Home რუბრიკები პოლიტიკა ტროას ცხენი თუ ლეღვის ფოთოლი?

ტროას ცხენი თუ ლეღვის ფოთოლი?

546

ხანდახან ძველმა ციტატამ შეიძლება გაცილებით მეტი მოგვითხროს აქტუალურ მოვლენებზე, ვიდრე ნებისმიერმა ცინცხალმა კომენტარმა. 2013 წლის 3 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ადგილი ცარიელი არ დარჩება: “როგორც კი ოპოზიცია (მაშინ “ნაცმოძრაობაზე” საუბრობდნენ) ნორმალურ ოპონირებას ვერ შეძლებს, აუცილებლად გაჩნდება იქ სხვა ძალა, რომელიც ამას მოახერხებს. თუ არადა, ჩვენ შიგნით გვაქვს ეს პოტენციალი, კოალიციაში და კოალიცია ბუნებრივად დაიშლება… რომც არ იყვნენ ცალკეულ პარტიებად ჩამოყალიბებული, კოალიცია ერთი გუნდი რომც იყოს, როგორც კი გარედან წინააღმდეგობა არ იქნება, შიგნით გაჩნდება ძალები და შიგნიდან მოხდება დაშლა და ჩაშლა” (“ნეტგაზეთი”).


ამ რეპლიკამ ნამდვილად შეიძლება დაგვაფიქროს იმაზე, რომ ალასანიას გადაყენება და თანმდევი პროცესი, რომელმაც საზოგადოება ასე ააღელვა, სპონტანური და მოულოდნელი არ იყო; ის, როგორც მინიმუმი, წინასწარ კარგად გააზრებული თუ არა _ კარგად მართული იყო.

ჯონ დონის თქმის არ იყოს, “ნუ იკითხავ, ვისზე რეკავს ზარი”… იმიტომ, რომ ის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” რეკავს. თუ გვერდზე გადავდებთ გასული კვირის დასამახსოვრებელ, მაგრამ უმნიშვნელო დეტალებს, ირაკლი ალასანიას დრამატულ ჟესტებს, ალექსი პეტრიაშვილის მელოდრამატულ რეპლიკებს და ა. შ., ალბათ, დაახლოებით ასეთ დასკვნამდე მივალთ: ქართულმა ოცნებამ”, როგორც იქნა, მიიღო სავსებით ლეგიტიმური, სოლიდური და, ამასთანავე, პრაქტიკულად უსაფრთხო ოპოზიცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეტაპზე, როდესაცნაცმოძრაობისმარგინალიზაციის პროცესმა კულმინაციას მიაღწია. აქ, ალბათ, ორიოდე სიტყვა ისეთ უცნაურ ტერმინზე უნდა ვთქვათ, როგორიცააოპოზიციის ლეგიტიმურობა”, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ფართოდ გავრცელდა. ფორმალური თვალსაზრისით, “ნაცმოძრაობა” ჩვეულებრივი ოპოზიციური ძალაა და დასავლეთი ასეთად აღიარებს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მას ამ სტატუსზე უარს ეუბნება და დანაშაულებრივ დაჯგუფებად მიიჩნევს. რაც მთავარია, მის არგუმენტებს საერთოდ არ უსმენს და ხელისუფლებას მოუწოდებს, იგივე გააკეთოს. აგრეთვე, არსებობენ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც, ასე თუ ისე, პოპულარული არიან კონსერვატიზმსა და ტრადიციონალიზმზე ორიენტირებულ ამომრჩევლებში, მაგრამ მათ არ აქვთ წარმომადგენლობა პარლამენტში, ხოლო დასავლელი პარტნიორები, როგორც წესი, ცდილობენ, ისინი მარგინალურ ჯგუფებად წარმოაჩინონ და, ფაქტობრივად, “ლეგიტიმური ოპოზიციისსტატუსზე უარს ეუბნებიანარასაკმარისი პროდასავლურობისგამო. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლების ნებისმიერი მოქმედება “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ, თუნდაც საუბარი ეხებოდეს დასჯას წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის, დასავლეთში, დიდი ალბათობით, წარმოჩენილი იქნებოდა, როგორც ოპოზიციის სრული მოსპობის მცდელობა, რომელიც მნიშვნელოვან საიმიჯო, შემდგომ კი პოლიტიკურ პრობლემებს დაუკავშირდებოდა. ოპოზიციურ ავანსცენაზე “ყველასათვის ლეგიტიმური” ალასანიას გამოსვლა ამ სიტუაციას, მთელ ამ მანკიერ მოდელს, სავარაუდოდ, შეცვლის (არა მყისიერად, არამედ თანდათან).

