Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ ვაცილებთ ცხენის წელიწადს?

როგორ ვაცილებთ ცხენის წელიწადს?

508

წლის შედეგების შეჯამება მასმედიის ძველი საახალწლო ტრადიციაა და მას იმ შემთხვევაშიც კი უნდა ვუერთგულოთ, როდესაც საქმე ისეთ უცნაურ და ფრიად არატრადიციულ წელიწადს ეხება, როგორიც 2014 იყო.


პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს, უპირველეს ყოვლისა, იყო “წელიწადი ივანიშვილის გადადგომის შემდეგ”, რომლის განმავლობაში საზოგადოებამ ერთი მეორის მიყოლებით სამი ეტაპი გაიარა: ა) ახალი პოლიტიკური რეალობის გააზრება; ბ) მასთან შეგუებისა და ადაპტაციის მცდელობა; გ) მისი უარყოფა. ზოგი კვლავინდებურად პირველ საფეხურზე დგას, ძირითადი მასა კი _ მეორეზე, თუმცა მისი ნაწილი თანდათან მესამეზე ადის. ისე, საინტერესო კია, აქვს თუ არა ამ კიბეს მეოთხე საფეხური. რაც შეეხება მათ, ვინც ჯერჯერობით ვერ გაიაზრა, თუ რა სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გასაკვირი არ არის, მათი დაბნეულობა, რადგან ამ ახალ სისტემას საქართველოს ისტორიაში ანალოგი არ აქვს, სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან პარალელების გავლება გადაულახავ წინაღობებს აწყდება, რადგან იქაც მსგავსი არაფერი უნახავთ. ალბათ, გაივლის წლები, ვიდრე პოლიტოლოგები დამაკმაყოფილებლად აღწერენ ამ უცნაურ ჰიბრიდულ რეჟიმს, რომელიც დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის მიჯნაზე აღმოცენდა.

გასული წლის განმავლობაში საზოგადოება დარწმუნდა, რომ, პრემიერმინისტრის პოსტიდან წასვლის მიუხედავად, ხელისუფლებას კვლავინდებურად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს; ის კრიზისული სიტუაციების დარეგულირებაში არაერთგზის ჩაერია, მაგრამ, ამასთანავე, ნათლად გამოჩნდა, რომ ძალზე რთულია ივანიშვილს რომელიმე კონკრეტულ პრობლემაზე პასუხისმგებლობა დააკისრო, რადგან, ფორმალურად, ის არც ერთ ოფიციალურ პოსტს არ იკავებს და დემონსტრაციულად არ ერევა პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების მიკრომენეჯმენტში, რომელიც მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას დაუთმო. რა თქმა უნდა, ამა თუ იმ კრიზისის დროს ივანიშვილი შეიძლება კადრების არასწორ შერჩევაში დაადანაშაულო, მაგრამ ეს არასაკმარისია საზოგადოების მიერ ხელისუფლების იმგვარი კონტროლისთვის, რომელიც (თუნდაც განვითარებად) დემოკრატიას შეეფერება. 2014-ში ქართველი საზოგადოების უმრავლესობამ გაიგო, რომ:

1.ივანიშვილის ძალაუფლება პრაქტიკულად შეუზღუდავია; 2. ივანიშვილის გაკონტროლება ძალზე რთულია. ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ ივანიშვილს და მისოცნებასამ ეტაპზე რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

თუ მსგავსიშეზღუდული პასუხისმგებლობის რეჟიმისსათავეში მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პათოლოგიური პიროვნება მოექცეოდა, საქართველოში ჩამოყალიბდებოდა უსასტიკესი დიქტატურა, რომელიც პოლ პოტის აჩრდილსაც შეაძრწუნებდა. საბედნიეროდ, ივანიშვილს კეთილგონიერება არ ღალატობს და ეს ქმნის გარკვეულ საფუძველს იმისთვის, რომ “კეთილგონიერ ავტორიტარიზმზე” ვისაუბროთ (განათლებული აბსოლუტიზიმის არ იყოს). ხელისუფლების შეცდომებისა და ცალკეული მძიმე გადაცდომების მიუხედავად, ყველასათვის ცხადია, რომ საქართველოში ბიზნესს აღარ ატერორებენ, პატიმრებს აღარ აწამებენ, ადამიანის უფლებებს ისე ცინიკურად აღარ არღვევენ, როგორც ეს ადრე ხდებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სისტემა, რომლის ღერძს ერთი ადამიანის კეთილგონიერება წარმოადგენს, XXI საუკუნეში ფრიად მოძველებლად გამოიყურება და საზოგადოების პროგრესულ ნაწილს ვერასოდეს დააკმაყოფილებს. ადრე თუ გვიან, ის (შესაძლოა, უნებლიეთ) უსერიოზულეს კრიზისს შექმნის, თუმცა ვინაიდან დღეს 2014 წლის შედეგებს ვაჯამებთ, ალბათ, აჯობებს, ამ თემაზე საუბარი მომავლისთვის გადავდოთ.

