Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირით იმედგაცრუებული აღმოსავლეთ ევროპა

ევროკავშირით იმედგაცრუებული აღმოსავლეთ ევროპა

791

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც, ჩვენი არ იყოს, თავგამოდებით ისწრაფოდნენ ევროკავშირში გაერთიანებისკენ, უფრო და უფრო ეპარებათ ეჭვი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯის სისწორეში.


არ დაუდო აკაკანებულმა ევროკავშირის კრუხმა ოქროს კვერცხი. პირიქით. გაძვირდა პროდუქტი, ხელფასები და პენსიები პრაქტიკულად ძველ დონეზე დარჩა, სამუშაო ძალა იძულებული გახდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეძება დასაქმების საშუალება, რამაც ფრიად უარყოფითად იმოქმედა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე.

მორალური თანხვედრაც არ შედგა, ვერ იგუა აღმოსავლეთმა დასავლეთში მიღებული სტანდარტები და ნორმები, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინება და სხვა უკუღმართობანი მსგავსი ამისა. ვერც ის გაიგეს ევროკავშირის ახალწვეულებმა, რატომ ხდება, რომ უფროსი თანამოძმენი მათ თხოვენ ფინანსურ დახმარებას, როცა ევროგაერთიანების ერთ-ერთი დანაპირები სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობდა და ამით იყო მიმზიდველი.

ამიტომაა, რომ ეს ქვეყნები არცთუ დიდი სიხარულით იხდიან ხარკს _ საერთაშორისო სავალუტო ფონდში შესატან სახსრებს. ჩეხეთმა, მაგალითად, განაცხადა, რომ შეამცირებს ამ ფონდში თავისი გადასახადის წილს.

ასეთი განწყობილება გადაედო ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებსაც. ისინი დარწმუნდნენ, რომ ევროგაერთიანების ინსტიტუტებს უნარი არ შესწევთ, განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები კრიზისის დასაძლევად და სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ დადგა დრო, დაუბრუნდნენ ეროვნულ ვალუტებს და იფიქრონ ევროგაერთიანებიდან გასვლაზეც კი.

დასავლური და აღმოსავლური ევროსკეპტიციზმი

ევროსკეპტიციზმი ვრცელდება სრულიად ევროპაში.

დასავლეთ ევროპის ინდუსტრიული ქვეყნების სკეპტიციზმი (დასავლური სკეპტიციზმი), უწინარეს ყოვლისა, მიუღებლად მიიჩნევს ევროკავშირის გადაქცევას თავისებურ “სუპერსახელმწიფოდ” (რომლის ნიშნებიც აშკარად იკვეთება), რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ეროვნულ სუვერენიტეტს. კრიტიკის საგანია საზღვრების “გამჭვირვალობაც”, პრაქტიკულად ყოველგვარი ბარიერის მოშლას მიგრანტების ნაკადისთვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა უკრაინა, თურქეთი, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფოები და ა. შ. ევროსკეპტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სამუშაო ძალის უკონტროლო და მუდმივად მზარდმა შემოდინებამ გამოიწვია უმუშევრობის გაზრდა _ იაფმა მუშახელმა, მიგრანტებმა, უსაქმოდ დატოვეს ადგილობრივი მოსახლეობა.

აღმოსავლური ევროსკეპტიციზმი, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, გულგატეხილობასა და გულაცრუებაშია გამოხატული.

აღმოსავლეთ ევროპა ძნელად ეწერება საერთოევროპულ კონტექსტში. ისტორიულად, ქრისტიანობა  ევროპაში მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდა, მოცემულ მომენტში კი ეკლესიის ავტორიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში გაცილებით ძლიერია. დასავლეთ ევროპაში მიღებული ცხოვრების სტილი, სწორედ ამის გამო, უცხო და მიუღებელია აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეთა უმეტესობისთვის, განსაკუთრებით, _ უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

აქედან _ მორალური შეუთავსებლობა.

