Home რუბრიკები პოლიტიკა ორვექტორული პარტიული მოდელი _ საქართველოს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი!

ორვექტორული პარტიული მოდელი _ საქართველოს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი!

629

სახელმწიფოები მოსახლეობის რაოდენობით, აგრეთვე, სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე, შეიძლება სახელმწიფოთა  კლასიფიცირება ორ კატეგორიად: დიდ და პატარა სახელმწიფოებად. ერთი მხრივ, დიდი პოლიტიკური სუბიექტები და, მეორე მხრივ, მათზე დამოკიდებული და მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატარა სახელმწიფოები. შესაბამისად, გეოპოლიტიკური ანალიზისას, ქვეყნებს ყოფენ ორ ჯგუფად: 1. გეოპოლიტიკურად აქტიური ქვეყნები, რომლებიც მეტოქეობენ ერთმანეთთან თავიანთი გავლენის სფეროს გასაფართოებლად დედამიწის სხვადასხვა ნაწილში; 2. გეოპოლიტიკურად პასიური ქვეყნები, ანუ პატარა სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, უფრო ობიექტები არიან, ვიდრე სუბიექტები.

 

გეოპოლიტიკურად პასიურ ქვეყნებს დიდი ქვეყნები ხშირად იყენებენ საკუთარი საგარეო-პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და ამას აკეთებენ მათ მიერ მართული პოლიტიკური კლასის მეშვეობით.

ზემოთ მოცემული კრიტერიუმის მიხედვით, საქართველო უპირობოდ მიეკუთვნება პატარა სახელმწიფოების, ანუ გეოპოლიტიკურად პასიური სუბიექტების კატეგორიას. საქართველოზე, როგორც პატარა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გავლენას ცდილობს, სულ ცოტა, ორი გეოპოლიტიკურად აქტიური სუბიექტი: ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, და რუსეთის ფედერაცია, რომელიც ცდილობს, შეეწინააღმდეგოს ამერიკის ჰეგემონიურ მდგომარეობას რეგიონში.

გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ს, მის კონტროლს დაქვემდებარებული პოლიტიკური ელიტის სახით, სერიოზული დასაყრდენი აქვს საქართველოში. რუსეთის ფედერაცია კი ასეთ ფუფუნებას მოკლებულია. ამიტომ მოქმედებს მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც მისი გავლენის ხარისხი მაღალია, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რაც უფრო მეტ ნაბიჯს დგამს საქართველოს ხელისუფლება ევროატლანტიკური მიმართულებით, მით მეტად ზრდის რუსეთის ფედერაცია გავლენას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ამის ნიშანი არისმოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებხელშეკრულების გაფორმება სეპარატისტულ რეგიონთან. თუ გავითვალისწინებთ ამ ხელშეკრულების (რომლის მსგავსიც მზადდება ცხინვალის რეგიონის მიმართაც) არსს, რუსეთის ფედერაციას მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება აფხაზეთის შესაერთებლად, რაც ქართველებს საბოლოოდ დაგვაკარგვინებს ძირძველ ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენის ოცნებასაც კი. აქედან გამომდინარე, ქართულ პოლიტიკაში აუცილებელია ბალანსის ელემენტის შემოტანა, დაკვირვების საშუალება რომ მოგვეცეს (სულ ცოტა, 10 წლის განმავლობაში მაინც) რუსეთის ფედერაციის ნაბიჯებზე განდგომილი ტერიტორიების მიმართ.

საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, რომელიც მდებარეობს ორი დიდი გეოპოლიტიკური აქტორის აქტიური მოქმედების არეალში, უმჯობესი იქნებოდა ორპარტიული სისტემის დანერგვა, რადგან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი აზრის გაორება _ მოსახლეობის ნაწილი ერთი დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშის მიმართულებით იხრება, მეორე ნაწილი კი მოწინააღმდეგის მხარეს იკავებს. როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიმართულების პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ, თანაც _ ფასადური მრავალპარტიული სისტემის პირობებში, პოლიტიკური სისტემის ბალანსი ირღვევა და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ერთერთი დიდი მოთამაშის მიმართ ხისტი ურთიერთობის ფაზაში გადადის. ასეთმა მიდგომამ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის რღვევამდე მიიყვანა. პოლიტიკური სისტემის დღეს არსებული მოდელის კვლავაც შენარჩუნების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ვითარება საქართველოს ტერიტორიული რღვევის მიმართულებით კიდევ უფრო დამძიმდეს. სწორედ მოცემული პირობების გათვალისწინებით, ბევრი დიდი მეცნიერი პოზიტიურ ჭრილში ორპარტიულ მოდელს უფრო განიხილავს, ვიდრე სხვა რომელიმეს: საზოგადოების რეალურ ცხოვრებას ორპარტიული სისტემა უფრო შეესაბამება, ვინაიდან შესწევს უნარი, ადეკვატურად გამოხატოს საზოგადოებრივი აზრის ბუნებრივი გაორება, გარდა ამისა, უფრო სტაბილურია, ვიდრე მრავალპარტიული, რადგან შედარებით ზომიერია” (მორის დიუვერჟე).

დღეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის დონე ისე მაღალია, რომ საქართველოს შეიძლება კოლონიური წარმონაქმნი ეწოდოს. სწორედ ამ გარემოებამ დაგვაკარგვინა შესაძლებლობა, რომ დიდ მოთამაშეებთან საგარეო პოლიტიკა აგებულიყო პოლიტიკური ვაჭრობის პრინციპებზე. ამ ეტაპზე საქართველოსთვის საპირისპირო მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა წამგებიანი იქნებოდა იმ ფონზე, როდესაც ჯერ ზუსტად არ ვიცით, რას მივიღებთ რუსეთის ფედერაციისგან კურსის შეცვლის სანაცვლოდ.

 კოლონიური დაქვემდებარებიდან რომ გამოვიდეთ და საგარეოპოლიტიკური ნაბიჯები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადავდგათ, აუცილებელია, შეიქმნას ძლიერი პარტია, რომელიც ანტიამერიკულ ნიშას დაიკავებს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. ამ ისტორიულ ეტაპზე საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა, პოლიტიკური სისტემა დაფუძნებოდა ორპოლუსიან, ანუ ორვექტორულ პარტიულ მოდელს, სადაც ერთი პოლიტიკური პარტია იქნებოდა პირობითად პრორუსული, კონსერვატიულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაფუძნებული, მეორე _ პროამერიკული, რომლის იდეოლოგიური პლატფორმა იქნებოდა ლიბერალური.

როდესაც განსხვავებული მსოფლმხედველობის, იდეოლოგიური პლატფორმისა და საგარეო ორიენტაციის მქონე ორი პოლიტიკური პარტია იბრძოლებდა ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად, გარე ძალები იძულებული შეიქნებოდნენ, დახმარება გაეწიათ მოკავშირე პარტიებისთვის. მათი დახმარება კი მიმართული იქნებოდა იმისკენ, რომ თავიდან აეცილებინათ კონკურენტი ქვეყნის მოკავშირე პარტიის გაძლიერება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს მოდელი პოლიტიკურ სისტემაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს საშუალებას მისცემდა, მეტი დახმარება მოეთხოვათ მოკავშირე გეოპოლიტიკური აქტორებისგან, რათა სისტემაში მეტოქე გეოპოლიტიკური მოთამაშის, მოკავშირე პოლიტიკური პარტიების ჰეგემონია დაებალანსებინათ. ეს მოდელი პოლიტიკურ სისტემას ურთიერთდაბალანსებისა და ურთიერთშეკავების მდგომარეობაში გადაიყვანდა, რომელიც საგარეო პოლიტიკის წარმოებაზეც აისახებოდა. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს მიეცემოდათ მეტი თავისუფლება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკური ვაჭრობა გაემართათ გარე ძალებთან. თავის მხრივ, დიდი გეოპოლიტიკური აქტორები იძულებული შეიქნებოდნენ, საქართველოს მიმართ გადაედგათ ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც არ დააზიანებდა მათი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური პარტიების იმიჯს საზოგადოებაში, პირიქით _ მათ პოზიციებს გაამყარებდა. რუსეთის ფედერაცია კი იძულებული იქნებოდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ არ გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს დააზიანებდა.

