Home რუბრიკები საზოგადოება დავით სოკოლოვი: რა დროს გუანტანამოს პატიმრების სოციალური რეაბილიტაციაა, როცა ჩვენ აღმოგვხდა ჩვენს...

დავით სოკოლოვი: რა დროს გუანტანამოს პატიმრების სოციალური რეაბილიტაციაა, როცა ჩვენ აღმოგვხდა ჩვენს ქვეყანაში სული?!

677

“დამსახურებული პენსიით ვცხოვრობ, სულ რაღაც, 150 ლარით, მაგრამ არა უშავს, ქვეყანაში ჩემს პენსიაზე გაცილებით მნიშვნელობანი პრობლემებია მოსაგვარებელი”, _ ღიმილით გვითხრა ინტერვიუს ჩაწერის წინ ცნობილმა ტელედიქტორმა დავით სოკოლოვმა, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კრიტიკულად შეაფასა:


_ ბევრს აღიზიანებს, ხელისუფლება ამდენს რომ აყეფებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, მაგრამ, ასე რომ არ მოქცეულიყო, შესაძლოა, უარესიც მომხდარიყო _ პროვოკაციას ვგულისხმობ. დღეს ყველას ერთბაშად მოცილება საკმაოდ რთულია. არადა, ხალხს ხომ ყოველთვის გვეჩქარება? არც გაგვემტყუნება, რადგან იმდენ ხანს ვითმინეთ სააკაშვილის პარპაში და იმდენ გაჭირვებას გავუძელით, ვერავინ დაგვძრახავს, გულისწუხილის რომ გამოვთქვამთ. თუმცა დაფიქრებაც გვმართებს და ცოტა მოთმინებაც. რთულია მიწასთან გასწორებული სახელმწიფოს ფეხზე დაყენება. მეც მეჩქარება, ორი წუთიღა დამრჩა ამ ქვეყანაზე და მეც მინდა, რამეს მოვესწრო. “ნაცმოძრაობისგან” ყველაზე ძალიან ის მაღიზიანებს, რომ ხელისუფლების კრიტიკისა და ბრალდების წაყენების მეტს არაფერს აკეთებს. ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოების რიგითი წევრებისგან მიიღოს საყვედური, მაგრამ როგორ შეიძლება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საერთოდ ხმა ამოიღონ?”

დიახ, ეს ხელისუფლების ბრალია, ამდენს რომ ალაპარაკებენ, ამიტომ უნდა აღდგეს კანონიერება და სამართალი. შეიძლება ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება კიდეც, მაგრამ არა ისეთი ტემპით, როგორითაც ხალხს სურს. ეს გამოუცდელობის ბრალიც არის. დღეს რაში იკარგება დრო? “ნაცები” ყვირიან, რაღაცებს აბრალებენ, ხელისუფლება კი პასუხს სცემს.

_ საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე რას ფიქრობთ?

_ სახარბიელოს _ არაფერს. ხომ გაირკვა, რომ ევროკავშირი უკვე ნახევრად მკვდარი ორგანიზაციაა, რომლისგანაც საქართველო, უარყოფითის გარდა, ვერაფერს მიიღებს. თავის ბაზარზე ჩვენ არ გვიშვებს და არც შეგვიშვებს. რუსეთის ბაზარი, როგორც იქნა, ასე თუ ისე, გაიხსნა და ამის გამო “ნაციონალები” კივიან და წივიან. მაია ფანჯიკიძის “შალახო” და პარაფირება თამაში იყო, დასავლეთის აღშფოთებისა არ იყოს ან რა გვეევროკავშირება?! რამდენიმე ქვეყანამ ამ ორგანიზაციიდან გასვლის სურვილი გამოთქვა და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასაც აპირებს.

_ მაშ, რას მიაწერთ საქართველოს ხელისუფლების ლტოლვას ევროკავშირისკენ?

_ საქართველო ამ მხრივ არა მცდარ, არამედ იძულებით გზაზე დგას. ახლა თურმე, ნატოს თუ ქსენიას, ვეღარ გავიგე, სასწავლო ცენტრის გახსნა სურთ საქართველოში. საინტერესოა, ვის წინააღმდეგ _ კენიისა და ბურკინა ფასოს? _ რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ. აშშ თავის დიქტატს ევროპის დიდ სახელმწიფოებსაც კი ახვევს თავს და, რასაც მოისურვებს, იმას აკეთებინებს. ამ ყველაფერს კი მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ აკეთებს. ამერიკას საქართველო ფეხებზე ჰკიდია. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს უკრაინის მიმართაც, რომელსაც, დიდი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ჰუმანიტარული დახმარება კი არა, იარაღი გვჭირდებაო, უარი სტკიცა. ვერ ხვდებიან, რომ ამერიკა მგლის ხახაში გვაგდებს და, რამე რომ მოხდეს, რუსეთი, ამერიკას კი არა, ჩვენ დაგვარტყამს, ამერიკა კი აღშფოთებას გამოთქვამს.

