Home რუბრიკები საზოგადოება მიშას და უგულავას ხუშტურებით დამახინჯებული ქალაქი

მიშას და უგულავას ხუშტურებით დამახინჯებული ქალაქი

918

ერთი ხანია, თბილისელებს ახალი სასაუბრო თემა გაუჩნდათ _ პუშკინის ქუჩაზე, თბილისის გულში, ესტაკადის აგების პრობლემა და, როგორც ყველაფერს ამ ბოლო დროს, ამასაც პოლიტიკური საფანელი დაედო. “ნაცებმა”, რა თქმა უნდა, თბილისის მერიის ასეთ განზრახვას ანტიეროვნული უწოდეს და ხელიდან არ გაუშვეს გამოკეკლუცებული თავდასხმის შესაძლებლობა: ჩვენო, _ აწიოკდნენ, აჩიორდნენ, აწიიწკიკლაურდნენ და ა.შ., _ აღმოვაჩინეთ და მიწის სიღრმიდან ისტორიის ნაწილი სამზეოზე გამოვფინეთ, ახალარჩეული მერი კი კვლავ მიწაში ჩაფლას აპირებსო. აფსუს, უგულავაო, და _ წავიდააა! ამათ რა გააჩერებს!..


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ დროს პარტკომის მდივნად ერთი ფიზიკოსი მუშაობდა, რომელსაც ძალიან უყვარდა ლაპარაკი. ამ ნაკლს, უპირველესად, თვითონვე გრძნობდა და დასცინოდა კიდეც საკუთარ სიტყვაუხვობას:

_ უნივერსიტეტში ლაპარაკით გულს რომ ვერ ვიჯერებ, შინ მისული ენას კიბეზე გავდებ და ისე ავდივარო მეცხრე სართულზე.

არ შველოდა ეს იუმორი და თვითგვემა ამ პატიოსან კაცს. “ნაცებს”, სიტყვამრუშობის ამ ასთავიან ჰიდრას, იუმორი კი არა, არგუმენტების კომბალი თავში რომ ურახუნო, საღი აზრისკენ ვერ შემოაბრუნებ: უკადრებლის მკადრებელი ამათი ენები ქართული ტელეარხებისკენ მიმავალ გზებზე ასფალტივითაა დაგებული.

ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ, პატიოსანი მკითხველებისთვისაა განკუთვნილი.

საქართველო და მსოფლიოსდღევანდელი რესპონდენტია გამოჩენილი ქართველი არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი.

საკითხი ასე დგას: ისტორიული რარიტეტის შენარჩუნება თუ ერთ ქუჩაზე ტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდა.

ბატონმა გიგამ ნაცოპონენტები ორ მამალ ტყუილში ამხილა: კარგად ცნობილი არქეოლოგიური ფაქტის საკუთარ აღმოჩენად გასაღებაში და უგულავას დროინდელი მერიის მიერ დაშვებული სერიოზული შეცდომის გამოსწორების მიზნით ამჟამად მიღებული გადაწყვეტილების გამრუდებულად წარმოჩენის მცდელობაში.

_ დავიწყოთ იმით, _ ამბობს გიგა ბათიაშვილი, _ რომ მნიშვნელოვანი საკითხების ემოციურ დონეზე, სპონტანურად გადაწყვეტა სწორი არ არის. უხერხულიც კია იმის გამეორება, რომ, ასე თუ მოვიქცევით, მივიღებთ ხანმოკლე ეფექტს, რომელიც არასოდეს სრულყოფილი არ იქნება. მაგრამ სწორედ ამ “მეთოდით” ხელმძღვანელობდა ყოფილი ხელისუფლება. ყველანი დავრწმუნდით, უგულავას დროს განხორციელებული პუშკინის ქუჩის  რეკონსტრუქცია მცდარი აღმოჩნდა: უაღრესად გართულდა ქალაქის გულში ტრანსპორტის მოძრაობა.

ამ საკითხს დავუბრუნდები.

ახლა კი _ “აღმოჩენის” შესახებ.

