Home რუბრიკები საზოგადოება “ბატკას” ფენომენი! ანუ რატომ უყვართ ბელარუსებს თავიანთი პრეზიდენტი

“ბატკას” ფენომენი! ანუ რატომ უყვართ ბელარუსებს თავიანთი პრეზიდენტი

851

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: პირველი შთაბეჭდილება ბელარუსზე ისეთია, თითქოს, დაბრუნდით საბჭოთა კავშირში: ლენინისა და სსრკ-ის სხვა მოღვაწეთა ძეგლები, ქუჩები ძველი დასახელებით, საბჭოთა სიმბოლიკა ისევე, როგორც უწინ, დღესაც ხელუხლებელია! ბელარუსში ძეგლებს არ ებრძვიან! ამავე ბელარუსში, ბელოვეჟის ტევრის სასახლე-ქოხში, 1991 წლის ბოლოს, “დიდმა სამეულმა” (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი) ხელი მოაწერა ოდესღაც დიდი ქვეყნის _ საბჭოთა კავშირის “უდროო გარდაცვალებას”.


რაც მოხდა შემდეგ, ყველასათვის ცნობილია: შუღლი ეროვნულ ნიადაგზე, სისხლიანი სამხედრო კონფლიქტები, უამრავი ტანჯვა რომ მოუტანა ყოფილი საბჭოეთის მოსახლეობას. ამ ყველაფერმა სასწაულებრივად აუარა გვერდი ბელარუსს, ქვეყანას, რომელსაც, აი, უკვე, 20 წელია, სათავეში უდგას ალექსანდრე ლუკაშენკო. და თუ მას ადრე მწვავედ აკრიტიკებდნენ, ორი ათეული წლის შემდეგ, ბელარუსის მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა მხარს უჭერს და სიყვარულით “ბატიას”, ანუ “მამას” უწოდებს. ბელარუსიდან ახლახან დაბრუნდა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ლევან დოლიძე. ბატონი ლევანი ბელარუსის ხშირი სტუმარია და მშვენივრად გათვითცნობიერებულია, რა ვითარებაა ამ ქვეყანაში. გთავაზობთ მის მონაყოლს:

ბელარუსი გუშინ და დღეს

ვეცდები, მიუკერძოებლად განვიხილო ბელარუსის დღევანდელი ცხოვრება, _ მიყვება ბატონი ლევანი. _ საბჭოთა პერიოდში საქართველო ბევრი მაჩვენებლით უსწრებდა ბელარუსს! ამას ვამბობ გადაუჭარბებლად. მართლაც, ბელარუსი ვერ დაიკვეხნის კოლოსალური ბუნებრივი რესურსებით, მას არ აქვს საზღვაო პორტები, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას. საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ბელარუსი ითვლებოდა სსრკ-ის “საამწყობო საამქროდ”. მისი ეკონომიკა, მრეწველობა იყო კოოპერირებული უზარმაზარი ქვეყნის ასობით საწარმოსთან. უმძიმესი ვითარება, ბელარუსს რომ უქადდა სახალხო მეურნეობის სრულ მოშლას, გააცნობიერა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა; მისი ბრძნული ხელმძღვანელობის წყალობით, ბელარუსს ასცდა ის საშინელებები, რომლებიც სხვა პოსტსაბჭოურმა რესპუბლიკამ იგემეს. ბელარუსში კი, მინსკიდან დაწყებული, პატარა სოფლით დამთავრებული, სუფევს მშვიდობა, აღმშენებლობა და იმედი! დღეს ბელარუსი შემდგარი სახელმწიფოა! ალექსანდრე ლუკაშენკომ შეძლო ბელარუსებში, ამ, ლამის მორჩილ საბჭოთა ადამიანებში, აემაღლებინა ეროვნული სული და ეროვნული ღირსება! მან კარგად იცის, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს ძალა მის ხალხშია! ხალხი ამაყობს თავისი ქვეყნით და თავისი პრეზიდენტით! კეთილდღეობა, სოციალური პოლიტიკის წარმატებები, გონიერი ტოლერანტობა და კონფესიათაშორისი მშვიდობა ბელარუსის სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილებია; აქ არის გაწვრთნილი, არაკორუფცირებული სახელმწიფო ძალაუფლების სტრუქტურა, ასევე, შრომისუნარიანი ბიუროკრატიული აპარატი. ბელარუსში ლიკვიდირებულია ორგანიზებული დანაშაული! ბელარუსში სახელმწიფო მოხელეები ნაკლებად “კარგად ლაპარაკობენ” და ბევრს მუშაობენ!