ევროკავშირისკენ რომ ისწრაფოდნენ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქენი იმედოვნებდნენ, რომ დაუბრუნდებოდნენ “საერთოქრისტიანულ ღირებულებებსა” და უნივერსალურ ტრადიციებს. ევროგაერთიანებაში ყოფნის პერიოდში კი დარწმუნდნენ, რომ თანამედროვე დასავლეთ ევროპის ღირებულებანი ძალიან დაშორებულია ქრისტიანულ ფასეულობებსა და კულტურულ ტრადიციებს.

კომუნიზმი უფრო კონსერვატული აღმოჩნდა, ვიდრე ის საზოგადოებრივი დინებები, რომლებიც თანამედროვე დასავლური დემოკრატიების მიერაა მხარდაჭერილი (ერთსქესიანთა ქორწინების აღიარება, ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ან ნახევრად ლეგალიზაცია და სხვ.).

აღმოსავლეთ ევროპაში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ კონსერვატიული პარტიები.

დასავლეთ ევროპაში აღმოსავლელი პარტნიორები აღიქმება, როგორც ძალა, რომელიც საშიშროების შემცველია თანამედროვე ევროპის კულტურული საფუძვლებისთვის.

პარალელურად, აღმოსავლეთში მატულობს სკეპტიციზმი ევროპული მშენებლობის პროექტისადმი. “ბებერი” ევროპა კი სწორედ ამის გამო აღმოსავლეთ რეგიონს _ დასავლეთ ევროპის ღირებულების თვალსაზრისით, “ჩამორჩენილი” ქვეყნების გაერთიანებად მიიჩნევს.

მსოფლმხედველური კონფლიქტი აშკარად გამოკვეთილია.

ამგვარი შეუთავსებლობის მნიშვნელოვანი მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატებისადმი მათი განსხვავებული დამოკიდებულებაც არის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა მკვეთრად პროამერიკული ხასიათისაა. იშვიათი არ არის, როცა საერთაშორისო ასპარეზზე მათი ამგვარი პოლიტიკა უპირისპირდება ევროკავშირის პოზიციას ამა თუ იმ საკითხში.

“ახალი” და “ძველი” ევროპის ურთიერთობაში თავისებურ წყალგამყოფად წარმოგვიდგა აშშ-ის ხელმძღვანელობით ნატოს ქვეყნების მიერ წარმოებული სამხედრო კამპანია ერაყში. მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ დაგმო ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მოქმედება,  აღმოსავლეთ ევროპის 10-მა ქვეყანამ წერილობით დაადასტურა ამ კამპანიის  მხარდაჭერა, ზოგიერთმა კი _ პოლონეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა _ თავიანთი ჯარისკაცები გააგზავნა სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.

აღმოსავლური ევროსკეპტიციზმის ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ევროკავშირის ინსტიტუტების მისწრაფება, მოახდინონ კანონმდებლობის უნიფიცირება ევროკავშირის ტერიტორიაზე, მაგრამ ამაოა მათი ეს მისწრაფება, რადგან ევროკავშირის ძველი წევრები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ახლებისგან ეკონომიკური, კლიმატური, სოციალური და სხვა მაჩვენებლებით. აქედან გამომდინარე, ის კანონები, რომლებიც იდეალურია საფრანგეთისთვის, მიუღებელია აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნისთვის. მაგალითად, ერთიანი გადასახადი გათბობაზე, რომელიც ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ევროსკეპტიციზმი გამოიწვია “ახალი წევრი” ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრმა დაქვეითებამ, ფასების გაძვირებამ, ხელფასების ერთ დონეზე გაყინვამ და სამუშაო ძალის დასავლეთ ევროპაში გადინებამ იაფი მუშახელის სახით.

ანალიტიკოს ეკონომისტთა კრიტიკულ პოზიციებს თავს თუ მოვუყრით, ფრიად სკეპტიკური დასკვნის წინაშე აღმოვჩნდებით.

