Home რუბრიკები საზოგადოება ოჯახშიც და ქვეყანაშიც ფსიქოზი მეფობს

ოჯახშიც და ქვეყანაშიც ფსიქოზი მეფობს

1010

არა ძალადობას! რამდენიმე დღეა, ეს მოწოდება აიტაცა ქართულმა მასმედიამ _ საზოგადოებაში, უწინარეს ყოვლისა კი, ოჯახებში ძალადობის არნახულად გახშირებულმა შემთხვევებმა აიძულა ყურადღების ცენტრში ამ პრობლემის დაყენება. მოსახლეობა სერიოზულად არის შეშფოთებული _ ნეგატივიზმის ასეთ ტალღას საქართველოსთვის არასოდეს გადაუვლია.


რისი ბრალია, საიდან მოვიდა ეს უბედურება? “ნაცებისუმცირესობა ხელისუფლებას აბრალებს, ხელისუფლებათავის მართლების რეჟიმშია”. ხოლო იმათ, ვისაც შეუძლია სიმართლის თქმა, ვინც წლების განმავლობაში სწავლობდა ამ პრობლემის წარმოშობის მიზეზებს და შესაძლო განვითარების პერსპექტივას არავინ არაფერს ეკითხება. მეცნიერებზე ვლაპარაკობ. “საქართველო და მსოფლიომამ ნაკლის დასაძლევად სასაუბროდ მოიწვია ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე. საუბარი იმდენად ხანგრძლივი იყო, ერთმანეთთან დაკავშირებულ იმდენ მნიშვნელოვან პრობლემას შეეხო, რომ სრული მოცულობით მისი გადმოცემა ერთ ჯერზე, გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი აღმოჩნდა. პუბლიკაცია, რომელსაც გთავაზობთ, ბატონ ავთანდილ სულაბერიძესთან საუბრის ფრაგმენტებია მხოლოდ.

_ ქვეყანაში დღეს ფსიქოზია, _ თქვა ბატონმა ავთანდილმა, _ ოჯახური ძალადობა დღეს და გუშინ კი არ გაჩნდა, არამედ წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ვითარდებოდა, ძალას იკრებდა.

დავიხიოთ ოცი წლით უკან, ვნახოთ, რა გამოიარა იმ თაობამ, რომელსაც დღეს ოჯახები აქვს შექმნილი, რა ნახა და გადაიტანა _ ომი, შიმშილი, პოლიტიკური ბრძოლები, არაფრის მომცემი არჩევნები, ჯიბის პარლამენტი, უნიათო მთავრობა, დასასრულ, მოძალადე ხელისუფლება, რომლის აგრესია, უწინარეს ყოვლისა, ოჯახის წინააღმდეგ იყო მიმართული _ დაუსაქმებლობა, უსახსრობა და ზეობა უსამართლობის, როცა ადამიანების თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდა ციხეში მოხვედრის რეალური საშიშროება.

ოჯახის ამ პრობლემებზე ვილაპარაკე ახალარჩეული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც მეცნიერების განვითარების საკითხი განიხილებოდა. მოწმე გავხდი იმისა, რომ ფუნდამენტურ მეცნიერებებზე, მათ შორის, ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, საუბრისას, არავის, არც ერთხელ არ გახსენებია, რომ სოციოლოგიაც არის ფუნდამენტური მეცნიერება და მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის სოციალური პრობლემების გადაჭრის საქმეში. განვაცხადე, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს ფუნდამენტური კვლევები ამ დარგში, ხოლო ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული კვლევები ვერ ჩაითვლება მეცნიერულ კვლევებად მთელი რიგი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო.

არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის და არც შეიძლება იყოს მეცნიერული სტრუქტურა, რადგან საზოგადოებრივი დონის წარმონაქმნია.

ყველაფერ ამის შესახებ ვილაპარაკე აღნიშნულ საკომიტეტო განხილვაზე და კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ივანე კიღურაძეს ვუთხარი, რომ ჩვენი დარგის ასეთი შეუფასებლობა ქვეყანას წინ დახვდებოდა.

ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ჩემი ეს გაფრთხილება ახდა.

_ რის საფუძველზე გააკეთეთ ასეთი ნეგატიური პროგნოზი?

_ ჩვენი ინსტიტუტის კვლევების საფუძველზე, რომელსაც ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი ეწოდება. წელიწად-ნახევარი ჩვენმა თანამშრომლებმა უხელფასოდ იმუშავეს და, სხვათა შორის, შრომების კრებული, რომელშიც ჩვენი უახლესი კვლევების შედეგები გამოქვეყნდა, საკუთარი ხარჯით გამოსცეს.

