Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: ხელისუფლება ხმის ამოღებას ვერ ბედავს, კოალიციას “ნაცების” შიშით გული...

აკაკი ასათიანი: ხელისუფლება ხმის ამოღებას ვერ ბედავს, კოალიციას “ნაცების” შიშით გული უსკდება!

614

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე  ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი გვესაუბრება.


_ ბატონო აკაკი, 24 ნოემბერს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებამ თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ბევრი თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტით ახალი თითქმის არაფერი მომხდარა, ზოგი კი ამ ფაქტს ღია ანექსიას უწოდებს. სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ეს ყველაფერი ასე ახსნა: რუსეთმა ხელშეკრულების დადება იმიტომ დააჩქარა, რომ შეეშინდა, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ფონზე აფხაზებსაც არ გასჩენოდათ დასავლური სტრუქტურებისკენ სწრაფვის სურვილი

_ ვფიქრობ, ზაქარეიშვილი და მთლიანად ხელისუფლება პინგ-პონგს ეთამაშება საკუთარ თავს, რითაც დიდ სისულელეს აკეთებენ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინის კრიზისი დაიწყო, რუსეთმა პირდაპირ განაცხადა, გამოსავალი უკრაინის ფედერალიზაცია იქნებაო. მაშინვე ცხადი გახდა, რომ ამ განცხადებაში ჩვენც ვიგულისხმებოდით. სხვა საკითხია, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენთვის ნიშნავდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მობმას, ანუ, როგორც ჩანს, რუსეთში გარკვეული ძალები თვლიდნენ, რომ ეს კარგი წინადადება იყო და ეგონათ, ამას მივხვდებოდით. ვიღაც, ალბათმიხვდა კიდეც, მე მივხვდი, ყოველ შემთხვევაში, მაგრამ საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებისგან ვერ მოისმინეს ადეკვატური განცხადებები და შემდეგ მივიღეთ სულ სხვა პროცესები

_ იქნებ უნდობლობის მომენტიც იყო რუსების მიმართ და ამიტომაც არ მოისურვა ჩვენმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებები? ან იქნებ დასავლეთმა დაბლოკა ეს პროცესი?

_ ვერც დასავლეთი და ვერც სხვა გარე ძალა ვერ დაბლოკავს შენს ინტერესებს, თუ თვითონ არ დააყენებ ამ ინტერესებს მეორე და მესამე პლანზე.

რაც შეეხება პუტინის ინიციატივას, კაცმა, რომელიც შერაცხილია მონსტრად და ტერიტორიების მიმტაცებლად, პირდაპირ განაცხადა, თუ საქართველო იფიქრებს ამაზე (ფედერალიზაციაზე იყო საუბარი), პროცესს ხელს შევუწყობთო. მას არ უთქვამს, რის სანაცვლოდ, მაგრამ დაახლოებით ყველას გვესმის… აქ იყო კიდევ ერთი დადებითი მომენტი _ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას რუსეთი აგრესიულად არ შეხვედრია. ეს კი არა, მან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიც არ გააუქმა საქართველოსთან, ანუ ჩანდა ნიშნები იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად იყო საქართველოსთან დიალოგისთვის; ჩანდა, რომ მათ სურდათ ურთიერთობის დარეგულირება, მაგრამ არ გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯები; უფრო სწორად, არ გადაიდგა ადეკვატური ნაბიჯები.

_ რატომ არ წავიდა ჩვენი ხელისუფლება ფედერალიზაციის იდეის განხილვაზე და რატომ არ დაიწყო მან ამის შესახებ მოლაპარაკებები რუსეთთან ან თუნდაც აფხაზებთან?

_ მე მარტივი შეფასება მაქვს: დღეს ვერავინ ბედავს ამ საკითხზე საჯაროდ ლაპარაკს.

_ რატომ?

_ ამ ხელისუფლებაში არ არის ადამიანი, რომელიც შეძლებდა ამ საკითხზე ღიად საუბარს. მიზეზიც მარტივია _ ეს ყველაფერი დაკავშირებულიანაცებთან”. მათ ატეხეს ხმაური, _ ემანდ, არავინ გაბედოს პუტინის წინდადებაზე არათუ დათანხმება, გამოხმაურებაც კიო. აი, ამიტომაა, რომ ხელისუფლება ვერ ბედავს ხმის ამოღებას. საუბედუროდ, კოალიციას გული უსკდებანაცებისშიშით; ხელისუფლების წარმომადგენლებინაციონალებისგანცხადებებზე უსუსურად რეაგირებენ. მათგან გვესმის ერთადერთი საპასუხო არგუმენტი: “თქვენ რას შვებოდით?”. ორი წელი გავიდა და ამის მეტს ვერაფერს ამბობენ.

_ რა შემხვედრი ნაბიჯები შეიძლებოდა, ჩვენი მხრიდან გადადგმულიყო პუტინის ინიციატივაზე?

