIII განკვეთა და სამოქალაქო სასამართლოს გადასცა, როგორც “გამოუსწორებელი ცოდვილი, უზნეო არამზადა, სიმონისტი, მკვლელი და გამხრწნელი. იოანე XXIII ფრაიბურგში (გერმანია) დააპატიმრეს, რის შემდეგაც მან უარი თქვა წოდებაზე. პატიმრობიდან გათავისუფლებული კი ეახლა ახალ პაპს _ მარტინ V-ს, რომელმაც ეპისკოპოსად დანიშნა.

იოანე XXIII გარდაიცვალა 1419 წლის 22 დეკემბერს.

1958 წელს კარდინალმა რონკლიმ, რომელიც პაპად აირჩიეს, იოანე XXIII დაირქვა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ბალთაზარ კოსა კანონიერი პაპი არ ყოფილა.

ინოკენტი VIII _ კუდიანებზე მონადირე და სამი ბიჭის სისხლში მობანავე

რომის პაპი ინოკენტი VIII, იგივე ჯანბატისტა ჩიბო, 1432 წელს დაიბადა გენუაში (იტალია). პაპის ტახტზე 1484 წელს ავიდა და რომის კათოლიკურ ეკლესიას 1492 წლამდე მეთაურობდა.

ჯანბატისტა ჩიბო გულგრილი არ იყო ლამაზი ქალების მიმართ და ქორწინების გარეშე შვილიც ბევრი ჰყავდა.

1484 წელს ინოკენტი VIII-მ გამოსცა ცნობილი ბულა (განკარგულება), რომელიც მიმართული იყო კუდიანების წინააღმდეგ და რომელმაც ევროპაში ინკვიზიციური პროცესები გამოიწვია.

ყველაზე საშინელი კი, რასაც მასზე ისტორიკოსები მოგვითხრობენ, არის ის, რომ მომაკვდავ ინოკენტი VIII-ს ჯან-ღონის მოსაკრებად ექიმმა ძარღვებში სამი ბიჭის სისხლი შეუყვანა.

პაპმა იცოდა ბიჭების დახოცვის შესახებ, მაგრამ ექიმების წინადადებას მაინც დათანხმდა, თუმცა სისხლის გადასხმამ ვერ უშველა.

ალექსანდრე VI _ მექრთამე და გარყვნილი

კორუფციაში ჩაფლული, არამზადა და გარყვნილი ალექსანდრე VI (1492-1503), იგივე როდრიგო ბორჯია, პაპობის ისტორიაში ყველაზე ამორალურ პერსონად ითვლება. მისი გარყვნილებისა და მექრთამეობის შესახებ იმჟამინდელმა ევროპამ ყველაფერი იცოდა. წმინდა ტახტზეც კი როდრიგო ბორჯია კარდინალების მოსყიდვით ავიდა.

წმინდა პეტრეს ეკლესიაში მოკალათებულმა ალექსანდრე VI-მ თავისი ოჯახის წევრები, მათ შორის ვაჟები, და საყვარლის _ ჯულია ფარნეზეს _ ნათესავები, წამყვან პოზიციებზე დანიშნა: ვაჟი ჩეზარე 18 წლისა გახდა კარდინალი, ჯულია ფარნეზეს ძმა ალესანდრო ფარნეზე _ 24 წლისა. როდრიგო ბორჯიას 4 შვილი ჰყავდა კიდევ ერთი საყვარლისგან _ ვანოცა დეი კატანეისგან _ 3 ვაჟი და ქალიშვილი ლუკრეცია, რომელიც, ისტორიკოსების გადმოცემის თანახმად, მამის სარეცელს იზიარებდა და მისგან შვილიც გააჩინა. ალექსანდრე VI ლუკრეცია პოლიტიკურ პაიკად აქცია და კიდევ უფრო მეტი გავლენის მოსაპოვებლად სამჯერ გაათხოვა მდიდარ და გავლენიან პირებზე.

აღსანიშნავია ალექსანდრე VI ინიციატივით, მიქელანჯელომ აღადგინა წმინდა პეტრეს ბაზილიკა და აიგო ცნობილი სან ანჯელოს ტაძარი.

გრიგოლ XVI _ გონებაჩლუნგი და ლოთი

პაპი გრიგოლ XVI _ ბართლომეო ალბერტო კაპელარი _ რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი 1831 წლის 2 თებერვლიდან 1846 წლის 1 ივნისამდე იყო.

გრიგოლ XVI ცნობილია, როგორც გონებაჩლუნგი და ძალიან სასტიკი პაპი, რომელიც გამუდმებით ლოთობდა. გრიგოლ XVI პაპობის პერიოდში ეკლესიას, ფაქტობრივად, მართავდა მისი პირადი მდივანი გაეტანო ბორონი. პაპის გარემოცვაში იყვნენ ხარბი და ძალაუფლების მოყვარული ამორალური პირები.

გრიგოლ XVI ებრაელებისადმი სიძულვილით გამოირჩეოდა, რომლებმაც გეტოში შეასახლა და იქიდან გამოსვლა აუკრძალა. ებრაელებისადმი სიძულვილის მიუხედავად, პაპი რეგულარულად იღებდა დიდძალ თანხას მდიდარი ებრაელი როტშილდისგან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here