Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: ჩვენ სახელმწიფო არ ვართ. საქართველო _ ეს არის მევახშეებისა და...

ვასილ ჭიჭინაძე: ჩვენ სახელმწიფო არ ვართ. საქართველო _ ეს არის მევახშეებისა და მეზღაპრეების ქვეყანა!

665

რამდენიმე დღეა, ქვეყნის მოსახლეობაცა და ყველა საინფორმაციო საშუალება ქვეყნის “პირველი მოქალაქის” _ ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს განიხილავს. პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, ექსპერტები ცდილობენ, რომ სიტყვასიტყვით გაშიფრონ მისი ნათქვამი, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი დაბნეული არიან და, როგორ უპოვონ გამართლება “დიდი ბიძინას” სიტყვებს, აღარ იციან. 

გადაჭარბებული ნდობა”, “ევროპული მთავრობა”, “რა არ გაკეთდა?”, “მოითმინეთ და ყველაფერი კარგად იქნება” _ აი, ბიძინა ივანიშვილის ფრაზები, რომლებმაც ამომრჩეველი დაჭარბად მიმნდობიხალხი აღაშფოთა. საით მივდივართ? რა უნდა მოვითმოთ და გვაქვს თუ არა თმენისა და ლოდინის დრო? _ ამ თემებზე სასაუბროდ დიპლომატ ვასილ ჭიჭინაძეს ვეწვიეთ.

_ ბატონო ვასილ, რამდენიმე დღის წინათ ბიძინა ივანიშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში გვითხრა, ყველაფერი რიგზეა, ხელისუფლება თავს ართმევს დაკისრებულ მოვალეობასო

_ კი, ივანიშვილს თუ მოუსმენ, მართლაც ყველაფერი რიგზეა. მახსოვს, პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ ქვეყნის ამა თუ იმ პირველ პირზე ამბობდნენ, არ იცის, თორემ ამას როგორ იკადრებდაო. დღესაც ასე ამბობენ, ბიძინას ყურამდე ყველაფერი არ მიდისო… თუ არც ტელევიზორს უყურებ, არც გაზეთს კითხულობ და ხალხთან შეხვედრაზე არ დადიხარ, მაშინ რა გინდა ხელისუფლებაში? წადი რა, დაიძინე!

_ ამბობენ, ათ საათზე უკვე სძინავსო

_ გასაგებია, მაგრამ დილა ხომ თენდება? ამბავი ხომ უნდა გაიგოს? საქმე ის არის, რომ “მაამებლები” შედიან ბიძინასთან და ეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის. ამდენი მილიარდის მშოვნელმა კაცმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად “გექლესება”, მოღალატეა.

_ ივანიშვილს მთელი გუნდიექლესება”…

_ ჰოდა, ფეხი თუ გადაუბრუნდა, ზუსტად ეგენი მოუღებენ ბოლოს, საკონტროლო გასროლას ზუსტად ის “ქლესები” გაუკეთებენ.

ვინ გვიზის პარლამენტში? ან რა გაუნათლებელი ხალხია _ ვერც ერთ დებატს ვერ უგებენნაცებს”. ამას წინათ ირაკლი სესიაშვილი _ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე _ ეკონომიკაზე ესაუბრებოდა მიშა მაჭავარიანს, საშინელ დღეში ჩააგდო მაჭავარიანმა. არც გამკვირვებია, რა იცის ეკონომიკისა სესიაშვილმა? სესიაშვილს არ ვერჩი, უბრალოდ, ეკონომიკა მისი საქმე არ არის. ან სად იპოვეს ეს მანანა კობახიძე? გადარეული ვარ პირდაპირ, ზვიადიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფალს ასეთი ქალები საიდან მოჰყავს?