მოდით, სოციალური კუთხით განვიხილოთ ჩვენი საზოგადოება _ მაკრო, მეზო და მიკრო დონეებზე.

მაკრო დონეზე ჩვენ ვიყავით ჰომო სოვეტიკუსები და უზრუნველი ცხოვრება გვქონდა. საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას საზოგადოება მოუმზადებელი შეხვდა, რომელსაც დაემატა საყოველთაო არეულობის პერიოდი (სამოქალაქო ომის, 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით) და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ დაბნეული საზოგადოება.

თქვენს მკითხველებს უნდა ახსოვდეთ, რომ 80-იანი წლების მეორე ნახევარში “ავადმყოფი ერი” გვიწოდეს. მაშინ ამან საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. სამწუხაროდ, დღეს გამოაშკარავდა, რომ ვართ დაავადებული ერი, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა.

_ რა კუთხით, ბატონო ავთანდილ, რას გულისხმობთ?

_ სტიგმატი განვითარდა ოჯახის უფროსში, მამაკაცში, რომელიც დარჩა უმუშევარი, დაკარგა ოჯახის მარჩენალის ფუნქცია. ამან განსაკუთრებით თავი იჩინა ე. წ. პრესტიჟული პროფესიების მქონე ადამიანებში.

ეს ფუნქცია იტვირთა დედამ. ამ შემთხვევაში _ სწორედ როგორც დედამ და არა ქალმა.

დედა შვილების სარჩენად წავიდა ბაზრობაზე სავაჭროდ, ზოგი _ უცხოეთში მოსამსახურედ და მომვლელად. ასე გრძელდება წლების განმავლობაში და ამას ხედავენ შვილები. მამა _ ავტორიტეტდაკარგულია, დედა _ ოჯახის მარჩენალია. მამის სიტყვა გაუფასურდა. მამა ამას გრძნობს და ცდილობს, ძალით დაიბრუნოს დაკარგული პოზიცია. ძალადობით!

ეს მიკროდონეა.

ახლა მეზოდონეს შევეხოთ. ამდენი დევნილი, ლტოლვილი გაჩნდა _ მანამდე ჩვენთვის უცნობი ფენა. ჯერ მათში განვითარებული ფსიქოზი და შემდეგ _ გარკვეული ფსიქოლოგიური დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და დევნილებს შორის. ღარიბი ქვეყანა, რომელშიც პრობლემები ჯაჭვივითაა გადაბმული, ვერ მოერია დევნილობის პრობლემას. დაუმატეთ ამას უხეში შეცდომები (მეტი რომ არ ვთქვათ) სოციალურად დაუცველობის განსაზღვრისას, მაკროდონეზე ელიტური კორუფციის გალაღება, ეკონომიკის სტაგნაცია, და აშკარა გახდება, თუ საიდან აღმოცენდა სოციალური ფსიქოზი, რამ შეუწყო ხელი მის განვითარებას და ეროვნულ სხეულში გაჯდომას.

ეს ფსიქოზი ოჯახშიც შემოვიდა, იძაბება ურთიერთობა ოჯახში თაობათა შორის. საბედნიეროდ, ამან საყოველთაო ხასიათი ვერ მიიღო. ამას ხელი შეუწყო ტრადიციულმა თაობათაშორისი ურთიერთობების მდგრადობამ და, გარკვეულწილად, იმანაც, რომ ზოგიერთებმა ალღო აუღეს ველური კაპიტალიზმის პრინციპებს, მოერგნენ მათ. მართალია, სანაცვლოდ დათმეს საკუთარი უმაღლესი განათლება, პროფესია, მეცნიერებაც კი, სამაგიეროდ შეძლეს შემოსავლის მიღება და ოჯახში შეტანა.

გაუნათლებლობა პრიორიტეტული გახდა, რადგან ჩვენი განათლებული საზოგადოება (ხომ გახსოვთ, რა დონეზე ვიყავით), ახალგაზრდა “რეფორმატორებს” არ სჭირდებოდათ _ შეუდგნენ ისეთი ტიპის ადამიანებად ჩვენს გარდაქმნას, რომელთა მართვა ადვილი იქნებოდა.

აი, ამის ღრმა მეცნიერული ანალიზი ქვეყანაში არ გაკეთებულა. ჩვენ, მეცნიერები, კი ვწერთ და ვწერდით ამის თაობაზე, მაგრამ ყოფილი ხელისუფლება არ ითვალისწინებდა ჩვენს დასკვნებს, არ აინტერესებდა, რადგან ქვეყნის მართვის მისი პრინციპები ანტიხალხური იყო.