სასტიკი წინააღმდეგი ვარ ნატოში საქართველოს შესვლის. ჯერ ვინ შეგვიშვებს, მაგრამ მაინც, რადგან ხეირს არ მოგვიტანს და საქართველო მხოლოდ საზარბაზნე ხორცი იქნება.

_ ამჟამინდელი ხელისუფლება თუ ცდილობს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას?

_ როგორ არ ცდილობს, მაგრამ ე. წ. ოპოზიცია უშლის ხელს. ჩვენ ევროპასთანაც გვინდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ არა იმიტომ, რომ გუანტანამოს ციხის პატიმრები გვიგზავნონ შესანახად. თურმე სოციალური რეაბილიტაციისთვის ჩამოჰყავთ! რა დროს გუანტანამოს პატიმრების სოციალური რეაბილიტაციაა, როცა ჩვენ აღმოგვხდა ჩვენს ქვეყანაში სული ამ ე.წ. დემოკრატიის გადამკიდე?!

ახლა დასავლელი ე.წ. დემოკრატები გაჰყვირიან, _ სიტყვის თავისუფლება არ არის რუსეთშიო, მაგრამ იმაზე, რაც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, ამერიკასა და ევროპას ყური არ შეუბერტყავს, პირიქით _ სააკაშვილსა და მის რეჟიმს ამართლებდნენ და დემოკრატიის შუქურად გვაჩეჩებდნენ. მეტიც, დაგვცინოდნენ და სხვა ქვეყნებს უჩიჩინებდნენ, საქართველოში ჩამოსულიყვნენ და დემოკრატიის “საიდუმლოებები” ესწავლათ. ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს და სურს, მსოფლიოს დაანახვოს, თითქოს რუსეთი საქართველოში დემოკრატიის დამყარებას უშლის ხელს, ჩვენ კი გვიჩიჩხინებს, რუსეთის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ.

არ ვიცი, დღეს დაგვიანებულია თუ არა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ამის სურვილი მაქვს. რატომ უნდა ვიყოთ მწყრალად ამხელა მეზობელთან და ოკეანისგაღმელ ამერიკას რატომ უნდა ვეპოტინებოდეთ?.. დააკვირდით ევროპარლამენტში სააკაშვილის ძველ მეგობრებს, რომლებსაც საქართველოს ხარჯზე დიდძალი თანხით ამარაგებდა, შემოაკლდათ ჩვენი ფული და ამიტომ არიან გაცეცხლებულები. ხომ გამოჩნდა, ვის უსქელებდა სააკაშვილი ჯიბეს? დღეს დაუფასეს და ისეთ პატივში ჰყავთ, ლამის თეთრ სახლში დაასახლონ. ან რა იყო სააკაშვილის ინიციატივა ბენდუქიძის მთაწმინდაზე დასაფლავების შესახებ?! ეს ხომ ქართველი ერის დაცინვაა! სააკაშვილის დაპატიმრება აუცილებელია, რადგან სხვისთვის მაინც უნდა იყოს მაგალითი, რომ არავის შერჩება ბოროტება და სახელწიფოს საწინააღმდეგო მოქმედება. სააკაშვილი აუცილებლად უნდა გასამართლდეს, მაგრამ ამაში ჩვენი ამერიკელი და ევროპელი “ძმები” გვიშლიან ხელს.

_ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებაზე რას გვეტყვით?

_ ალასანია “ნაცმოძრაობის” გზას რომ დაადგა, ძალიან საწყენია. ეს გამოიკვეთა თუნდაც იმაში, რომ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ნატოს რაღაცებს დაჰპირდა. ეს როგორ შეიძლება? რისთვის არის საჭირო საქართველოში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება ან ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა? რუსეთის წინააღმდეგ ამერიკას ეს სისტემები ვერ უშველის და ჩვენ რატომ ვეჩრებით? რამდენიმე დღის წინათ რუსულ ტელეარხზე ვნახე, რუსეთმა ისეჰთი იარაღი გამოიგონა, რომელიც წყლის სიღრმიდან რვაას კილომეტრზე ისვრის რაკეტას, რომელსაც ვერც ერთი ამერიკული იარაღი ვერ შეაჩერებს. ეს კარგად იცის ამერიკამ და ამიტომ რუსეთთან საქართველოსა და უკრაინის გამო საქმეს არ გაიფუჭებს.