უწინარეს ყოვლისა, _ პოლიტიკურ ასპექტში. ბალტიისპირეთის პოლიტიკური ელიტები იმთავითვე იქმნებოდა პროამერიკული მიმდინარეობის მომხრეთა საერთო მასიდან _ ან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აშშ-ის გავლენის ჯგუფების წევრებიდან, ან ამერიკის მოქალაქეებისგან, რომელთა წინაპრებიც 1939 და 1944 წლებში ბალტიის ქვეყნებიდან აშშ-ში გადაიხვეწნენ, მათ შორის, ფაშისტების დამქაშთა წრეებიდან. ამ ელიტების მიზანი იყო თავიანთი პატრონების მოთხოვნათა დაკმაყოფილება და არა ხალხის კეთილდღეობის უზრუნველოფა.

ამ პოლიტიკურ ფონზე ბალტიისპირეთი თანდათან კარგავს თავისი სამრეწველო ბაზის უკანასკნელ ნარჩენებს.

მათ შორის, ლიტვაც, რომელიც, ექსპერტების მტკიცებით, ევროკავშირის წევრ 28 სახელმწიფოს შორის მშპ-ის დონით 22-ე ადგილზე იმყოფება, ესტონეთი და ლატვია უფრო ჩამორჩენილია.

ბალტიისპირეთში ცხოვრების ხანგრძლივობა ევროკავშირის საერთო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

_ მაშ, რა მოიგო ბალტიისპირეთმა ევროკავშირში გაერთიანებით? _ ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა ანასტასია ფროლოვამ (პორტალი Rubaltic.Ru) ცნობილ ეკონომისტს, ექსპერტული კონსულტირების კომპანია “ნეოკონის” პრეზიდენტს _ მიხაილ ხაზინს.

_ ამ ქვეყნებისთვის განვითარების პირობა არავის მიუცია. უფრო მეტიც, სიტუაცია თანდათან გაუარესდება, რადგან ბრიუსელს გასაცემი თანხა სულ უფრო შეუმცირდება. მაშასადამე, ევროკავშირში გაერთიანებით ბალტიის ქვეყნებმა არაფერი მოიგეს. პირიქით, გაიუარესეს იმით, რომ მიიღეს ევრო. თუ ამ კუთხით შევადარებთ პოლონეთს, რომელიც გაცილებით ადეკვატურ პოლიტიკას განახორციელებს, მაგრამ უარი თქვა ევროზე, ისინი გაცილებით ცუდ დღეში აღმოჩნდნენ.

_ რა და როგორ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ლიტვამ, ლატვიამ და ესრონეთმა დაძლიონ ამ დროისთვის წარმოქმნილი სირთულეები?

_ კარგ გზას ვერ ვხედავ… ვფიქრობ, რომ მათ უმძიმესი მომავალი ელით. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ემიგრანტების გამოდევნას დაიწყებენ. სამშობლოში მათ არც სამუშაო ექნებათ, არც იმედიანი პერსპექტივა.

_ რამდენად სასარგებლოა ევროპისთვის და, კერძოდ, ბალტიისპირეთისთვის სანქციები, რომლებსაც აშშ და ევროკავშირი შეთანხმებულად განახორციელებენ რუსეთის წინააღმდეგ?

_ აბსოლუტურად უსარგებლო და მავნეა. ჯერჯერობით მათ პოლიტიკური ხასიათი აქვს და მიმართულია “პუტინის გუნდის” დასასუსტებლად შიდარუსულ პოლიტიკურ რეალობაში. რაც დღეს ნაკლებად ეფექტიანია.

ეკონომიკური სანქციები არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც წამგებიანია.

_ უკრაინა, გარკვეულწილად, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ განვლილ გზას იმეორებს _ ფორსირებულად გადადის ეკონომიკურად ნაკლებად სასარგებლო დასავლურ ორიენტაციაზე.

_ ევროკავშირთან თანამშრომლობა არსებული კონფიგურაციით, მხოლოდ საზიანო იქნება. ამაზე კეთდებოდა აქცენტები არაერთ მოხსენებასა და ანალიტიკურ წერილში. მოძრაობას დასავლეთისკენ წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს და, როგორც ირკვევა, უკრაინის მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს, პროდასავლურ გალიციაშიც კი.