2014 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა, ალბათ, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენება და მისი ოპოზიციაში გადასვლაა. ალასანიას ხშირადორმაგი დაქვემდებარების პოლიტიკოსსუწოდებდენ, ალბათ, იმიტომ, რომ ის, ერთი მხრივ, ივანიშვილის გუნდის წევრი გახლდათ, მაგრამ, მეორე მხრივ, ცდილობდა, ამერიკელების რჩევების თუ სურვილების შესაბამისად ემოქმედა. თავდაცვის მინისტრი აკეთებდა ხელისუფლების პირველ პირებთან შეუთანხმებელ განცხადებებს საქართველოში ნატოს ბაზებისა და თავდაცვითი საშუალებების განთავსების შესახებ, ბოლოს კი იმით დაასრულა, რომ პროდასავლურ ორიენტაციასთან საკუთარი თავის გაიგივება სცადა. მისი გადაყენებით პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა (რეალურად კი, ბიძინა ივანიშვილმა) მნიშვნელოვნად გააფართოვა კონტროლის ზონა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძოდ კი, ისეთ საკვანძო უწყებაში, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო და ეს (როგორც უნდა შეენიღბათ) ძია სემის ინტერესების ხარჯზე მოხდა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ამ მოვლენის მეორე ასპექტი _ ალასანიას პარტიის გადასვლა ოპოზიციაში (მითუმეტეს, თუ ახლო მომავალში რესპუბლიკელებიც მიჰყვებიან) მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ისინი ერთი და იმავე, პროდასავლურად ორიენტირებული ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ. ამასთანავე, ალასანია აპირებს კონსტრუქციული ოპოზიციონერობის ახალი სტანდარტის შექმნას (რასაც ადრე გიორგი თარგამაძე აკეთებდა) და ხელისუფლებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, გაცილებით კომფორტული პარტნიორი იქნება, ვიდრენაცმოძრაობისლიდერები.

ეს არ იყო ერთადერთი პრობლემა, რომელიც გასულ წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შეექმნა. მთელი რიგი ტაქტიკური, მეტწილად პროპაგანდისტული წარმატებების მიუხედავად, მან პოლიტიკური იზოლაციის გარღვევა ვერ მოახერხა. ნათლად გამოჩნდა, რომ მასთან თანამშრომლობას არც ერთი სხვა, რამდენადმე სერიოზული პარტია არ აპირებს (ვინაიდან საკუთარ რეიტინგს უფრთხილდება). ეს ფაქტი ჩანასახშივე კლავს ნებისმიერ ოცნებას ალიასანიაზე, რომელიც არჩევნებზე ან თუნდაცმაიდნისაგორების შემთხვევაშინაცმოძრაობასწარმატებას მოუტანს. დამოუკიდებლად კი მას გამარჯვება არც პირველი, არც მეორე სცენარის ფარგლებში არ შეუძლია _ მისი რეიტინგის, რესურსებისა და იმ სიძულვილის გათვალისწინებით, რომელსაცნაციონალებისმიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი განიცდის. სწორედ ამ ადამიანების დამოკიდებულება უშლის ხელს “ნაციონალური მოძრაობის” სრულფასოვან ინტეგრაციას ახალ პოლიტიკურ რეალობაში და ხელს უწყობს მის ჩამოყალიბებას საზოგადოების ძირითადი ნაწილისგან იზოლირებულ სექტად.

პოლიტიკურ პარტიებზე საუბრის დასასრულს, ალბათ, უნდა ითქვას, რომ ნომინაციაშიდებიუტი-2014” უდავოდპატრიოტთა ალიანსმაგაიმარჯვა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკმაოდ საგულისხმო შედეგი აჩვენა. თუ ასეთივე შემართებით განაგრძობენ, საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიძლება, კონსერვატიულ-ტრადიციონალისტური ელექტორატის მთავარ ფავორიტებად იქცნენ.

