Home რუბრიკები პოლიტიკა საპრეზიდენტო მენიუ

საპრეზიდენტო მენიუ

624

პოლიტიკური ლიდერების მენიუ იშვიათადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ყველაფერი, რაც ქვეყნის ხელმძღვანელის  პირად ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, გასაიდუმლოებულია. რას მიირთმევენ სახელმწიფოს მეთაურები, პრეზიდენტები და მეფეები? _ ამის თაობაზე მსჯელობა  მხოლოდ მათი ნათქვამის მიხედვით შეიძლება და იმით, თუ რას აგემოვნებენ წვეულებებზე.


ჩუჩხეს* დიეტა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ძალიან ყვარებია ყველი “ემენტალი”.  კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური ისე გაერთო საყვარელი ყველის ჭამით, რომ ჯანმრთელობაც შეერყა და წონაც  მოიმატა.

კიმების ოჯახის ყოფილმა შეფმზარეულმა, კენჯი ფუჯიმოტომ, მოყვა, რომ კიმ ჩენ ინს, აგრეთვე, ძალიან უყვარს ზვიგენის ფარფლისგან მომზადებული კერძები. სწორედ ზვიგენის სტეიკებით გაუმასპინძლდა ჩრდილოეთ კორეის  ლიდერი 2012 წელს სამშობლოში ჩასულ ყოფილ მზარეულს.

კენჯი ფუჯიმოტო, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან იაპონიაში 2001 წელს გაიქცა, აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 14 წლისა კიმ ჩენ ინი არაყს მიირთმევდა და მთელი ბოთლის დალევა შეეძლო. მათი ბოლო შეხვედრისას კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საკეს სვამდა.

ფასტფუდი ამერიკულად

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატი, უბრალო საკვებს _ ფასტფუდს ანიჭებს უპირატესობას.

2010 წელს ობამამ რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს არლინგტონში (ვაშინგტონის გარეუბანი), Ray’s Hell Burger-ის სწრაფი კვების რესტორანში უმასპინძლა. ამერიკის პრეზიდენტმა მიირთვა ბურგერი ყველ “ჩედერით”, სალათით, პომიდვრითა და მჟავე კიტრით. გარდა ამისა, სახელმწიფო მოღვაწეებმა კარტოფილი ფრი შეუკვეთეს, მართალია, ორ კაცზე მხოლოდ ერთი ულუფა. ობამა უარს არ ამბობს ლუდის დალევაზე. 2012 წელს მან თეთრი სახლის ტერიტორიაზე  მოაწყო მინილუდსახარში, სადაც ლუდი, სახელად “თეთრი სახლის თაფლის ელი” (White  House  Honey Ale) იხარშება. გარდა ამისა, პრეზიდენტის მეუღლემ, მიშელ ობამამ, თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ რეზიდენციის გაზონზე ბოსტანი გააშენა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან დაახლოებით 700 კილოგრამი ბოსტნეული მოიწია. მიშელის ბოსტანში განსაკუთრებით კარგად ხარობს ბროკოლი, ისპანახი, კომბოსტო, სალათა და სხვ.

2008 წელს, როდესაც ობამა ჯერ კიდევ შტატ ილინოისის სენატორი გახლდათ, The New York Times-მა გამოაქვეყნა მისი ყველაზე საყვარელი და საძულველი კერძების სია. აღმოჩნდა, რომ ობამა ჭკუას კარგავს მოხალული ნუშზე, ფისტზე, MET-Rx-ის არაქისიან პროტეინის ბატონებზე, რძიან შოკოლადსა და ბოსტნეულზე, ხოლო მაიონეზს, ჩიფსებსა და სატაცურს პირს არ აკარებს; არ სვამს ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს; საკვებს, ჩვეულებრივ, წყალს ან ჩაის აყოლებს.

რუსული სპეციფიკა

ვლადიმერ პუტინის გემოვნების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. რუსეთის პრეზიდენტმა ერთხელ თქვა, რომ საკვების მხრივ პრეტენზიული არ არის. “თუ არჩევანია ხორცსა და თევზს შორის _ თევზს ავირჩევ, ხორცეულიდან ბატკნის ხორცი მიყვარს. ტკბილეულის მიმართ გულგრილი ვარ, ნაყინს თუ არ ჩავთვლით. როდესაც სადმე მივემგზავრები, სიამოვნებით ვსინჯავ ადგილობრივ კერძებს. დიდი ხანია, მწვანე ჩაის სმას დავეჩვიე”, _ განაცხადა პუტინმა.

