Home რუბრიკები საზოგადოება გელა ხუციშვილი: თურქეთი საქართველოს მიმართ დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას აწარმოებს!

გელა ხუციშვილი: თურქეთი საქართველოს მიმართ დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას აწარმოებს!

1149

“ქართველი ერი და მისი მთავრობა შთამომავლობისა და ისტორიის წინაშე ვალდებულია თავისი რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების მოხაზულობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს და ფხიზელ დარაჯად ედგეს. ეს არც ძმობა-ერთობას და კეთილ მეზობლობას დაუშლის” (ივ. ჯავახიშვილი, “საქართველოს საზღვრები”, თბილისი, 1919 წ.). “რუსეთთან ტრაქტატის დადებისას (1783) ერეკლე მეორე სრულიად სამართლიანად მოითხოვდა მტრის მიერ მიტაცებული ქართული მიწების შემოერთებას. მოთხოვნიდან 45 წლის შემდეგ, 1828 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, საქართველოს ფარგლებში მოექცა: ქობლიანი, ოძრახე (აბასთუმანი), ახალციხე, აწყური, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ქარმაგი, ფოცხოვი, აბოცი, და ერუშეთი.


1877-78 წლებში შემოერთებული იქნა აჭარაქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლაარტაანი, ოლთისი” _ ეს მცირე ისტორიული ექსკურსი მათთვის, ვისაც ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერა დანაშაული ჰგონია. რა ვითარებაა საქართველოთურქეთის საზღვარზე? რომელი ხელშეკრულებისა და წყობის სამართალმემკვიდრედ ვითვლებით დღეს და რით ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა? სად იწყება და მთავრდება საქართველოს საზღვრები? არის თუ არა სათანადოდ დაცული? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელ ექსპერტს _ გელა ხუციშვილს.

_ ბატონო გელა, ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან არსებულ საფრთხეებზე ვისაუბროთ. დავიწყოთ იმით, რომელ სახელმწიფოს სამართალმემკვიდრედ ვითვლებით.

_ ეს რთული თემაა, რომლის გარკვევაც ჯერ ვერ შევძელით, ვერ გავიგეთ, 1991 წლის 21 დეკემბერს დადგენილი საზღვრებით ვხელმძღვანელობთ თუ  1921 წლის.

ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა, რომ საქართველო არის პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. თუ ამჟამინდელი საქართველო პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა, გამოდის, რომ ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება და დოკუმენტი აპელირებული უნდა ყოფილიყო პირველ რესპუბლიკაზე. გავიდა ხანი, შეიცვალა ხელისუფლება, პოლიტიკური ვითარება, უარი განვაცხადეთ საქართველოს კუთვნილ დიპლომატიურ ქონებაზე საზღვარგარეთ, ეს ზურაბ ჟვანიას პერიოდში მოხდა. შემდგომი ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდა 1992-93 წლებში, უკვე გაუგებრობებში გვხვევს.

1937 წელს საქართველო უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, არსებობდა კონსტიტუცია, დადგენილი იყო საქართველოს ფართობიცა და ქონებაც. ამ დროს ფორმდება ხელშეკრულება საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, რომელსაც მოჰყვა სასაზღვრო კონვენცია. სწორედ იმხანად დადგინდა კონკრეტული საზღვრები, ასევე დეტალურად იყო განხილული, როგორი კონტროლი უნდა განხორციელებულიყო და რა რეჟიმი ყოფილიყო.

1992 წლის დოკუმენტში  “კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და საზღვრების ურღვევობის შესახებწერია: “საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა გამოხატავენ ერთმანეთის პატივისცემას, აღიარებენ საბჭოთა კავშირის დროს დადებულ ყველა ხელშეკრულებასა და შეთანხმებას დაკავშირებულს სახელმწიფო საზღვართან”.

გამოდის, რომ საქართველო 1937 წლის დოკუმენტს აღიარებს, ასევე ვაღიარებთ 1964 წლის რედემარკაციის დოკუმენტს, მაგრამ აღნიშნულ დოკუმეტში მინიშნებულია, რომ ვაღიარებთ ყარსის ხელშეკრულებასაც.

ამ ხელშერულების რატიფიცირება 1993 წელს მოხდა 10 წლის ვადით, ეს ვადა “ვარდების რევოლუციის” დროს ამოიწურა. დოკუმნეტის რატიფიკაცია ხელახლა უნდა მომხდარიყო. დღემდე არავინ იცის, ასე რით მოიხიბლნენ “ვარდების რევოლუციის” თავკაცები, ხელშეკრულების რატიფიკაციას ხელი კვლავ რომ მოაწერეს.

ჩვენთვის უცნობია, რა დევს ამ ხელშეკრულების საიდუმლო მუხლებში, რაც დაუშვებელია. ასეთი ხელშეკჰრულებები უნდა იყოს გამჭირვალე და სახალხო რეფერენდუმის შედეგებით გამაგრებული. დაუშვებელია, ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა კულუარულად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.

_ საიდან იწყება საქართველოთურქეთის საზღვარი და რამდენ კილომეტრს შეადგენს?

_ საქართველოთურქეთის საზღვარი იწყება ვალედან და სარფამდე გრძელდება, ამას ემატება 6-მილიანი საზღვაო საზღვარი, რომელსაც თურქეთი აღიარებს. დანარჩენი კი არის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და ნეიტრალური წყლები.

თურქეთი, ყველას მოეხსენება, ნატოს წევრი ქვეყანაა, საქართველო კი იყო ქვეყანა, რომლიდანაც სახმელეთო მონაკვეთით საბჭოთა კავშირი ნატოს ესაზღვრებოდა, რაც, ცხადია, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამიერკავკასიის ძალიან მნიშვნელოვანი სასაზღვრო ოლქი იყო. საზღვარიც გაძლიერებულად იყო დაცული _ მავთულხლართებით, ელექტროგაყვანილობებით, ათმეტრიანი დახნული მინდვრებით, მოკლედ, საიმედოდ. საზღვრისპირა მოსახლოებაც დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, ეს იყო იდეოლოგიზებული პროცესი.