გალავანი, რომელზეც ვლაპარაკობ, ცნობილი იყო ისტორიული წყაროებიდანაც და ფაქტობრივადაც: თავის დროზე მისი ერთი ნაწილი ძველი თბილისის იერ-სახის  აღდგენის ჩვენი პროექტით შევინარჩუნეთ და დღესაც დგას კოლმეურნეობის მოედანზე, საჭაშნიკესთან, როგორც ამ ისტორიული უბნის ორგანული შემადგენელი.

აქედან ქალაქის კედელი მიჰყვება პუშკინის ქუჩას, გრძელდება ყოფილი ველიამინოვის ქუჩისკენ, სადაც ჩვენს ახალგაზრდობაში ცნობილი სახინკლე იყო…

_ ცალხელა კაცი ლუდის დაცლილ კათხებს რომ აგროვებდა

_ და სადაც ნახევარმა თბილისმა მაინც გაიგო ნამდვილი ხინკლის გემო…

აქედან იღებს მიმართულებას წავკისის ქედისკენ და ზემოთ, ბეთლემამდე ადის.

ამ გალავნის შიგნით იყო მოქცეული ქალაქი, ვიდრე ერეკლე II რუსეთთან ცნობილ შეთანხმებას მოაწერდა ხელს. მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი საქართველოში შემოვიდა და შეწყდა ომები, თბილისმა გადაალაჯა ქალაქის ამ კედელს.

განათლებულ ადამიანს ბუნებრივად ებადება კითხვა: მაშინ, როცა ჩვენი წინაპრები ციხე-გალავნების ასაგებად ჩვეულებრივ ბუნებრივ რელიეფს იყენებდნენ დამატებით დამცავ საშუალებად, რაღა აქ, ვაკე ადგილზე შემოარტყეს გალავანი ქალაქს?

საქმე ის არის, რომ დღევანდელი პუშკინის ქუჩიდან მამადავითისკენ თავის დროზე ხევი იყო და ქალაქის გალავანი ამ ხევის ქედზე იყო აშენებული _ ბეთლემიდან მტკვრის ნაპირამდე. ბუნებრივ პიედესტალზე იდგა, რითაც დამატებითი სიძნელე ექმნებოდა შემოსეულ მტერს.

ვახუშტი ბატონიშვილსაც აქვს ეს ყველაფერი თავის რუკაზე დატანებული.

თავის დროზე (ეს იყო 30 წელიწადზე მეტი ხნის წინათ) ჩვენ, ბატონ შოთა ყავლაშვილის თავკაცობით, დავინტერესდით და პრაქტიკულად შევამოწმეთ ბატონიშვილის რუკის სისწორე. რამდენიმე ადგილზე გავაკეთეთ ზონდაჟი. სადაც პუშკინის ქუჩაზე უწინ ბავშვთა პოლიკლინიკა და აფთიაქი იყო, იქ გავთხარეთ და გამოჩნდა გალავნის კედლის მთელი ფრაგმენტები.

გავაგრძელეთ შესწავლა და აღმოვაჩინეთ, რომ “საქართველოს ბანკის” კიბე გალავნის კედლის ბურჯზე ზის; იმავე ველიამინოვის ქუჩაზე, ყოფილი კიროვის რაიკომის შენობაში დღესაც დარჩენილია ბურჯის კედელი. ბათქაში ხომ აიფხიკოს, იმ კედლის წყობა გამოჩნდება.

ე. ი. ყველაფერი ცნობილი იყო. როცა ქალაქის ყოფილმა მთავრობამ პუშკინის ქუჩის მოსაწესრიგებლად ტექნიკა შემოიყვანა, ყველას თავზარი დაგვცა, რადგან ამ მიწისქვეშა სივრცეში დარჩენილ ისტორიულ რარიტეტებს ასეთი უხეში ჩარევა საბოლოოდ გაანადგურებდა.

ავტეხეთ განგაში, ვინ გვიგდო ყური!

