Home რუბრიკები პოლიტიკა გასაღებდაკარგულები

გასაღებდაკარგულები

605

ცნობილ საბჭოთა დისიდენტს, სოციოლოგ-ანალიტიკოსს, მეცნიერსა და მწერალს _ ალექსანდრ ზინოვიევს კლასიკად აღიარებულ თავის წიგნში “ხახადაფჩენილი მწვერვალები” ერთი ასეთი პარადოქსული წინადადება აქვს: “იძულებითი უსაქმურობისგან თავისუფალ დროს შიზოფრენიკი სოციოლოგიურ ტრაქტატს წერდა”.


“შიზოფრენიკს” თუ გამოვრიცხავთ, ეს დახასიათება ზუსტად მიესადაგება იმ “აურზაურს სალხინეთში”, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ტელეეკრანებიდან არ ჩამოსულა. გამოვრიცხოთ იმიტომ, რომ ეს “აქა ამბავი გასაღებისა” (კლიტეებზეა საუბარი და არა გაყიდვა-გასაღებაზე) მამულიშვილურ თავებზე დაიტეხეს სრულ გონებაზე მყოფმა პარლამენტარებმა, არასამთავრობოებმა და პრეზიდენტმა, მსგავსად ყბედი ადამიანისა, რომელიც მაშინაც კი ლაყბობს, როცა ყურადღებას არავინ აქცევს (უილიამ შექსპირი, “აურზაური არაფრის გამო”).

შეკრეს ერთმანეთთან დაპირისპირებულთა ცინიკური “სასიყვარულო სამკუთხედი”, შეკრიბეს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ტელესაფიხვნოებზე, იდავეს და იკამათეს, შემდეგ ისევ იკამათეს და იდავეს, ვისთვის უნდა მიეცათ მიყურადების უფლება.

ზნეობის თვალსაზრისით, სხვის კარზე ასინეთასავით ყურის მიდება ისეთივე სამარცხვინო საქციელია, როგორიც სხვისი წერილების უნებართვოდ წაკითხვა.

უთუოდ ამ ნეგატივის გასანეიტრალებლად გაამხატვრულეს, გააპოეტურეს პრობლემა და “გასაღები” უწოდეს (“სამოთხის კარის გასაღები”, მაგალითად), მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ისეთივე მხატვრული სახე გამოუვიდათ, როგორი მეცნიერულიც (და ქართული) იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის დასკვნითი ფრაზა “სპიჩიდან”, რომელიც მან “გასაღების” შესახებ წარმოთქვა: “ეს კონსენსუსი უნდა დავიყვანოთ კანონის ფორმაში”.

მაგრამ გასაღები შეიძლება, დაგეკარგოს.

ავტორიტეტივით.

დაკარგეს.

რადგან საკითხი, რომელიც პლანეტარულ მოვლენად მოგვასაღეს, სამთავრობო სტრუქტურებშიც (იმავე არასამთავრობოების მონაწილეობით) იოლად შეიძლებოდა, გადაწყვეტილიყო.

ასეთი ამაო ზრუნვა ხალხის უფლებებსა დაკეთილდღეობაზეჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას არც სჭირდება და არც აინტერესებს. ხოლო რას ფიქრობენ უმუშევარი და უსახსროდ დარჩენილი ადამიანები ხელისუფლებასა და არასამთავრობოებზე, იმავე პრეზიდენტზე, ამის გასაგებად მიყურადება სულაც არ არის საჭირო.

უთქვამთ, ამბობენ და იტყვიან _ ხმამაღლა, დაუფარავად, ოღონდ ვინმემ ისმინოს!

ხომ ჰგავს ასეთი ზრუნვა მეტიჩარა კუს მიერ ფეხის გამოყოფას _ “მეც ნახირ-ნახირო?”

ჰგავს.

და რადგან ჰგავს, გაიხსენეთ ბავშვობაში წაკითხული ზღაპარი, რომელიც ჩვენმა თანამედროვეებმა სინამდვილედ აქციეს. ზღაპარი გრძელცხვირა ხის ბიჭუნას ფათერაკიანი თავგადასავლის შესახებ:

“კუ დიდხანს უმზერდა მთვარეს, რაღაცას იხსენებდა.

