Home რუბრიკები საზოგადოება მას 30 წელი შეუსრულდებოდა

მას 30 წელი შეუსრულდებოდა

2193

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ახალგაზრდა პოეტ დათა გულუას შემოქმედებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. 18 წლისა იყო, როცა ამ ქვეყნიდან წავიდა. დათა გულუას ლექსების პირველი კრებული 2004 წელს გამოიცა; მეორე, შევსებული წიგნი ამ შეხვედრაზე წარუდგინეს მკითხველ საზოგადოებას.


“დათა გულუას ლექსებმა მიიპყრო ბევრი ქვეყნის ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება. მისი პოეზია ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში. თბილისშიც თარგმნეს რუსულ ენაზე. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, მისი ლექსები შეიტანეს “ქართული პოეზიის ანთოლოგიაში”.

2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე მას მიენიჭა ოქროს მედალი _ “სიტყვიერების დიდოსტატს” _ მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის”, _ წერს მეორე გამოცემის წინათქმაში კრებულის შემდგენელი და რედაქტორი ლელა მელიქიშვილი.

პოეზიის ამ სავანეში _ გალაკტიონის სახლში შევხვდი ჩვენი ქვეყნის ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს ბაკურ გულუას _ დათას მამას.

_ მამის განცდები, ბატონო ბაკურ, აქ და ასეთ ვითარებაში რთულია და ძნელად მოსარევი. ერთი მხრივ, მშობლის ტკივილია, პირადული, ტრაგიკული, გარეთ არგამოსატანი; მეორე მხრივ, ისეთი ვითარებაა, საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის მომსწრენი ვართ, რომ მისდამი საკუთარი დამოკიდებულება არ გაამჟღავნოთ, არ ეგების.

_ მართლაც გამიძნელდება რაიმეს თქმა, მაგრამ ვალდებული ვარ.

დავიწყებ იმით, რომ დათას მაღალი გემოვნება ჰქონდა და იცოდა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის სიმაღლე და მიუწვდომლობა. ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართებოდა გალაკტიონის მემორიალურ ბინაში, მარჯანიშვილის ქუჩაზე.

აქ, ამ წმინდა ადგილას დათა ბავშვობიდან ბევრჯერაა ნამყოფი. აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა, კერძოდ, მისმა ხელმძღვანელმა სვეტლანა ქეცბამ, დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებმა სწორედ აქ რომ გადაწყვიტეს ამ ღონისძიების მოწყობა, ეს გალაკტიონის პოეტურ სიტყვასთან დათას შემოქმედების  მიახლოების სიმბოლოდ წარმომიდგება.

ეს აფხაზური ცენტრი დიდად სასარგებლო საქმეებსაა შეჭიდებული და ფართო საზოგადოებას წარუდგენს ხოლმე ამ ძირძველი ქართული მიწიდან აღმოცენებულ სულიერ და კულტურულ სიმდიდრეთა ნიმუშებს. დათას დედა სოხუმელია და  დიდად ვარ მადლობელი, რომ ქალბატონმა სვეტლანამ (რომელიც წლების განმავლობაში აფხაზეთის კულტურის მინისტრი იყო), დათას პოეზია შეაფასა, როგორც ღირსეული მოვლენა ამ სიმდიდრეთა დონემდე აღზევებული.

თერთმეტი წელიწადი და ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დათა არ არის ამ ქვეყანაზე, 21 დეკემბერს ჩემი ვაჟი 30 წლისა უნდა გამხდარიყო. “მას 30 უნდა შესრულებოდა,” _ ასე ჰქვია ამ შეხვედრასაც.

გალაკტიონის ეს სავანე პოეზიის მოყვარული საზოგადოებისთვის ნებისმიერ დიდ დარბაზზე უდიდესი და უმნიშვნელოვანესია.

დათას ლექსებზე პროფესიონალები უფრო მეტს იტყვიან. მე კი, როგორც მამამ, შემიძლია ვთქვა, რომ სახლში მყავდა საოცრად განსხვავებული თვისების ბიჭი, რომელმაც წინასწარ იცოდა, რომ ხანგრძლივი სიცოცხლისთვის არ იყო ამქვეყნად მოვლინებული. ამის შესახებ თავის ლექსებში წერდა.

დათას ხშირად ტერენტი გრანელს ადარებენ, მაგრამ, მისგან განსხვავებით, იგი ბედს არ მისტირის და ბედთან არის შერიგებული. ეს რომ ღვთის ნებაა, ლექსებში უწერია.

მე შენ გაჩუქე თვე გაზაფხულის,

შენ კი დამითმე ბილიკი ზამთრის,

მე მაინც მიყვარს ის სასწაული,

თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის.