აშშ-მა მოასწრო უკრაინული ელიტების თავის კონტროლს დაქვემდებარება და ისინიც ამერიკის კარნახით განახორციელებენ ქვეყნის დამღუპველ პოლიტიკას, მაგრამ არა საკუთარი კეთილდღეობის საზიანოდ.

_ შეიძლება იმის თქმა, რომ აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომობს?

_ ომი, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის მთავარი ომი. მთავარი აშშ-ისა და ჩინეთის ომია ევროკავშირის ბაზრების ხელში ჩასაგდებად. ჩინეთი ევროკავშირისკენ მიდის განახლებული “დიდი აბრეშუმის გზით”. ამ გზაზე კი ერთადერთი სერიოზული დაბრკოლება არის უკრაინა, რომლის ამერიკელების გავლენას დამორჩილებული ხელმძღვანელობა არ გაატარებს ჩინურ საქონელს ევროკავშირის ქვეყნებისკენ.

ასე რომ, უკრაინაში ბრძოლა არის აშშ-ის ბრძოლა ევროკავშირის ბაზრებზე კონტროლის დასამყარებლად.

აღმოსავლეთისკენ ევროკავშირის გაფართოების სოციალური შედეგები

აღმოსავლეთ ევროპაში მოსახლეობის გაღატაკებამ და უმუშევრობამ არნახული მასშტაბს მიაღწია.

ევროკავშირის ახალ ქვეყნებში ხელფასები 5-8-ჯერ ნაკლებია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ევროკავშირის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ ხვედრითი წილი 24,250 ევროა, უნგრეთში _ 7,080 ევრო, ლატვიაში _ 3,740 ევრო.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უმუშევრობა კატასტროფულად მატულობს და ჩეხეთში, მაგალითად, 11 პროცენტს გადააჭარბა.

თანაც ეს ციფრები სრულად არ ასახავს ცალკეულ ქვეყანაში რეალურად არსებულ ვითარებას. მაგალითად, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, რომელიც ვენას სულ რაღაც 60 კილომეტრითაა დაშორებული, უმუშევრობა მხოლოდ 4 პროცენტია, მაგრამ სოფლებში, რომლებიც აქედან 200 კილომეტრშია, 60 პროცენტს აღწევს; საერთოდ, ქვეყანაში _ 16 პროცენტია. ასეთივე სურათია უნგრეთშიც: ბუდაპეშტში უმუშევართა რაოდენობა მინიმალურია, რაიონებში კი 40-50 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. უმუშევრობა განსაკუთრებით დიდია 25-წლიანთა ფენაში, ახალგაზრდების 45-50 პროცენტი დასაქმებას ვერ ახერხებს.

სოციალური ვარდნა სხვა სფეროებშიც თვალშისაცემია. მაგალითად, პოლონეთსა და უნგრეთში, 80-იან წლებთან შედარებით, სიკვდილიანობა ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის 5 პროცენტზე მეტით გაიზარდა. სტატისტიკა ადასტურებს, რომ უნგრეთის ნახევარი მოსახლეობა გაცილებით უფრო ცუდად ცხოვრობს, ვიდრე ათი წლის წინათ ცხოვრობდა.

ამავე დროს აღმოსავლეთ ევროპა მიწიერ სამოთხედ იქცა დასავლეთევროპული ფირმებისთვის: უნგრეთმა, ჩეხეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა მკვეთრად შეამცირეს საგადასახადო განაკვეთები უცხოელი ინვესტორებისთვის.

ბალტიის ქვეყნებმა კი უაღრესად ხელსაყრელი პირობები შეუქმნეს საქმეში ფულის დამბანდებლებს. ლატვიაში, რომელიც მათ შორის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, შექმნილია რამდენიმე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომლებშიც გადასახადები 80 პროცენტამდე შემცირდა.

საერთაშორისო კაპიტალის მიზიდვის მიზნით გადასახადების მოდურ შემცირებაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც ჩაერთნენ. ავსტრიამ, სადაც დასავლეთ ევროპაში ისედაც ყველაზე დაბალი გადასახადები იყო დადგენილი, განახორციელა რეფორმა, რომლის შედეგად კორპორაციების საგადასახადო განაკვეთები 25-34 პროცენტით შემცირდა, შეღავათები დაწესდა ინვესტორებისთვისაც.

