Home რუბრიკები პოლიტიკა შეუძლია დასავლეთს საქართველოს დაცვა?

შეუძლია დასავლეთს საქართველოს დაცვა?

505

2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, ანუ უკვე ასოცირებული ვართ  სახელმწიფოების გაერთიანებასთან, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის სტაბილურობასთან, დაცულობასა და პროგრესთან ასოცირდება. ასოცირდება ისე ჯიუტად, რომ მასთან დაახლოება ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ ამოცანად გამოაცხადეს და ამ კურსიდან გადახვევაზე უბრალო საუბარსაც კი ლამის ქვეყნის ღალატად მიიჩნევენ.


ამ რეალობის გათვალისწინებით აქტუალურია კითხვა – შეუძლია კი ევროპას ჩვენი დაცულობისა და პროგრესის უზრუნველყოფა? ან სულაც –დაცულია თვითონ მისივე საზოგადოება და მომავალი? 

გასულ კვირას მსოფლიო შეძრა საფრანგეთში ისლამისტი ტერორისტების თავდასხმების სერიამ. 7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie hebdo-ს რედაქციაში ორი უცნობი შეიჭრა და ავტომატური იარაღიდან 12 ადამიანი დაცხრილა. ტერორისტებმა ადგილიდან მიმალვა პოლიციის მისვლამდე მოახერხეს. როგორც შემდგომ გაირკვა, თავდამსხმელები ალჟირელი ემიგრანტების შვილები იყვნენ _ საიდ და შერიფ კუაშები.

8 იანვარს პარიზის სამხრეთ გარეუბანში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ორ პოლიციელს. სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე მძიმედ დაიჭრა.

9 იანვარს ძმები კუაშები, რომლებსაც პოლიცია ორ დღეს უშედეგოდ ეძებდა, ქალაქ დამარტან-ენ-გოელის ტიპოგრაფიაში შეიჭრნენ და მძევალი აიყვანეს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ პოლიციამ შენობის შტურმი დაიწყო და ტერორისტები გაანადგურა.

იმავე დღეს კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა პარიზის აღმოსავლეთ რაიონში. აფრიკული წარმომავლობის 32 წლის ამედი კულიბალი სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელმა ოთხი მძევალი მოკლა და რამდენიმე დაჭრა, ვიდრე პოლიცია მის განადგურებას მოასწრებდა.

ამ სისხლიანი თავდასხმების მონაწილეები რადიკალური, ტერორისტული ისლამური ორგანიზაცია “ალ ქაიდას” წევრები აღმოჩნდნენ. საინტერესოა, რომ ისინი საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილნი იყვნენ.

2011 წელს ტელევიზია TF1-ის ეთერში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთში მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის სრული კრახის შესახებ განაცხადა: დიაზ, ეს კრახია. სიმართლე არის ის, რომ ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში ზედმეტად ზრუნავენ ჩამოსულების იდენტობაზე და თითქმის არ ზრუნავენ მიმღები მხარის იდენტობაზე. ჩვენ არ გვჭირდება საზოგადოება, რომელშიც ეროვნული სათვისტომოები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. თუ ვინმე საფრანგეთში ჩამოდის, ის უნდა შეერიოს ერთიან ადგილობრივ საზოგადოებას, რომელიც ნაციონალურია. თუ ვინმე ამას არ ეთანხმება, დაე, ნუ ჩამოვა საფრანგეთში”.

 2012 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიკოლა სარკოზი ფრანსუა ოლანდთან დამარცხდა. დამარცხდა კანდიდატთან, რომლის საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი საფრანგეთში უცხოელი იმიგრანტების უფლებების დაცვა და იმიგრაციის პროცესის ლიბერალიზაცია იყო. პრობლემა არის ის, რომ საფრანგეთში მოქალაქეობის მქონე იმიგრანტების, (განსაკუთრებით _ ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსულთა) რაოდენობა უკვე ისე გაიზარდა, რომ უკიდურესად რთულდება იმიგრაციის პროცესის გამკაცრების ან ფრანგულ საზოგადოებაში იმიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკის გატარება.

 კარგა ხანია, ევროპაში მწვავე დემოგრაფიული კრიზისი ევროპული ელიტის სერიოზული შეშფოთების საგანია. XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დასავლეთ ევროპის მოსახლეობის ზრდის საკმაოდ დიდი წილი ემიგრაციაზე მოდიოდა. 2005 წლისთვის კი მთელი ევროკავშირის მოსახლეობის მატების 81% მიგრაციულმა ნაკადმა უზუნველყო. 2009 წლისთვის ევროკავშირში ერთ ქალზე საშუალოდ 1.59 ბავშვი მოდიოდა, რაც ისე ცოტაა, რომ ამ მაჩვენებლების პირობებში მოსახლეობის ზრდა სრულიად გამორიცხულია. საზოგადოების დაბერების პრობლემის მოგვარებასა და მუშახელის უკმარისობის თავიდან აცილებას ევროპა იმიგრაციის, უპირატესად მუსლიმური იმიგრაციის (2010 წელს საფრანგეთში მთლიანი მიგრაციული ნაკადის 70%-ს მუსლიმანები შეადგენდნენ) ხარჯზე ცდილობს. მუსლიმან იმიგრანტებში კი გამრავლების ტემპი ევროპელთა გამრავლების ტემპს, სულ ცოტა, ორჯერ აღემატება.

