Home რუბრიკები პოლიტიკა ნორა კვიციანი: ამის შემდეგ რომელი ჯარისკაცი დადებს ფიცს და წავა სამშობლოს დასაცავად?!

ნორა კვიციანი: ამის შემდეგ რომელი ჯარისკაცი დადებს ფიცს და წავა სამშობლოს დასაცავად?!

740

17 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც რეალურად სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი ნარჩენებითაა დაკომპლექტებული და კვლავ მრუდე სამართლებრივ კურსს განაგრძობს, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულ ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 


განაჩენს პატიმრის ახლობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება და რა შედეგს მოიტანს მისი გასაჩივრება, კაცმა არ იცის. ყოველ შემთხვევაში, იმის ალბათობა, რომ კოტე კუბლაშვილის მიერ მართული სასამართლო საქმეს ობიექტურად წარმართავს, მცირეა… “საქართველო და მსოფლიოემზარ კვიციანის დას _ ნორა კვიციანს  შეხვდა და გამოძიების დეტალებზე რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

_ ქალბატონო ნორა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს, ფაქტობრივად, იმ კადრებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ და სააკაშვილის პოლიტიკურ დაკვეთებს უსიტყვოდ ასრულებდნენ, თქვენი ძმისთვის გამოტანილი განაჩენი ბევრისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, ვინ არის დაინტერესებული  ემზარ კვიციანისთვის თავისუფლების აღკვეთით და ვის დაკვეთას ასრულებს  სასამართლო?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. თავდაპირველად, პოლიტპატიმართა იმ სიაში, რომელიც პარლამენტში შევიდა განსახილველად, ემზარიც იყო და დარწმუნებული ვიყავით, რომ პოლიტდევნილად აღიარებდნენ, მაგრამ მერე სიიდან ამოიღეს. რომ ვიკითხე, რაშია საქმე-მეთქი, მითხრეს, საბუთები არ არის მოწესრიგებულიო. შევადგინეთ ეს საბუთებიც და მივიტანეთ პარლამენტში, მაგრამ მაინც არ შეიყვანეს პოლიტპატიმართა სიაში. ამის შემდეგ ემზარმა გადაწყვიტა, ჩამოსულიყო საქართველოში. ამბობდა, ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებო. იცოდა და ჩვენც ვიცოდით, რომ საქართველოში შემოსვლისთანავე აიყვანდნენ, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ სიმართლეს დაამტკიცებდა და ჩამოვიდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი კვლავ არ არის. სასამართლომ გამოიტანა ისეთი განაჩენი, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იყო. ყველა დავრწმუნდით, რომ მართლმსაჯულებას ისევ ახორციელებს ის კლანი, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში უსამართლო განაჩენების გამოტანა ჩვევად ჰქონდა გადაქცეული

_ ამ საქმეში სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი რომელი პროკურორი ან მოსამართლეა ჩართული?

_ მაგალითად, პროკურორი თენგიზ ხარებავა. ის არის პარლამენტის მიერ პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული თორნიკე მოლაშვილის პროკურორი. ახლა ვსვამ შეკითხვას: პროკურორი ადამიანისა, რომელიც აღიარებულია პოლიტპატიმრად, პროკურორი, რომელმაც ის დასაჯა უსამართლოდ, დღეს როგორღა აგრძელებს საქმიანობას? რა ხდება ქვეყანაში?!

როგორც კი შევიტყვეთ, ხარებავა იქნებოდა ემზარის პროკურორი, მაშინვე მივეცით აცილება და განვაცხადეთ, რომ “ნაციონალების” კადრი არ გვჭირდებოდა. მერე დაიწყო გამოძიება, ასობით ადამიანი დაიკითხა და ვერ იპოვეს თუნდაც ერთი მოწმე, რომელიც ემზარზე ცუდს იტყოდა, მის დანაშაულზე მიუთითებდა. ის კი არა, ერთ-ერთი გამომძიებელი ისე გაბრაზებულა, ჩვენება დაუხევია, ესენი რას ლაპარაკობენ, კაცი გმირად გამოჰყავთო. აი, ასე მიმდინარეობდა გამოძიება და ბოლოს რა განაჩენიც გამოიტანეს, ხედავთ. მათ არ გაითვალისწინეს არც ერთი ჩვენება, არც ერთი გარემოება, რომელიც ჩემი ძმის უდანაშაულობას დაამტკიცებდა და სასამართლომ მიიღო არაობიექტური, მიკერძოებული გადაწყვეტილება.

_ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე იყო დაბარებული ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ ერთხელაც არ გამოცხადდა. როგორ ფიქრობთ, რატომ აარიდა მან თავი გამოძიებას?

_ ოქრუაშვილი სამჯერ არ გამოცხადდა პროცესზე, ვერ დადგა ემზარის პირისპირ და ვერ გაბედა, პასუხი გაეცა მისი შეკითხვებისთვის.

ოქრუაშვილი პირველად ოქტომბრის დასაწყისში დაიბარეს, მაგრამ არ გამოცხადდა, შემდეგ მეორედ დაიბარეს და მაშინაც არ მოვიდა. გვეუბნებოდნენ, ახალი ჩამოსულია უცხოეთიდან და მოსვლას ვერ ახერხებსო. დაგვპირდნენ, 22 ოქტომბერს აუცილებლად მოვიყვანთო, მაგრამ 19-ში გააცილეს საზღვარგარეთ, უწყება კი 21-ში მიაწოდეს, ანუ ისე გააკეთეს, ვითომ დაგვიანებით მიუვიდა შეტყობინება. ოქრუაშვილს, უბრალოდ, შეეშინდა სიმართლის გარკვევის, ის ვერ ჩახედავდა ჩემს ძმას თვალებში და ვერ იტყოდა იმას, რაც რეალურად მოხდა, რა დანაშაულიც ჩაიდინა ხელისუფლებამ.

_ თქვით, რომ გამოძიების პროცესში ასზე მეტი მოწმე დაიკითხა და არც ერთს არ მიუცია თქვენი ძმის საწინააღმდეგო ჩვენება. აქედან გამომდინარე, მართლმსაჯულებას გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოეტანა, მაგრამ მოხდა პირიქით. რა დაუდო საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს სასამართლომ?

_ ხაზს ვუსვამ: მიზანმიმართული შეცდომა იყო ის, რომ “ნაციონალების” მიერ 2006 წელს  გამოძიებით გამოიტანეს გაყალბებული განაჩენი. ჩემმა ძმამ  თავისი უდანაშაულობა პირისპირ დაუმტკიცა ბრალდების მხარის ყველა წარმომადგენელს, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა არც ერთი გარემოება, ყურადღება არ მიაქცია არც ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, დეტალს, ჩვენებას და გამოიტანა აბსურდული განაჩენი. ეს საქმე რომ შეთითხნილია, ყველაფრიდან ჩანს. “რუსთავი 2”-ის იმჟამინდელ კადრებში გარკვევით დაინახავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ისვრიან და ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობას არავინ უწევს. ვიმეორებ: ეს იყონაციონალებისმიერ დადგმული სპექტაკლი, რომელიც ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს _ ჩემი ძმის მოშორებას და განადგურებას.

_ როგორც ვიცი, ბატონ ემზარს გარკვეული პირობით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ, თუმცა მან უარი განაცხადა. კონკრეტულად რა პირობაზე იყო საუბარი?

_ აღიარე დანაშაული, ანუ თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგათავისუფლებთო, _ აი, რას სთავაზობდნენ ემზარს. მან იმხანად უპასუხა და იმავეს გაიმეორებს მომავალშიც: მირჩევნია, ციხეში ვიჯდე, თუნდაც სამუდამოდ, ვიდრე სააკაშვილის მოღალატეობაგავაპრავოო”.

_ განაჩენის გამოცხადების დღეს თქვით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებთ, მაგრამ სააპელაციო სასამართლოც, ფაქტობრივად, წინა ხელისუფლებისდროინდელი მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. როგორ ფიქრობთ, მოხერხდება განაჩენის ობიექტურად გადასინჯვა?

_ არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ უნდა გამოინახოს გამოსავალი და ჩემი ძმა გამოვიდეს ციხიდან. მოვითხოვე საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, მაგრამ ერთ-ერთი პარლამენტარი გამოდის და ამბობს, რა აზრი აქვს პარლამენტში კომისიის შექმნას, როცა იქ “ნაციონალები” არიან ოპოზიციაშიო. აი, ასეთი მდგომარეობაა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: ჩემი ძმა უდანაშაულოა და აუცილებლად უნდა გამონახონ გამოსავალი! ის არ უნდა იჯდეს ციხეში.

_ რას აპირებთ, თუ სააპელაციო სასამართლომაც არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა?

