Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: როცა საუბარია დამოუკიდებლობაზე, თუ საქართველო მართლა დამოუკიდებელი ქვეყანაა, მითხრას ვინმემ,...

ჯუმბერ პატიაშვილი: როცა საუბარია დამოუკიდებლობაზე, თუ საქართველო მართლა დამოუკიდებელი ქვეყანაა, მითხრას ვინმემ, რომელი სფერო გვაქვს დამოუკიდებელი? ერთი სფერო მაინც დამისახელონ! სამწუხაროდ, მთელი საქართველო დამოკიდებულია დასავლეთზე, ამერიკაზე…

724

15 დეკემბერს ტელეკომპანია “ქართული ტელევიზიის” ოფისში გაიმართა პირველი სერიის პრემიერა დოკუმენტური მრავალსერიანი მხატვრული ფილმისა “სიკეთე მაინც მოდის”. ფილმს ჯუმბერ პატიაშვილის წიგნის (“23 წლის შემდეგ”) მიხედვით იღებენ. პირველი სერიის ჩვენების შემდეგ ბატონმა ჯუმბერმა ჩვენს შეკითხვებს უპასუხა:


_ ერთი წლის წინათ გამოიცა ჩემი წიგნი სახელწოდებით “23 წლის შემდეგ”, რომელშიც ავსახე ჩემ მიერ განვლილი წლები და ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები. ეს ყველაფერი დოკუმენტურად და შეძლებისდაგვარად ობიექტურად გადმოვეცი. სათაური _ “23 წლის შემდეგ” _ განაპირობა იმანაც, რომ 23 წელი ველოდი _ მავანი, ჩემი კოლეგა იქნებოდა თუ ახლობელი პოლიტიკურ სარბიელზე, გადმოსცემდა თავის დამოკიდებულებას იმ პროცესებისადმი, რომლებიც განვითარდა საქართველოში და რომლებშიც ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მეც ჩემი პასუხისმებლობა მეკისრება, რომელსაც არ გავურბივარ. თუმცა მთავარი არის ის, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც კონკრეტულად შეეხო ჩემი წიგნი, წაუყრუეს და სხვა პოზიცია დაიკავეს.

_ ვინ არიან ეს ადამიანები?

_ ყოფილი პარტიული ფუნქციონერები, რომლებიც იყვნენ ბიუროს წევრები, თბილისის ხელმძღვანელობისა და “ეროვნული მოძრაობის” წარმომადგენლები. გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან შორს წავალთ; თანაც, ბევრი აღარც არის ცოცხალი. სხვათა შორის, ზოგიერთი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემთვის გაცილებით იოლი იქნებოდა ამა თუ იმ თემაზე საუბარი, მაგრამ, როცა ამქვეყნად აღარ არის პიროვნება, რომლის მიმართაც პრეტენზიის გამოხატვა მსურს და თავის დროზე მათაც შეიძლეჰბოდა, ჩემ მიმართ პრეტენზია ჰქონოდათ, ამ თემაზე საუბარი ლამაზი არ არის. თუმცა ისტორია გრძელდება, ქვეყანას თავისი მომავალი აქვს და ამ მომავალს სჭირდება განსაზღვრა; რა მოხდა წარსულში, როგორი საფუძველი უნდა ჩავუყაროთ ახალ საზოგადოებას, რომელსაც ვქმნით. ჩვენს ქვეყანას რომ არაფერი ეშველა, ამას ყველა ნორმალური ადამიანი ხედავს. ვისაც ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან ცდება! საბჭოთა კავშირი კი დაიშალა, მაგრამ საქართველო ნანგრევებში მოჰყვა. თუ დავაკვირდებით სსრკის ყოფილი რესპუბლიკების მდგომარეობას, ყველამ მეტნაკლებად რაღაცას მიაღწია, ნახა გამოსავალი და დამოუკიდებლი ქვეყნის სახელს ამართლებს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობა რით გამოიხატება, ახლაც ვერ გამიგია! ვითარება საქართველოში, სადაც 500 ათასამდე ლტოლვილია, ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი კი წართმეული გვაქვს, ეკონომიკა და დანგრეულია და ა.შ., მძიმე ტვირთად აწევს რიგით ადამიანებს, რომლებიც იღვწოდნენ, იბრძოდნენ, შრომობდნენ და ქართველობდნენ. ქართველებმა რატომღაც შეფასებაში აჩქარება ვიცით ხოლმე. თუ პატარა წარმატებას მივაღწევთ, ასმაგად ვაზვიადებთ, თუ მარცხის წინაშე აღმოვჩნდებით, სხვას ვაბრალებთ. საკუთარ თავზე არაფრის დაკისრება არ გვიყვარს, რაც ქართული ხასიათის მაჩვენებელია.

