Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე მამრაძე: იმის შიშით, რომ ქვეყანაში რუსეთუმე არ გიწოდონ, ბავშვურად არ უნდა...

პეტრე მამრაძე: იმის შიშით, რომ ქვეყანაში რუსეთუმე არ გიწოდონ, ბავშვურად არ უნდა მოიქცე

684

“ჩვენ მოვიწვევთ ეროვნული უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, უსწრაფესად, ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს”, _ ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ. ამ ხელშეკრულების მნიშვნელობასა და მასზე ქართველი პოლიტიკოსების რეაგირებაზე ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე გვესაუბრება.


_ ბატონო პეტრე, როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა და რუსეთმამოკავშირეობისა და ინტეგრაციისშესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს?

_ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის პოლიტიკური ავანტიურისა და სამშობლოს ღალატის შედეგად აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე განთავსდა მძლავრი რუსული ბაზები, არავითარი საზღვარი რუსეთსა და ამ რეგიონებს შორის აღარ არსებობს. ხელმოწერილია 135 ხელშეკრულება. ეს არის 136-, საინტერესოა, ახლა რატომ ატეხეს ასეთი ამბავი? ეს ხელშეკრულება, რომელსაც ხან ანექსია უწოდეს, ხან რა, არაფერს მატებს არც ფაქტობრივ და არც იურიდიულ საკითხებს. სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს სურთ ლეგენდის შექმნა, რომ ვითომ რუსეთი საქართველს 2008 წელს ვერაგულად დაესხა თავს; გმირმა მთავრობამ, გმირი სააკაშვილის მეთაურობით, მუხლებზე კი არ იხოხა, არამედ გადაარჩინა ქვეყანა. ახალი ხელისუფლება კი კარგავს ამ მონაპოვარს, რომელიც ხალხის მობილიზებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეძლეს. ასეთი ლეგენდა, ალბათ, გებელსსაც შეშურდებოდა.

სინამდვილეში ეს იყო ლაჩრული ღალატი, სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა და ლანგრით მიართვეს ტერიტორიები რუსეთს.

_ ბატონო პეტრე, სააკაშვილის მიზანი გასაგებია, მაგრამ ამ მთავრობის მიზნებს ვერ იგებს ხალხი

_ ვაი, რომ ხელისუფლება “ნაციონალების” თითის ქნევას დაჰყვა. დავიწყებ ჩვენი პრეზიდენტით, რომელსაც, თუკი რაიმე ზიანის მიყენება შეეძლო ქვეყნისთვის, ამ მოკლე პერიოდში უკვე მოახერხა.

_ რას გულისხმობთ?

_ დავიწყებ კინკლაობით, რომელიც პრეზიდენტმა მთავრობასთან გააჩაღა ჯერ ვიზიტებზე, შემდეგ _ ხელმოწერებზე, რითაც შელახა სახელმწიფოს იმიჯი. მისი დანაშაული იყო შესვლა “კალიგულას” სასახლეში, რაზეც თავდაპირველად უარს ამბობდა, მაგრამ შემდეგ ნაცისტების დაკვეთა შეასრულა. მარგველაშვილი იმ სასახლეში რომ არ შესულიყო, შენობა დარჩებოდა სადისტური რეჟიმის სიმბოლოდ, სიმბოლოებისა კი ნაცისტებს ძალიან ეშინიათ. ამას მოჰყვა სააკაშვილის საბიუჯეტო ხარჯების დამალვის მცდელობა, რამაც ხმაური გამოიწვია… პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინათ დაუშვა წარმოუდგენელი შეცდომა, როდესაც ბელგიასა და ლუქსემბურგს გამოუცხადა, რომ დაგეგმილ ვიზიტს შლის, ვინაიდან აფხაზეთის ანექსია ხდება, მისი ქვეყნიდან გასვლა არ შეიძლება და სასწრაფოდ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა. ამ საქციელს ბლეფი და ტყუილი პიარი ჰქვია. ვინმეს მსოფლიოში აინტერესებს, სად წავა და წამოვა მარგველაშვილი?