დღეს ხშირად კამათობენ იმაზე, ვის წაართმევს უფრო მეტ ამომრჩეველს ალასანიას პარტია მომავალში _ “ოცნებას” თუ “ნაცმოძრაობას”. ეს, პრინციპში, მკითხაობაა, რადგან შესაბამისი სოციოლოგიური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. შესაძლოა, ერთსაც წაართვას და მეორესაც, თანაც დაახლოებით ერთსა და იმავე რაოდენობის ამომრჩეველს და აქ, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს სამი ლიტრი სისხლის დაკარგვა, ერთი მხრივ, სპილოსთვის, მეორე მხრივ კი, _ ადამიანისთვის (კი, ბატონო, სპილომ ათი დაკარგოს). ვინ დაზარალდება უფრო მეტად ამომრჩეველთა ნაწილის წასვლით ალასანიასთან _ “ოცნება” თუ “ნაცმოძრაობა”? ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, ვის ართმევდნენ ხმებს თავის დროზე თარგამაძისქრისტიანდემოკრატებიდა რა როლს ასრულებდნენ ისინი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევადარებთ ირაკლი ალასანიას გიორგი თარგმაძეს (არც ლეღვის ფოთოლს), თუმცა შეგვიძლია გავაანალიზოთ ის, საეჭვო თუ არა, სამარცხვინო, როლი, რომელიც ალასანიამ თბილისის მერის 2010 წლის არჩევნების დროს შეასრულა. დიდი ალბათობით, მომავალშიც ასე მოიქცევა; როგორც ჩანს, ბედი აქვს ასეთი.

გადაყენების შემდეგ ალასანიამ ორი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა: მან კატეგორიულად გამორიცხანაცმოძრაობასთანთანამშრომლობის შესაძლებლობა და შეეცადა, საკუთარი თავიევროატლანტიკურ არჩევანთანგაეგივებინა, ანუ ხელი სტაცა იმ დროშას, რომელსაცნაციონალები”, ამდენი ხანია, ებღაუჭებიან. ეს იქნება დაუვიწყარი ბრძოლაჭეშმარიტი პროდასავლელისტიტულისთვის და, ალბათ, აჯობებს, პოპკორნი მოვიმარაგოთ.

მოკლედ, ამიერიდან ხელისუფლებას ეყოლება კონსტრუქციული, ასე თუ ისე ცივილური ოპოზიცია, რომლის არგუმენტების ციტირება სამარცხვინო არ იქნება. 6 ნოემბრის ვიზიტით ივანიშვილის რეზიდენციაში და თანმდევი კომენტარით “ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო” ალასანიამ კიდევ ერთხელ სიმბოლურად დაადასტურა, რომ სისტემისთვის დესტრუქციული ელემენტის როლის შესრულებას არ აპირებს. ამას, ალბათ, უნდა მივესალმოთ, დავასრულოთ საუბარი მარიონეტების თეატრის 2014 წლის სეზონის პრემიერებზე და სერიოზულ თემებზე გადავიდეთ.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი მივიდა პრემიერმინისტრისა და უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, ეს, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, იყო სიგნალი, როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიისთვის, რომ პროცესი მის მიერ კონტროლდება და მასზე პასუხისმგებლობას დააკისრებს. საზოგადოების ვნებათაღელვის მიუხედავად, განშორებამ ალასანიასთან და მის ჯგუფთან, პრინციპში, უპრობლემოდ ჩაიარა, სრულფასოვან კრიზისს ადგილი არ ჰქონია, სახელისუფლებო სტრუქტურების მუშაობა არ შეფერხებულა. კაცმა რომ თქვას, სისტემა იმისთვის არ შექმნილა, რომ ალასანიას ან, მაგალითად, უსუფაშვილის “გაფართხალებამ” ნანგრევებად აქციოს და, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბურ რყევებსაც გაუძლებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომენტატორები ხშირად მსჯელობდნენ იმაზე, გაბედავს თუ არა ღარიბაშვილი (უფრო სწორად კი ივანიშვილი, რომელიც მის უკან დგას), ვაშინგტონის ფავორიტი ალასანია მოხსნას, რომლის ქცევა და განცხადებები რაღაც ეტაპზე მთავრობის კურსთან აშკარა წინააღმდეგობაშია. ივანიშვილმა გაბედა.

