Home რუბრიკები პოლიტიკა 11 წელი სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივი დასასრულიდან

11 წელი სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივი დასასრულიდან

569

გასულ კვირას, 23 ნოემბერს, 11 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა, თავის “რეფორმატორებთან” ერთად, ე. წ. ვარდების რევოლუცია გაითამაშა და ქვეყანაში ცხრაწლიან ტერორს ჩაუყარა საფუძველი. ეს თარიღი წელს, მართალია, “ნაცებმა” პომპეზურად ვერ აღნიშნეს და, როგორც ადრე ხდებოდა, ქუჩაში პოლიტიკური “მეტანიები” ვერ ჩაატარეს, მაგრამ “ვარდოსნების ბელადმა” მაინც ვერ მოითმინა და “ფეისბუქში” ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: “ვარდების რევოლუციამ შეცვალა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ასეულობით მილიონი ადამიანით დასახლებული რეგიონი”.


იმავე სტატუსში “ნაცების” გურუმ ხოტბა შეასხა საკუთარ “მონაპოვარს” და ამაყად დასძინა: “ვარდების რევოლუციამ არა მხოლოდ დაგვაბრუნა მსოფლიო რუკაზე, თავის ისტორიაში საქართველო გავიდა მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე, _ გახდა მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, ყველაზე უსაფრთხო და ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით. ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელსაც მისაბაძ მაგალითად მიიჩნევენ უკრაინელები, ალბანელები, ტუნისელები, შუა აზიის ხალხები, ბევრი რუსი და მრავალი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი…” მოკლედ, ქება-დიდება არ დაიშურა “რევოლუციის მამამ” თავის მიღწევებზე. ეპითეტების სეტყვა, ცუნამი დააყენა სოციალურ ქსელში… რეალურად რა მოხდა 2003 წლის 23 ნოემბერს, რა იყო ე.წ. ვარდების რევოლუცია და რა შედეგები მოუტანა მან სახელმწიფოს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “საქართველო და მსოფლიომ” კომენტარი ექსპერტებს სთხოვა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ “ვარდების რევოლუცია” იყო იმ ე. წ. ამერიკანიზაციის პროცესის შედეგი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში და მერე განაგრძო სააკაშვილმა. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით საქართველომ გადადგა, უფრო სწორად, გადაადგმევინეს, 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე ჩავიდა ბრიუსელში და ხელი მოაწერა ნატოს პროგრამას აღმოსავლეთის პარტნიორობა მშვიდობისათვის. სხვათა შორის, ამ პროგრამის ინიციატორი იყო ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელიც ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა მამა ბუშის ნაბიჯების საწინააღმდეგოდ. მოგეხსენებათ, მამა ბუშმა დადო ზეპირი ფიცი საბჭოთა კავშირთან, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით. ეს ყველაფერი დაარღვია კლინტონმა და პირველი, ვინც თავი შეყო ამ “გენიალურ” პროგრამაში, ვიყავით ჩვენ. აი, იმ მომენტიდან დაიწყო პროცესი. იქიდან მოყოლებული მიმდინარეობდა ამერიკელთა ექსპანსია საქართველოში და სამწუხაროა, რომ  ჩვენ ეს ვერ გავაცნობიერეთ.

_ რატომ ვერ გავაცნობიერეთ, რა იყო მიზეზი?

_ ჩვენ, უბრალოდ, გვეგონა, რომ ამერიკა გვაჭმევდა, გვასმევდა და მოგვიგვარებდა ყველა პრობლემას, დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, დამთავრებული ეკონომიკური საკითხებით, მაგრამ, ცხადია, ასე არ მოხდა. პირიქით, მივიღეთ რეალობა, რომელშიც ყველა მოგებულია, ყველა მხარე კმაყოფილია, საქართველოსა და ქართველების გარდა.

რაც შეეხება ისევ ე. წ. ვარდების რევოლუციას, ეს რევოლუცია პირველად საქართველოში არ მომხდარა, ის დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, შემდეგ გადაედო პოსტსაბჭოთა სივრცეს და ამ პროცესმა მოიცვა საქართველოც. მისი უპირველესი მიზანი იყო რუსეთის შემორკალვა, ანუ კრემლის გავლენა ისე უნდა შეესუსტებინათ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ საბოლოოდ რეგიონულ პოლიტიკურ მოთამაშედ ქცეულიყო. აი, ამ პროცესის რგოლში მოვხვდით ჩვენ და მეტიც, ამაში, ფაქტობრივად, აღმოვჩნდით ყველაზე “მაგრები”. შედეგად მივიღეთ ტიპური მარიონეტული სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესები, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები გახდა მეორეხარისხოვანი. წინა პლანზე წამოიწია გარე ძალის, ამ შემთხვევაში ამერიკის და მთლიანად დასალეთის სტრატეგიულმა ამოცანამ, რომლის შესრულებისთვისაც დღეს საქართველომ არაფერი უნდა დაიშუროს და საკუთარ უსაფრთხოებაზეც უნდა თქვას უარი, თუ ეს “საჭიროებამ” და “აუცილებლობამ” მოითხოვა…

_ ამას წინათ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, _ “ვარდების რევოლუციამ” შეცვალა არა მხოლოდ საქართველო, არამედ მილიონობით ადამიანით დასახლებული რეგიონიო…

_ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მხოლოდ შემსრულებელი იყო და, თუ არ იქნებოდა ის, იქნებოდა მარგველაშვილი ან ღარიბაშვილი და ა. შ. მათი ფილოსოფია დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე რომ, რაც მივიღეთ, გარდაუვალი იყო.

