Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: რუსეთი საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის განთავსებას უპასუხოდ არ დატოვებს

სოსო ცინცაძე: რუსეთი საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის განთავსებას უპასუხოდ არ დატოვებს

603

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ არჩეული გზა ახალმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ უცვლელად შეინარჩუნა და თქვა, _ საქართველოში ნატოს ბაზების მშენებლობა იწყებაო. ევროპელებმა კი განაცხადეს, რომ ამ პროცესში მესამე ქვეყანა, ანუ რუსეთი ვერ ჩაერევა. 


რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას განაგრძობს და ახალი გაზსადენის გაყვანის შესახებ თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა; პარალელურად, 5 დეკემბერს ცხინვალში სამხედრო წვრთნა გამართა. შეამცირებს თუ არა რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულება საქართველოსადმი ევროპისა და ამერიკის ინტერესს? _ ამ თემაზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

_ ბატონო სოსო, რუსეთთურქეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გაზსადენის გაყვანის თაობაზე

_ თურქეთისა და რუსეთის კავშირი ნებისმიერ საკითხზე რეგიონში საქართველოს მხარდამჭერთა რაოდენობის შემცირებას ნიშნავს. თურქეთი რეგიონის წამყვანი მოთამაშეა, თანაც _ ნატოს წევრი, მისი გაძლიერება ნებისმიერ სფეროში ნიშნავს ჩვენს განეიტრალებას. რეგიონში ძლიერდება რუსეთიც, ამ კონტექსტში ნებისმიერი საშუალება უნდა გამოიძებნოს იმისათვის, რომ საქართველო პროცესებში ჩაერთოს. საქართველომ გაზსადენის მარშრუტის მიმართ მაინც უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და თავისი მოსაზრება შესთავაზოს.

გაოცებული ვარ, ასეთი მწვავე საკითხი არც კი განიხილება? ნუთუ, ეს ის თემაა, რომელზეც მხოლოდ თოქშოუებში უნდა ისაუბრო?

ქართული დიპლომატიისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა, დაუშვებელია, რომ ინტერესთა სფეროდან საერთოდ გარიყოს იმხელა მეზობელი, როგორიც რუსეთია, და რომელიც პოტენციურ საფრთხედ აღიქმება.

როგორ ახერხებს ყაზახეთი, რამდენიმე გაერთიანებისა და კავშირის წევრი იყოს და მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან? დიპლომატია შესაძლებლობების ხელოვნებაა. დიპლომატია, რომელიც ერთვექტორიანია და მანევრირების ფართო ველი არ აქვს, ცალი ხელით ცხოვრებას ნიშნავს.

_ უკვე ღიად საუბრობენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე სასწრაფოდ განთავსდეს ნატოს საწვრთნელი ბაზა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა თქვეს, მესამე ქვეყანა საქართველოსა და ნატოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევაო

_ ჩაერევა, მაგრამ ეს არ იქნება სამხედრო ჩარევა. ამას გარდა, რუსეთს უამრავი ბერკეტი აქვს _ აფხაზეთი, სამაჩაბლო,  ქართული ეკონომიკა, რომელიც მიბმულია რუსეთზე… ლარის კურსმა ცვლილება განიცადა; ფაქტია, რუსეთში განვითარებული მოვლენები დაგვეტყო… რომ დაიხუროს ოდნავ შეღებული კარი, რომელიც რუსეთთან გვაკავშირებს, ძალიან დავზარალდებით.

რუსეთი საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის განთავსებას უპასუხოდ არ დატოვებს, მაგრამ მაინტერებს, როგორი იქნება რუსეთის პასუხის პასუხი დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ, როგორი იყო დასავლეთის პასუხი მავთულხლართებზე, ვნახეთ პასუხი აფხაზეთთან დადებულ ხელშეკრულებაზე… ეფექტი _ ნული. რუსეთს მათი განცხადებები ცალ ყურშიც არ შესდის.

ევროპარლამენტში გარკვევით ითქვა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ვერ შევლენ ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენთვის ევროპაში ადგილი აღარ არის, არ დგას საკითხი ისე, რომ, საქართველო რეფორმებით მზად თუ იქნება, რაღაცას მიაღწევს… არა, ბატონებო, დღეს ნატოს მთავარი ამოცანა ნატოს წევრების უსაფრთხოების გაძლიერებაა. ნატომ პრიორიტეტი შეცვალა. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ვირტუალურ სამყაროში?

_ ბატონო სოსო, ადრე ხშირად ამბობდით, ნატოში საქართველოს გაწევრება რეალობააოროდის მიხვდით, რომ ეს აღარ მოხდებოდა? დიდი ხანია, იცით, რომ ქიმერას მივდევთ?

_ 2008 წლის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ნატოს წევრები ვერ გავხდებოდით. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ რუსეთთან ტერიტორიული დავა გვაქვს, ვიცოდი, ნატოში ვეღარ შევიდოდით. კანონიოკუპაციის შესახებრუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს იმიტომ, რომ ნატოს წესდებაში წერია _ ალიანსში ვერ გაწევრდებიან ის ქვეყნები, რომლებსაც ტერიტორიული დავა აქვთ მეზობლებთან.

თუ რუსეთთან ურთიერთობა არ მოგვარდება, საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით მუდმივად იქნება დაკიდებული საფრთხე.

ღმერთმა დაგვიფაროს და, ვთქვათ, ისევ შემოიჭრა რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე, რას გააკეთებს დასავლეთი იმაზე მეტს, რაც 2008 წელს გააკეთა? თუ იმასაც აღარ გააკეთებს?

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here