2012 წელს რუსეთის ლიდერმა ტელეკომპანია ???- ჟურნალისტებთან ერთად ისაუზმა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დილაობით ფაფასა და თაფლიან ხაჭოს მიირთმევს, ხოლო შემდეგ _ მწყრის უმ კვერცხს. გარდა ამისა, სვამს საკუთარი რეცეპტით მომზადებულ კოქტეილს. მის ინგრედიენტებს შორის ჭარხალი და პირშუშხაა.

სამუშაო ვიზიტების დროს პრეზიდენტს ადგილობრივი კერძების გასინჯვა უყვარს და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სადილობს. 2003 წელს კალინინგრადის კაფეში (“გზასთან”) მან უხა, ღვეზელი წითელი ხიზილალით, შებოლილი გველთევზა და მარწყვიანი ბლინი შეუკვეთა. 2008 წელს თათრეთში ყოფნისას განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის _ “ალაბუგას” სასადილოში სალათა, ქათმის წვნიანი ატრიებით, საქონლის ხორცი ბრინჯით და პატარა ღვეზელი შეუკვეთა. საკვები პრეზიდენტს 37 რუბლი და 60 კაპიკი დაუჯდა.

2013 წელს პუტინმა ყუბანელ კომბაინერებთან ერთად ბორშჩით ისადილა. კიდევ რით გაუმასპინძლდნენ სახელმწიფოს მეთაურს, უცნობია _ პუტინმა ჟურნალისტებს წასვლა სთხოვა, რაც იმით ახსნა, რომ კამერის წინ “მადიანად ვერ შეჭამ”.

იმავე წლის აპრილში პეტროზავოდსკში პუტინმა განაცხადა, რომ მოსწონს კარელიური “კალიტკები” (ჭვავის ცომისგან მომზადებული პატარა ღვეზელები). მან ასევე აღნიშნა ოსური ღვეზელების, ჩაკ-ჩაკასა და თათრული ბელიაშების გემო.

პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე ლუდმილა პუტინა, პირიქით, ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი საკმაოდ პრეტენზიულია ჭამის მხრივ და შეუძლია, უარი თქვას სადილზე, თუ კერძი ოდნავ არ მოეწონება. ამასთანავე, ლუდმილა პუტინა განიცდიდა, რომ სახელმწიფოს მეთაური არასოდეს შეაქებს კერძს, რომც მოეწონს.

2010 წელს კრემლის შეფ-მზარეულმა ანატოლი გალკინმა მოყვა, რომ ალკოჰოლიანი სასმელებიდან ვლადიმერ პუტინი ღვინოებს ან ლუდს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, გალკინმა ჟურნალისტებს გაუზიარა რეცეპტი საფირმო კოქტეილისა, რომელსაც პირველი პირები ოფიციალური მიღებების დროს მიირთმევენ: ბევრი ყინული, წვეთი ლიმონის წვენი, პიტნა, სიროფი და 50 გრამი შამპანური. მზარეულის აზრით, ასეთი სასმელი “კარგად კლავს წყურვილს”.

* რუსეთის პირველ პრეზიდენტ ბორის ელცინს ძალიან უყვარდა ხორცი, განსაკუთრებით _ გარეული ფრინველის, ტახისა და ირმის. ძალიან აფასებდა ხბოს ძეხვს ფისტებით. ელცინი არც იმ ეგზოტიკური კერძებზე ამბობდა უარს, რომლებითაც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს საზღვარგარეთ მიღებისას უმასპინძლდებოდნენ. სასმელებიდან, ძირითადად, არაყს ან ხარისხიან კონიაკს ამჯობინებდა. პრეზიდენტის ოჯახის წევრებს კი ძალიან მოსწონდათ პელმენი შავი ხიზილალით.

სიდედრისდრანიკები

ეროვნული სამზარეულოს მოყვარულია ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც. “ხორცს თევზი მირჩევნია, თეთრ პურს _ შავი, მენიუში აუცილებლად შედის ხილი, წვენებიძალიან მიყვარს ნამცხვრები და ნაყინი. მაგრამ ამ ბოლო სასუსნავის საქმე რთულადაა: უნდა შევზღუდო. შეჭამე ნამცხვარი? კეთილი ინებე, 3-4 კილომეტრი გორგოლაჭებზე ან თხილამურებზე გაიარე,” _ გვიზიარებს ხანგრძლივი სიცოცხლის რეცეპტს ლუკაშენკო.

პრეზიდენტის სიდედრი ელენა ჟელნეროვიჩი ყვებოდა, რომ ვიზიტებისას სიძეს ბლინებით, ერბოკვერცხით, რძიანი წვნიანითა და “დრანიკებით” (კარტოფილის ალადები არაჟნით) კვებავს.