მაგრამ ამგვარი რეფორმებით გამოწვეული დეფიციტი ვერ შეავსო ეკონომიის რადიკალურმა რეფორმებმა, რომლებიც ავსტრიის მთავრობამ თავისი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ განახორციელა.

ეკონომისტების აზრით, ბიუჯეტისა და საგარეო ვაჭრობის ამგვარად წარმოქმნილი დეფიციტი შეიცავს ეკონომიკური კრიზისის საშიშროებას, რომელიც რეალობად იქცა ესტონეთში.

მაგალითების ჩამოთვლა, რა თქმა უნდა, შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ის, რაც უკვე აღინიშნა, სავსებით საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ  მიწიერი სამოთხე, რომელსაც ევროკავშირის ახალწვეულებს ჰპირდებოდნენ, მიუღწეველი დარჩა.

რადგან თავიდანვე ბლეფი იყო.

ევროკავშირთან ასოცირება: ნახტომი ნათელ მომავალში თუ ხაფანგი?

რას წარმოადგენს დღეს ევროკავშირი, რომელიც ოდესღაც ძალიან კარგად დაიწყო _ სრულიად ევროპის წამოწევის გეგმით გერმანიის, უარეს შემთხვევაში _ საფრანგეთის დონემდე, ევროკავშირში თანდათან გაერთიანებულმა ახალმა წევრებმა _ პორტუგალიამ, საბერძნეთმა, ირლანდიამ მიიღეს უზარმაზარი სოციალური და ფინანსური ავანსები. მათზე გაავრცელეს “ევროპის ძველი წევრების” _ ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების _ სოციალური სტანდარტები, მათ შორის, მაღალი ხელფასები და პენსიები. საშუალება მისცეს, აეღოთ ვალები, რითაც, თავის მხრივ, ამ ქვეყნებში ფულის უდიდესი მასის შედინება უზრუნველყო.

ევროკავშირში არსებობს წესი, რომლის თანახმად, წევრი ქვეყნების ექსპორტის მინიმუმ ნახევარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უნდა გადიოდეს. თუ ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანას მომგებიანად გააქვს თავისი ნაწარმი მესამე ქვეყანაში, მან უნდა შეკვეცოს ექსპორტის მოცულობა მითითებულ ჩარჩოებამდე. აი, მაგალითად, საბერძნეთს, რომელსაც ევროკავშირში გაერთიანებამდე გააჩნდა მაღალეფექტიანი ოთხი ეროვნული დარგი _ ღვინის, ზეთისხილის, თამბაქოს წარმოება და გემთმშენებლობა, რომელთაც მნიშვნელოვანი მოგება მოჰქონდა, ევროკავშირის ჩარჩოებში მოხვედრის შემდეგ მხოლოდ გემთმშენებლობა შერჩა. სხვა ყველაფრის გასასაღებლად მხოლოდ შიგა ბაზარი დარჩა, რადგან ევროკავშირის სხვა ქვეყნებს  იგივე პროდუქცია ჰქონდათ და საბერძნეთის ნაწარმის თავის ბაზარზე შეშვებით არ იყვნენ დაინტერესებული.

ხოლო მას შემდეგ, რაც საბერძნეთის გემთმშენებლობამ ვერ გაუძლო ჯერ პოლონეთის, შემდეგ სამხრეთ კორეის კონკურენციას, ეს ქვეყანა საერთოდ ეკონომიკის მწარმოებლური დარგის გარეშე დარჩა.

ევროკავშირის არსი ისეთი ზონის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს “ძველი ევროპის” კორპორაციებისთვის გარკვეული მოგების მიღებას. ფაქტობრივად, ეს ზონა ნეოკოლონიალიზმის ფორმაა. როცა ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიღება დაიწყეს, იმთავითვე უარი თქვეს ყოველგვარი სოციალური და ფინანსური გარანტიების გაცემაზე. აქედან გამომდინარე, საწარმოები, რომლებიც ამ ქვეყნებში იყო, ან იყიდეს “ძველი ევროპის” კორპორაციებმა, ან დაიხურა.