თხარეს და თხარეს და შემდეგ იყვირეს “ევრიკა!” _ აღმოვაჩინეთო გალავნის ფრაგმენტები. კიდევ კარგი, რომ ჩვენი არქეოლოგები დაესივნენ მშენებლებს, მერიას და, როგორც იქნა, აიძულეს, შეენარჩუნებინათ ის, რაც მიწის სამუშაოების დროს იპოვეს.

_ იმ სახით, რომელიც დღესაც გვაქვს, რითაა ცუდი?!

_ თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ, თუ შეიძლება ითქვას, სანახევრო გადაწყვეტილებაა, რომელიც უფრო მეტად ნეგატიურია, ვიდრე დადებითი.

_ ?

_ აგიხსნით. თბილისში, როგორც ყველა ძველ ქალაქში, ქუჩების გამტარუნარიანობა ისედაც არასაკმარისია, პუშკინის ქუჩის სიგანე განახევრდა, პრობლემა კიდევ უფრო გართულდა ცალმხრივი მოძრაობის დაწესებით. ცხადია, ადრე თუ გვიან დადგებოდა ქუჩის ადრინდელი სახით დაბრუნების საკითხი.

მაგრამ როგორ? მიწაში ხომ არ ჩაფლავ ისტორიულ შესანიშნავ ფრაგმენტებს? ამან განაპირობა თბილისის მერის _ დავით ნარმანიას განცხადება პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის აგების შესახებ.

გეტყვით, რომ ტერმინი “ესტაკადა” ამ შემთხვევაში სწორი არ არის: კვლავ ქუჩა უნდა აღდგეს. მაგრამ ამ ახალი ქუჩის ქვედა სივრცე მიწით კი არ ამოივსება, არამედ ფეხით სავალ ნაწილად დარჩება. ორ იარუსად მოეწყობა. ერთი _ მიწისქვეშა, ლესელიძის ქუჩიდან დაწყებული ტროტუარი მაღაზიებით, მუზეუმით, სათანადო განათებით და ა. შ. ზევიდან, დამოუკიდებელ კონსტრუქციაზე აგებული ქუჩა ტრანსპორტის ორმხრივ მოძრაობას დაეთმობა, რაც ნიშნავს, რომ მისი გამტარუნარიანობა 100 პროცენტით გაიზრდება.

ხოლო ის ფრაგმენტები, რომლებიც მიწის ქვეშაა აღმოჩენილი (არის შანსი, კვლავაც აღმოჩნდეს), ამუშავდება, როგორც კულტურული ღირებულება, სამუზეუმო ექსპონატი. მაშასადამე, მიეცემა ფუნქცია და არ დარჩება, უბრალოდ, თვალის შესავლებ რამედ.

სულ ეგაა.

ესტაკადა კი, პრინციპში, ხიდია. პუშკინის ქუჩაზე ხიდის აგება არავის უფიქრია.

ბევრი ღონისძიებიდან, რომლებიც დედაქალაქის მთავრობამ დასახა, ერთ-ერთი ჯანსაღი ღონისძიება (თეორიულად) არის პუშკინის ქუჩის კვლავ სრულფასოვნად ამოქმედება ისტორიული ღირებულების მქონე ფრაგმენტების შიგ ჩართვით.

_ თეორიულად, როგორც თქვით, მარტივია და გასაგები, მაგრამ პრაქტიკულად ამის გაკეთება როგორ გესახებათ?

_ ეგაა სწორედ ურთულესი საკითხი: პროფესიულად როგორ უნდა გაკეთდეს, არქიტექტურულად როგორ უნდა დაიგეგმოს, რა დატვირთვა უნდა მიეცეს ამ მიწისქვეშა სივრცეს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი და მისი ისტორიული ღირებულება ტოლფასად რომ იყოს ამოქმედებული და სრულად წარმოდგენილი.

_ როგორც გავიგე, ეს მიწისქვეშა სივრცე ლესელიძის ქუჩიდან, თავისუფლების მოედნის გავლით და პუშკინის ქუჩის ჩათვლით ერთ მთლიანობად მოიაზრება?

_ ასე უნდა იყოს. მაგრამ მერია აპირებს მხოლოდ პუშკინის ქუჩით შემოფარგვლას, რაც საქმის მხოლოდ ნახევარია.