გზები და ქუჩები. მინსკი

ბელარუსში ჩასული ადამიანის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს გზები, სისუფთავე, სიმწვანე და სუფთა ჰაერი! აქ გზები მართლაც შესანიშნავია! ყველა გზა და ტრასა შენდება და რემონტდება სრული პროგრამით. ეს არა მხოლოდ ბრწყინვალედ დაგებული ასფალტია, არამედ ყველა აუცილებელი ატრიბუტი ხარისხიანი, თანამედროვე გზისა: მონიშვნები და ნიშნები, ბორდიურები, გაჩერების და დასასვენებელი ადგილები, ნაგვის ბუნკერები; ხოლო, ტრასებზე _ საპირფარეშოები, ფანჩატურები და ა.შ.

გზებისა და ტრასების სისუფთავე, ბელარუსის ქალაქების, დაბებისა და სოფლების სანიტარული მდგომარეობა გააოცებს ჩვენს თანამემამულეს, რომელიც საქართველოს მთავარ ქუჩაზე _ რუსთაველის გამზირზე, ყოველ ნაბიჯზე ხედავს ნაგავს! ასეთ არასახარბიელო სურათს ბელარუსში თქვენ ვერ ნახავთ და, მაინც, თუ იხილავთ, ჩათვალეთ, ეს ან ჩვენი თანამემამულეების, ან ჩვენი მეზობლების ჩადენილია.

მინსკი, ისევე როგორც მთელი ბელარუსი, სიმწვანეშია ჩაფლული. აქ იმდენი ლამაზი ყვავილნარია, რომ მინსკს თამამად უწოდებ ქალაქ-ბაღს! დილაადრიან ასობით მანქანა, ლამაზ მწვანე სპეცტანსაცმელში გამოწყობილი “მინსკმწვანმშენის” ათასობით მუშაკი ძალებს არ იშურებენ, დედაქალაქის გასალამაზებლად. ამ სილამაზის შემყურე კარგ განწყობაზე დგები!

მინსკის ცენტრში განლაგებულია “კომაროვსკი” _ დედაქალაქის ერთ-ერთი სასურსათო ბაზარი, რომელიც უფრო სპორტის სასახლეს ჰგავს. აქ სიმპათიური გამყიდველი ქალები გახამებულ თეთრ ხალათებსა და ქუდებში ქარხნულ სასწორებზე ზუსტად აგიწონიან ნაყიდ პროდუქტს. ფასებიც მისაღებია და მომსვლელებიც _ საკმარისზე მეტი. აქ, ბაზარში, თითქმის სტერილური სისუფთავის გარემოში, სურსათის ასორტიმენტი მკაცრადაა რეგლამენტირებული. პროდუქტი, საფასურთან ერთად, აკურატულად დევს ვიტრინის სუფთა მინის ქვეშ. მთელი ბაზარი განლაგებულია ქუჩის დონეზე, რაც მოსახერხებელია ნებისმიერი ასაკის მყიდველისთვის, განსაკუთრებით _ ინვალიდებისთვის. სულ კი მინსკში 27 სასურსათო ბაზარია.

სხვათა შორის, ბელარუსში ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ფართოვდება უმსხვილესი მაღაზიების _ “ევროოპტის” ქსელი, რომელშიც წარმოდგენილია სურსათ-სანოვაგისა და პირველი მოხმარების საქონლის ფართო ასორტიმენტი. აქ ფასები, დაახლოებით, 18-21% უფრო მცირეა, ვიდრე სხვაგან და, ამიტომ, ბელარუსები, ეკონომიის მიზნით, ძირითადად, “ევროოპტის” მომსახურებით სარგებლობენ.

ბელარუსში არსებობს პროდუქტების ხარისხის კონტროლის განსაკუთრებული სისტემა. ვადაგასულ ან უხარისხო სურსათის გამსაღებლებს უმკაცრესი სანქციები ელოდებათ; და მყიდველები, რომლებიც გრძნობენ ხელისუფლების სიძლიერეს, გულგრილად არ ჩაუვლიან ასეთ ფაქტებს! სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, რომ ბელარუსში არის მაღაზიათა ქსელი სახელწოდებით “კონფისკატი”, აქ გასაყიდად მოაქვთ ე.წ. ლევი საქონელი, ან ისეთი პროდუქცია, რომელსაც არა აქვს სათანადო საბუთები, ან ისეთი საქონელი, რომელიც არ შეესაბამება სახსტანდარტს. მოაქვთ, ასევე,  საბაჟოზე ჩამორთმეული საქონელი და ა.შ. “კონფისკატის” მაღაზიებში ამ პროდუქციას ყიდიან ძალიან მცირე ფასებში.

