Home რუბრიკები საზოგადოება ჰამლეტ გეგია: ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური და პროფესიული განათლების დონე უნდა ამაღლდეს!

ჰამლეტ გეგია: ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური და პროფესიული განათლების დონე უნდა ამაღლდეს!

627

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია უმუშევრობაზე, განათლების პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, აგრეთვე, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება.


_ 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს 10 მილიარდი ლარის ვალი აქვს ბანკების. ბანკები კი ვალების რესტრუქტურიზაციაზე არ მუშაობენ…

_ ზემოგებებზე ორიენტირებულმა ბანკების საფინანსო პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და გვყავს გაღატაკებული ფენა, რომელიც იმართება არა მხოლოდ მის მიერ არჩეული მთავრობისგან, არამედ ბანკებისგანაც. სამწუხაროდ, მთავრობაც კი უძლურია, გადაჭრას კრედიტორებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები.

ევროპაში თუ ბანკი ჩათვლის, რომ ბიზნესპროექტი კარგია, თვითონ დაიკისრებს პასუხისმგებლობას მის განხორციელებაზე, ზრუნავს პროექტის ავტორის ბიზნესზე და ხელს უწყობს მას, როგორც ექიმი ავადმყოფს გამოჯანმრთელებაში. საქართველოში კი კომერციული ბანკები, ძირითადად, ორიენტირებული არიან ზემოგებაზე და იპოთეკურ სესხებზე. ქონება, რომელიც უნდა ჩაიდოს ბანკის გარანტიის იპოთეკაში, მრავალჯერ აღემატება მის საბაზრო ღირებულებას, ანუ ბანკი ქონებას საბაზრო ფასებთან შედარებით დაბალ ფასად აფასებს, რადგან დაინტერესებულია, იპოთეკარების ქონება ხელში მუქთად ჩაიგდოს. ამას ემატება მაღალი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ბიზნესპროექტების განხორციელებას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის პოლიტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ გამოკვეთილი არ არის, ძირითადად, ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც კომერციულ ბანკებს აძლევთ ხელს. კოტრდებიან ბიზნესპროექტის ავტორები, კლიენტები, სამაგიეროდ, ზემოგებას იღებენ ბანკები. საქართველოში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბანკის ვალი აქვს, მათი დიდი ნაწილი იპოთეკური სესხებია, დასაქმების მდგომარეობა კატასტროფულია. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მოსახლეობის მდგომარეობა სავალალოა _ მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება მცირე ჯგუფის სასარგებლოდ, რაც შეიძლება  სერიოზული გამოწვევებით დასრულდეს. გაკოტრებული ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური სამუშაო ან სხვა შემოსავალი, რჩებიან უიმედოდ, რომელიც საზოგადოების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

_ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი როგორ უნდა ვიპოვოთ?

_ რაც შეეხება ჩვენი საზოგადოების ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, სახელმწიფომ ნაწილობრივ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და იყოს გარანტი იმისა, რომ თუნდაც კანონის ძალით მოხდეს ამ სესხების გადავადება. სახელმწიფო და საბანკო სექტორი უნდა ზრუნავდნენ დასაქმებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს იმედი რომ მისცენ, თავიანთი შრომით შეძლონ ვალების გადახდა და არ გაკოტრდნენ. საქართველო სამომავლოდ აუცილებლად გახდება ამიერკავკასიის საფინანსო ცენტრი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო და ჩვენი საზოგადოება უნდა ცდილობდნენ საბანკო სექტორის გაძლიერებას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე. საქართველოს მთავრობას აქვს რესურსი იმისა, რომ ხელი შეუწყოს საბაკო სფეროს განვითარებასაც და თავისი მოქალაქების დასაქმებასაც. ამ თვალსაზრისით საჭიროა, სახელმწიფომ გაატაროს რეფორმები ბანკებისა და საზოგადოების მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური და პროფესიული განათლების დონე!

_ წინა ხელისუფლების პერიოდში თქვენი ინიციატივით შეიქმნა ანტიკრიზისული საბჭო და რამდენიმე ადამიანი იხსენით ბანკების ე. წ. შავ სიაში მოხვედრისგან…