განსაკუთრებით ცუდი როლი ითამაშა “რუსთავი 2”-მა და ახლაც იმავეს აკეთებს _ მიზანმიმართულად თრგუნავს ადამიანებს. ისეთ სურათს ხატავს, ისეთ ვითარებას გვაჩვენებს, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

_ ხალხის ტელევიზიად წოდებული ტელემაუწყებელი

_ ასე უწოდეს… აკეთებდა და აკეთებს კი საპირისპიროს. ყოველდღე, დილიდან გვიან ღამემდე, რეკლამასავით აქცენტირებენ თავიანთ სიუჟეტებში ძალადობის, მკვლელობის ფაქტებს, დეტალურად, მაზოხისტური სიამოვნებით. ეს პრაქტიკულად ძალადობის პროპაგანდაა.

უბედურებათა ქრონიკასვეძახირუსთავი 2”-.

ბოლო ხანს ტელეკომპანია აშკარად რევანშისტული მიმართულებით მიდის. გამოდიანნაციონალები”, რომლებსაც დაპყრობილი აქვთ ეს ეთერი, და ირმა ინაშვილისა არ იყოს (ვეთანხმები მას), უსირცხვილოდ გვმოძღვრავენ, მორალსა და წესიერებაზე ლაპარაკობენ.

ამის კლასიკური მაგალითია “ჩიორა #2” _ ირმა ნადირაშვილი, ჩამოყალიბებული ინტრიგანი, რომელსაც შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი, სხვების ხელფასებსა და ნეპოტიზმზე ლაპარაკობს, როცა თვითონ რამდენიმე ხელფასს იღებდა, როგორც დამატებით გასამრჯელოს, და ნეპოტიზმში ყელამდე იყო ჩაფლული. ეს “სამაგალითო მოღვაწე”, სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა თავის კოლეგებში.

ბაჩო ახალაიას, მისი ძმისა და საერთოდ “ნაცების”  დანაშაულთა გამართლებას რომ დაიწყებ, საზოგადოებამ ხომ ყველაფერი იცის, და ამ ცინიზმით დასცინი, ესეც ზრდის დაუსჯელობის სინდრომისა და შურისძიების განცდას ადამიანებში.

ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას, სტრესული ვითარება შეაქვთ ოჯახებში. ამას გაუაზრებელი ძალადობისკენ მივყავართ.

_ ხალხის ტელევიზიაა

_ უბედურებაც ესაა. სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით, უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, ამ ტელევიზიის სიგნალი საქართველოს მთელი ტერიტორიისა და უცხოეთის ნებისმიერ კუთხეში, უწინარეს ყოვლისა, ოჯახებში ვრცელდება, მიკროდონეზე. და, გვინდა თუ არა, გავლენას ახდენს კონკრეტული ადამიანების ფსიქიკაზე. შედეგად ვიღებთ აგრესიულ საზოგადოებას, რომლისგან მოსალოდნელია დევიანტური მოქმედება.

_ რაც ნიშნავს

_ საზოგადოდ მიღებული ნორმიდან გადახრას. დევიანტური მოქმედება სოციოლოგიის შესწავლის ცენტრში დგას. საკითხის დეტალიზაციით მკითხველი რომ არ გადავღალო, მოკლედ ვიტყვი, რომ ზოგიერთი მკვლევარის კლასიფიკაციით, დევიანტური ქცევის ბირთვია დამნაშავეობა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, თვითმკვლელობა. მათ შორის მოიხსენიებენ საოჯახო კონფლიქტებსაც, აგრესიულ, ანტისოციალურ ქცევასაც და ინტელექტის დაბალ დონეს, ანუ ყველაფერს, რაც დესტრუქციულ ქმედებაში იგულისხმება. მათ შორის, კრიმინალი, რომელიც სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გაჰმოიხატება და კანონით ისჯება.

ფსიქოზის განვითარებას ხელი შეუწყო საპენსიო ასაკის გაზრდამაც, რაც ყოვლად მიუღებელი იყო ღარიბ ქვეყანაში, სადაც მიზერული პენსიები ხანდაზმულ ადამიანებს წამლის საყიდლადაც არ ჰყოფნის.

საქმე იქამდის მიდის, რომ ოჯახის წევრთა ბუნებრივ მატებას (ზოგადად _ დემოგრაფიულ ზრდას), შვილიშვილებს უფროსი თაობა უყურებს, როგორც ზედმეტი მჭამელის მომატებას; არადა, უწინ ახალ თაობას აღიქვამდა, როგორც  მწარმოებლური ძალის მომატებას, რომელსაც უფროსები ყოველ მხრივ ხელს უწყობდნენ.