ბელარუსის ქალაქებისა და სოფლების კიდევ ერთ თავისებურებაზე გესაუბრებით: ძალიანაც რომ მოინდომოთ, აქ ვერ ნახავთ პოლიეთილენის გადაგდებულ პარკს, რომლითაც მოფენილია ჩვენი ქალაქების, განსაკუთრებით, თბილისის ქუჩები. მყიდველები ხშირად იყენებენ უკვე ნაყიდ პაკეტებს, რადგან ბელარუსის მაღაზიებში საერთოდ არ არის უფასო ერთჯერადი პოლიეთილენის პაკეტები! აი, უბრალო მაგალითი იმისა, როგორ უნდა გადაწყდეს საქართველოში ეს “გადაუწყვეტელი” პრობლემა!

სუპერმარკეტებისა და მაღაზიების დახლებზე ადგილობრივი წარმოების საქონლის სიუხვეა. ბელარუსის მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სამამულო საქონლისა და სურსათ-სანოვაგის გამოშვებას, და რეგულარულად ამცირებს საიმპორტო ნაკადს.

სოფლის მეურნეობა

ამ ქვეყანაში რძის, ძეხვის, ხორცის, პურ-ფუნთუშეულობისა და სხვა სურსათის ხარისხი უმაღლესია! ფაქტია, რომ ბელარუსიდან ტურისტებს შინ მიაქვთ არა მხოლოდ ადგილობრივი ხარისხიანი საქონელი _ ფეხსაცმელი, ქალის თეთრეული, კოსმეტიკა, არამედ ზემოთ ჩამოთვლილი სურსათიც. ძეხვი რომ გერმანელებისთვის, ლამის, ეროვნული კერძია, კარგადაა ცნობილი. მიუხედავად ამისა, ბელარუსში ჩასული გერმანელი ტურისტები “ღალატობენ” პატრიოტულ გრძნობებს და სიამოვნებით ყიდულობენ ბელარუსულ ძეხვს. საკუთარ “არაპარტრიოტიზმს” ისინი ამგვარად ხსნიან: “გერმანიაში ჩვენ, კარგა ხანია, დაგვავიწყეს ნამდვილი ძეხვის გემო, აქ კი ვიხსენებთ მას, მით უმეტეს, ადგილობრივი ძეხვი ეკოლოგიურად უსაფრთხოა და გერმანულზე ორჯერ-სამჯერ იაფი!”

მინსკის სუპერმარკეტებში პურ-ფუნთუშეულის ნაწარმის არომატისა და სიუხვისგან თავბრუ დაგეხვევა!

რა თქმა უნდა, ეს ხარისხი და სიუხვე ციდან არ ეშვება. ბელარუსის მთავრობა ყოველდღიურად შრომობს სოფლის მეურნეობის _ ქვეყნის მთავარი მასაზრდოებელი სფეროს განვითარებისთვის. სოფლის მეურნეობის წინსვლისთვის აქ ყველა პირობაა: უზარმაზარი მდელოები და საძოვრები, მინდვრები, წყალსატევები, ტბები და მდინარეები. არის მძლავრი აგროტექნიკა, “ბელარუსკალიუმის” მაღალხარისხიანი ბუნებრივი სასუქები, კვალიფიციური კადრები, აშენებულია აგროკომპლექსების ფართო ქსელი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს ბელარუსის მოთხოვნებს. რძის და ხორცის პროდუქცია დიდი რაოდენობით მიდის საექსპორტოდაც.

წლეულს კარგი მოსავალია კარტოფილის, ჭარხლის, კომბოსტოს, სტაფილოს, ხახვის, ნივრისა და ა.შ., ხოლო 2014 წლის ხორბლის მოსავალმა ყველა რეკორდი მოხსნა _ რჩეული ხორბლის 9 მილიონი (!) ტონა მოთავსდა ბელარუსის ბეღელში!

ეკონომიკა

ბელარუსის ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე. ქვეყანა საზღვარგარეთ ყიდის წარმოებული პროდუქციის 75-80%-ს.