_ თქვენი ჩანაფიქრით, აქ უნდა გაკეთდეს მოსკოვის მანეჟის მოედნის ქვეშ რამდენიმე იარუსიანი ნაგებობის მსგავსი რამ?

_ მსგავსი მაგალითები ბევრია. აქ კი, ჩვენთან, ბუნებრივად არის ამის გაკეთების შესაძლებლობა. არ მინდა ახლა ამაზე დეტალურად ლაპარაკი, თუნდაც იმიტომ, რომ, თუ მართლა გამოაცხადებენ კონკურსს, მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.

_ ერთ ციტატას წაგიკითხავთ თქვენი წიგნიდანჩემი ცხოვრება თბილისურ არქიტექტურაში”, თუ… “ჩემი ცხოვრება თბილისის არქიტექტურაში”, უკაცრავად, მგონი, შემეშალა

_ არა, არ შეგშლიათ. ყდაზე წერია “თბილისურ არქიტექტურაში”, შიდა გვერდზე _ “თბილისის არქიტექტურაში”. რატომ, იცით? ჩემი ფორმირება მოხდა თბილისურ არქიტექტურაში, ჩემი მოღვაწეობა კი თბილისის არქიტექტურაში მიმდინარეობდა (გულიანად იცინის).

_ აი, ამრა საჭიროა ორი სათაურისმქონე წიგნში თქვენ წერთ: “ადამიანის სწრაფვა ხელოვნური ყოფითი გარემოს(…) უფრო მეტად კომფორტული მოწყობისკენ იწვევს გარდაუვალ ძალადობას ბუნებაზე, ხოლო ბუნების ყოველგვარი სახეცვლილება, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მის დამანგრეველზე”.

წამყვანი სიტყვებია სწრაფვა კომფორტისკენ და დამანგრეველი ზემოქმედება ბუნებაზე.

ჩვენი სწრაფვა კომფორტისკენ, ბატონო გიგა, ასევე დამანგრეველად არ მოქმედებს მატერიალური კულტურის შემორჩენილ ქსოვილზე?

_ ჩვენ თუ ასპროცენტიან კომფორტულობაზე ვიზრუნებთ, ისტორია დაიჩაგრება. ოსტატობა ისაა, კომფორტისკენ სწრაფვა ისე უნდა მოხდეს, ისე უნდა დაპროექტდეს ფუნქციური როლი (ჩვენ შემთხვევაში ტრანსპორტის მოძრაობა უფრო კომფორტული რომ გახდეს), რომ, რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ბუნებრივი გარემო _ ბუნებრივი ხევიდან (რომელზეც ვილაპარაკეთ) “ამოსული” აღნიშნული ისტორიული ფრაგმენტები.

ადამიანი რასაც ქმნის, ცუდია თუ კარგია, არის ხელოვნური ჩარევა გარემოში. ჩვენი ნამოქმედარი ყოველთვის ხიჭვია გარემოს სხეულში, მაგრამ, რაც უფრო ფაქიზი იქნება ეს ძალადობრივი ზემოქმედება, მით უფრო ნაკლებად მტყკივნეული იქნება ეს ხიჭვი.

ადვილი სათქმელია, მაგრამ ძალიან ძნელი გასაკეთებელი. ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება, როცა დავაზიანეთ ბუნებრივი გარემო, თუმცა საპირისპიროს დასახელებაც არ გაჭირდება. მაგალითისთვის მცხეთის ჯვარი ავიღ ოთ და ბევრი სხვაც და ა. შ.

_ მით უფრო, რომ კვლავ თქვენ დაგესესხებით: “ადამიანის შემოქმედებითი გენის სრული მატერიალიზებია ვლინდება არქიტექტურაში საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე”.

_ ასე იყო და ასე იქნება.

_ მაგრამ არა მხოლოდ სამეურნეო ექსპონატების სახით. ესეც თქვენგან ვიცით.

