Home რუბრიკები საზოგადოება უცვლელი რექტორი, ანუ სიტყვა უფროს მეგობარზე

უცვლელი რექტორი, ანუ სიტყვა უფროს მეგობარზე

656

წინამდებარე ტექსტი არც საზეიმო მილოცვაა და არც ოფიციალური სამადლობელი, უბრალოდ, რამდენიმე აუცილებელი შტრიხია იმ კაცის პორტრეტისთვის, რომელსაც უკან არასოდეს დაუხევია, თავისი სიმართლითა და პროფესიონალიზმით უვლია და უღვაწია! ვალდებულად ჩავთვალე თავი, რამდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან მკითხველისთვის გამეზიარებინა. რა გამოვიდა, თვითონ განსაჯეთ.


2014 წლის 7 დეკემბერს 75 წლის გახდა… 30 წლის წინათ, ძალიან დიდი უბედურების დღეებში გავიცანი _ მის უახლოეს ძმაკაცს, გურამ ჩხაიძეს, თბილისის ზღვამ ორივე ვაჟი წაართვა, მათგან ერთ-ერთი ჩემი მეგობარი _ კახა ჩხაიძე. იმ უბედურების დღეებშიც ყველა მას შეჰყურებდა. ასე მგონია, საძმაკაცოშიც პირველი იყო!

გავიდა წლები…

1991 წლის სექტემბერში უნივერსიტეტში 3 რექტორი დაინიშნა _ თამაზ გამყრელიძე (ხუმრობით _ ,,ერთდღიანი” რექტორი), ოთარ ჯაფარიძე (40 დღემდე) და შემდეგ _ ის. რექტორი დაუნიშნეს უნივერსიტეტს. მან კი ,,დანიშვნა” არც საკუთარ თავს აკადრა და არც _ უნივერსიტეტს; ჰო, არ აკადრა.

მერე ქვეყანა აირია. გარეთ გასვლა ლამის აღარ შეიძლებოდა. რის ლექცია, რა ლექცია… თუმცა ეს არ შეეხო უნივერსიტეტს, მისი წყალობით, მისი მეცადინეობითა და უნივერსიტეტის, უნივერსიტეტელების მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამო. თვითონაც იქ არ გაიზარდა?! მისი მასწავლებლები, მეგობრები, ჯგუფელები, მეგობრების შვილები და შვილების მეგობრებიც უნივერსიტეტში იყვნენ და აი, ამის გამო იტვირთა ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. გარეთ _ ძვალ-რბილში რომ გაგატანს ისეთი სიცივე და სუსხი, ტრანსპორტზე საუბარიც ზედმეტია, უნივერსიტეტში კი _ თანდათან სითბო და წესრიგი, არავითარი ლექციის გაცდენა, არავითარი ხელფასის დაგვიანება. პრემია, მეცამეტე ხელფასი _ მხოლოდ უნივერსიტეტში. ლექტორს უჭირს? _ მისი მითითებაა, დახმარება გაუწიონ! ვინმე გარდაიცვალა? _ დაკრძალვა უნივერსიტეტის ხარჯებით. იქნებ ვინმეს ჰგონია, ზღაპარს ვყვები?! გვარ-სახელებს გეტყვით, თუ გნებავთ, მაგრამ აქ მათი ჩამოთვლა არც ეთიკურია და არც დრო და ფორმატია შესაფერისი!

თანდათან გათბა უნივერსიტეტის ყველა კორპუსი, მეცადინეობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, იხსნება ახალი ფაკულტეტები, კათედრები, სპეციალობები, ლაბორატორიები (ნეტავ, დღევანდელი უნივერსიტეტი იმის მეასედი იყოს, რაც 2004 წელს იყო!).