ჩვენ ვერ გადავედით მწარმოებლურ ოჯახებზე.

_ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრობლემაზე რას იტყვით?

_ ქალებს, რა თქმა უნდა, სჭირდება დაცვა, მაგრამ მამაკაცებმა რა დააშავეს?! მათი ინტერესების დაცვა ასევე აქტუალური და საშური საქმეა.

ჩვენთან მამაკაცებისა და ქალების  მოსალოდნელ სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის სხვაობა ცხრა წელიწადია, რაც შეიძლება ითქვას უპრეცენდენტოა მსოფლიოში.

_ ქალების სასარგებლოდ?

_ დიახ. ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს მამაკაცების მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 70,8 წელია; ქალებში  _ 79,4.

2013 წლის შეფასებითი მონაცემებით, ეს მაჩვენებლები უფრო დაბალია. მაგალითად, მამაკაცის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 67,1 წელია, ქალის _ 76,6 წელი, ანუ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მამაკაცს ცხოვრების 2 წელიღა რჩება, მაშინ, როცა პენსიაზე გასვლის შემდეგ ქალი კიდევ 16,5 წელი ცოცხლობს. უფრო უარესი იყო 2010 წელს, როცა, ამ შეფასების თანახმად, მამაკაცის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა საპენსიო ასაკს, მხოლოდ 0,7 წლით (ანუ 7 თვით), ხოლო ქალების 15,2 წლით აღემატებოდა. დისპროპორცია თვალშისაცემია.

ქალთა უფლებებს რომ ვიცავთ, სწორია, მაგრამ, ხომ ხედავთ, რომ მამაკაცი უფრო დასაცავი ყოფილა! ვინმემ ამოიღო ამ საკითხზე ხმა?

მამაკაცებს კანონების გამკაცრებით, ციხით ვემუქრებით. ამით ისინი უფრო აგრესიული ხდებიან. ქალბატონებო, გაუფრთხილდით მამაკაცებს!

ბევრი სხვა საკითხიცაა გასათვალისწინებელი. ამ გართულებული ვითარებიდან გამოსვლის გზების პოვნის, პრობლემის დაძლევის მიზნით შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ მინისტრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რომელ მეცნიერს დაუძახეს? რომელ ფსიქოლოგს, რომელ სოციოლოგს?! ჩვენ ხომ გვაქვს კვლევები გაკეთებული, მოხსენებები, არაერთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე წაკითხული და მოწონებული?!

მომზადებული გვაქვს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების სოციალურდემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც ყოფილ მთავრობას დავუდეთ მაგიდაზე. თითი თითზე არავინ დააკარა. თითქოს უნდა გაეტანათ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, რადგან ხალხი და ოჯახი (გარდა საკუთარისა) “ნაციონალებსარ აინტერესებდათ.

მეცნიერებს თუ არაფრად აგდებს, უარს თუ ამბობს ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევებზე, რომლებიც დაგვანახებს დევიაციურ მომენტებს ინდივიდისა და საზოგადოების ქცევაში და სანაცვლოდ ეყრდნობა შემთხვევითი, საეჭვოდ დაფინანსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არაპროფესიონალების კვლევებს, თუნდაც ენდიაის და არასამთავრობოების კვლევებს, ის ხელისუფლება სწორი ორიენტირის მქონედ ვერ ჩაითვლება, ხოლო სახელმწიფო ვერ მოერევა ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს.

ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც.

ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ოჯახის სოციოლოგიის მკვლევარი ალან კარლსონი, რომელიც ოჯახის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტია, პირდაპირ წერს, რომ ევროპის ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულმა საოჯახო პოლიტიკამ დაამახინჯა ოჯახები, რომელსაც მთლიანად საზოგადოებისთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვებაო.

მისი პროგნოზი გამართლდა ევროპულ ქვეყნებშიც და საქართველოშიც. ოჯახის უფროსობის განსაზღვრისას ავტორიტეტი, გამოცდილება და ტრადიციული ფენომენი უკანა პლანზე გადავიდა, ჩნდება ბზარი და იწყება ისეთივე დაპირისპირება, როგორიც სახელმწიფოშია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

_ აქედან _ აგრესიულობის გამოვლენა ოჯახის შიგნით, ოჯახის წევრებს შორის.

_ რა თქმა უნდა! თავიდან _ ფარული, რომელიც გარკვეულ მომენტში აგრესიული ქმედებით გამოვლინდება.