ან მის მიერ ჩატარებული უშიშროების საბჭოს სხდომა გავლენას მოახდენს რუსეთზე, რომელმაც დიდი ხანია, სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა?

მარგველაშვილმა ამ საქციელით საინვესტიციო კლიმატს, ქვეყნის სტაბილურობას დაარტყა. დასავლეთის პრესა წერდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტები გადადო, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და უშიშროების საბჭო სასწრაფოდ იკრიბება. დასავლეთში რა იციან, რომ აქ მარგველაშვილი “საბავშვობაღობანას” თამაშობს და “პამპულაობს” _ ეს მისი ტერმინებია. ის სახელმწიფოს ასე უყურებს.

ეს _ რაც შეეხება პრეზიდენტს… მარგველაშვილის განცხადებას მოჰყვა დავით უსუფაშვილის განცხადება, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ალასანიასა და სხვების განცხადებებს.

სამწუხაროდ, თუ ღარიბაშვილზე ყოველთვის ვამბობდი, რუსეთის მიმართ თავშეკავებულიამეთქი, დღეს მთლად ასე აღარ არის, ხანდახან ის, ნაკლებადპატრიოტი რომ არ გამოჩნდეს, ცდილობს, სხვებს აჰყვეს, რაც პოლიტიკოსისთვის დიდი სისუსტეა.

იმის შიშით, რომ ქვეყანაში რუსეთუმე არ გიწოდონ, ბავშვურად არ უნდა მოიქცე.

_ პარლამენტში მსჯელობენ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს თუა არა.

_ ეს არის მარაზმი. ჩვენ ვიბრძვით, რათა ბიოლოგიურად გადავრჩეთ. უნდა გადავრჩეთ, როგორც სახელმწიფო და ერი. რა სანქციებზეა საუბარი, მთელი ჩვენი პროდუქცია რომ შეკრიბო, რუსეთისთვის ნულია.

რამდენიმე ხნის წინათ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია გიგა ბოკერიას ოჯახის შემოსავლებზე. ბოკერიას ოჯახის ყოველწლიური შემოსავალი 49 მილიონი ლარი ყოფილა. ასეთ ოჯახს სანქციები რამეს დააკლებს? სანქციები ნაგვის ყუთებში გადაყრილი პურის მომლოდინე ადამიანებს დაეტყობა, იმ პურის გადაყრასაც რომ ვეღარ შეძლებენ ოჯახები. პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი საქართველო სიღარიბით პირველ ადგილზეა.

_ ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და უკვე ხალხიც, ფიქრობს, რომ დროა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს. რუსეთი ამისთვის მზად არის. სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინათ თქვა, რომ მზად არიან, დაგველაპარაკონ, მაგრამ თბილისიდან პასუხი ჯერ კიდევ არ არის.

_ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემვაშინგტონ პოსტისთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადადასავლეთმა და ამერიკამ ხელი გადაუგრიხეს პეტრე პოროშენკოს და აიძულეს, რუსეთს დალაპარაკებოდა და ნებისმიერი პირობებზე ხელი მოეწერაო. გრიბაუსკაიტე თვლის, რომ პოროშენკომ ხელი უკრაინის გახლეჩვას მოაწერა. ვთხოვ ყველას, ამ ფაქტზე დაფიქრდენენ

_ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან შედარებით დასავლეთისა და ამერიკისთვისაც უკრაინა. გაიხსენონ, როგორ იხვეწებოდა პოროშენკო მაღალი ტრიბუნიდან, საბნებითა და ჰუმანიტარული დახმარებით ომს ვერ მოვიგებ, იარაღი მომაწოდეთო, მაგრამ უარი უთხრეს.