_ რას ერჩით მანანა კობახიძეს, ის ყველაზე მეტად ცდილობს

_ კი, საუკეთესო გამოსავალი აქვს ნაპოვნი _ არაფერი იცის, არაფერი გაუგია, “ნაცებს” პასუხს არ სცემს კი არა, არ აქვს პასუხი, განათლება, კომპეტენცია არ ჰყოფნის… უვიცი და უუნარო მთავრობა გვყავს, _ ასე ვფიქრობ, მაგრამ, თუ უნარი აქვთ და არ აკეთებენ, ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გაურბიან. ისე, რატომ უნდა დაიკისრონ პასუხისმგებლობა _ ფული აქვთ, სკამზე სხედან და რატომ დაკარგონ ეს კეთილდღეობა?

_ ივანიშვილმა იკითხა, _ რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას და რა ვერ გააკეთაო?

_ როდესაც ქვეყანას ამხელა ეკონომიკური გუნდი ჰყავს და ეროვნული ვალუტა სულის ამოხდამდეა მისული, ეს შეკითხვა არ უნდა დასვა. ან რა ილაპარაკა ივანიშვილმა _ მოითმინეთ, ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობსო? თვითონ ბიძინა მოითმენს, რამდენიმე მილიარდი აქვს, მაგრამ ჰკითხოს პენსიონერს, ჰკითხოს იმ ხალხს, რომელსაც სესხი დოლარში აქვს აღებული, ადვილი მოსათმენი თუ არის?

ჩვენ სახელმწიფო არ ვართ. საქართველო _ ეს არის მევახშეებისა და მეზღაპრეების ქვეყანა!

დამისახელონ რომელიმე ქვეყანა, სადაც ბანკს აქვს საკუთარი ბიზნესი. საქართველოში ყველა მშენებლობა ბანკების ხელშია, ახლა კი შევიტყვეთ, რომ “საქართველოს ბანკმა” წყალიც იყიდა.

ყველაფერი, რასაც ვამბობ, ბიძინამ არ იცის?! ბანკები ოჯახებს ქუჩაში ტოვებენ. გასაგებია, რომ ვალს გადახდა უნდა, უმტკივნეულოდ ამის მოგვარებას კეთილი ნება სჭირდება. სახლიდან ან ბინიდან ოჯახს ნუ გამოასახლებენ, გადაიფორმოს ბანკმა და, როგორც კომუნისტების პერიოდში იყო “ჟაქტის” ბინები და მთელი ცხოვრება იხდიდნენ ფულს, ასე გააკეთონ, ამდენ უსახლკაროს რა უნდა უყონ?

_ ბატონო ვასილ, ხომ არ ვჩქარობთ, ორი წელი საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდეს?

_ არ ვჩქარობთ. რაზეც ვსაუბრობ, იმის მოგვარებას, მხოლოდ ნება სჭირდებოდა, კეთილი ნება. რაც შეეხება ეკონომიკას, ბიძინამ თქვა, სამინისტროსავით რაღაც უნდა გავაკეთო ექსპორტის გასაუმჯობესებლადო, არ ვიცი, მომავალში რა დაერქმევა ამ ორგანიზაციას, მაგრამ ახლა დავარქვათ “დოლარის შემომტანი სამინისტრო”. გაოგნებული ვარ, იმას კი არ ამბობს, რამე ისეთი გააკეთოს, ქვეყნიდან დოლარი რომ არ გავიდეს, შემოტანაზე ფიქრობს. სანთებელა რომ სანთებელაა, ისიც უცხოეთიდან ჩამოაქვთ, ასანთსაც კი ვყიდულობთ. ინდოეთიდან ასანთი რომ არ შემოიტანო და ვალუტა არ იხადო, არ შეიძლება? დიდი ამბავი და წლები სჭირდება საკუთარ ქვეყანაში ასანთის წარმოებას? ერთი ღვინო გააქვთ და მორჩაამდენი რა ღვინო უნდა ვაწარმოოთ?