ტრაგიკული ფაქტი, რომელიც ილიას უნივერსიტეტში მოხდა, ამის დადასტურებაა. ყოფილი ქმარი, ჩვენი თანამშრომლის მკვლელი, როგორც გავიგე, დაჭერილი ყოფილა, ნარკომანი. როცა ცოლი დარწმუნდა, რომ მისი ქმარი არაფრის გამკეთებელი იყო, “წამლის” ფულს კი სისტემატურად სთხოვდა, გაეყარა მას. ბოლოს, კვლავ უარი რომ მიიღო, აფექტში მყოფმა ყოფილმა ქმარმა გაუაზრებლად მოკლა ცოლი და თავიც მოიკლა.

ეს იყო მიზეზი, რომლითაც ამ არაადამიანური ქცევის ახსნა შეიძლება, მაგრამ არა გამართლება.

როცა ქვეყანა ნარკოტრანზიტშია ჩართული, როცა უმაღლეს ეშელონებში ვიღაც ნარკოტიკების გავრცელებითაა დაინტერესებული, იმ ხელისუფლებას ოჯახისა და საზოგადოების სოციალურ განვითარებაზე რა პასუხი უნდა მოეთხოვოს?!

გამოდიან ტელევიზიებით და ლამაზად ლაპარაკობენ, სხვა _ არაფერი. ლამაზად რომ ლაპარაკობდნენ კიდევ, რა გვიჭირს(!). აგრესია მოდის ტელეეკრანებიდან, გინდა _ ოპოზიციის, გინდა _ უმრავლესობის წევრებიდან.

_ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებანაციონალურიუმცირესობის ოპოზიცია გახდა?

_ ამას ჰგავს. დააკვირდით “ნაცების” გამოსვლებს: ბოკერიასი _ პირდაპირ რევანშისტულია; გივი თარგამაძის “სულს ამოგაძრობთ!” ხომ გახსოვთ? სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა განა შეიძლება ასე ილაპარაკოს?!

უბედურება, რომელიც აქედან მოდის, ჩვენს მენტალიტეტში გადადის.

მოკლედ, სულიერად გამოვიფიტეთ.

Famili soveticus -დან famili ecomomicus-ად  ჩვენი ოჯახების განვითარება ინერციით, ყოველგვარი სახელმწიფო პროგრამების გარეშე, სტიქიურად  მიმდინარეობს, სახელმწიფო ამ პროცესს ხელს არ უწყობს. ასეთმა ინერციამ შეიძლება famili degradicus-მდე _ დეგრადირებულ ოჯახამდე მიგვიყვანოს.

რეალურად ასეა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. პარადოქსული დასკვნა: მოწოდებაშიარა აგრესიას!”, როგორც წესი, ქალთა უფლებების დაცვას გულისხმობენ, სუსტი სქესისა ძლიერი სქესის მიერ; მაგრამ  თავისთავად პრობლემის ფესვები, არანორმალური ვითარების მიზეზები   უნდა ვეძებოთ მამაკაცის როლის დაკნინებაში, მისი ავტორიტეტის დაცემაში, უწინარეს ყოვლისა, მიკრო დონეზე, ოჯახში.

ჯენტლმენური ცალმხრივობა არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის.

მამაკაცმა ქალები რომ უნდა დაიცვას, უეჭველია! მაგრამ სახელმწიფომ ისე უნდა წარმართოს საშინაო პოლიტიკა, რომ დაცული იყოს თვით მამაკაცი.

რომელიც დაცული არ არის.

 

 

1 COMMENT

  1. საქართველოში 25 წელია საგანგაშო მდგომარეობაა, პრიორიტეტული გახდა გაუნათლებლობა, მომრავლდნენ ზნედაცემული, უსაქმური ,გაბოროტებული მამაკაცები, რომელთაც არაფერი აინტერესებთ. გასაგებია, რომ ქვეყანაში ცუდი სიტუაციაა-უმუშევრობა სუფევს, მაგრამ საკითხავია, ქალები რატომ შოულობენ სამუშაოებს?რატომ არჩენენ ოჯახებს?, მაშინ როდესაც მეუღლე 12 სთ-ი დგას ქუჩში და არც ფიქრობს ოჯახის რჩენაზე, მე მაინც ვფიქრობ და ღრმადაც ვარ დარწმუნებული-თუ მამაკაცი მამაკაცია, გააჩნია თავმოყვარეობა, სინდისი და ნამუსი, ის ყოველთვის შეეცდება არჩინოს ოჯახი!

  2. ფსიქოზს ქმნის პროპაგანდისტული მედია თავისი მოდელირებული ქრონიკებით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here