სამწუხაროდ, 20-30 წლის ახალგაზრდებმა არ იციან საქართველოს ნამდვილი წარსული, ანუ იმ პერიოდისა, რომელშიც ჩვენ ვმოღვაწეობდით. ამ ახალგაზრდებს მწირი ინფორმაცია აქვთ ამ ყველაფერის შესახებ და არასწორ შეფასებებსაც ამიტომ აკეთებენ, რითაც ბევრს ვკარგავთ. როცა საუბარია დამოუკიდებლობაზე, თუ საქართველო მართლა დამოუკიდებელი ქვეყანაა, მითხრას ვინმემ, რომელი სფერო გვაქვს დამოუკიდებელი? ერთი სფერო მაინც დამისახელონ! სამწუხაროდ, მთელი საქართველო დამოკიდებულია დასავლეთზე, ამერიკაზე…

_ ბატონო ჯუმბერ, თქვენი წიგნის მიხედვით დოკუმენტური სერიალის გადაღება ვისი იდეა იყო?

_ იმ ადამიანების, რომლებმაც გულდასმით წაიკითხეს ჩემი წიგნი და რომლებიც ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ. შეიქმნა ახალი ტელევიზია სახელწოდებითქართული ტელევიზია”, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ დიდი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე და მასთან ერთად მეც ვთანამშრომლობ. გადაწყდა, რომ ამ წიგნის მიხედვით გაკეთდეს მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი. უკვე 12 სერიაა გადაღებული. ბატონი რეზო კონსულტაციას უწევს. რეჟისორი კი გახლავთ ზალიკო ნემსაძე. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ამ ტელეარხზე მხოლოდ საქართველოს შესახებ გავა გადაცემები, დოკუმენტური ფილმები და ისტორიული მასალები.

_ თქვენი წიგნი დოკუმენტურთან ერთად ავტობიოგრაფიულიცაა, თავიდანვე დათანხმით ამ წიგნის მიხედვით ფილმის გადაღებაზე?

_ სიმართლე გითხრათ, თავდაპიველად, ცოტა არ იყოს, თავი შევიკავე, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ წიგნს, სამწუხაროდ, ყველა არ კითხულობს, ზოგს საშუალება არ აქვს, შეიძინოს. თანაც ესა თუ ის მოვლენა ფილმში უფრო გაშლილია და უამრავ შეკითხვაზე იძლევა სწორ პასუხს. ყველას კარგად გვახსოვს 9 აპრილის ტრაგედია, შემდეგ _ თბილისის ნგრევა, ქართველი ქართველის რომ კლავდა, აფხაზეთში ომი დავიწყეთ და დავკარგეთ, სამაჩაბლო დავკარგეთ და ამ ყველაფერზე შეფასება არავის გაუკეთებია. სწორედ ამ პროცესების შეუფასებლობამ მოგვცა შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს ვართ.

_ როდის იხილავს მაყურებელი ფილმს ტელეეკრანებზე?

_ 2015 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან მაყურებელი ამ ფილმს “ქართული ტელევიზიის” სიხშირეზე იხილავს. რაც მთავარია, მაყურებელს საშუალება ექნება, დასვას ნებისმიერი შეკითხვა, მათ შორის, ჩემი მისამართით. ნებისმიერ შეკითხვაზე, ვალდებული ვარ, პასუხი გავცე. რადგან პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჩემი მიზანია, საზოგადოებამ სწორად გაიგოს, რა მოხდა რეალურად საქართველოში და რა გველის მომავალში, თუ უახლესი ისტორია სწორად არ შევაფასეთ.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here