კლასიკური  მაგალითია რუმინეთი, ევროკავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი წევრი ქვეყანა. ევროკავშირის წევრად მისი ყოფნის პირველ ორ წელიწადში ქვეყნიდან წავიდა შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 25-30 პროცენტი, რადგან საწარმოები, რომლებშიც ისინი დასაქმებული იყვნენ, დაიხურა.

იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა უნგრეთი.

ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ სხვა “ახალი წევრების” პრობლემებზე, რაც უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება იმ პირობებით, როგორებსაც ეს გაერთიანება თავის ახალ წევრებს უყენებს, უკიდურესად არახელსაყრელია, რომ არ ვთქვათ, წამგებიანია.

ახლახან მოლდოვამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. იგულისხმება მხოლოდ სტატუსი, რომლითაც კარგა ხანია, სარგებლობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იორდანია, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ტუნისი, ალჟირი, მაროკო, მექსიკა და რიგი სხვა ქვეყნებისა. მაგრამ, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელსაც მოლდოვამ ხელი მოაწერა, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ შეთანხმებებისგან, რომლებიც ევროკავშირს აღნიშნულ ქვეყნებთან აქვს დადებული, მოლდოვას არავითარი იმედი არ რჩება საიმისოდ, რომ შეძლოს თავისი ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა ევროპული სტანდარტებით გათვალისწინებულ დონემდე.

ასეთი პერსპექტივა გამორიცხულია.

საქართველოზე, რომელიც ასეთივე დოკუმენტით შეეკრა ევროკავშირს, სიტყვას არ გავაგრძელებთ; ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ განხიბვლის პერსპექტივა წინ გვაქვს და არცთუ შორეულ მომავალში.

დასასრულ, კიდევ ერთი ასპექტის შესახებ.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროკავშირის ქვეყნებზე დღეს უდიდესი გავლენა აქვს. განვითარების ბევრი პროგრამა, რომელთა განხორციელებას ცდილობენ “ძველი ევროპის” ქვეყნები, ქაღალდზე რჩება, რადგან არ შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს. ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ელიტებისთვის დამახასიათებელი პირადი პასუხისმგებლობის აღების შიში სწორედ ამ გავლენის შედეგია.

დღეს, როცა აღარ არსებობს “საბჭოთა საფრთხე”, ევროპის ლიდერებს ამერიკელები უკარნახებენ, როგორი გადაწყვეტილებები მიიღონ ვითარება, როცა შეუძლიათ ნებისმიერი წაფორხილების მიზეზები ამერიკელ პატრონებს გადააბრალონ, ევროპელებსაც ხელს აძლევს.

ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა ისეთი ადამიანებისგან შედგება, რომლებმაც მოიხსნეს პასუხისმგებლობა თავიანთი ქვეყნებისა და ხალხების ბედ-იღბალზე.

ასეთი სიტუაცია ფრიად მომგებიანია ევრობიუროკრატიისთვის. ეროვნული ბიუროკრატები ევროკავშირში გაერთიანების ან ასოცირების შემდეგ “ევრობიუროკრატიის დიდი ოჯახის” წევრები ხდებიან, შეუზღუდავი შესაძლებლობა ეძლევათ თვითრეკლამისთვის, მათი გვარები ქვეყნდება მსოფლიოში გავრცელებული მედიასაშუალებების გვერდებზე; შეუძლიათ, დაიკავონ მაღალი თანამდებობები ევროსტრუქტურებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველო, რომელსაც ჯერ კიდევ ყურში აქვს ევროკავშირთან ასოცირების  დროსსაზეიმოდაჟღერებული შალახოს ჰანგები, ფხიზლად უნდა იყოს, რათა კისერზე არ დაისვას ამგვარი ბიუროკრატიისკენ მიდრეკილიმოღვაწენი”.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here