Home რუბრიკები სამართალი 2003-2012 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები _ ძალადობა კანონის სახელით

2003-2012 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები _ ძალადობა კანონის სახელით

1142

31 ოქტომბერს სასტუმრო “ვერე პალასში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევების ცენტრის” ორგანიზებით, გაიმართა პრეზენტაცია კრებულისა _ “ძალადობა კანონის სახელით.” ამ კრებულში მოცემულია პროფესიონალთა მოსაზრებები, რომლებსაც მივყავართ დასკვნამდე _ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმისა და “ნაციონალური მოძრაობის” ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა. 


გია მეფარიშვილი, კახა კახიშვილი, თამაზ იმნაიშვილი, მინდია უგრეხელიძე, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, შალვა შავგულიძე, ნინო ბურჯანაძე, მარიამ ცაცანაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, ზაზა ხატიაშვილი, ლია მუხაშავრია, ვალერი გელბახიანი, ირაკლი პეტრიაშვილი, კახა კუკავა, ლალი აფციაური და შალვა ხაჭაპურიძე 2003-2012 წლებში კონსტიტუციაში, სისხლის სამართლის, შრომისა თუ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე პროფესიონალურ დასკვნებს აკეთებენ. “გლობალური კვლევების ცენტრისმიერ გამოცემულ წიგნშინაციონალებისხელისუფლების ფასადური დემოკრატიისა და საკუთარ თავზე მორგებული კანონმდებლობის მანკიერი შედეგები ნათლადაა წარმოჩენილი.

კრებულში მოცემულია სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც, ევროპის ქვეყნებში დანაშაულისა თუ პატიმრების რაოდენობის პარალელურად, მკაფიოდ ასახავს, საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას. საქართველოში 1937-1940 წლებში საქართველოში გამამართლებელი განაჩენი 10% იყო, 2003-2005 წლებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,7-0,8%-ს აღწევდა, 2008-2009 წლებში 0,01%-მდე ჩამოვიდა, 2013 წელს კი 2,0% შეადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 2000 წელს მხოლოდ 7 იყო, 2009 წელს კი _ 2 122.

ცნობილმა იურისტებმა, უფლებადამცველებმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, კრებულის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით ვითარება არსებითად არც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეცვლილა.

არასამთავრობო ორგანიზაციაგლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომკრებულს საქართველოს პარლამენტის წევრებს გაუგზავნიან, რათა ყველას შეახსენონ, რა მდგომარეობაში იყო კანონმდებლობით შებოჭილი მოსახლეობა.

“კრებულში იურისტების, პარლამენტის წევრების, უფლებადამცვლეების, სამოქალაქო აქტივისტების ბევრი მოხსენება და ინტერვიუა თავმოყრილი. კრებულში არ შესულა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელების მოსაზრებები და ეს სრულიად შეგნებულად გავაკეთეთ, ვინაიდან “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი დამღუპველი კვალი ქართულ კანონმდებლობაში უკვე დატოვა.

კრებულში ნაჩვენებია, როგორ მძიმდებობდა მოქალაქის მდგომარეობა, როგორ მოარგესნაციონალებმასაკანონმდებლო ინტერესები საკუთარ, პარტიულ ინტერესებს. მათ მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. თუ 2003 წლამდე შედარებით ნორმალურ, დემოკრატიულ საკანონმდებლო გარემოში ვიყავით და ადამიანი კანონისა და სახელმწიფოს წინაშე დაცული იყო, 2003 წლის შემდეგ ის აბსოლუტურად დაუცველი აღმოჩნდა. ასე ნელნელა შევედით უუფლებობის ზონაში

შევეცადეთ, პირველ რიგში, გაგვეანალიზებინა სისხლის სამართლის კანონმდებლობა, კონსტიტუცია, ნაწილობრივ შევეხეთ შრომის და საარჩევნო კანონმდებლობას, უსაფრთხოების სფეროს. ვფიქრობ, აუცილებელია, ყველას შევახსენოთ, რა მოხდა სინამდვილეში. ამას გარდა, ახალი ხელისუფლება უკვე ორი წელია, ქვეყნის სათავეშია, მაგრამ ამ შეცდომების გასწორებას არ ჩქარობს. მართალია, შრომის კანონმდებლობასა და სხვა საკანონმდებლო აქტებშიც გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები შეინიშნება, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ძალიან ბევრი ხარვეზია გასასწორებელი. კრებულში პირდაპირ არის მითითებული, რა როგორ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში.” _განაცხადა ნანა დევდარიანმა

გია მეფარიშვილი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალური პროკურორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი:

“ვფიქრობ, აღნიშნული კრებულის წაკითხვით ხალხისთვის ბევრი რამ გახდება ცნობილი. ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში განვითარდა, აღარ უნდა განმეორდეს არც პოლიტიკაში და არც კანონმდებლობაში. პოლიტიკასა და კანონმდებლობას თავისი წესი და განვითარების კანონზომიერება აქვს და საქართველოს, პატარა ტერიტორიის, მაგრამ ძალიან დიდი ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყანას, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრება და ნორმალური განვითარება სჭირდება, ამიტომ გარკვეული პოლიტიკური ძალები სიტუაციის არევას ნუ ცდილობენ.