საოცარია, დათამ რომ დაწერა, შაბათ დღეს ნარიყალაზე დამასაფლავებენო.

ასეც მოხდასამწუხაროდ

აღარ მყავს ჩემი ლამაზი ბიჭი… რა ვიცი, მეუბნებიან, უნდა იამაყოო, მაგრამ ჩემს საფიქრალს ბევრი რამ ზედ ადევს. მენატრება ძალიან.

პროფესიონალები უკეთ შეაფასებენო დათას შემოქმედებას, თქვა ბატონმა ბაკურმა.

ვთხოვოთ.

ცნობილი ქართველი პოეტი გენო კალანდია, რუსთაველის პრემიის ლაურეატი:

_ ჩემს პატარა წერილში დათა გულუას ქართული პოეზიის უფლისწული ვუწოდე. სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა მისი სიცოცხლე, მაგრამ რაც დაგვიტოვა ამ პატარა ბიჭმა, ამ უფლისწულმა, ღირებულია, ძალიან დიდი ლექსები აქვს. ვფიქრობ, დათა გულუა ცოცხალი რომ ყოფილიყო, უზარმაზარი ქართველი პოეტი იქნებოდა, თავისი დიდი შინაგანი ენერგიითა და პოეტური კულტურით. ასე მოხდებოდა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი 18 წლის ბიჭის შემოქმედებაში უკვე ჩანს.

საწყენია, რომ ასე ადრე წავიდა ჩვენგან, მაგრამ დაგვიტოვა შესანიშნავი ლექსები, ჩვენთან დარჩა, როგორც ერთი, გამოკვეთილი და ლამაზი უფლისწული ქართული პოეზიის.

ელდინო საღარაძე, მსახიობი, გურამ საღარაძის შემდეგ მხატვრული კითხვის (როგორც უწინ ამბობდნენ) უბადლო ოსტატი:

_ რით მოგხიბლათ ამ პატარა ბიჭის პოეზიამ, ქალბატონო ელდინო?

_ მომხიბლა ის სიტყვა არ არის. შეიძლება ითქვას, გამაოგნა. ჭკუიდან გადამიყვანა.

იცით, რომელი პოეტების კატეგორიას მივაკუთვნებდი დათა გულუას? ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც ძალიან ადრე წავიდა, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ტერენტი გრანელი, რომლებმაც, ჩვენ რომ გვგონია,  ვერ ამოწურეს თავიანთი ნიჭი, ბოლომდე ვერ დაიხარჯნენ პოეზიაში. ჩვენ გვგონია, თორემ როგორ შეიძლება, უფალს რამე შეშლოდა და უფრო ადრე გაეყვანა ამ ქვეყნიდან, ვიდრე ისინი თავიანთ შესაძლებლობებს სრულად დახარჯავდნენ?! მადლობა უფალს, რომ დათაში ჩადო ეს შესაძლებლობები და მადლობა მას, რომ არ დაკარგა უფლის ეს ჩანაფიქრი თუ საჩუქარი, სრულად გამოიყენა და დაგვიტოვა გამაოგნებელი პოეზია.

ჩემთვის ასეა.

იმას არ და ვერ ვიტყვი, რომ აქ ყველაფერი რიგზეა, დალაგებულია. არა. მაგრამ არც შეიძლებოდა ასე ყოფილიყო, რადგან ასაკი ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. მაგრამ ეს გამაოგნებელი სამყარო ხომ მისი იყო და ჩვენ ამ სამყაროს მოგზაურები გაგვხადა. როგორ შეიძლება, რომ მადლიერების გრძნობა არ გვქონდეს.

ჩვენ საკუთარი ინტელექტიდან, წარმოსახვებიდან თავს უფლებას ვაძლევთ, ზოგჯერ გავასწოროთ ამ მართლა გენიოსების შემოქმედებიდან ზოგიერთი დეტალი, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენი უფრო კარგია, ვიდრე იმათი? არავითარი გარანტია! უბრალოდ, მიჩვეულები ვართ, ამოვიდეთ ჩვენი მედან.

მე ვეთაყვანები მის მეს და ვღებულობ ისეთს, როგორიც იყო და როგორიც დამიტოვა.

სწორედ ასეთი აღქმითა და სრულად შეწირული გრძნობით წაიკითხა დათოს ლექსები ელდინო საღარაძემ იმ დღეს. ჩამოღვენთილი სანთელივით ენთო ის შეხვედრა გალაკტიონის მემორიალურ ბინაში და ვხედავდით, სიბრძნის საზღვარზე იალქანაშლილი ბიჭი, რომელსაც უმეცრების დაშლა მოესწრო, როგორ მიემართებოდა ბედის ეტლით  სულ მაღლასულის სრულყოფისკენ.