ცვლილებებს თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შემდეგი განცხადებით უპასუხა: “შეერთებული შტატები შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრ ალასანიასა და მისი მოადგილეების დათხოვნას, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პეტრიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძის გადადგომა მოჰყვა. ჩვენ დიდად ვაფასებდით სამუშაოს, რომელიც ამ მინისტრებმა თავიანთი ქვეყნის სამსახურში და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისას გასწიეს. რეგიონში არსებული მღელვარებისა და საშინაო ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს ინტერესშია სტაბილურობის, ერთიანობისა და იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულია და რომ საზოგადოება ენდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად და ყურადღება გაამახვილონ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები, რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და გვიჩვენოს, რომ ის საერთო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია”. ამ განცხადების უკან, ალბათ, შეიძლება წავიკითხოთ, როგორც აშკარა უკმაყოფილება, ისე ცუდად შენიღბული ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, თუმცა მთავარი აქ, ალბათ, არა იმდენად ალასანიას ან მისი თანაგუნდელების პერსონალური საკითხია, რამდენადაც კონტროლი ისეთ საკვანძო უწყებაზე, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო. ირაკლი ალასანიასა და მისი მოადგილეების მოხსნით და მინდია ჯანელიძის დანიშვნით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ამ უწყებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გააძლიერა, შესაძლოა, ძია სემის ინტერესების ხარჯზე. სიტყვა “შესაძლოა” გამოყენებულია იმიტომ, რომ ფორმალური თვასაზრისით, აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, ამავე დროს, ბევრ დამკვირვებელს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ძია სემს ჯოკერს ართმევენ. დღისით-მზისით, ყველას თვალწინ. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა შეიძლება იგრძნოს მან ასეთ დროს, გაცილებით რთული ამოსაცნობია, რა შეიძლება მოიმოქმედოს.

ალასანიას გადაყენებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ზოგიერთინაციონალიდა ალასანიას გულშემატკივარი უცნაური ისტერიული კმაყოფილებით წერდა სოციალურ ქსელებში: “ახლა ნახეთ, რას გიზამთ დასავლეთი!”. “მენტალური მონობის” (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) ეს ამოფრქვევა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა მის პარალელურად გაისმოდა სხვა, გაცილებით მრავალრიცხოვანი რეპლიკები, რომელთა მოკლე შინაარსი შეიძლება მარტივ ფორმულამდე დავიყვანოთ: “ეს ჩვენი ქვეყანაა”. როგორც ჩანს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს ამ დღეებში მოუხდა დაფიქრება ისეთ ფუნდამენტურ თემებზე, როგორიცაა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის არსი და, რაოდენ პათეტიკურად უნდა ისმოდეს _ ეროვნული ღირსება, იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა თავის მინდორველიანად, მთაგორიანად, მოსახლეობიანად, ხელისუფლებიანად თუ თავდაცვის სამინისტროიანად. ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, სასარგებლო გამოცდილება იყო.

თავდაცვის სამინისტროს ივანიშვილმა “ალყა” სწორედ მაშინ შემოარტყა, როდესაც ობამას ადმინისტრაციას უამრავი პრობლემა აქვს, ხოლო ვაშინგტონზე მიბმული ძალები ქართულ ელიტაში დასუსტებულ-დაქსაქსული და ნაწილობრივ დისკრედიტებული არიან. ძალაუფლებით და თანმდევი სიამოვნებებით ტკბობამ მათ ბევრ წარმომადგენელს აშკარა დეგრადაციისკენ უბიძგა. ამავე დროს, ყველა პრობლემის მიუხედავად, ივანიშვილის რეიტინგი და გავლენა კვლავინდებურად საკმაოდ მაღალია; ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკაში მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს. ასეთ სიტუაციაში, ვაშინგტონისთვის სასურველი პოლიტიკოსების მოყვანა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, არჩევნების თუ “მაიდნის” გზით, არც ისე მარტივი იქნება. ამას აუცილებლად მოჰყვება დესტაბილიზაცია, ის კი მწვავე გეოპოლიტიკური კონკურენციის ზონაში ძალზე სარისკოა. რას იზამს ვაშინგტონი – გამწვავებაზე წავა თუ შეეგუება იმას, რომ ივანიშვილმა ფაქტის წინაშე დააყენა და საკუთარი ინიციატივით, ასე ვთქვათ, “ადგილობრივი თვითმმართველობა” გააფართოვა?

საქმე, ალბათ, მაინც მეორე ვარიანტთან გვექნება, თუმცა, წარსულის მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც უარესისთვის უნდა ვემზადოთ, კერძოდ “მაიდნის” მცდელობისთვის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ პერსპექტივის გათვალისწინებით ივანიშილის ხელისუფლებამ შეიძლება გააძლიეროს კონტრდაზვერვა და გაამკაცროს კონტროლი ელიტის მიზნობრივ ნაწილზე, თუმცა მთავარი, ალბათ, გონივრული საშინაო პოლიტიკის გატარებაა, სამართლიანობის აღდგენა და ეკონომიკური მდგომარეობის თუნდაც მცირე გაუმჯობესება, რომლის გარეშეცქართული ოცნებისმრავალრიცხოვანი ამომრჩეველი (მისი მთავარი რესურსი) ხელისუფლებას ზურგს შეაქცევს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here