_ ახალი ხელისუფლების შემდეგ თუ შეიცვალა ვითარება?

_ მე ამ ხელისუფლების ამომრჩეველი ვარ და არ ვმალავ, რომ მისი ერთ-ერთი მხარდამჭერიც ვიყავი, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი კითხვა გამიჩნდა და არამხოლოდ მე _ ამ კითხვებზე პასუხს ბევრი ქართველი ელის. რა თქმა უნდა, ახლა მეტი თავისუფლებაა, დღეს არსებული რეალობის შედარება ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდის ვითარებასთან, უსინდისობა იქნება; ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ერთი რამეც უნდა ითქვას: ხელისუფლება და მთავრობა არც ერთ ქვეყანაში სიყვარულით არ სარგებლობს. საზოგადოება მის მიმართ ყოველთვის მომთხოვნია და მისგან მეტს ელოდება, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენმა ხელისუფლებამაც უნდა მოითმინოს კრიტიკა და გაითვალისწინოს ხალხის აზრი.”

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი:

_ კრებული “ძალადობა კანონის სახელით” 2003-2012 წლებში ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების კრიტიკაა. ამ თემაზე ჩვენ წლების განმავლობაში ვწერდით. როდესაც ჰააგის პროკურატურაში შევიტანე სარჩელი, მისი პირველი თავი სწორედ აღნიშნულ საკითხს ეძღვნებოდა, ანუ იმას, რომ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი, კანონებიც და კონსტიტუციაც, ფაქტობრივად, საკუთარ თავზე მოირგო და შედეგად, საქართველო ცივილიზებული სამყაროს საკანონმდებლო ბაზიდან გავიდა. საქართველოს პარლამენტს, სულ ცოტა, ორი წელიწადი მაინც ინტენსიური მუშაობა დასჭირდება, 2003 წელს არსებულ საკანონმდებლო ბაზასთან რომ დავბრუნდეთ. ვერ ვიტყვი, რომ საკანონმდებლო კუთხით ყველაფერი დახვეწილი იყო, მაგრამ იმჟამინდელი კანონმდებლობა გაცილებით პროგრესული იყო. ხოლო ის, რაც დღეს გვაქვს, კატასტროფაა.

მიგვაჩნია, რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ გვავიწყდება, მოსამართლეს, გარდა პატიმრობისა, საჯელის გამოტანის ალტერნატივა არ აქვს. მოსამართლეს არ შეუძლია, გამოიტანოს გამამართლებელი, ანუ შუალედური განაჩენი, როდესაც მოსამართლე ითვალისწინებს პიროვნების მახასიათებელ მომენტებს და მას შეიძლება, პირობითი სასჯელი მიუსაჯოს, წლების წინათ გააუქმეს. ამით გატეხა სააკაშვილმა სასამართლო ხელისუფლება და დღესაც ანალოგიური ვითარებაა.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ პარლამენტში ბევრი იურისტია, რატომღაც ამ საკითხზე ყურადღებას არავინ ამახვილებს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კრებული დეპუტატებს უნდა დაურიგდეთ და გაირკვეს: დღევანდელმა პარლამენტარებმა ან არ იციან, რა საკანონმდებლო უბედურებასთან გვქონდა ათი წლის განმავლობაში საქმე, ან არ იციან, როგორ გამოასწორონ ვითარება. ამ შემთხვევაში სპეციალისტები უნდა მოიწვიონ, თორემ ეს ყველაფერი ისევ ხელისუფლებას დაუბრუნდება ცუდად. ჩვენ კი ის ადამიანები ვართ, რომლებიც ამჟამინდელ ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს და გვინდა, მისი საქმიანობა წარმატებული იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი პირველი ნაბიჯია, რომელშიც ოფიციალურად დაიწერა, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. საჭიროა, ხელისუფლებამ ამ ყველაფერზე რეაგირება მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, საქართველოს დემოკრატიული კანონმდებლობა დაუბრუნოს.

სიმონ კილაძე, ქართულამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი (ის გახლდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირველი მსხვერპლი, რომელიც 2006 წელს ჯაშუშობისთვის და სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლეს):

“ძალიან საინტერესო კრებულია. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის მძიმე წლები საკუთარ თავზე გამოვცადე. ის, რაც ხდებოდა, იყო კონსტიტუციაზე ძალადობა. ისეთი კანონები მიიღო ყოფილმა ხელისუფლებამ, რომელიც ადამიანის უფლებებს ლახავდა. რიგითი მოქალაქე აბსოლუტურად დაუცველი იყო. იმხანად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს, როგორ იღებდა პარლამენტი კანონებს _ ურიკით ჩამოატარებდნენ დასტა კანონებს და, ყოველგვარი განხილვის გარეშე, არც კითხულობდნენ, ისე აწერდნენ ხელს. სწორედ ამიტომ მივიღეთ ამგვარი კანონმდებლობა”.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

1 COMMENT

  1. სად შეიძლება შევიძინო ეს წიგნი? ან ელქტრონილი ვერსია თუ არსებობს. ძალიან დამაინტერესა 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here