 1990-დან 2010 წლამდე პერიოდში ევროპის მუსლიმანური მოსახლეობა გაორმაგდა და 45 მილიონი შეადგინა. 2030 წლამდე, ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, ევროპაში მუსლიმთა რაოდენობა კიდევ 15-20 მილიონით გაიზრდება და 60 მილიონს გადააჭარბებს. დროის იმავე მონაკვეთში არამუსლიმანი ევროპელების რაოდენობა 30 მილიონით შემცირდება და საგრძნობლად დაბერდება. ევროსტატის გათვლებით, 2010-დან 2060 წლამდე მონაკვეთში ევროპის მოსახლეობას კიდევ 86 მილიონი იმიგრანტი დაემატება.

 ასაკი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოგრაფიული პერსპექტივების შეფასებაში. დღეს ევროპის მუსლიმანური მოსახლეობის 50% 30 წელზე ახალგაზრდაა, მაშინ, როცა არამუსლიმანთა შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 30%-ია. უფრო შემაშფოთებელია ევროპის სამომავლო ასაკობრივი პერსპექტივა: 2060 წლისთვის გერმანიის, ბრიტანეთისა და ესპანეთის მოსახლეობის 40 წელზე ახალგაზრდა, ანუ ყველაზე აქტიური და შრომისუნარიანი ნაწილის ნახევარი უცხოელი იმიგრანტები იქნებიან.

 ევროპის ეთნიკური და რელიგიური სურათი იცვლება. ევროპის მოსახლეობა ბერდება და კვდომის პროცესშია, მას არაბული და აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსული რადიკალური, ისლამური მასა ანაცვლებს, რაც შეუქცევლად იწვევს ტრადიციული ევროპული ფასეულობების ცვლას და შევიწროებას.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ამ საფრთხის თავიდან აცილებას ჩამოსულთა ასიმილაციითა და მათ ევროპულ ფასეულობებზე გადაყვანით შეძლებს, მაგრამ იმიგრანტთა ნაკადი ისე დიდია, რომ ასიმილაციის პროცესი შემაშფოთებლად ნელა მიმდინარეობს.

 გერმანიაში ფართო რეზონანსი გამოიწვია გერმანიის ფედერალური ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის _ ტილო სარაცინის 2010 წელს გამოცემულმა წიგნმა “გერმანიის თვითლიკვიდაცია”. წიგნში მოყვანილი იყო გერმანიის მთავრობის დაკვეთით შესრულებული, ფართო საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი სოციოლოგიური კვლევების შედეგები. კვლევების მიხედვით, გერმანიაში მცხოვრებმა ყოველმა მეოთხე მუსლიმანმა არ იცის გერმანული, ხოლო ყოველი მეორე თითქმის არ ურთიერთობს გერმანელებთან. მუსლიმანების 20%-ზე მეტი სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობს და დაახლოებით 15% ღიად ამბობს უარს გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. თითქმის ყოველ მეოთხე მორწმუნე მუსლიმანს (23,5 პროცენტს) ერთხელ მაინც უქურდია ან უძალადია თანატოლებზე. 

 ევროპის უმსხვილეს ქალაქებში მუსლიმანები, ძირითადად, ერთად სახლდებიან, ქმნიან მუსლიმანურ უბნებს, გეტოებს, რომლებიდანაც ადგილობრივი მოსახლეობა თანდათან გაედინება. შვედეთსა და დანიაში არსებობს მთელი ქალაქები, რომლებიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მთლიანად დატოვა და ჩამოსულებს დაუთმო. ამ გეტოებში თითქმის არ მოქმედებს ადგილობრივი კანონები და არ მიმდინარეობს ასიმილაციის პროცესი. აქ ცალკე მიკროკულტურაა, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და რომელიც სულ უფრო იზრდება, ფართოვდება და აგრესიული ხდება.

 ანტიტერორისტული სპეცოპერაციების დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მომხდარ თავდასხმებს ისლამთან კავშირი არ აქვს, რომ კაშერული პროდუქტების სუპერმარკეტზე განხორციელებული თავდასხმა, უბრალოდ, ანტისემიტური აქტი იყო.

სამწუხაროდ, ევროპაში კულტურულრელიგიური დაპირისპირება უკვე შემაშფოთებლად რადიკალურ ფორმებს იღებს და ლიბერალური ევროპული საზოგადოება მას ვერაფერს უპირისპირებს; ვერაფერს, გარდა დათმობებისა, რომლებიც მუსლიმანების რადიკალურ ნაწილს მხოლოდ აძლიერებს.

სააგენტო “ფრანს-პრესის” ინფორმაციით, 10 იანვარს “ალ ქაიდამ” უკვე ღიად განაცხადა, რომ საფრანგეთს ტერაქტების ახალი სერია ელის.

“თქვენ არ იქნებით უსაფრთხოდ, ვიდრე ალაჰს და მორწმუნეებს ებრძვით”, – წერია შეიხ ან ნაზარის განცხადებაში, რომელიც ისლამურ საიტებზე დაკვირვების ამერიკულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

  2014 წლის 27 ივნისს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას; ევროკავშირთან, რომელიც ბევრისთვის დაცულობასა და სტაბილურობასთან, მომავალთან ასოცირდება. ასოცირდება ისე ჯიუტად, რომ მასთან დაახლოება ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ ამოცანად გამოაცხადეს.

მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს თვითონ ევროპელებიც ვეღარ აღიქვამენ საკუთარ მომავალს დაცულად და ევროკავშირის თავზე სულ უფრო შემაშფოთებლად იკვეთება ისლამური ჯიჰადის დროშის სილუეტი.

შოთა ბერიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here