ჩანართი პორტრეტისთვის (შესაძლოა, არ ახსოვდეს):

მცხეთა-საგურამოს გზაზე ერთ რესტორანში ბიჭები ვსხედვართ, იქვე, ერთი მაგიდის გამოტოვებით _ უმაღლესი სასწავლებლების რექტორები მისი მეთაურობით, აგრეთვე, აკადემიის იმჟამინდელი პრეზიდენტი ალბერტ თავხელიძე. ჩანს, უკვე გასვლას აპირებენ. წინ ის მოდის. შემამჩნია, მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას, მადღეგრძელა ბიჭებთან ერთად და დაგვემშვიდობა. ჩვენც მალე წამოვიშალეთ. ანგარიში რომ მოვითხოვეთ, _ უკვე გადახდილიაო! ხვდებით ხომ?! უმნიშვნელო ამბავია? აბა, მე მკითხეთ. ,,აუ, რა მაგარი კაცია, როგორ გვშურს შენი, ნეტავ, ჩვენ გვყავდეს ეგეთი რექტორი!” _ მომაყარეს მეგობრებმა. დღემდე ვამაყობ და ვტრაბახობ ამ ამბით! მეორე დღეს, მადლობის სათქმელად რომ მივედი, კაბინეტიდან გამოდიოდა. გამიღიმა, _ დიდხანს დარჩითო? _ მკითხა და ჩემგან მადლობის თქმის შემდეგ მითხრა, ეგ არაფერი, ზაზა, შენც ასევე მოიქცეოდიო!

გავიდა წლები. ქვეყანაში ვარდისფერი ყველაზე საზიზღარი და საძულველი გახდა! აინთხლა, აითქვიფა და ამძაღდა ყოველი. დუჟმორეული შლეგი რაღაცას გაჰკივის, რას _ თვითონაც არ იცის. თვალებში _ ზიზღი და სიძულვილი ყველაფრის მიმართ. რწმენა და განათლება, ანუ ეკლესია და უნივერსიტეტი უნდა დაანგრიოს. თანამოაზრენი გვერდს უმშვენებენ. ვიცით, ვგრძნობთ, როგორ ახლოვდება უნივერსიტეტთან განშორების დღე. ის წყნარად არის და გვამშვიდებს. 1 ოქტომბერს რექტორატში მასთან მივდივარ. ველაპარაკები, ვარწმუნებ… თუმცა ჩემზე მეტი იცის, უნახავს და გამოუცდია: ,,ახლა ასე სჯობს, გავეცალოთ, ვაცალოთ, კისერს წაიტეხენ, აგერ ნახავ. არ ღირს მათ გამო სისხლის დაღვრა”. რომ არ შევეპუე, განმაიარაღებელ ფრაზას მეუბნება: ,,ვიცი, პატივს მცემ და მოდი, საქმით დაამტკიცე! როგორც უმცროს მეგობარს, ისე გთხოვ!”, ხმა ვეღარ ამოვიღე.

დღეს მადლობა უნდა გადავუხადო “ამ” კაცს. მადლობა ყველაფრისთვის!.. მადლობა, რომ არის და ჩვენ გვერდითაა! მეამაყება ბატონი როინი, ჩემი უცვლელი რექტორი.

მადლობა ქალბატონ ლუიზას _ ასე ერთგულად და თავდადებით რომ იზიარებს უღელს!

მადლობა ნინოსა და ვიკას, მათ მეუღლეებს _ საამაყო და საყვარელ შვილებს, გვერდში რომ უდგანან და იზიარებენ ლხინს, ჭირს და მამის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშანს რომ არ აკარებენ და აკადრებენ!

დასასრულ, მადლობა როინ მეტრეველსა და უნივერსიტეტს _ 2004 წლის 1 ოქტომბრამდე ჩემთვის ორივე ერთი ცნება იყო!

ვულოცავ ჩემს უცვლელ რექტორს ასე ღირსეულად უკან მოტოვებულ სამოცდათხუთმეტს! მადლობა მას იმ ცამეტი წლის თითოეული დღისთვის, როცა უნივერსიტეტს ისიც და მეც საკუთარ ოჯახად მივიჩნევდით! 

სათქმელი ბევრია, მაგრამ _ ან სამერმისოდ, ან პირადად.

ზაზა სიამაშვილი

6 დეკემბერი, 2014 წელი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here