ახლახან, ერთ-ერთ თათბირზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ აღნიშნა: “ბოლო 4 წლის განმავლობაში ბელარუსის რესპუბლიკამ, თავისი სახალხო მეურნეობის მოდერნიზაციაში ჩადო 30 (ოცდაათი!) მილიარდი დოლარი. 20 წლის წინ ჩვენთან გაჩერებული იყო პრაქტიკულად ყველა საწარმო, არ გვქონდა სურსათი, დღეს კი ვაწარმოებთ პროდუქციის ექსპორტს 7 (შვიდ!) მილიარდ დოლარზე”.

ეს პროდუქცია არის მსოფლიოში განთქმული გიგანტური თვითსაცლელი სატვირთო მანქანები _ “ბელაზები”, “მაზები”, ტრაქტორები, კომბაინები, ტროლეიბუსები, ავტობუსები, ვაგონები, მძიმე მოწყობილობები და სხვ. ამასთანავე, და ეს ბუნებრივია, არსებობს რეალიზაციის სირთულეებიც _ მრავალი საწარმოს საწყობები გადაჭედილია მზა პროდუქციით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუშათა კლასი, მშრომელები მუშაობენ, იღებენ ხელფასს; საწარმოების ხელმძღვანელები მთავრობასთან ერთად ეძებენ საწყობების განტვირთვის გზებს, ხან ბარტერის მეშვეობით, ხან საქონელზე ფასის შემცირებით და მასზე შემდგომი გადახდით.

უკვე გითხარით, რომ ბელარუსში შექმნილი პროდუქციის 75-80% მიდის ექსპორტზე; და თუ უწინ ბელარუსის საქონელის ძირითადი მომხმარებელი იყო რუსეთი, დღეს ამ სახელმწიფოს მზერა მიპყრობილია კუბაზე, ნიკარაგუაზე, ეკვადორზე, ბრაზილიაზე, ვენესუელაზე. ბელარუსებმა დაიწყეს აფრიკის ბაზრის ათვისებაც. ურთიერთობენ, აგრეთვე, სირიასთან, ერაყთან, ირანთან და, განსაკუთრებით _ ჩინეთთან. ბელარუსში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების მასობრივი მშენებლობა. 2015 წელს აქ დაგეგმილია 5 მლნ კვ.მ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობა! მინსკში და სხვა ქალაქებში იგება თავისი არქიტექტურით და ნოვატორული გამბედაობით გამაოგნებელი შენობები, მაგალითად, ევროპაში უდუდესი ეროვნული ბიბლიოთეკა! ეს მინის, ბეტონისა და ლითონკონსტრუქციების უზარმაზარი კუბი ბელარუსების სიამაყე და მინსკის სავიზიტო ბარათია.

არის თუ არა ბელარუსში უმუშევრობა?

ბელარუსში ყველა არის საქმით დაკავებული. აი, “ბელსტატის” ოფიციალური სტატისტიკა დათარიღებული 2014 წლის 27 აგვისტოთი: ეკონომიკაში დაკავებულია 4 მლნ. 491,2 ათასი ადამიანი. უმუშევართა რაოდენობაა 21,2 ათასი ადამიანი, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 0,5%. როგორც ხედავთ, ბელარუსში ფაქტიურად უმუშევრობა არ არსებობს. ყველგან დიდი მოთხოვნაა კადრებზე და არა მხოლოდ მუშებზე _ მშენებლებზე, ტექნიკოსებსა და ოსტატებზე, არამედ ინჟინრებზე, ბუღალტრებზე, განსაკუთრებით _ ექიმებზე. მაგალითად, მინსკში კადრებზე მოთხოვნა ყოველწლიურად 15-18 პროცენტით იზრდება.

ჯანდაცვა

ბელარუსის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება, როგორც პოლიკლინიკებში, ისე საავადმყოფოებში უფასოა! შემდეგ: ჯანდაცვა ბელორუსში მაღალ საორგანიზაციო და პროფესიონალურ დონეზე დგას. მარტო მინსკის საავადმყოფოებს, პოლიკლინიკებს, დისპანსერებს და მედცენტრებს აკითხავს 30 ათასზე მეტი უცხოელი მსოფლიოს თითქმის 40 ქვეყნიდან, მათ შორის არიან ჩვენი თანამემამულეებიც. წელს, უცხოელების მკურნალობამ მარტო მინსკის სამედიცინო დაწესებულებებს 10 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა!

ბელარუსში არის სანატორიული მკურნალობის ფართო ქსელი. სანატორიუმების რაოდენობა 120 აღემატება.