_ დავაზუსტოთ: სამუზეუმო ექსპონატებიც უნდა დარჩეს და სამუშაო, საქმიანი გარემოც უნდა შეიქმნას. ლაპარაკია გონივრულ ბალანსზე.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ ისტორიული თბილისი, მის შიგნით რაც არის _ კალასუბანს რომ ვეძახით _ მუზეუმად  რომ გადავაქციოთ, ამოვტუმბოთ ჰაერი, კოლბაში მოვაქციოთ, ეს ხომ მკვდარი მაკეტი იქნება?

_ რა თქმა უნდა.

_ აი, შარდენის ქუჩა კი ისტორიულიცაა და თანამედროვე ცხოვრებაშიც არის ჩართული. ბალანსის დაცვა ერთადერთი სწორი გზაა: ისტორიული გარემო არ უნდა ჰკარგავდეს თავის სახეს და, ამასთან, დროის შესატყვისად უნდა აცხოვრებდეს ადამიანს, ამდიდრებდეს და ამრავალფეროვნებდეს მის ყოველდღიურ ყოფას.

შარდენის ქუჩა ჩემი დაპროექტებული და განახლებულია.

_ რახან ამ უბანზე ჩამოვარდა სიტყვა, გეტყვით, რომ თბილისელების გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს მისი სახელწოდება.

_ რატომაო?

_ იმიტომ, რომ ამ მოგზაურმა ერთხელ ჩამოიარა თბილისში და ჩვენ მისი სახელი სასწრაფოდ უკვდავყავით

_ მცდარი დამოკიდებულებაა. ტურიზმს, თქვენს მკითხველებს კარგად მოეხსენება, ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთი, რომ იგი ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად მომგებიანია, მეორე, რომ ხდება შენი კულტურის საზღვრებს გარეთ გატანა. ამასთან, სხვა კულტურის მორგებაცაა შენი ქვეყნისთვის. სახელწოდება, რომელიც ისტორიულ ფაქტთან არის დაკავშირებული, ერთგვარი ხიდია, თუნდაც საცალფეხო, კულტურათა შორის გადებული.

_ აქვე წამოიჭრება საკითხი ისტორიული ქალაქების ურბანიზებული სტრუქტურებისთვის დროის მოთხოვნილების შესაბამისი სრულფასოვანი ფუნქციონირების ყველა პირობის შესაქმნელად.

_ სხვანაირად რომ ვთქვათ, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნაგებობებში ახალი, თანამედროვე ფუნქციების სრულყოფილი დანერგვა რეგენერაციის მეთოდით უნდა მოხდეს. დავიტრაბახებ, რომ ტერმინი რეგენერაცია არქიტექტურის მიმართ ჩემი დანერგილია. რეგენირება-რეკონსტრუქციის სანიმუშო მაგალითი სწორედ შარდენის ქუჩაა. ძველ თბილისში ეს უბანი ბნელი რიგის სახელით მოიხსენიებოდა. სახელოსნოები იყო აქ განლაგებული. დღეს კი იგი სრულად არის ადაპტირებული თანამედროვეობასთან. დროის მოთხოვნის შესაბამისად თბილისში, მაშასადამე, აქაც გაჩნდა კაფეები, ბარები, რომლებიც იგივე დუქნებია, ოღონდ განსხვავებული ფორმით, ე. ი. დარჩა ტრადიცია, ოღონდ დროის შესაბამისი, ადეკვატური ფუნქციით.

სწორედ რეგენერაციის პერმანენტული პროცესის მეოხებით შესაძლებელი გახდა ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანიზებული სისტემების სიცოცხლისუნარიანობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.

_ ბატონო გიგა, რა დამოკიდებულება გაქვთ ტერმინთანიტალიური ეზო”, რომელსაც სულ უფრო ხშირად იყენებენ თბილისური ეზოების დასახასიათებლად?

_ ძველი თბილისის სულის ბუდეს _ თბილისურ საცხოვრებელ სახლს თბილისური ეზოთი ამ გავრცელებულ განსაზღვრებასთან საერთო არაფერი აქვს. დილეტანტების შერქმეულია.