წინა წელთან შედარებით, მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლებისა გაუმჯობესდა, თუმცა ვინაიდან პარალელურად იზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ღარიბაშვილის მთავრობით, კომენტატორების უმრავლესობა ამ დღეებში სტატისტიკაზე მაღლა განწყობას აყენებს (ეს ძველი ქართული ტრადიციაა), 2014 წელს აფასებს, როგორც წარუმატებელს და ქვეყნის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებს. თუ მათ შეფასებებს მოკლე ფორმულის ფარგლებში მოვაქცევთ, გამოვა, რომ 2014 ნეპოტიზმის, გაუმაძღრობისა და არაპროფესიონალიზმის წელიწადი იყო. ხოლო ვინაიდან მთავრობა საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით უიმედოდ იმპოტენტურია, მას არ ძალუძს მოსახლეობის უმრავლესობა საპირისპიროში დაარწმუნოს.

გასულ წელს, მარტივად რომ ვთქვათ, ზესახელმწიფოებს ჩვენთვის არ ეცალათ, მათ დღის წესრიგში მთავარ ადგილს უკრაინის (აგრეთვე, სირიისა და ერაყის) პრობლემები იკავებდა. “ახალი ცივი ომის” მიუხედავად, სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებული რყევები არ მომხდარა და ის “გადატვირთვის” ერთგვარ “ნაკრძალად” დარჩა. გამორიცხული არ არის, რომ ვაშინგტონშიც და მოსკოვშიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონფრონტაციის გაღრმავება ამ რეგიონში ამ ეტაპზე ადრე დაკავებული პოზიციების დაკარგვის მაღალ რისკს უკავშირდება და “კავკასიური გამბიტი” სამომავლოდ გადადეს.

ნატოს უელსის სამიტი საქართველოსთვის უშედეგოდ დასრულდა და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის ხელშესახებ პერსპექტივაში ალიანსში გაწევრიანებას შეძლებს. ამან ხელი შეუწყო ანტიდასავლური განწყობების ზრდას, რომელიც ისედაც თვალშისაცემი იყო, იმის გამო, რომ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივ დევნას შეეწინააღმდეგა და, ფაქტობრივად, საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფა მოითხოვა. ხელისუფლებამამ ემოციების ნაწილობრივი განეიტრალება მოახერხა, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა დიდ საგარეო-პოლიტიკურ წარმატებად წარმოაჩინა. თუმცა ამ განწყობებისა და ემოციების მართვას მხოლოდ ტაქტიკური შიგაპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, მთავარი კი არის ის, რომ საქართველო კვლავინდებურად რჩება ღარიბ და დაუცველ სახელმწიფოდ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

2014 წლის ბოლოს ყველასათვის ცხადი გახდა, რომ რუსეთსაქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ეტაპი დასრულდა. რიტორიკა შერბილდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დარეგულირდა, გადაწყდა რამდენიმე პრობლემური, თუმცა, არსებითად მეორეხარისხოვანი საკითხი; მეტის გაკეთება დიპლომატებს არ შეუძლიათ _ შემდეგ ეტაპზე ორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და შეეცადონ, მოძებნონ ნიადაგი ყოვლისმომცველი კომპრომისისთვის (რომც არაფერი გამოვიდეს, ამ ეტაპის გავლა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია). საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს, ყურადღებით აკვირდება უკრაინის კრიზისისა და “ახალი ცივი ომის” განვითარებას და ცდილობს, ასეთი მოლაპარაკებებისთვის მაქსიმალურ ხელსაყრელი მომენტი შეარჩიოს. ამასთანავე, მას დასავლელი პარტნიორების გაღიზიანების ეშინია, რაც განსაკუთრებით სამწუხარო იმ შემთხვევაში იქნება, თუ მოლაპარაკებები მოსკოვში უშედეგოდ დასრულდება. საბოლოოდ, ეს მიდგომა შეიძლება დაგვირგვინდეს პასუხისმგებლობისგან გაქცევით და მოლაპარაკებებზე უარის თქმით (რომელიც, სავარაუდოდ, დროის დაუსრულებელი გაჭიანურების სახეს მიიღებს), თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეს მოლაპარაკებები და მათი შედეგები საქართველოსთვის 2015 წლის მთავარ მოვლენად იქცევა.

2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი საზოგადოებისთვის, ალბათ, შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ: ნათლად გამოჩნდა, რომ ის არ კმაყოფილდება იმით, რომ მისი მდგომარეობა სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა (განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით) და მეტ პროგრესს, გაცილებით მასშტაბური რეფორმების გატარებას მოითხოვს. მას არ სურს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითადი იდეა მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივის (ძველი რეჟიმის) უარყოფა იყოს და პოზიტივისკენ, შენებისკენ და შემოქმედებისკენ მიისწრაფის.

იმედია, ის ნაწილობრივ მაინც მიაღწევს საწადელს მომავალ, 2015 წელს, რომლის დადგომას მთელი გულით გილოცავთ!

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here