Home რუბრიკები საზოგადოება დახვეწილი არამზადები არიან ეს „ნაციონალები“

დახვეწილი არამზადები არიან ეს „ნაციონალები“

1899

შიშს რომ დიდი თვალები აქვს, ცნობილია, მაგრამ “რუსთავი-2”-ის საინფორმაციო ეკრანის გამხმოვანებელ პაატა იაკობაშვილს თავისი დამსაქმებლების ისეთი შიში ჰქონია, რომ გაფართოებული თვალებით 15 ნოემბრის აქციის მონაწილეთა რაოდენობა “ასობით ათასი” მოჩვენებია და, რაც მოჩვენებია, მსმენელ-მაყურებლებისთვის სინამდვილედ მიუსაღებია.


შეეშალა, ვერ ამოიკითხა მონიტორიდან, თუ სიცრუის ტყემლის ხის ტოტზე ჩვენი შესმა მოინდომა ტყუილების დიდოსტატის მიხეილ სააკაშვილის მეთოდების მდიდარი არსენალიდან _ მაინც დაიჯერებენო?

ერთნაირი ხელწერა აქვთ და გასაკვირი არაფერია.

როგორ აფასებენ ჩვენი თანამოქალაქენი 15 ნოემბრის აქციას, იხილეთ ქვემოთ.

ზარბეგ ბერიაშვილი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონი:

_ 75 წლის კაცი ვარ, მაგრამ ჩემი ქვეყნის ერთ ჯარისკაცად ჯერ კიდევ გამოვდგები. ამ გადასახედიდან ვუყურებ ჩემს სამშობლოს, მის ხვალინდელ დღეს: მყავს შვილები, მეზრდებიან შვილიშვილები და ჩემთვის სულერთი არ არის, როგორ საქართველოს დაუტოვებს მათ ჩემი თაობა.

პირდაპირ გეტყვით, გაოცებული ვარ ამნაციონალებისმოქმედებით. მესმის, რომ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვიან, მაგრამ ვერ გამიგია, იმ უბედურების შემდეგ, რომელიც მათ საქართველოს დამართეს, ამის სურვილი თავში როგორ მოსდით. ქართველები მეხსიერებადაკარგულები ხომ არ ვგონივართ?!

ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა “დათა თუთაშხიაში” ერთ-ერთი მოხელე დაახასიათა, როგორც დახვეწილი არამზადა. ასეთები არიან ეს “ნაციონალები” _ დახვეწილი არამზადები. არც სული აქვთ, არც გული აქვთ, არც _ სამშობლოს სიყვარული, არც _ ადამიანების პატივისცემა. არც ჰქონდათ, არც აქვთ! თუ მათი მომხრე არ იყავი და ამას ხმამაღლა გამოხატავდი, ისეთ საქმეს “შეგიკერავდნენ”, რომ პატიმრობა გარანტირებული გქონდა.

ციხეებში კი რაც ხდებოდა, ყველამ ვიცით.

იყო ასე!

რას გვთავაზობენ ახლა ისეთს, რაც მომავალში საქართველოსთვის კარგი და სასარგებლო იქნება?

ნატოს?

მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ამის წინააღმდეგი ვარ. ახლავე აგიხსნით რატომაც:

ნატო არის სამხედრო ბლოკი. ეს ალიანსი მთავარ მოწინააღმდეგედ რუსეთს განიხილავს. სხვა არავინ მიაჩნია სერიოზულ მოწინააღმდეგედ. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, თუ ოდესმე ომი დაიწყება ამ ორ დაპირისპირებულ ძალას შორის, საქართველო ბრძოლის ველად იქცევა და ჩვენგან არაფერი დარჩება.

რაც შეეხება რუსეთს, ეს ცალკე და დიდი თემაა, ამიტომ ახლა მოკლედ ვიტყვი, რაგინდ რუსეთის აგენტად შემრაცხონ “ნაციონალებმა”: სანამ რუსეთის ხელაღებით ლანძღვას დაიწყებენ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია. განაცალკევონ კარგი და ცუდი ერთმანეთისგან, გააანალიზონ ისტორიული ფაქტები და ნათლად დაინახავენ, რომ, თუ ჩვენ დღეს ერი ვართ და სახელმწიფო გვქვია, თუ ჩვენ ფიზიკურად გადავრჩით, რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ! ცალ-ცალკე სამეფოებად და სამთავროებად დანაწილებულ-დაყოფილი ჩვენი ქვეყანა გადარჩებოდა საერთოდ?!

ახალ მთავრობას, ფაქტობრივად, არ მიეცა საშუალება თავისი კურსის განხორციელების: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივი მმართველობის დონეზე უმრავლესობაში ისევ “ნაციონალები” რჩებოდნენ და, როგორც შეეძლოთ, საბოტაჟს ეწეოდნენ.

სააკაშვილი მხოლოდ შარშან, 27 ოქტომბერს გავისტუმროთ. მანამდე რჩებოდა პრეზიდენტის პოსტზე და ხან კანონპროექტებზე ვეტოს დადებით, ხან ბობოლა ბოროტმოქმედების შეწყალებით, ხან რითა და ხან როგორ ხელს უშლიდა ახალი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

ეს “ნაციონალები” კი მოსდგნენ ახლებს და, აბა, რა გააკეთეთ და, აბა, რით გააუმჯობესეთ ცხოვრებაო ამ ორ წელიწადში?