შვიდი წელიწადი ტელევიზიით, პრესით ვიბრძოდი ამ ტერმინის თბილისური გარემოსთვის მისადაგების წინააღმდეგ.

იტალიური ეზო განსაკუთრებული ფენომენია, რომელსაც თბილისურ ეზოსთან, ვიმეორებ, არაფერი საერთო არ აქვს, იტალიური ეზო იტალიური კულტურის ნაყოფია, განსაკუთრებული და უნიკალურ ფენომენია. ქუჩის დღესასწაულები, კარნავალები იტალიელების მოგონილია. ქუჩაში ტარდება ქორწილებიც კი.

საქართველოში პირიქით არის. ჩვენთან მთელი ცხოვრება თბილისურ ეზოშია კონცენტრირებული. არაჩვეულებრივი კონტაქტია ამ სივრცეში მეზობლებს შორის. ამან გადაარჩინა თბილისი. უმძიმეს შუა საუკუნეებში, როცა დანარჩენ მსოფლიოში “გიაურის” ყიჟინით ქრისტიანებს თავებს კვეთდნენ, თბილისში არც რელიგიურ, არც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მაჰმადიანებთან, ებრაელებთან თუ სომხებთან არასოდეს მომხდარა.

ასეთია თბილისური ეზოს ფენომენი. თბილისურმა ეზომ ყოველთვის იცის, თბილისის ქუჩაში რაც ხდება, და _ პირიქით, ქუჩა ეზოს ამბების საქმის კურსშია ყოველთვის. თბილისური ეზო ქალაქის მიკრომოდელია.

სრული უგნურება, უცოდინრობა, გაუნათლებლობა, ეროვნული ფსიქიკის არცოდნა და დაკვირვების უნარის არქონაა, როცა თბილისურ ეზოს იტალიურ ეზოს ეძახიან.

_ ჩვენს მკითხველებს უთუოდ ახსოვთ, რომ თქვენ იყავით პროფესიონალ არქიტექტორთაგან პირველი, რომელმაც ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში არა ერთხელ გაილაშქრეთ იმ სიმახინჯეთა წინააღმდეგ, რომელთა ჩათესვლით ცდილობდნენ ყოფილები თბილისის სახისა და სულის წაშლას. მაგალითად დავასახელებ პესკებზე . . გადაჭრილი მილების, ამ გაუგებრობის, შემოტანას ძველი თბილისის ტრადიციულ ქსოვილში.

ეს სიმახინჯე კვლავ დომინირებს თბილისის უბნებში. ვითომ არც შეცვლილა ხელისუფლება. რატომ ხდება ასე, ბატონო გიგა?

_ პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს. თქვენთვის არ მაქვს პასუხი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საკითხი ლოგიკურ გაგრძელებას მიიღებდა, რადგან ქართული საზოგადოებრიობის უმეტესობის მიერ გამოთქმული პროტესტი მხარდაჭერილი იყო იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებიც არჩევნების შედეგად მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში.

რატომღაც შემდეგ გაჩუმდა ყველა.

ეს ვერცხლისფერი “მილები” იმ პესკებს რომ არ უხდება, მეტიც, თავისი ფორმა-წარმოქმნით შეურაცხყოფს ჩვენს დედაქალაქს, ეს ერთია. მეორე ისაა, რომ უადგილო ადგილზეა, ვერც ერთი მხრიდან ვერ მიადგები, ვერც მანქანით, ვერც ფეხით. შიგნით როგორია, სხვა საკითხია.

ადრეც მითქვამს და არ დამეზარება გამეორება, რომ შეიძლება ამ ნაგებობის დაშლა და გადატანა ისეთ ადგილზე, სადაც თავის საქმეს, ასე თუ ისე, გააკეთებს, ახალი არქიტექტურისთვის კამერტონიც კი შეიძლება გახდეს, ვთქვათ, დიღმის ან გლდანის რაიონებში, ან სხვაგან, სადაც მთელი განაშენიანება ინკუბატორში გამოყვანილი წიწილებივით ერთფეროვანია და უსახო. იქ შეიძლება რაღაც დადებითი როლი ითამაშოს.