ახლა რაც შეეხება მონაპოვარს, რომელზეც სააკაშვილი წერდა, რა შედეგიც მოგვიტანა ჩვენ და უკრაინას ამ ე.წ. რევოლუციამ, კარგად ვხედავთ: საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საზღვარგარეთ აგზავნიდა მძიმე მრეწველობის 75 დასახელების პროდუქციას, სწრაფად ჩავარდა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში და ქვეყანა, ფაქტობრივად, მოიშალა, ანუ ჩვენ გავხდით სახელმწიფო, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია გარე ძალის მოწყალებაზე, ამიტომ, რასაც ის ძალა გიბრძანებს, გინდა, არ გინდა, უნდა შეასრულო. აი, რა მოიტანა ამათმა საამაყო მონაპოვარმა და, სააკაშვილი როდესაც ამბობს, ამ რევოლუციამ შეცვალა მთლიანად რეგიონიო, დიახ, შეცვალა, მაგრამ არა უკეთესობისკენ, არამედ უარესობისკენ. მათ დააქციეს და გააჩანაგეს სახელმწიფო. “ვარდების რევოლუცია” იყო დამანგრეველი, გამანადგურებელი პროცესი, რომელმაც, საუბედუროდ, მიაღწია კიდეც თავის მიზანს.

ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:

_ “ვარდების რევოლუცია” იყო ერთ-ერთი საშინელი მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც სახელმწიფო პრაქტიკულად დაანგრია და გაანადგურა. ამ ე.წ. რევოლუციის პირდაპირი შედეგია ის, რომ ქვეყანა სამ ნაწილად დაიშალა და დიდი პერსპექტივაა, მომავალში უფრო მეტად დაიშალოს.

ცალკე საკითხია, რა მიზანს ემსახურებოდა რეალურად ეს პროცესი. მიმაჩნია, რომ იმთავითვე იყო განსაზღვრული, საქართველო გამხდარიყო საექსპერიმენტო ლაბორატორია, რომელშიც ჩატარდებოდა გარკვეული ცდები და მერე ამ ყველაფერს გამოიყენებდნენ საერთაშორისო პოლიტიკური კონიუქტურის შესაბამისად.

აი, ამ ცდებმა და ექსპერიმენტებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ დღეს, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი უსაფრთხოება. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება ამ მდგომარეობიდან საქართველოს გამოსვლას, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ეს არის დამღუპველი მიმართულება და, რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ქვეყანა ამ კურსს, საფრთხე, რომ საერთოდ დავკარგოთ სახელმწიფო, უფრო გაიზრდება!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. “ვარდების რევოლუცია” რომ რეალურად ვაშინგტონის პოლიტიკური ექსპანსია იყო, რომელმაც ქვეყანა მართლაც ლაბორატორიად და “პიტომნიკად” აქცია, ამას უკვე ყველა ხვდება. დღეს, ალბათ, ბავშვმაც კი იცის, რომ სააკაშვილი თავის დროზე სწორედ ამ გეგმის განსახორციელებლად მოავლინეს ამერიკიდან, მაგრამ ახლა ამით არაფერი იცვლება. სამწუხაროდ, რეალობა არის ის, რომ დღესაც იმავე კონიუქტურით იმართება ქვეყანა, რომელიც 2003 წლის იმ ავბედითი მოვლენების შემდეგ შეიქმნა. მეტიც, ეს კონიუქტურა ხელუხლებელია და დღეს ხელისუფლების სათავეში გვყავს “ნაცმოძრაობა 2”. ვგულისხმობ რესპუბლიკურ პარტიასა და მის თავკაცებს, რომლებიც უკვე პირდაპირ აცხადებენ, ჩვენ და “ნაცები” ერთი ძალა ვართო (დავით უსუფაშვილმა ჰოლანდიაში ვიზიტისას განაცხადა, _ შეიცვალა მხოლოდ სახეები, პოლიტიკა კი უცვლელი დარჩაო)…

მოკლედ, “რევოლუციამ” დასახულ მიზანს მიაღწია; საქართველო გახდა მარიონეტი სახელმწიფო. რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, აქ პოლიტიკური სივცე მონოპოლიზებული აქვთ “მედასავლეთე ლიბერალებს”. ეს იმას ნიშნავს, რომ ასპარეზზე სხვა ძალების გამოჩენის შანსი, პრაქტიკულად, ნულია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here