დემოგრაფიული ვითარება

პრეზიდენტ ლუკაშენკოს მითითებით, ქვეყნის მთავრობამ შეიმუშავა დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების პაკეტი. შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ბავშვთა შემწეობები. პირველი ბავშვის დაბადებაზე გასცემენ 1 254 დოლარს, მეორე და მომდევნო ბავშვის დაბადებაზე _ 1 815 დოლარს. სამ წლამდე ბავშვის მოვლისთვის: 1 ბავშვზე გაიცემა _ 203 დოლარი, მეორეზე და მომდევნოზე _ 232 დოლარი; ბავშვ-ინვალიდზე _261 დოლარი!

როგორ ცხოვრობენ ბელარუსი პენსიონერები?

აქ ქალებისთვის საპენსიო ასაკი 55 წელია, მამაკაცებისთვის _ 60. საშუალო პენსია შეადგენს 241 დოლარს, ხოლო საშუალო პენსია ასაკის მიხედვით _ 250 დოლარს. მუშაობის სტაჟის, დამსახურების, ჯილდოების გათვალისწინებით, პენსიონერები იღებენ 300 – 400 დოლარს. ეს არ ეხება სამხედროებს, რომელთა პენსია  გაცილებით აღემატება სამოქალაქო პირების პენსიას.

ხელფასები

დედაქალაქის მაცხოვრებლის საშუალო ხელფასი აღემატება 700 დოლარს, სხვა ქალაქებში _ 400-დან 600-მდეა. გავითვალისწინოთ, რომ ბელარუსში საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მცირეა, ხოლო, ბაგა-ბაღები, სკოლები _ უფასო. უმაღლესი განათლება ნაწილობრივ უფასოა, ნაწილობრივ _ ფასიანი. ზაფხულის თვეებში სკოლის მოსწავლეებისთვის იქმნება გამაჯანსაღებელი ბანაკები. მაგალითად, წელს მხოლოდ მინსკიდან ამ ბანაკებში უფასოდ დაისვენა 65 ათასმა ბავშვმა. ზაფხულის პერიოდში ბელარუსის მთელს ტერიტორიაზე გახსნილია სტუდენტური საერთაშორისო ბანაკები. სკოლებში ბავშვებს, რა თქმა უნდა, მათი მშობლების თანხმობით, იღებენ “ოქტომბრელებისა” და “პიონერების” რიგებში. საზოგადოებრივ საწყისზე ფუნქციონირებს ბელარუსული რესპუბლიკური ახალგაზრდების კავშირი.

ომის ვეტერანები

სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს ომის ვეტერანებს. ბელარუსის თითოეული მცხოვრები სოციალურად დაცულია, ვეტერანები კი _ განსაკუთრებულად! აქ ფაშისტურ გერმანიასთან ომის თემა წმინდაა! ყვავილებშია ჩაფლული საძმო საფლავები, რომლის ობელისკებზეც ბევრ ქართულ გვარს წაიკითხავთ. ქართველი მეომრების სახელები მინიჭებული აქვს ბელარუსის ქალაქების მრავალ ქუჩას, მოედანს, სკოლას. ომის პერიოდში ბელარუსში ფაშისტებმა უმოწყალოდ გაანადგურეს 2 მლნ 357 ათასი მშვიდობიანი მოსახლე…

დამოკიდებულება ქართველებისადმი

ბელარუსი ხალხი, მისი მთავრობა და პირადად ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოსა და ქართველებისადმი დიდი სიმპათიით არიან განწყობილნი და ყოველთვის მზად არიან გამოგვიწოდონ მეგობრობის ხელი!

ჩაიწერა

გიორგი კორძაძემ

 

1 COMMENT

  1. დიდხანს უკირკიტა დასავლეთმა ლუკაშენკოს, რომ ბელორუსი გაეუბედურებინათ სხვა (მაგ. საქართველოს) მსგავსად, მაგრამ აფერუმ მას და ბელორუს ხალხს, რომ ეს არ დაუშვეს! ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა ჭკვიან ადამიანს.

  2. დიდხანს უკირკიტა დასავლეთმა ბელორუს ხალხს და ლუკაშენკოს ქვეყნის გაუბედურების (საქართველოს მსგავსად) მიზნით, მაგრამ მათმა სიბრძნემ და ქვეყნისადმი ხალასმა ერთგულებამ თავისი გაიტანა და აგენტურა გაანადგურა! ღმერთმა ხელი მოუნართოს ბელორუუსს. მართლა კაცური კაცია ,,ბატკა"

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here