რომელი ბიზნესმენი ჩამოვა ამ ქვეყანაში საქმის დასაწყებად, როდესაც თვითონ მილიარდელი მმართველი არ აბანდებს თავის ქვეყანაში კაპიკსაც კი?

კომუნისტების პერიოდში შტეფსელებს, დამაგრძელებლებს, ჩამრთველებს ყრუ-მუნჯები აკეთებდნენ, ამასაც კი ვყიდულობთ. უმარტივესი გასაკეთებელია, მაგრამ მაინც სხვა ქვეყნიდან ჩამოაქვთ. არ ვიცი, იდიოტები არიან თუ შეგნებულად ღუპავენ ქვეყანას.

_ საქართველოს ხელისუფლება რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით გახარებულია, თვლიან, რომ მალე დაიღუპებაარადა, თურმე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის 12%- რუსეთიდან გამოგზავნილი ფული შეადგენდა.

_ რატომ უხარიათ ამ პროამერიკელებს რუსეთის დანგრევა? თუ რუსეთი დაინგრა, საქართველოზე უბედური ერი არ იქნება. ერეკლე მეფე მომხდურ მტერს ასე თუ ისე უმკლავდებოდა, მან ლეკიანობას ვერ მოუხერხა ვერაფერი და ამიტომ სთხოვა რუსეთს დახმარება. რუსეთის დანგრევა დაგვღუპავს!

_ 30 იანვარს ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს, მათ შორის, სავაჭროეკონომიკურიც

_ ყველაფერი ხომ ძალიან ცუდად არის, მაგრამ ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს, კრიტიკას ვეღარ უძლებს კი არა, სახელიც აღარ ჰქვია. საგარეო საკითხების მოსაგვარებლად ოთხი სამინისტრო მუშაობს _ საგარეო, ევროინტეგრაციის, შერიგების თუ ჯანდაბა და ზურა აბაშიძის გაუგებარი სტრუქტურა. რომელი რას აკეთებს, ამდენი ფული რაში იხარჯება, გაუგებარია. ეს ადამიანები, ხელმძღვანელები რომ ჰქვიათ, ერთი მინისტრის მოადგილეებად რომ დაენიშნათ, არ შეიძლებოდა? ყველა ამ სამინისტროს, ერთად აღებულს, ერთი “ნაციონალი” უგებს დებატებს, ისეთი უუნაროები არიან. ევროპარლამენტში საქმე ჩააწყვესო, _ აღიარებს ხელისუფლება. რას აკეთებენ ელჩები, მინისტრები? რამდენჯერ მიანიშნა რუსეთმა, ჩამოდით, ვილაპარაკოთო, მაგრამ, აგერ, ა, ბერუჩაშვილმა, _ რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლებაო. ამას ნორმალური, მოაზროვნე მინისტრი არ იტყოდა. თანაც საინტერესო იყო ის, რომ რამდენიმე წუთში სოფლის მეურნების მინისტრმა განაცხადა, რუსეთის ბაზარზე ვართ ჩამოკიდებულებიო. არაადეკვატურები არიან!

_ 2015 წლის ბოლომდე ნატოს საწვრთნელი ცენტრი უნდა განთავსდეს საქართველოშიო

_ რას აძლევს საქართველოს ნატოს ბაზების განთავსება? ამათ ჰგონიათ, რომ ამერიკელები ჩამოვლენ და აქ დაუჯდებიან? ან ამას რუსეთი დაუშვებს? უკრაინაში მეტი კი არაფერი მოხდა. თუ საქართველომ გაბედა და ამბოხებული სირიელის მომზადება დაიწყო, დავიღუპებით. საქართველო ვერავის ვერაფრით შეაშინებს, ამიტომ მცდარი ნაბიჯების გადადგმის უფლება არ გვაქვს. ამერიკელი ქართველისთვის არ იომებს.

დიპლომატია მეტი კი არაფერია _ როცა წართმევის თავი არ გაქვს, კონფლიქტი უნდა აიცილო თავიდან და მოლაპარაკებით მიიღო ის, რაც გსურს, მაგრამ ვინ უნდა დაელაპარაკოს?

