Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ხაჭაპურიძე: ქვეყანა დაღუპვის პირასაა, ესენი კი გაიძახიან, _ მზარდი განვითარების პროცესში...

ვაჟა ხაჭაპურიძე: ქვეყანა დაღუპვის პირასაა, ესენი კი გაიძახიან, _ მზარდი განვითარების პროცესში ვიმყოფებითო

909

საქართველოს სახელმწიფოებრიობას მორიგი სილა გააწნეს _ “ნაციონალების” მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე სიცოცხლეს გამოასალმეს მისი მამა _ ბატონი იური… ქაოსით მოცული ბანდერული უკრაინიდან დაბრუნებით გვემუქრება თანამედროვე კანიბალიზმის კაშკაშა “ვარსკვლავი” _ “დემონკრატიის შუქურა” სააკაშვილი; მანამდე კი აფხაზეთმა რუსეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულება გააფორმა. ამავე ნაბიჯის გადადგმას აპირებს ე. წ. სამხრეთ ოსეთი.

მოკლედ, დღის წესრიგში ამოტივტივდა დღევანდელი ქართველი საზოგადოების ტრადიციული კითხვა: “რა გვეშველება?” ან, თუ გნებავთ, “გვეშველება რამე?” გვესაუბრება შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის ყოფილი პირადი რწმუნებული ცხინვალში _ ვაჟა ხაჭაპურიძე.

_ ბატონო ვაჟა, აფხაზეთმა ხელი მოაწერა რუსეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულებას. იმავეს აპირებს “სამხრეთ ოსეთი”…

_ ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების ხელში, თუ ასე გაგრძელდა, გაცილებით დიდი უბედურება გველის! სახელმწიფოს მართვა სახუმარო საქმე როდია, სახელმწიფოს მაღალკვალიფიციური პიროვნებები, პროფესიონალები უნდა მართავდნენ, ჩვენ კი რას ვხედავთ? _ ვხედავთ, რომ მთავრობა გავსებულია პირტიტველა ბიჭებით, რომლებსაც მართვის საკითხებში არანაირი ცოდნა და განათლება არ აქვთ, თუმცა ერთი რამ იციან კარგად _ სახელმწიფო ქონების ფლანგვა და ხალხის მოტყუება. ქვეყანა დაღუპვის პირასაა, ესენი კი გაიძახიან: მზარდი განვითარების პროცესში ვიმყოფებითო. ზოგიერთს, ვიდრე მინისტრად დაინიშნება, შრომის წიგნაკიც კი არ აქვს გახსნილი და რა უნდა მოსთხოვო?! აი, ასეთი უვიცები მართავენ ქვეყანას, უკვე 25 წელია!

თითქმის 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან და კოდორის ხეობიდან გამოგვყარეს… ვინმეს გაახსენდა ან თავი შეიწუხა ამ უმძიმესი პრობლემის მოგვარებაში ჩართულიყო და, თუნდაც ერთი საკითხი გადაეწყვიტა, მაგალითად, მავთულხლართების, და ე. წ. სასაზღვრო ზოლში დაძაბული ვითარება ცოტათი მაინც განემუხტა?!

_ რატომ, ბატონო ვაჟა? ხომ ჩადიოდნენ და იდგნენ “საზღვართან” პოლიტიკოსები და რუსი სამხედროების წინ დემარშს მართავდნენ?

_ ჩადიოდნენ და მუშტებს იქნევდნენ კამერების წინ თავის მოსაწონებლად. ეს კადრები ხომ მომავალ არჩევნებზეც გამოადგებათ?! მერე, ვის უქნევ “საზღვარზე” ხელს _ კოღოს ბზუილი რას დააკლებს სპილოს?! თბილისში სამი უწყება მოქმედებს: აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, ცხინვალის რეგიონის მთავრობა და შერიგების სამინისტრო. რისთვის შეიქმნა და რას აკეთებს ეს უწყებები? რისთვის იხარჯება მათთვის გამოყოფილი სახალხო ქონებიდან მილიონები?!  ჰოდა, დაინახეს აფხაზებმა და ოსებმა, რომ ქართული მხარე მათთან დასაახლოებლად არაფერს აკეთებს, მხოლოდ დასავლელი “მეგობრების” ინსტრუქციებსაა მიშტერებული და სთხოვეს რუსეთს მფარველობა ისევე, როგორც ჩვენ, 25 წელია, ვეხვეწებით ჩვენსავე დამანგრეველ ევროპა-ამერიკას, მფარველობა გაგვიწიოს. მაგრამ ამაოა ეს ხვეწნა. და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დასავლეთმა თავის ე. წ. მფარველობის ქვეშ მოგვაქციოს. აი, მაშინ ნახეთ ქვეყნის უბედურება!

ისიც გაიხსენეთ, რომ ერთ-ერთი ვაჟბატონი, რომელმაც რუსები გააღიზიანა თავისი “ფეკალური მასებით”, გვეპატიჟებოდა ცხინვალში, სადაც ყანწით უნდა დაელია ქვეყნის გამთლიანების სადღეგრძელო. ყანწისა და სადღეგრძელოსი რა მოგახსენოთ, 2008-ში კი იქიდან კინწისკვრით გამოგვყარეს.