_ ასეთ შემთხვევაში ძალიან ცუდად დასრულდება ყველაფერი. ვიდრე სამართალს არ ვიპოვით, არ გავჩერდებით. ეს არის პირველი სამარცხვინო განაჩენი, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში  გამოიტანეს და, თუ უნდათ, რომ ეს სამარცხვინო ლაქა სამუდამოდ არ დარჩეთ, უდანაშაულო ადამიანი უნდა გაათავისუფლონ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ქვეყანაში, სადაც უამრავი დამნაშავეა დაუსჯელი, პირველ რიგში, “ნაციონალებისსახით, ემზარ კვიციანი ციხეში არ უნდა იჯდეს! ყველამ იცის, რომ ჩემი ძმა მთელი ცხოვრება ერთგულად და პატიოსნად ემსახურებოდა სამშობლო; ასე რომ, ვინ არის მოღალატე და ვინ _ პატრიოტი, ვინ დააქცია საქართველო და ვინ იცავდა სახელმწიფო ინტერესებს, კარგად გაარკვიონ. დასაჭერი და ციხეში ჩასასმელი მართლა ბევრია დღეს ამ ქვეყანაში

_ რამდენიმე დღის წინათ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, სასამართლოზე ზემოქმედებენო. ეს უკვე გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულება არ წავა კომპრომისზე. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ სასამართლო პროცესის ჩანაწერები არსებობს, ვინც მაგას ნახავს, იფიქრებს, რომ ბოლოს ასეთი განაჩენი იქნებოდა?! ჩემმა ძმამ თავისი უდანაშაულობა პირისპირ დაუმტკიცა ბრალდების მხარის წარმომადგენლებს. ამას რომ უყურებდა, მოსამართლეს ენა ჩაუვარდა.

კუბლაშვილს რაც შეეხება, რატომ გამოიტანა განაჩენი მისმა სასამართლომ 2006 წლის გამოძიებით? ვისი გამოძიებით ასამართლებენ კაცს _ ვანო მერაბიშვილის, რომელიც მკვლელობის ბრძანებას იძლეოდა და გაიძახოდა, ორი გვამი მჭირდებაო?! ამ კრიმინალების გამოძიებით ასამართლებენ ადამიანს?!  პირდაპირ ვაცხადებ, _ დღეს წერტილი დაესვა საქრთველოს დაცვას. ამის შემდეგ რომელი ჯარისკაცი დადებს ფიცს და წავა სამშობლოს დასაცავად?!

_ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ზოგიერთი ამბობდა, რომ ემზარ კვიციანი  არის ამჟამინდელი ხელისუფლების პირველი პოლიტპატიმარი. ამ ფრაზაში, ალბათ, კორექტივის შეტანაა საჭირო: ხელისუფლების კი არა, ისნაცმოძრაობისსასამართლოს პატიმარია. არ მეთანხმებით?

_ ცხადია, სასამართლოს “ნაციონალები” აკონტროლებენ და მათ ინტერესშია ჩემი ძმის ციხეში გამომწყვდევა დიდი ხნით, მაგრამ ხელისუფლება რას აკეთებს?! თუ ვერ უზრუნველყოფს უდანაშაულო ადამიანის დაცვას, მაშინ, ნებსით თუ უნებლიეთ, ისიც დამნაშავეა, ისიც მონაწილეობს ამ პროცესში და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ხელისუფლების პირობებში ადამიანი პოლიტიკური ნიშნით გახდა პატიმარი.

_ პრემიერმინისტრის ინიციატივით თქვენი ძმის ოჯახს ბინა დაუბრუნდა და, როგორც შემდეგ მოვისმინეთ, ამით თურმე სახელმწიფომ ხაზი გაუსვა მის დამსახურებას. განაჩენს რაც შეეხება, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ერთერთ გადაცემაში განაცხადა, ემზარ კვიციანის მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებულიო

_ პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ არის, ეს უკვე ვთქვი და ამას ადასტურებს უამრავი ფაქტი, ასე რომ, ამაზე აღარ ვისაუბრებ. რაც შეეხება პრემიერის გადაწყვეტილებას, მან გამოიჩინა დიდი გულისხმიერება და მოიქცა ღირსეულად, ამიტომ ნამდვილად ეკუთვნის ჩვენგან მადლობა! მაგრამ როგორ წარიმართება პროცესი, მომავალში გამოჩნდება. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას. არ შევეგუებით იმას, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოდ იჯდეს ციხეში და სასჯელს იხდიდეს მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმმა შეუთითხნა აბსურდული ბრალდება!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here