ან ეს ამერიკის ელჩი რატომ გვყავს ასე განებივრებული? _ ყველაფერში ეჩხირება, ყველაფერზე ჭკუას გვასწავლის და ყველგან ეგ არის. რუსეთი მშვენივრად ხვდება, რაც ხდება საქართველოში და ისიც იცის, რომ ქართველ ხალხს ბრალი არაფერში მიუძღვის. ამ ფრაზის გამო, შეიძლება, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე გამოხტნენ და თქვან, დათო სოკოლოვი რუსეთის აგენტიაო, მაგრამ არა უშავს.

_ საქართველოს პრეზიდენტზე რას ფიქრობთ?

_ საქართველოს პრეზიდენტი რომ გქვია, როგორ შეიძლება, გიგა ბოკერიას მეგობარი იყო?! თანაც პრეზიდენტი იმ ხალხისა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ბოკერია და მისნაირები სიცოცხლეს უმწარებდნენ? ბოკერიასა და მთელი “ნაცმოძრაობის”, ანუ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა შეკრებაზე რომ მიდიხარ პრეზიდენტი კაცი, ამას სხვა რამ ჰქვია.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქციელიც უკვე ამაზრზენია. ჭიდაობა მიმდინარეობდა იმაზე, ვის უნდა ჰქონოდა ფარული მოსმენების ე. წ. გასაღები. ამას რა დიდი სჯა-ბაასი და აჟიოტაჟი სჭირდება? _ ვის უნდა ჰქონდეს და შს სამინისტროს, აბა, ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურს ხომ არ ექნება?!

სხვათა შორის, თქვენს გაზეთში წავიკითხე პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას რამდენიმე წლის წინანდელი პოლიტიკური პროგნოზები საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ, რომლებიც ერთი-ერთში ახდა. უჭკვიანესია ეს კაცი!.. ის ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვის საკითხსაც ვარაუდობდა. ამბობდა, რომ ეს უბედურებას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ასეც მოხდა. იმაზე დიდი დანაშაული, რომელსაც ჩვენი მიწების უცხოელებისთვის მიყიდვა ჰქვია, არ არსებობს. ზვიად გამსახურდიას კანონპროექტი ჰქონდა შეტანილი, რომლის დამტკიცებაც უზენაესმა საბჭომ ვერ მოასწრო. თენგიზ სიგუა რომ გაჰყვიროდა, საკუთრებაში არ აძლევს ხალხს მიწებსო, ზვიადმა კანონპროექტში ჩაწერა, მიწა გადაეცეს ყველას, ოღონდ საზღვრისპირა რაიონებში, 50 კილომეტრის რადიუსით აიკრძალოს მიწის გაყიდვაო. ეს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო, რადგან მთავარი საზღვარზე ფეხის მოკიდებაა. გამაგებინეთ, ინდოელებს და მით უმეტეს ჩინელებს, რა უნდათ საქართველოში, ქალაქებს რომ იშენებენ? მაგალითი ხომ არსებობს, როგორ აიღეს ნიუ იორკი ჩინელებმა? შუა ნიუ იორკში, ე.წ. ჩაინა-თაუნში ჩინელის გარდა ფეხს ვერავინ დაადგამს! ჩვენ კიდევ ყველას თავზე ვისვამთ. ჰერეთში, საქართველოს ძირძველ მიწაზე, აზერბაიჯანელები ქართველებს ეკლესიაში შესვლასა და ბავშვებისთვის ქართული სახელის დარქმევას უკრძალავენ, ჩვენთან კი გაჯეჯილებულები არიან. ბათუმი, და არამხოლოდ, გაივსო თურქებით… საზღვრები ვერ გაგვიმაგრებია და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?

საქართველოს პარლამენტს, რიგგარეშე არჩევნების გარდა, ვერაფერი გაწმენდს. არადა, როგორი გასაწმენდია?!.. რა უნდა პარლამენტში ისეთ ადამიანს, რომელიც ილია ჭავჭავაძეს არ ცნობს პოეტად, ხოლო ვაჟა-ფშაველა მისთვის საზიზღარი ადამიანია?!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here