თუმცა, ჩემ მიერ ფორმულირებული პოლიტიკური სისტემის მოდელი რომ ამუშავდეს, აუცილებელია, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრე პარტიას ხელმძღვანელობდეს ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს რუსეთის ფედერაციის მმართველ პოლიტიკურ კლასში და რომლის მიმართაც ეს კლასი პატივისცემით არის განწყობილი. ასეთი ფიგურა ძალიან რთული მოსაძებნია (ალბათ, არც არსებობს) ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღნიშნული ფუნქციის შესრულებას ყველაზე უკეთ შეძლებდა ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. შეიძლება, ზოგი არ დაეთანხმოს ჩემს თვალსაზრისს, ამიტომ შევეცდები, პოლიტიკური კვლევის მეთოდოლოგიაში აპრობირებული მეთოდით _ კონტენტ-ანალიზით (პოლიტიკური ანალიზი ტექსტების შინაარსის შესწავლით) გავამყარო ჩემი მოსაზრება. ამისთვის მოვიყვან რამდენიმე ამონარიდს ბატონი ალექსანდრეს მიერ საქართველოსთვის ყველაზე რთული პერიოდის, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდეგი პერიოდების პუბლიკაციებიდან: სააკაშვილს თუ უნდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა, მზად ვარ, კონსულტაცია გავუწიო, გავფრინდე მოსკოვში და მოვილაპარაკოვეცდები, რომ ამ უბედურების დროს, როცა ქვეყანა იღუპება, გავაკეთო ყველაფერი, რათა სისხლის ღვრა და ნგრევა შეწყდეს და დავიწყოთ მოლაპარაკებათუ სააკაშვილი მეტყვის, რომ მიზნად არ აქვს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა და ხალხის ჩახოცვა, მაშინ შევთავაზებ რამდენიმე სვლას, რომლებიც უნდა გააკეთოს. თუ სააკაშვილი დათანხმდება, ჩავალ მოსკოვში და შევეცდები, შეწყდეს ეს დაბომბვა, ხოლო ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა საბოლოოდ დაიღუპება (ალექსანდრე ჭაჭიას წერილების გამოსვლებისა და ინტერვიუების კრებული “საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი”, გვ. 349-351).

დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭომ ცნო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, სრულფასოვან აღიარებამდე რჩება პრეზიდენტ მედვედევის ხელმოწერა. ამ პროცესის გაჭიანურებისა და გაჩერების შესაძლებლობა კიდევ არსებობს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობ სააკაშვილს კონსულტაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვთავაზობ ახლაც, როგორც ადრე შევთავაზესასწრაფოდ არის ზომები მისაღები, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები და, თუ სურვილი ექნება, თუ საქართველოს დაღუპვა სააკაშვილს არ სურს, მე მას შევთავაზებ ამ ნაბიჯებსსააკაშვილს ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს 3-4 დღე, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების პროცესი როგორმე შევაჩეროთ ან გავაჭიანუროთ, თუ ის არის დაინტერესებული ქვეყნის გადარჩენით (ალექსანდრე ჭაჭიას წერილების გამოსვლებისა და ინტერვიუების კრებული “საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი”, გვ. 353-354).

ზემომოყვანილი ამონარიდების შემდეგ ძნელია, ვინმე შემედავოს, რომ ჩემ მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა საამისოდ შეუფერებელია. ირკვევა, რომ ალექსანდრე ჭაჭიას, რუსეთის ფედერაციაში მისი გავლენიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის შეჩერებაც კი შეძლებია. მაგრამ, როგორც ჩანს, იმჟამინდელი ხელისუფლება, ამით არ იყო დაინტერესებული და შედეგად მივიღეთ საქართველოს სამ ნაწილად დანაწევრება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ალექსანდრე ჭაჭია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ საპატიო ორდენით არის დაჯილდოებული “რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში, სამეცნიერო და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის”. ალექსანდრე ჭაჭიას შესაძლებლობებისა და მის მიმართ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების განსაკუთრებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, თუ იგი გახდებოდა პროამერიკული პოლიტიკური ძალის დამბალანსებელი პარტიის ლიდერი, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის ინტერესების დაბალანსება საქართველოში.

ზემოაღნიშნული პოლიტიკური სისტემის მოდელი, პრაქტიკაში დანერგვის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაციისთვის გახდებოდა შემაკავებელი ფაქტორი, 10 წლის გასვლის შემდეგ (როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული), თავი შეეკავებინა აფხაზეთის რეგიონის შეერთებისგან. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობას მოგვცემდა.

ირაკლი უბილავა

 

1 COMMENT

  1. ორპარტიული (პროდასავლური და პრორუსული) სისტემის აუცილებლობაზე მე ვწერდი ჯერ კიდევ 2008 წელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here