ახლა ეს აქცია აიტეხეს: ევროპული კურსი და ევროპული კურსიო. კარგია ევროპულ დონეზე ცხოვრება, მაგრამ რა გააკეთეს, რით განავითარეს ჩვენი ეკონომიკა, როცა უბრალო სახაზავი, რომელიც ნებისმიერ “სახელგამში” ეყარა, ბანგლადეშიდან შემოგვაქვს?! სპეციალურად მაქვს შენახული ასეთი სახაზავი, რომელსაც გარკვევით აწერია “ბანგლადეში”.

ლაყბობენ და მეტი არაფერი.

საბოლოო დარტყმა კი ისევ ბიძინა ივანიშვილისკენ მიდის, ირაკლი ღარიბაშვილისკენ, რომელსაც ამდენი ჩხიკინით საშუალებას არ აძლევენ, მშვიდად იმუშაოს. “ნაციონალები” იქნებიან თუ ალასანიას გუნდი, რომელიც “ნაციონალების” სიმღერას აძლევენ ბანს.

15 ნოემბრის აქციამნაციონალებისსასარგებლოდ ნამდვილად არაფერი შეცვალა. პირიქით, გაღიზიანდა ძალიან ბევრი. მუშებს ვიცნობ, უბრალო რემონტიორებს. ისე არიან გამწარებული, რომ სადმე რომ შეხვდნენ, გაგლეჯენ ამნაციონალებს”.

მიშას ტყუილებმა ხომ ყველაფერს გადააჭარბა.

უწინ, ჩემს ბავშვობაში ანეკდოტები იყო გავრცელებული საქულას და გრიქულას შესახებ. იმათ გადააჭარბეს სააკაშვილმა და სააკაშვილისტებმა.

ანზორ მაისურაძე, უშიშროების გენერალმაიორი:

_ 15 ნოემბრის აქცია “ნაციონალების” რეკლამირებისთვის რომ იყო მოწყობილი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. “არა ექსპანსიას” ლოზუნგი ისეთივე შირმა იყო, როგორც რუსეთზე “გამარჯვების დღესასწაული”, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომში საკუთარი მარცხის გადასაფარად და პრეზიდენტის სავარძლის შესანარჩუნებლად გამართა.

საკუთარი თავის რეკლამირებისა და რეაბილიტაციისთვის მოაწყო “ალქაჯთა ეს შაბაში” სააკაშვილმა რუსთაველის პროსპექტზე.

მე იმან გამაკვირვა, თუ რა მოკლე მეხსიერება ჰქონიათ მათ: ის 9 წელიწადი, რომელიც მთელ ქვეყანას ახსოვს, როგორც კოშმარი, მალე დავიწყებიათ ან ჰგონიათ, რომ ხალხს სკლეროზი სჭირს.

9-წლიანი კოშმარი, გაჭირვება, შიში და უბედურება ერთ-ორ წელიწადში ვერ გამოსწორდება. გამორიცხულია ისევე, როგორც მძიმე ავადმყოფის ერთ დღეში გამოჯანმრთელება. 4-5 წელიწადი, თუ მეტი არა, გვჭირდება იმისთვის, რომ ფეხზე დავდგეთ.

დაბრუნების პრეტენზია “ნაცებს” შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ შანსი ნულის ტოლია.

სააკაშვილი კანიდან ძვრებოდა, საწინააღმდეგო რომ დაემტკიცებინა. მისი გამოსვლა წმინდა წყლის დემაგოგია იყო. ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშიც არ მოუხდია. გამოდის და კიდევ ჭკუას გვარიგებს აქეთ.

სამარცხვინო იყო, რომ მისი ტელემჭერმეტყველების დროს დამსწრეთა ერთ ჯგუფს “მიშა! მიშას!” აძახებინებდნენ.

აქციაზე, რომელსაც დაარქმევენარა ანექსიას!”, შეიძლება ჩვენც მივიდეთ, მაგრამ არა მაშინ, როცა ამის ორგანიზატორებინაცებიარიან. “არა ანექსიის!” ავტორები და ორგანიზატორები, თუ ამის საჭიროება იყო, “მეოცნებეებიუნდა ყოფილიყვნენ, კოალიციას უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ინიციატორებად მიშისტები გამოვიდნენ და შეეცადნენ, თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ, მაგრამ უშედეგოდ. ემოცია ეთერის დამთავრებისთანავე მინელდა.

ვინ შევაშინეთ? _ რუსები, რომლებიც აფხაზეთიდან ხვალვე გაიყვანენ ჯარს, თუ ცხინვალიდან?!

ერთი არაკი გამახსენდა.

ქალიშვილი დედას დაუძახებს:

_ დედი, სიძე მოდისო.

_ აბა, სადა, შვილო?

_ მოგატყუეო.

_ შენი თავი მოგიტყუებია, შვილო.

ასეა ამათი საქმე: საკუთარი თავი მოიტყუეს.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here