და გვესმოდა დათა გულუას ანდერძად ნათქვამი: “გიყვარდეთ ერთმანეთის სულები და გაუფრთხილდით მათ ისე, როგორც უფრთხილდებით თქვენს სხეულს. სულს თავისი სისხლი გააჩნია და, თუ მისგან დაიცალა ადამიანი, უმალვე ლეშად გადაიქცევა, ლეში კი ყარს…

დავუნთოთ ერთმანეთს სულებში სანთლები, რადგან ხვალ მათი ერთობლიობა მომავლის გალაკტიკის მზეს კიდევ ერთ სხივს შეუზრდის” (2002 წლის 19 ოქტომბერი).

ზეცას ახედეთ, ადამიანებო, სადაც “მზემ ჩამოიხრჩო სხივებით თავი” და სადაც ამაღლდა პოეტი, როგორც “ეპოქის შურისძიება”, და იცხოვრეთ “იმიტომ, რომ ცხოვრება ბრძოლაა” “ვარდების ომიდან _ ეკლების ომებამდე”.

არმაზ სანებლიძე

დათა გულუა

მზემ ჩამოიხრჩო სხივებით თავი

ეჰ! სული კალამს ისევ დასჯერდა,

ის გადამწვარი, ცხელი ხელებით

მელანში ჩავწექ მე კვლავ ასჯერ და

ათიათასჯერ ნიღბის ფერებით.

აქ ძვლიდან ძვლამდე გადაუჭიმავს

ობობასავით გულს ეს ქსელები

და შენ იჯექი ტარანტულივით,

ისე დავმძიმდი, ვეღარ გელევი.

მიჯაჭვული ვარ მე ჩემს სარეცელს,

თეთრი ოთახი გახდა საკანი

და ვიცი, ღამე ხანჯალს დაეძებს,

რომ გადამიჭრას სევდის ქამარი.

დამწვარი მთვარე ბჟუტავს ღრუბელზე,

ხელებს ურტყამდა ჯებირებს წვიმა

და ალიონის ცისფერ ღუმელზე

თითქოს ხარშავდნენ ქალაქის დილას.

ისევ დავყურებ ბებერ შენობებს,

ინთება კვამლი დღეს ქუჩებიდან,

მე ღვინო ვასვი გუშინ დემონებს,

მთვრალნი გავყარე სარკმელებიდან.

ჩვენ დიდხანს ვბჭობდით, რომ პოეზია

არის სიტყვების ოქროს ოლარი,

მათ იგრძნეს, ჩემს სულს ლექსი ესია,

რომ ჩემს საყდარში არავინ არი.

რომ ხან დარაბებს მიველეწები,

რომ გაზაფხული ისევ გაიხსნას,

სიბნელეები, როგორც მხეცები,

ცდილობენ, ცხელი ვნება დამისხან.

კვლავ დავიმდუღრე ჭრელი ნიღაბი

და ირონია შემრჩა კოჟრებად,

ამიცახცახდა უცებ ნიკაპი

და დაიფანტა ღამე ბოშებად.

აჯანყებულან ჩემში რითმები,

სიცარიელე კვლავ ამომშრალა

და ვიცი, ღამევ, ისევ ფითრდები,

შენ ხომ სიბნელე გედება ბრალად.

ახალი გლოვა მოფრინდა გრილი

და თითქოს ზეცად მოვარდა ზვავი,

მე გამეყინა უცებ ღიმილი,

ჩემი სარკმლის წინ, მტვრიან ქალაქზე,

მზემ ჩემოიხრჩო სხივებით თავი.

და მეეზოვე გვიდა სახეებს,

ამ შემოდგომამ კვლავ რომ დაფანტა

და დავემსგავსეთ ისეთ მარეკებს,

ზეცას ეწერა დიდად: “დაღამდა”!

მეტეხის ძირას მტკვარი ბოდავდა

და შიშით კლდეებს ეკიდებოდა,

ნუთუ სინათლე, სხივი მოთავდა? _

ის ხიდებს ფიქრით ეკითხებოდა.

და ირწეოდა მზე ჩამომხრჩვალი,

ვისი ბრალია მისი სიკვდილი?

ვისი ბრალია, რომ ნარიყალას,

პირველად უნდა ქვებზე ტირილი?!

და სული კალამს ისევ დასჯერდა

ატყავებული, ცხელი ხელებით,

მელანში ჩავწექ მე კვლავ ასჯერ და

გულს მივიყარე მიწა ბელტებით.

10.02.2003

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here