_ შეხვედრა უნდა გამართულიყო მაღალ დონეზე და დაგვესვა შეკითხვა: თქვენმა პრეზიდენტმა რაც თქვა, რეალურია? შეიძლება მისი განხორციელება თუ არა ან რა შემთხვევაში შეუწყობთ ხელს ამ პროცესს, რას ითხოვთ სანაცვლოდ? და ა. შ. აი, ეს საკითხები უნდა ყოფილიყო განხილული და მერე შეიძლებოდა დასკვნების გამოტანა. ჩვენ რა გავაკეთეთ? _ გამოვიდა ღარიბაშვილი და ავტონომია შესთავაზა აფხაზებს

მთავარი ის კი არ არის, ღარიბაშვილი რას შეთავაზებს აფხაზებს ან რუსეთი რას შემოგვთავაზებს ჩვენ, მთავარია, მოხდეს ინტერესთა შეთანხმება საბედნიეროდ, დღეს საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთვის აუცილებელია. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობა და ამას სააკაშვილი კი არა, ასი სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” ვერ შეცვლის. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ქართველები და რუსები ისეთი ღრმა ისტორიული ფესვებით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, რა ფორმითაც უნდა მომხდარიყო საქართველოს გამოყოფა საბჭოთა კავშირიდან, რაოდენ მშვიდობიანადაც უნდა მომხდარიყო ეს პროცესი, ჩვენთვის ეს მაინც მტკივნეული იქნებოდა. თავის დროზე ამას ბევრი ვერ ხვდებოდა და, საუბედუროდ, ვერ ხვდებიან დღესაც, ამიტომ ოცი წელია,  ვერ ხერხდება ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა.

_ სხვათა შორის, ზაქარეიშვილმა ისიც განაცხადა, რომ ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაიდო, ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგიაო.

_ ეს არის რეალობას მოწყვეტილი ადამიანის განცხადება და, თუ მას მართლა სჯერა, რასაც ამბობს, უბედურებაა. თუ არ სჯერა და ისე ამბობს, მით უარესი.

_ ამას წინათ თინა ხიდაშელმა განაცხადა, თუ ამერიკა და ევროპა მზად იქნებიან რუსეთთან ომისთვის შუაგულ ევროპაში, პუტინს შეეშინდება და ანექსია შეწყდებაო. არის ლოგიკა ამ განცხადებაში?

_ ეს არის საბავშვო ბაღი და ეს საბავშვო ბაღი 2008 წლის აგვისტოში ომის ფასად დაგვიჯდა. დაახლოებით ასევე ფიქრობდნენ თავის დროზე “ნაცებიც”. მათ ეგონათ, რომ ამერიკა და ევროპა ჩვენ გამო ომს დაიწყებდნენ და მოაწყვეს ავანტიურა.

რაც შეეხება ქალბატონი ხიდაშელის განცხადებას, ვურჩევ, ვიდრე რამეს იტყვის, სათქმელი აწონდაწონოს ხოლმე, თორემ ასეთი განცხადებები არასერიოზულად წარმოაჩენს. ეს მისი საქმეა, მაგრამ მე ის მადარდებს, რომ ქვეყნის იმიჯი ილახება, არაფერს ვამბობ გაფუჭებულ საქმეებზე. სახელმწიფოს, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ასეთ განცხადებებსა და შეფასებებს აკეთებენ, სერიოზულად არავინ ელაპარაკება.

_ ხიდაშელი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მსგავს განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებენ. მათ, ალბათ, დასავლეთის გარკვეული წრეები აქეზებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ როგორც წესი, გადამდგარი პოლიტიკოსები სიმართლეს ლაპარაკობენ და ამას წინათ შტეფან ფულემ თქვა, დასავლეთისგან უდიდესი შეცდომა იყო, როცა უკრაინას დაუსვა საკითხი _ ან ევრაზია, ან ევროკავშირიო. ახლა დააკვირდით უკრაინას: გაიძახის, ომი მაქვსო რუსეთთან და ამ დროს არ გასულა დსთ-დან, რჩება საბაჟო კავშირის ასოცირებულ წევრად, სატელეფონო კავშირი თითქმის ყოველდღე აქვთ პოროშენკოსა და პუტინს და პლუს კიდევ _ კვირაში ერთხელ თუ თვეში ორჯერ პირისპირ ხვდებიან. აი, ასეთი მდგომარეობაა დასავლეთში და თურმე ჩვენ უნდა მივახტეთ რუსეთს. როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ყველაფრის თქმისა და გაკეთების უფლება აქვთ. ეს არის უბედურება და ამიტომ ვერ ხერხდება რეალური წინსვლა ვერც ერთი მიმართულებით _ ვერც საშინაო პოლიტიკაში და საგარეოზე ლაპარაკიც ზედმეტია.

_ რეალური ცვლილებების პერსპექტივა თუ ჩანს?

_ მე ერთ რამეს ვხედავ: აქ ვიღაც-ვიღაცებს არ სურთ, რეალობას თვალი გაუსწორონ. ადამიანი რომ იტყვის, როცა ევროპა და ამერიკა მზად იქნებიან რუსეთთან ომისთვის, მაშინ გვეშველებაო, ეს რას ნიშნავს, იცით? _ აქ ხალხი სხვა სამყაროში ცხოვრობს. ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნებიც არ არის. ჩვენ დღეს ვართ ოცნებებში და ვიდრე ეს ოცნებები არ დასრულდება, წინსვლაზე, ურთიერთობების რეგულირებაზე საუბარი ზედმეტია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. გამოითხოვეთ პარლამენტიდან, დროა ხალხს ანგარიში ჩააბარონ, არა და როგორც კი მოჯდებიან პოსტებზე, ხალხს ზევიდან დაჰყურებენ, სინამდვილეში წვრილმანი მღრნელები არიან დიდი მადით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here