 

ჰერკულესის ფაფა, თქვენო უდიდებულესობავ!

2014 წლის ივლისის ბოლოს ლონდონში ClubdesChefs-ის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურების შეფმზარეულებს აერთიანებს. შეხვედრის შედეგად ცნობილი შეიქნა, რომელი კერძები მოსწონს და რომელი _ არა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს.

გაირკვა, რომ ელისაბედ მეორეს არ უყვარს კრევეტები და ზღვის სხვა პროდუქტები. სამაგიეროდ, კარგი დამოკიდებულება აქვს ტრადიციულ ბრიტანულ კერძთან – შვრიის ფანტელთან, რომლითაც იწყებს დილას. ადრე, ყოფილი სამეფო შეფმზარეული მარკ ფლანაგანი ყვებოდა, რომ ელისაბედ მეორეს ძალიან უყვარს კარტოფილი.

ზოგჯერ ძილის წინ დედოფალი ერთ ჭიქა დიუბონეს (ალუბლის სასმელი, რომელიც აპერიტივის სახით მიიღება) სვამს. ძლიერი ალკოჰოლური სასმელებიდან კი უპირატესობას ჯინს ანიჭებს.

არანაირი ბაყაყები

ამბობენ, რომ საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, მისი წინამორბედის _ ნიკოლა სარკოზისგან განსხვავებით, არტიშოკი არ უყვარს.

ნიკოლა სარკოზი საყვარელ კერძად ასახელებდა მაკარონს არტიშოკით, შავი ტრიუფელებითა და ფუაგრათი. საკვებს ღვინოს აყოლებდა. სარკოზი პრეზიდენტობის პერიოდში სადილობდა სასტუმრო Le Bristol-თან არსებულ რესტორანში, რომელიც ელისეს სასახლის მახლობლად მდებარეობს. მისი საყვარელი კერძის ერთი ულუფის ფასი 82 ევროა. ამასთანავე, სარკოზი, კიმ ჩენ ინისგან განსხვავებით, ყველს ვერ იტანს.

საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის ყველაზე “დახვეწილი” გემოვნებით ფრანსუა მიტერანი  გამოირჩეოდა, რომლის ერთ-ერთი საყვარელი კერძი შემწვარი ბაღის ბეღურები (ლათ._ Emberezia,  ბეღურებისნაირთა რიგიდან) იყო. პატარა ჩიტები საფრანგეთში დელიკატესად ითვლება. ამ ფრინველებს, იმისთვის, რომ მოსუქდნენ, ხორბლით სავსე ბნელ ყუთებში ათავსებენ, სადაც გაუჩერებლად ყლაპავენ საკვებს. შემდეგ მათ სპირტიან სასმელ არმანიაკში ახრჩობენ და წვავენ. ამ ჩიტებს დანა-ჩანგლის გარეშე ხელსახოცით მიირთმევენ, ამასთანავე, თავზე ქსოვილს იფარებენ. ითვლება, რომ ასე კერძის არომატი სრულად შეიგრძნობა. 1999 წელს ბაღის ბეღურების საკვებად გამოყენება ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში აიკრძალა, მაგრამ იმავე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში რამდენიმე სახელგანთქმულმა ფრანგმა მზარეულმა აკრძალვის გაუქმება მოითხოვა.

საშობაო ვახშამი ფრაუ მერკელთან

ანგელა მერკელი, ალბათ, ერთ-ერთია სახელმწიფოს მეთაურთა მცირე რიცხვიდან, რომელიც დეტალურად ყვება საყვარელ კერძებზე. გერმანიის კანცლერი თვითონაც სიამოვნებით ამზადებს კერძებს, როდესაც თავისუფალი დრო აქვს. განსაკუთრებით კარგად მერკელს კარტოფილის წვნიანი, შნიცელები და თევზის კერძები გამოსდის. შობას კარტოფილის სალათსა და შემწვარ ბატს ამზადებს.

ბუნდესკანცლერის საყვარელი კერძია ღორის ძეხვი კომბოსტოთი. მერკელს, აგრეთვე, მოსწონს პასტა ბოლონიეზე, წვნიანები და ყველი. ალკოჰოლური სასმელებიდან მერკელი, ისევე როგორც ბევრი სხვა პოლიტიკოსი, ღვინოს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა უარს კათხა ლუდზეც არ ამბობს.

* ჩუჩხე _ ჩრდილოეთ კორეული იდეოლოგია, რომელიც 1955 წელს კიმ ირ სენმა გამოაცხადა

lenta.ru

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here