რატომ არის გაჩუმებული დედაქალაქის მერია და, რაც მთავარია, რატომ არ ასრულებს ხელისუფლება თბილისელებისთვის მიცემულ დაპირებას, რომ მოგვაცილებდა ამ სიმახინჯეს, ჩემთვის გაუგებარია.

_ ალბათ, ძვირი ჯდება გადატანა

_ რა უფრო ძვირია, კულტურულ ღირებულებათა ასეთ შეურაცხყოფასთან შეგუება თუ ამ ნაგებობის დაუყოვნებლივი მოცილებისთვის დახარჯული  ათასობით ლარი?!

გადაიტანს დედაქალაქის მერია აქედან ამ სიმახინჯეს და ეს, ჩემი აზრით, იქნება მატერიალური სიმბოლო იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა!

_ ისგულივერის ველოსიპედი”, რომელიც სასტუმროივერიასთანდაგვიდგა ველოსიპედისტმა პრეზიდენტმა?

_ ველოსიპედი უნდა დარჩეს.

_ ხომ არ მომესმა, ბატონო გიგა?!

_ უნდა დარჩეს. მე რომ მკითხოთ, უნდა გადაიტანონ ისეთ ადგილზე, სადაც უფრო მეტად მიიქცევს ფართო საზოგადოების ყურადღებას, რადგან იგი არის ძეგლი იმ ეპოქის, იმ დროის, როცა ამისთანა უაზრობა დედამიწის ზურგზე არსად გაკეთებულა!

_ “სირცხვილის ბოძისმსგავსი რამ?

_ ასეც შეიძლება ითქვას.

_ კიდევ ერთხელ გადავშლი თქვენს წიგნს და ერთ პასაჟს წავიკითხავ: “არქიტექტურა უძლიერესი ინსტრუმენტია ადამიანის განათლების საქმეში, ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში. ყოველივე ამის გამო გუშინდელი არქიტექტურული პროდუქცია ილუსტრაციაა გუშინდელი ცხოვრებისა, ხოლო ხვალინდელი არქიტექტურა კი არის პარტიტურა სამომავლო ქცევისა”.

პირდაპირ გკითხავთ, ის არქიტექტურა, რომელიც წინა 9 წლის განმავლობაში დაამკვიდრეს თბილისში, არისპარტიტურა ჩვენი სამომავლო ქცევისა”?

_ მეც პირდაპირ გიპასუხებთ: არა, არ არის და არც შეიძლება იყოს, რადგან მსუბუქ მოდას იყო აყოლილი და მისი ეფექტებით ნაკარნახევი. რაც მიშამ და უგულავამ გააკეთეს თავიანთი ხუშტურების კარნახით, თავიანთი ხოშის დასაკმაყოფილებლად მოიმოქმედეს.

ხუშტური მორიკინებას ნიშნავს, მორჩა და გათავდა!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ახლა მათი საქმეც გათავდა.

 

1 COMMENT

  1. მიშამ სიბნნელიდან გამოგიყვანათ
    და ყაცაღობიდან
    დააწინაურა ქვეყანა
    არ დავიწყოთ
    ნუ იქნებით გაუტანლები

  2. სრულ სიმალთეს ბრზძანებთ, მაგრამ იმას ღა ვუყოთ, რომ პირდაპირ ჩემს თვალწინ, მიდიოდა დახურებული აღდგენითი სამუსაოებინდა "კირით ხურონი"ალამაზებდნენ: სულ ახალთახალ ცემენტიტა და ბეტონით"უძვირფასესი აგურს დაკბილულ გვერდებს და მერე ზედ სილამაზისთვის ბრტყელი ბეტონიც გადაასხეს. ესაა ისტოტიულო ძეგლის კონსერვაცია?. მასე ხომ რომის კოლიზეუმის "გათანამედროვებს " შეიძლება და მილიონი კიდევ სხვა ძეგლისა(მაგალითად – ბაგრატის ტაძრის!)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here