1964 წელს საზღვრების დემარკაცია მოხდა და სახლმწიფოს სიმბოლოებით აღჭურვილი ნიშნულები დაიდგა, განაკაფი გაკეთდა, რათა სივრცე ხილული ყოფილიყო, ხდებოდა ყოველწლიური შემოწმება გადაცდომის ტავიდან ასაცილებლად.  1994 წელს გაფორმდა ხელშეკრულება და კვლავ მიეცა რუსეთს უფლება,  თურქეთ-საქართველოს საზღვარი დაეცვა, რაც 1998 წლამდე გაგრძელდა.

რუსეთს თურქეთის საზღვართან ჰქონდა შექმნილი განსაკუთრებული სასაზღვრო ოლქი 10 ათასი მესაზღვრით. არ მგონია, სახელმწიფო საიდუმლო გავთქვა, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში დანარჩენ საზღვარს სულ 3 ათასი კაცი იცავდა.

1998 წელს საქართველოს საზღვრები ქართული მხარეს სრულად დაექვემდებარა.

1 კილომეტრი საზღვრის აღჭურვა თანამედროვე პირობებში 500-დან 800 ათასამდე ჯდება, 1998 წელს კი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარი იყო, რაც მესაზღვრეების გამოსკვებად და შესამოსად არ იყო საკმარისი. ამ პერიოდში სამხედრო ძალები განისაზღვრებოდა მოსახლეობის 1%-ით, ამაში არ შედიოდა სასაზღვრო და შინაგანი ჯარი, რომელთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული იყო 10 ათასამდე. სულ კი საქართველოს უნდა ჰყოლოდა სამხედრო ჯარი 70 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით. ეს იყო იმ კვოტით განსაზღვრული, რომელიც ამიერკავკასიაში ხელშეკრულებით დადჰგინდა.

ყველა საგუშაგო ჩავიბარეთ დარღვევებით,  არ გვყავდა კონტიგენტი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა.

საქართველოში არ არსებობს რუკა, რომელზეც დატანილი იქნება, სად გადის ტერიტორიული წყლები და სად _ ეკონომიკური ზონა, რომელიც უზარმაზარ სიმდიდრეს წარმოადგენს. ქართველების ცნობიერებაში არ ჯდება, რომ ჩვენ საზღვაო სახელმწიფო ვართ, რაც დიდი შეცდომაა.

_ რა ვითარებაა დღეს საზღვრის ამ მონაკვეთზე?

_ 1992 წელს საქართველოთურქეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი თურქეთს ძალიან დიდ პრივილეგიებს აძლევს. ბათუმის აეროპორტი თურქეთს მოხსენიებული აქვს რეესტრში, როგორც შიდა ავიამიმოსვლის აეროპორტი, საზღვარზე უვიზოდ გადმოსვლაც იმ ხელშეკრულების გამოძახილია.

მეზობლობის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ არ შეიძლება, სახელმწიფოს ჰყავდეს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები, მუდმივი ინტერესი კი არის ის, რასაც გამუდმებით გვედავებიან _ ტერიტორია. ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროა, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გადახედვა. წინააღმდეგ შეთხვევაში, გამოუსწორებელ შედეგს მივიღებთ. 

2003 წლამდე ვითარება საზღვრებთან ჯერ კიდევ იმართებოდა და არც ისე ურიგოდ. 2003 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: რადიკალურად შეცვალეს მიდგომა მიგრაციის საკითხების მიმართ; დიდი შეცდომა იყო ის, რომ აეროპორტებში, საკონტროლო-გამტარ პუნქტებში იძლეოდნენ ვიზებს; ყველაზე ძლიერი დარტყმა კი მაშინ მიაყენეს საზღვრის დაცვას, როდესაც ეს საქმე საპატრულო პოლიციას გადააბარეს, კოდორის ხეობაში რომ ყოფილიყო სამხედრო ქვედანაყოფი სასაზღვრო ჯარის სახით, ბევრ პრობლემას ავიცილებდით თავიდან.. აი, ეს გამოიწვია საზღვის დაცვის ფუნქციების გადაცემამ საპატრულო პოლიციისთვის.

დღეს საქართველოს საზღვრებთან აღარ არსებობს მკაცრი დაცვის სისტემები, ელექტრონული აღჭურვილობა აქვთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

საქართველო-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე ამჟამად განუკითხაობაა,  მიდგომა, რომელიც სახელმწიფოს  აქვს საზღვრების მიმართ, არასრულყოფილია. სახელმწიფოს შემუშავებული არ აქვს კონსპირაციული დემოგრაფიული პოლიტიკა საზღვრისპირა რეგიონში.

ნუ გვავიწყდება, რომ თურქეთში ამოქმედებულია კანონი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის აღდგენას ითვალისწინებს. თურქეთი საქართველოს მიმართ აწარმოებს არა აგრესიულ ქმედებებს, არამედ დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას.

როდესაც მოვლენებსა და ფაქტებზე ვსაუბრობთ, მკაცრად ობიექტურები უნდა ვიყოთ, კანონი ოკუპაციის შესახებ თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ითვლება ოკუპირებულად. თურქეთი ამ სიაში არ არის შეყვანილი. არადა, თურქეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, აუცილებელია, ობიქტური ვიყოთ.

თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, კონსტიტუციით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტია: დაინტერესდით ამ საკითხებით, რათა იცოდეთ რეალური სურათი!

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here