25 წელია, მხოლოდ ლაპარაკით გვცნობენ და გვაღიარებენ ჩვენს საზღვრებში, მხარეებს მოუწოდებენ მოლაპარაკებისკენ, რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ, მაგრამ შედეგი? 25 წლის წინათ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ დაფინანსებული ე. წ. არაფორმალების მიერ დაწყებული ქვეყნისა და ხალხის განადგურება დღესაც არ შეჩერებულა! თუ გვინდა, რომ ეს ნგრევა და განადგურება შევაჩეროთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავუმეგობრდეთ რუსეთს და გავხდეთ ევრაზიული კავშირის წევრი!

_ სააკაშვილი გვპირდებოდა, რუსეთი ორ-სამ წელიწადში დაიშლებაო. დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსიც ანალოგიურად ფიქრობს.

_ ღმერთმა არ ქნას, რუსეთი დაეცეს. აი, მერე ნახავთ, რა საშინელება დატრიალდება ჩვენს თავს! მხოლოდ ერთი მაგალითი _ აგერ, ჩვენი (სააკაშვილს დავესესხები) ისტორიული მეგობარი თურქეთი. დანამდვილებით ვიცი, რომ თურქეთის ხელისუფლება აფინანსებს თავის მოქალაქეებს, რათა მათ საქართველოში შეიძინონ მიწები, შენობები და ა. შ. მიზანი? _ აქ სამუდამოდ დამკვიდრება! ჩვენ თვალწინ ხდება ჩვენი ქვეყნის “მშვიდობიანი” ანექსია. ასევე იქცევიან არაბები, რომლებმაც საქართველოს ყველაზე დიდი მეფის _ დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირი, უგულავას თანხმობით, მფარველობითა და ხელშეწყობით, ბოდიში და, საროსკიპოებით “დაამშვენეს”. ჩვენი ერისთვის ამ მომაკვდინებელმა პროცესმა ჯერ რომ არ მიიღო დიდი მასშტაბი, რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ! მაგ, ასე ვთქვათ, “მშვიდობიან” მომხდურებს რუსეთისადმი პანიკური შიში აქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთს რაღაცა “თავში დაარტყამს”, დაქოქავს ტანკებს და მაშინ მშვიდობით თურქულ-არაბულო “ინვესტიციებო”, თანაც, სამუდამოდ!

ბოლოს და ბოლოს, შევიგნოთ: უკვე ორი ათეული წელია, დასავლეთი გააფთრებით უტევს მართლმადიდებლობას და, უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლობის ბურჯს _ რუსეთს. მაგრამ მინდა, “დავამშვიდო” ქართველი ლიბერალები თუ, ბოდიში, ლიბერასტები: როგორც არ განადგურდება მართლმადიდებლობა, რადგან ეს შეუძლებელია, ისე არ განადგურდება რუსეთიც! გეყოთ, “მეგობრებო”, აუხდენელი ოცნებით ცხოვრება!

ევრაზიული კავშირის გარეშე ჩვენ ვერ ავაღორძინებთ ვერც ჩვენს სოფლის მეურნეობას, ვერც ინდუსტრიას. ქვეყანას, რომელსაც ძლიერი ინდუსტრია არ აქვს, უპერსპექტივოა. უნდა აღდგეს მოკავშირეთა გაერთიანება, სადაც გათვალისწინებული იქნება ისეთი სასიკეთო პირობები, როგორიცაა უსაფრთხოება, სახელმწიფოთა სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, ეკონომიკური თანამშრომლობა და სხვა მრავალი. ეს ერთადერთი გზაა საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისა მისივე საზღვრებში! სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ტყუილად ნუ დავკარგავთ დროს. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში მოგვიწევს იმ კავშირში შესვლა. ბრძენს უთქვამს: ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო!

_ კი მაგრამ, ბატონო ვაჟა, ახლანდელი მთავრობაც ევროკავშირზე ოცნებობს და გაგონებაც არ სურს ევრაზიული კავშირის…

_ გამოსავალი ერთია _ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები. არსებობენ საქართველოში მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოს მართვის ცოდნაც და გამოცდილებაც, რომლებიც არ უღალატებენ ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციებს.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. გეტანხმებიტ ბატონო ვაჯა.
    ამ 25 ცლის განმავლობაში ისე აურიეს ტავგზა კარტველს ერს ჩვენმა დასავლელმა" მეგობრებმა" რომ დღეს კარტველტა უმრავლესობას (განსაკუტრებიტ ახალგაზრდა ტაობას) რუსეტი მიაჩნიატ დამაკცევრად და დასავლეტი ჩვენი კვეყნის ამაღორძინებლად. საცოდევები არიან ასეტი ადამიანები… მაგრამ მე უპრო ჩემი საკარტველო , მრავალტანჯული კვეყანა მებრალება იმ მოსახლეობიტ რომელსაც კარგად ესმის გამოსაცალი სად არის, მაგრამ საამისოდ ძალ-ღონე არ შესწევს…

  2. რუსეტი არასდროს დაისჰლება საბედნიეროდ და სჰეიცლება გადავცჰეტ ტუ სწორ პოლიტიკას გაატარებენ. მარა სწორ პოლიტიკას ვინ წაიყვანს ესენი?????? ვსო დაიგუპა საქარტველო კომასჰიააა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here