_ ერთხელ ერთ ადამიანს დავეხმარე. მან კი ბებიაჩემისა და ბაბუაჩემისგან სავარცხლები გააკეთა, _ თქვა და კვლავ მთვარეს ახედა.

_ რაც არის, არის! იჯექი აქ, კაცუნავ, მე კი ფსკერზე გავცოცდები, ეგებ, ვიპოვო ერთი სასარგებლო ნივთი.

თავი, რომელიც გველისას უგავდა, შესწია და ნელა ჩაეშვა წყლის სიღრმეში.

ბაყაყებმა წაიჩურჩულეს:

_ ტორტილამ უდიდესი საიდუმლო იცის.

გავიდა დიდი ხანი…

მთვარე გორაკებს იქით ჩასასვლელად ემზადებოდა.

შეირხა წყლის მწვანე ზედაპირი, გამოჩნდა კუ, რომელსაც პირში პატარა ოქროსფერი გასაღები ეჭირა.

ბურატინოს ფერხთით ფოთოლზე დადო.

_ უტვინო, მიმნდობო, მოკლე ჭკუის პატარა სულელო, _ უთხრა ტორტილამ, _ მე შენ იმ გასაღებს გაძლევ, რომელიც გრძელწვერა კაცს ტბორში ჩაუვარდა… ო, როგორ მთხოვდა, მომეძებნა ეს პატარა გასაღები… მაგრამ არ დავეხმარე, რადგან მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ჩემი ბებიისა და ბაბუის გამო”.

ტორტილამ ბურატინოს აცნობა, რომ ამ პატარა გასაღებით შეიძლება იმ კარის გაღება, რომლის იქით ბედნიერება ელოდება.

ვერ გეტყვით, რა ბედნიერების მომტანი იქნება ის გასაღები, რომელიც ვერ მიართვეს სრულიად საქართველოს განსახილველად გამოტანილი საკითხის ფიგურანტებს (ისინი პრეზიდენტის ვეტოს შემდეგაც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ), თუმცა მთავარი საკითხი გარკვეულია: ბედნიერების მომტანი არის გასაღები, კლიტე. ხოლო მთავარი მეკლიტული პირველი კაცია.

“როცა ბურატინო ნაპირის კიდეზე მოშავო ჩრდილად გამოჩნდა, ბაყაყებმა მიაძახეს:

_ ბურატინო, არ დაკარგო გასაღები!”

ხოლო იმის გასარკვევად, რომელი ოკეანის ფსკერიდან რომელმა ტორტილამ ამოუტანა ჩვენებურ ბურატინოებს ოქროს პატარა გასაღები, ანუ განხეთქილების ოქროს ვაშლი, დროს ნუ დავკარგავთ, ისედაც ნათელია.

მოკლედ, პარადოქსების დოღია, ისეთის, “რომელიც შესაქებად მეტისმეტად პატარაა; მაღლისთვის _ მეტისმეტად დაბალი; თეთრისთვის _ მეტისმეტად მუქი.

ერთის თქმა შემიძლია მის სასარგებლოდ: სხვა რომ ყოფილიყო, უშნო იქნებოდა; ისეთი კი, როგორიც არის, მე არ მომწონს” (უილიამ შექსპირი, “აურზაური არაფრის გამო”).

არმაზ სანებლიძე

P.S. პარლამენტის სპიკერობისას მაგიდასთან მჯდარ ზურაბ ჟვანიას (ღმერთმა ნათელში ამყოფოს!) ხის ჩაქუჩი, რომლის ხისსავე თეფშზე დარტყმით დადგენილების მიღებას ადასტურებდა, სადღაც გაებნა. ეძებდა, ვერ პოულობდა, არადა, იმ წუთას რომელიღაც კანონპროექტის მიღება დაკაკუნებით უნდა გაეოფიციალურებინა.

უხერხული მდგომარეობა ჩამოვარდა.

მაშინ ვიღაც ენაკვიმატმა დეპუტატმა დარბაზიდან შესძახა სპიკერს:

_ გასაღები დაგეკარგა, ბატონო ზურაბ?!

გასაღებდაკარგულები, ეტყობა, არც დღევანდელ საზოგადოებას და ხელისუფლებას აკლია

ბურატინო, არ დაკარგო გასაღები!”

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here