გადავხედოთ პარლამენტს, ვინ არიან იქ? _ უწიგნურები, მოჭიდავეები, მოკრივეები, ჩხუბიც არ შეუძლიათ, ერთი კაკო ბობოხიძეც კი ვერ სცემეს. ამასთანავე, ივანიშვილიც აღიარებს, შევცდიო. ყველაფერში როგორ შეცდა ეს კაცი? ჩვენც რომ შევცდეთ? ახლა რომ გვეუბნება, 2030 წლამდე კარგად ვიქნებითო, ჩვენ რომ ვუთხრათ, არა, 2016 წელს გვინდა კარგად ყოფნაო? ხომ გვპირდებოდა, 2016 კარგი წელი იქნებაო?!

_ გვპირდებოდა და გვპირდება კიდეცმან თქვა, რომ 2015 წელი აღმასვლისა იქნება.

_ კარგი რა, როგორც დაიწყო, ისეთი წელი იქნება. ქვეყანა თავზე გვენგრევა, ყველაფერი უტვინოდ აქვთ აწყობილი, ტურისტის იმედზე არიან, საწარმოების აშენებაზე არ ფიქრობენ…

_ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები?

_ ბიძინას ჭკუა თუ აქვს, აუცილებლად უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას კეტებითა და კომბლებით დაედევნება ხალხი. წელიწად-ნახევარი დარჩა არჩევნებამდე, თუ პრობლემები დღეს ვერ მოგვარეს, მათ ხმას აღარავინ მისცემს. ბიძინა რომ ამბობს, ჩემს სიტყვას ფასი აქვსო, წელიწად-ნახევარში თუ არაფერი გამოსწორდა, მის სიტყვას ფასი ნამდვილად აღარ ექნება. რიგგარეშე არჩევენები უნდა ჩატარდეს, მაგრამ ეს ბიძინამ არ იცის, არ ხვდება იმ ხალხს, რომელმაც იცის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ხალხის აზრი. ბიძინა უსმენს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ასიამოვნებს. თუმცა მართალიც არის, ამხელა ფული აქვს, დილას გაიღვიძებს, წამოწოლილია, ნებიერად მიირთმევს ყავას დაუნდა ახლა მაგას პრობლემების მოსმენა და ტვინის ბურღვა? არც ერთი ჭკვიანი კაცისთვის არ მიუმართვას, თავის გარემოცვაშია ჩაკეტილი, ეს გარემოცვაც თავის სასიკეთოდ უყვება ყველაფერს.

ბიძინა ამბობს, საპარლამენტო ქვეყანა ვართო, ყველაფერს როგორ გვატყუებს და თვალებში ნაცარს გვაყრის, ჩვენ საპარლამენტი ქვეყანა არ ვართ, ჩვენ არაფერი არ ვართ, სადღაც ვართ გაჩხერილი, მაგრამ, თუ საპარლამენტო ქვეყანა გვინდა, პარლამენტი მრავალპარტიული უნდა იყოს _ წერა-კითხვისა და კანონების მცოდნე ადამიანებით დაკომპლექტებული. მინისტრებს ახლანდელი პარლამენეტი აბუჩად ჰყავთ აგდებული, არც ერთი მინისტრი არ მიდის და იცით, რატომ? იმიტომ, რომ არ იციან, იქ ვის დაელაპარაკონ. კადრების ნაკლებობაზე საუბრობს გამუდმებით ირაკლი ღარიბაშვილი, საინტერესოა, სად ეძებს ამ კადრებს _ დედოფლისწყაროში? იქ, ნამდვილად ვერ იპოვის ამდენ სპეციალისტს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ადამიანური სახეს მიაღებინებს ჩვენ პოლიტიკოსებსაც, რაც ლოგიკური სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებით უნდა დასრულდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here