_ პირველი საკითხი, რომელიც “საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა” შეისწავლა ექსპერტებთან ერთად, იყო ბანკების მიერ ე. წ. შავ სიაში შეყვანილი 300 000 მოქალაქის საკითხი, ძირითადად, ახალგაზრდების, რომლებიც გადახდის უუნარონი გახდნენ, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ბანკებმა არათუ გაითვალისწინეს მათი მდგომარეობა, არამედ შავ სიაში შეიყვანეს. ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტსა და მთავრობას, მოეხდინათ რეაგირება ამ უსერიოზულეს პრობლემაზე, გაეთვალისწინებინათ ფორსმაჟორული სიტუაცია და ეშუამდგომლათ ბანკებთან მათი მდგომარეობის შეცვლის მიზნით. ჩვენდა გასაოცრად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიბარა ბანკების ხელმძღვანელები, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ “შავი სიებიდან” ამოეღოთ ეს ახალგაზრდები, მიეცათ მათთვის დასაქმების საშუალება და გაეთავისუფლებინათ კაბალური მდგომარეობიდან. როგორც ჩემთვის ცნობილია, ნაწილმა დაფარა ვალი, რადგან დიდ თანხებზე არ იყო საუბარი; ნაწილს შეუმცირეს, ხოლო ზოგს ჩამოაწერეს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, წინა მთავრობამ, მიუხედავად მისი ანტიეროვნული პოლიტიკისა, პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა.

_ დასაქმება კვლავ პრობლემად რჩება, არც ამ მხრივ შეცვლილა რამე. რა რეფორმებია საჭირო ამ პრობლემის დასაძლევად?

_ ამას წინათ ვსაუბრობდი ახალგაზრდებთან და ერთ-ერთს ვკითხე: მაქვს შენი დასაქმების საშუალება და სად ისურვებ მუშაობას-მეთქი? პასუხი ვერ გამცა, მითხრა, დავფიქრდებიო. პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება, არამედ ისიც, რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობას არ აქვს ის პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებითაც დამსაქმებელს დააინტერესებს. აქედან გამომდინარე, ვეთანხმები მთავრობის ინიციატივას, რომ უფასოდ მოხდეს მოსახლეობის პროფესიული განათლება, რა თქმა უნდა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ეს პრობლემაც სერიოზულად არის გასაანალიზებელი და მის მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოს მთავრობამ.

_ განათლების პრობლემის მოგვარების მექანიზმები თუ არის საქართველოში?

_ უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს (თუ აქამდე არ შექმნილა) შრომის ბაზრის მდგომარეობის შემსწავლელი ინსტიტუტები. უნდა განისაზღვროს შრომის ბაზრის პრობლემები, რათა დაბალანსდეს მოთხოვნა და მიწოდება. ჩემი აზრით, განათლების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს პროფესიული განათლებისა და შრომის (ცოდნის) ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაებას საზოგადოება, საქართველოში არსებული სამეწარმეო და ინტელექტუალური რესურსები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა შეიქმნას ინფორმაციული ბანკი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად ვის რა შეუძლია, ვინ რომელ რომელ პროფესიას ფლობს, რომელ სფეროში სურს მუშაობა და რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა. მაგრამ მხოლოდ განათლების სამინიტრო ამ საკითხს ვერ მოაგვარებს, თუ არ იქნა მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, კონკრეტულად, ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებიდან. საბოლოო ჯამში, პრემიერის თავმჯდომარეობით უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას წარუდგენს დასაქმების მოკლე და გრძელვადიან გეგმებს შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. თუ მთავრობა მოინდომებს და ექნება საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა, დასაქმების პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, როცა გამოთქვა მზადყოფნა, რომ წარმატებულ ახლგაზრდებს სახელმწიფო დააფინანსებდა და ხელს შეუწყობდა უცხოეთში განათლების მიღებაში. ამ ნიჭიერი ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნების, მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენების წინაპირობას, რა თქმა უნდა, კონტრაქტი ქმნის. 

_ როგორი უნდა იყოს საზოგადოების როლი ამ პრობლემების გადაწყვეტაში?

_ პირველ რიგში, მოქალაქეებმა უნდა გავაცნობიეროთ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. მხოლოდ მთავრობა კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, არამედ საკუთარი თავიც. საზოგადოება უნდა წარმოაჩენდეს არა მხოლოდ პრობლემებს, არამედ მისი გადაწყვეტის გზებსაც და, რაც მთავარია, უნდა ახორციელებდეს მთავრობის მონიტორინგს.

თუ არ გააქტიურდა სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფინანსურად დამოუკიდებელი მედია და კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტები (თუ კიდევ შემოგვრჩა), შედეგი არ გვექნება.

ნებისმიერ საზოგადოებას ყოველთვის სჭირდება პიროვნული მაგალითი. ვფიქრობ, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი აქტიურობით პიროვნულად უნდა აჩვენოს ქართველ საზოგადოებას, როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნის განკურნება უმუშევრობის, უნდობლობისა და უიმედობის სენისგან.

მთავრობას კი ხელი უნდა ედოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის მაჯისცემაზე და შესაბამისად, უნდა ატარებდეს ქმედით ღონისძიებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. კერძოდ, უნდა გაჩნდეს მოკლე და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ამ მხრივ მთავრობას საკმარისი რესურსი აქვს.

ესაუბრა

დათო ქაქუთია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here