თაღლითობაა ის, რასაც მაია ფანჯიკიძე თავისი მინისტრობის დროს აკეთებდა. სულ ამბობდა, აბაშიძე დაბრუნდეს კარასინისგან და მერე შევაფასებთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ შეხვედრებსო. გრიგორი კარასინი არც ისმენს საქართველოს პროტესტს ტერიტორიებზე, რადგან, სააკაშვილის ღალატის შედეგად, რუსეთმა აღიარა ეს ტერიტორიები. მართალია, არ აპირებდა, მაგრამ იძულებული შეიქნა, ასე მოქცეულიყო.

გაეროს უშიშროების საბჭო დღეში სამჯერ რომ მიმართავდეს, აფხაზეთთან და ოსეთთან ხელშეკრულება არ დადოო, რუსეთი მაინც არ მოუსმენს და მარგველაშვილთან შეკრებილი უშიშროების საბჭოსი შეეშინდება? სასაცილოა. ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ტრაგიკომიკურია.

სასწრაფოდ შესაცვლელია სააკაშვილის მავნებლური კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

_ რა წერია ამ კანონში?

_ წერია, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს ამ რეგიონებთან თბილისთან შეუთანხმებლად და, თუ ვინმემ ფეხი დადგა იმ ტერიტორიაზე, პერსონა ნონ გრატა ხდება. ამ კანონით სააკაშვილმა ხელი შეუწყო იმას, რომ აფხაზეთი და ოსეთი მხოლოდ რუსეთის გავლენის სფეროში ყოფილიყვნენ.

ჰენრი კისინჯერი ამბობს, რომ უკრაინის კრიზისში დამნაშავე დასავლეთია. ის ამბობს, რომ მოლაპარაკება ყველაზე უკეთესი გზა იყო. ობამა პუტინს ყირიმის გამო უფრო ნაკლებად საყვედურობს, ვიდრე ელ-გე-ბე-ტე-ების უფლებების დარღვევაზე სოჭის ოლიმპიადის წინ. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.

_ რუსეთის შემდგომი ნაბიჯები რა იქნება?

_ თუ უსუფაშვილმა განაგრძო ყვირილი, რომ, მაპი თუ არ მივიღეთ, საქართველო წაიშლება რუკიდანო, ქვეყანაში დაიწყება მასშტაბური პოლიტიკური დესტაბილიზაცია, საქმე უფრო გართულდება.

_ რომ ვერ მივიღოთ ეს მაპი?

_ ღმერთმა ნუ ქნას, მაპი მივიღოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, რუსეთმა გამოაცხადოს, რომ სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას ითხოვს და ამას შეასრულებს. ყველაფრის კარნახი ხომ არ შეიძლება?! ვთქვათ, რუსეთმა თავისი ჯარების ნაწილი გიუმრიდან გადააადგილოს და შევიდეს ახალქალაქში, ყოფილი ბაზის ტერიტორიზე, რა, ირაკლი ალასანია შეებრძოლება?

თუ გვინდა, ის ტერიტორიაც ჩავაბაროთ, რომელიც დაგვრჩა, და ბანანის რესპუბლიკა გავხდეთ, ბანანის გარეშე, მაშინ გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ.

_ ამ ვითარებიდან გამომდინარე, თუ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია საჭირო?

_ ახლა პოლიტიკური კრიზისი არ არის. პარლამენტის დათხოვნა ძალიან ცუდი პროცესია. გინდაც დაიშალოს პარლამენტი, გგონიათ, ვინმე უკეთესი მოვა? ის პარტიები, რომლებსაც ფული და ადმინისტრაციული რესურსი აქვს, საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევლენ, მათ შორის, “ნაცმოძრაობაც”. ახალი პარლამენტის არჩევით არაფერი შეიცვლება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსი თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს. ეს არის ქვეყანა, რომლის დეპუტატებიც ფიქრობენ, რომ “დიდ მაყუთზე ვერ გახვალ, თუ პარლამენტში არ ზიხარ”. ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება არ არის, საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here